Home Blog Page 1983

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს წარმატების მისაღწევად მკაფიოდ შედგენილი სამოქმედო გეგმა გჭირდებათ, რომელსაც ეტაპობრივად მიჰყვებით. გირჩევთ, მოქმედება ყველაზე რთული საქმეებით დაიწყოთ, რომლებიც ამ დრომდე ვერ დაასრულეთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გარისკოთ. საღამოს ვარჯიში დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კურო

მზად იყავით, რომ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება მოგიწევთ. დღეს ვარსკვლავები სიურპრიზებს გპირდებიან. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე და ცივი გონება შეინარჩუნოთ. დღის მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით, გაცილებით უფრო წარმატებული და ხალისიანი იქნება.

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერ საკითხზე რჩევის მიცემას და აზრის გამოხატვას ცდილობთ. მზად იყავით იმისთვის, რომ ეს შეიძლება ყველას არ მოეწონოს და კრიტიკის ნიაღვარი დაგატყდეთ. გამორიცხული არ არის, რომ იურიდიულ პრობლემას შეეჯახოთ, რომლის გადაჭრა სასწრაფოდ მოგიწევთ.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანია, დღეს თავი აარიდოთ კამათს, განსაკუთრებით – დღის პირველ ნახევარში. ბევრ რამეში არ ეთანხმებით სხვებს, მაგრამ ახსნა-განმარტებებზე დროის დაკარგვას ჯობია, უბრალოდ ის აკეთოთ, რაც თავად მიგაჩნიათ მიზანშეწონილად. საბედნიეროდ, გვერდით ისეთი ადამიანებიც გყავთ, რომლებსაც შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ. თუ შესაძლებელია, საღამოს ივარჯიშეთ ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ლომი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. შესანიშნავი განწყობა და ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ, საზოგადოებრივი საქმეები აკეთოთ და საინტერესო იდეები განახორციელოთ. საჯარო გამოსვლები და დისკუსიები წარმატებული იქნება და აღიარებას მოგიტანთ. მცირე სირთულეების დროს ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ.

ქალწული

მშვიდი დღეა, სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მუშაობა უნდა შეამციროთ და დახმარებისთვის ექიმს მიმართოთ. კარგი იქნება, თუ ფეხით მეტს ივლით და კვების მენიუს ჯანსაღი პროდუქტებით შეავსებთ.

სასწორი

კოლეგების შექება და ქათინაურები განწყობას აგიმაღლებთ. ადამიანების მიმართ თქვენი კეთილგანწყობა საქმიანი და პირადი კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ პოტენციურ პარტნიორებს საკუთარ გეგმებზე უამბოთ და ერთობლივი მოქმედების სტრატეგია შეიმუშაოთ. დიდი ხნის უნახავ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება. ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.

მორიელი

დღეს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება და ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგიწევთ. დამატებითი სამუშაო ან ახალი ვალდებულებები უამრავ თავსატეხს გაგიჩენთ, მაგრამ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეხმატკბილებული გუნდური მუშაობა უამრავი პრობლემის გადაჭრის საშუალებას მოგცემთ. გირჩევთ, ამ დღეს მოლაპარაკებები არაფორმალურ გარემოში დაგეგმოთ – ეს შეთანხმების მიღწევაში დაგეხმარებათ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მოვლენები რა მიმართულებით განვითარდება. ბიუჯეტის დასაგეგმად დღის პირველი ნახევარი უფრო ხელსაყრელია.

თხის რქა

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შეიძლება მოგებიანი ბიზნესწინადადება მიიღოთ, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ეცადეთ დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ. შეეცადეთ, მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანების მიმართ. ისინი მზად არიან, დაგეხმარონ ნებისმიერ სიტუაციაში და თქვენ?

მერწყული

ამ დღეს თქვენი ენერგია პიკს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სადილამდე მარტივად გაართმევთ თავს ყველა დავალებას და სწორად შედგენილი გეგმის დახმარებით თქვენი ჩანაფიქრი ადვილად განხორციელდება. შესაძლოა, ნათესავს ან მეგობარს თქვენი დახმარება დასჭირდეს და მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოგიწიოთ.

თევზები

ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. ეცადეთ, თქვენმა ემოციურობამ საქმიან ურთიერთობებზე არ იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტები და გაუგებრობა გელით. მანქანის მართვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. საღამოს მოულოდნელი სიახლეს შეიტყობთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარს გამართავს

ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა.

„ისრაელმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომ განასხვაოს „ჰამასის“ტერორისტები, რომლებიც ლეგიტიმური სამიზნე არიან, მშვიდობიანი მოსახლეობისგან, რომელიც არ არის“, – განაცხადა სალივანმა.

მისივე თქმით, „ჰამასი“ ამერიკელებს და სხვა უცხოელებს ღაზის სექტორიდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. სალივანის თქმით, მოლაპარაკებები ამ საკითხზე გრძელდება.

მოგვიანებით, ABC-ს ეთერში სალივანმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რის გამოც ტერორისტების უდანაშაულო მოსახლეობისგან განსხვავების წნეხი ისრაელს აწვება.

„თუმცა ეს არ ამცირებს მათ პასუხისმგებლობას, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობით აკისრიათ – ყველაფერი გააკეთონ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, – განაცხადა სალივანმა.

კახეთში უბედურ შემთხვევა მოხდა

უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რა დროსაც 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა, სოფელ არხილოსკალოში, ვეფხვისა და მოყმის მემორიალთან მოხდა.

გავრცელებული ცნობით, მემორიალის ნაწილი, მოულოდნელად ჩამოიშალა და იქ მყოფ ბავშვს დაეცა.
ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ათენში ათასობით ადამიანი ითხოვს პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას

ათენში 5 000-ზე მეტი ადამიანი აპროტესტებს ისრაელის თავდასხმას ღაზას სექტორში და ქვეყანას პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვიბრძვით ხალხის მშვიდობისთვის. შეაჩერე პალესტინელი ხალხის ხოცვა ღაზაში“, – აცხადებენ დემონსტრანტები.

აქციის მონაწილეები ისრაელს „მკვლელ სახელმწიფოს“ უწოდებენ. აქციის მონაწილეები ისრაელის საელჩოსკენ გაემართნენ.

სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 წლით გადავადების საფასური 5 000 ლარი იქნება

თავდაცვის ახალი კოდექსით განსაზღვრულია წვევამდელის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების და ასევე გათავისუფლების სხვადასხვა გარემოებები.

ამასთან, დადგენილია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა და გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადების საფასური 5 000 ლარს შეადგენს.

კოდექსის თანახმად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება აყვანილ იქნეს 17 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება და ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე.

განსაზღვრულია სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი პირის ვალდებულებებიც.

პირი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

ვინ თავისუფლდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება:

ა) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი;

ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებში გაიარა;

გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;

დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა;

ვ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;

ზ) პირი, რომელიც არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის 1 წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლის დროს;

თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გაათავისუფლოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

3. კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. წვევამდელი, რომელიც ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით გაიწვევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების დადგენილი გარემოებები შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ კოდექსის 65-ე მუხლში. მათ შორის არის საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობით გამოწვეული ვითარებებიც.

ზემოაღნიშნულ პირთა შორის არის წვევამდელი, პირს, რომელმაც გადაიხადა თავდაცვის კოდექსით დადგენილი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი – 5 000 ლარი.

“წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი, რომლის გადახდა სავალდებულოა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობისთვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარია. პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე”, – ვკითხულობთ თავდაცვის კოდექსში.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, წვევამდელის ვალდებულებებსა და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში დამდგარი გარემოებების შესახებ ინფორმაციას გაეცანით თავდაცვის კოდექსის 67-ე მუხლში.

უკრაინული „ნაფტოგაზი“ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტს არ გააგრძელებს

უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზი“ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, – ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსეი ჩერნიშევმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი სატრანზიტო ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის ბოლომდეა.

ჩერნიშევის განმარტებით, უკრაინა დღემდე აგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც ის სჭირდებათ. მისი თქმით, ქვეყანა ნებისმიერ დროს მზად არის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროპა დაკარგავს მიწოდებას. თუმცა, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მთლიანად უარს იტყვის რუსული გაზის მოხმარებაზე 2027 წლამდე და უკრაინა დაინტერესებულია, რომ ევროკავშირს ამაში მხარი დაუჭიროს.

ალექსეი ჩერნიშევის განცხადებით, ბუნებრივი გაზის მარაგებით უკრაინა ევროპაში მესამე ადგილზეა და აპირებს საკუთარი მოპოვების გაზრდას, რათა მომდევნო წლებში წმინდა ექსპორტიორის როლს მიაღწიოს.

,,რუსული ხელისუფლება თუ დარჩა ქვეყნის სათავეში, არანაირი ღირებულება რომ არ ექნება ამ სტატუსს”- სამადაშვილი

რუსული ხელისუფლება თუ დარჩა ქვეყნის სათავეში, არანაირი ღირებულება რომ არ ექნება ამ (კანდიდატის) სტატუსს, რატომ ვერ ხვდება ხალხი – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში კომენტარის სახით წერს.

სამადაშვილი თორნიკე გორდაძის ფეისბუქ სტატუსის შესახებ, სადაც საუბარია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, აღნიშნავს, რომ “მთვარი ბოდვა, რაც ამ თემაზე არსებობს არის ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის” “მთვარი ბოდვა, რაც ამ თემაზე არსებობს არის ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის და რაიმე სახის დაცვაა რუსეთის გავლენის გაზრდისგან. რუსული ხელისუფლება თუ დარჩა ქვეყნის სათავეში, არანაირი ღირებულება რომ არ ექნება ამ სტატუსს, რატომ ვერ ხვდება ხალხი, ჩემთვის გაუგებარია”-წერს სამადაშვილი.

აქვე, სამადაშვილი “მთავარი არხის” ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას გამოხმაურებას იმის შესახებ, რომ “ეს ბოდვა ნამდვილად დომინანტურია, და სწორხაზოვანი და ზედაპირული აზროვნების ნიმუში”, სამადაშვილი პასუხობს- “ნუ რა ვიცი კვანტური ფიზიკა არაა ამის გაგება. საშუალო დონის ანალიზის უნარს მოითხოვს და იბტერნეტის დონეზე მოძიებულ ცოდნას”.

ღაზის მცხოვრებლები სამხრეთ და შუა ზოლში მდებარე საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრნენ

ღაზის მცხოვრებლები სამხრეთ და შუა ზოლში მდებარე საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრნენ. წაღებულია ფქვილი და სხვა ძირითადი მარაგი, – ამის შესახებ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო აცხადებს.

„ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამკვირიანი ომისა და ალყის გამო სამოქალაქო წესრიგი რღვევას იწყებს. ხალხი შეშინებულია, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი. დაძაბულობას და შიშს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს საკომუნიკაციო ხაზების შეწყვეტა“, – წერია განცხადებაში.

გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის მითითებული ზუსტი დრო, თუ როდის მოხდა ეს შემთხვევა.

,,ხელისუფლებას ევროპული დღის წესრიგი აქვს, გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა”- თალაკვაძე

საქართველო სამართლიანად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და სულ უფრო მეტი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი ევროპაში ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, ამიტომ, მოველით, რომ დიდი ალბათობით, საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

„ეს დოკუმენტიც, რომელიც ევროკომისიამ დაამტკიცა არის ამისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ჩვენ განვაგრძობთ რეფორმებს, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ევროპული დღის წესრიგი, გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩვენს თანამოქალაქეებს მადლობას ვუხდით“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

,,საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე, ეს პროცესი შეუქცევადია” – კალაძე

საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას. „ბოლო დროს აღნიშნული მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. გახსოვთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, საქართველო სტატუსს იმსახურებდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვცეს. ამის შემდეგ იყო ე.წ. თორმეტპუნქტიანი გეგმა – ე.წ. გზამკვლევი, შესაბამისად, ყველაფერი იქნა შესრულებული. ეს პროცესი გრძელდება. შეუძლებელია, ევროინტეგრაციის გზაზე რამე გააკეთო და გაჩერდე. საქართველოს მთავრობა ყველაფერს იზამს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

,,ვფიქრობ, ზელენსკის მხრიდან ბელარუსთან ჩვენი “დაწყვილება” არ არის შემთხვევითი”- გიორგი ცუცქირიძე

ზელენსკის მხრიდან ბელარუსთან საქართველოს ერთ ტანდემში მოხსენიებაზე, გარდა ერთეული გამოხმაურებისა, ამ ფაქტს რეზონანსი არ მოჰყოლია, არადა პოლიტიკური შეფასების სფეროდან უფროა გამოსარჩევი. ვფიქრობ, მისი მხრიდან ბელორუსთან ჩვენი “დაწყვილება” არ არის შემთხვევითი და არც მხოლოდ მასზე მისი გარემოცვის გავლენის შედეგია, ეს ისე ზოგიერთი აქაური გამოხმაურებიდან”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახლა იმის მტკიცება, რომ ზელენსკი “გაბრაზებულია” საქართველოს ხელისუფლებაზე, ზედმეტად მიამიტობა იქნებოდა.
“ჩემი შეფასებით, ეს არის წმინდა პოლიტიკური გზავნილი და არა მხოლოდ ჩვენი მისამართით. ამით პირდაპირი მინიშნებაა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ტანდემში ლუკაშენკოს ღია პრორუსული და ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან, რომელიც შემჩნეულია არჩევნების გაყალბებაში და ოპოზიციის დევნაში და არც მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს ევროკავშირი. აქედან გამომდინარე, ამ გზავნილის მთელი არსიც საქართველოს კანდიდატის სტატუსთან არის ბმაში, თუმცა საძიებელიც ბევრი არაფერია.
გზავნილი გათვლილია, ერთის მხრივ ქართულ რადიკალურ ოპოზიციაზე, რომლის დიდი ნაწილიც ღიად ეწინააღმდეგება ჩვენთვის სტატუსის მონიჭებას და მეორე მხრივ, დასავლეთში იმ ძალებზე, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან ქვეყნისათვის სტატუსის მიღებას.
ახლა იმის მტკიცება, რომ ზელენსკი “გაბრაზებულია” საქართველოს ხელისუფლებაზე, ზედმეტად მიამიტობა იქნებოდა. პოლიტიკაში გაბრაზება ნაკლებად გამოდგება გადამწყვეტ ფაქტორად, რადგან დროებით ბრაზს, ხშირად მალევე “გაღიმება” მოჰყვება ხოლმე.
მიმაჩნია, რომ ამ გზავნილით მან დასავლეთში ჩვენი ევროსკეპტიკოსთა პოზიციასთან ერთად, დააფიქსირა მომავლის პერსპექტივაც.
რაც ჩემი აზრით გულისხმობს სტატუსის მონიჭებამდე მაქსიმალურად მისი ხელისშეშლის მცდელობას და არანაკლებად მნიშვნელოვანი – უკვე კარს მომდგარ არჩევნებამდე გარედან ზეწოლის გაძლიერება და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორების სურვილიც, ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით!
სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ზელენსკიმ არ იცოდეს, რომ ბელორუსი არც საერთაშორისო სანქციებს არის თუნდაც რაიმე ფორმით მიერთებული და ბოლო არჩევნების შემდეგ, ევროსაბჭოდანაც გაგდებულია, ხოლო მისი არჩევნები ეუთო/ ოდირის მიერ ტოტალურად გაყალბებულად არის შეფასებული.
ბუნებრივია, ამ სცენარისას მათივე გათვლებით სტატუსის არ მინიჭება ან რაღაც ახალი დათქმის პირობით მოცემა, ოპოზიციის წისქვილზე უფრო დაასხამს წყალს, და შექმნის წინაპირობებს პერმანენტული საპროტესტო გამოსვლებისათვის. ხელისუფლებას გაუჭირდება ამ “მარცხის” გადატანა, რაც დაასუსტებს არჩევნებამდე მის პოზიციებს და ელექტორალურადაც წამგებიანს გახდის!
თუმცა მაინც არა მგონია, ქართული დაქსაქსული და აშკარად არარევოლუციური პერსონებით გატენილი ოპოსივრცის შემხედვარე, ეს სცენარი ახდეს, შემთხვევით კი არ არის ნათქვამში – კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო!
ისე სტატუსზე ჩემი პოზიცია კაი ხანის ცნობილია, ჩემივე დაკვირვებით და პოლიტიკური პროცესების ანალიზით, სტატუსს დიდი ალბათობით მაინც მივიღებთ!”,- წერს ცუცქირიძე.

შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

ასევე, გამოძიებით დადგენილია რომ დაკავებულმა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შშმ პირი თბილისიდან ქუთაისში, მოტყუებით წაიყვანა, რომელსაც სხვადასხვა ქუჩასა და საავტომობილო გზებზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს კი, სრულად ისაკუთრებდა.

იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.