Home Blog Page 1983

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. დღეს ტაძარში დააბრძანეს „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატი“, რომელიც ეპარქიებში მოგზაურობდა.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატის“ ასლის მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში 13 ივლისს დაიწყო.

,,ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 42 ჟურნალისტი დაიღუპა”- CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 42 ჟურნალისტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 37 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 9, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 3, ხოლო დაკავებულად 13 ჟურნალისტი.

კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

“CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და მხარეების სამიზნე არ უნდა გახდნენ,” – განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, საპასუხო დარტყმებს ღაზაში 12 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერეთა ჯგუფი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.

უწყების განცხადებით, შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.

“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა. ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა.

თემურ მგალობლიშვილი დაზიანებებით გადაყვანილია ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოში. დაზარალებული ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ მოინახულა.

შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების – ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად ახორციელებენ. თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე, კანონოთ გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რაიმე სახის ზეწოლას განახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შემსრულებელ პირზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა”- სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს, შეკრების მონაწილეების დაკავების ფაქტს ეხმიანება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა.

“სახალხო დამცველის რწმუნებულმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი.

შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი რატი რატიანიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება.

საგულისხმოა, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტის საგანს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია, რომელიც 2022 წლის მარტში გაიცა. გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ აპარატი თვალყურს ადევნებს ხსენებულ ლიცენზიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და საკითხის შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რატი რატიანი, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე”, – წერია განცხადებაში.

რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გამართულ აქციას დავით ქართველიშვილი ეხმაურება

რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გამართულ აქციას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„აჭრელებულია სოციალური ქსელი აღშფოთებული მოქალაქეების უკმაყოფილებით: რატომ არ მისცეს უფლება სამართალდამცველებმა გულანთებულ ახალგაზრდებს გელოვანის გამზირი გადაეკეტათ და კარვები გაეშალათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. რატომ დააკავეს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის მოძრაობა „ხმა”-ს წევრები, რომლებიც „პოლიტპატიმარ ლაზარეს” გათავისუფლებისთვის იბრძვიან და ვარლამ გოლეთიანი – „რიონის ხეობის დამცველი”.

პირველადი ინფორმაციით, კარვების ქალაქი ემსახურება “რაჭის ტყის გადარჩენის” აქციას, სადაც თავდაპირველად შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ 49-წლიანი ლიცენზია გადაეცა 104 712 ჰა ტყეზე, სადაც სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო (მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო). გარდა ამისა, უნდა განხორციელებულიყო 5 მილიონი ლარის ინვესტიცია – რაზეც კომპანიამ საბოლოო ჯამში უარი განაცხადა და ამით დაარღვია პირობადებული საიჯარო ხელშეკრულება სახელმწიფოსთან.

ამის გამო, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით, ანუ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“-თან ხელშეკრულების შეჩერების და საიჯარო ლიცენზიის გაუქმების მიზნით. თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით “გლობალური ომის პარტიის” აგენტებს („გოპ”-ნიკებს) ხელიდან ეცლებოდათ მორიგი საპროტესტო ცხელი მუხტი და ამიტომ დაიგეგმა უაზრო, მაგრამ კიდევ ერთი „ხმამაღალი” პროვოკაცია.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დამფუძნებელ დავით ხიდეშელს გაუხსენეს ყველაფერი ის, რომ მან „დავით გარეჯას” საქმეზე ჩამოიტანა დოკუმენტური მტკიცებულებები, ის რომ თითქოს და მისი ბიზნეს-პარტნიორია „რუსი ოლიგარქი” ევტუშენკოვი და რაჭის თემასთან ახლო შემხებლობაშიც არ მქონე სხვა სისულელე. დღეს ამ სისულელეზე აგებით, მაშინ როდესაც წარმოებაშია რაჭის ტყის მასივზე აღნიშნული ლიცენზიის ანულირების პროცესი „ლაზარეს” გადარჩენის კომიტეტი და „რიონის ხეობის დამცველები” ცდილობენ კარვების ქალაქის ახალი კერის შექმნას. ყველაზე სამწუხაროა ჩემთვის არა „გოპ”-ნიკების ქცევა, რაც ტრადიციულად გამიზნულ პროვოკაციასთან არის დაკავშირებული და ვითარების „მაიდანიზაციის” ზოგად კონცეფციაში ჯდება, არამედ ამ მორიგ „გულანთებულ პატრიოტებზე” რომ ღვრიან ცრემლს მოქმედ ხელისუფლებაზე ნაცებზე უფრო გაბოროტებული ჩვენი პატრიოტული საზოგადოების წევრები. არც „ლაზარეს” მხარესაც რომ არ უნდათ იყონ და არც „ლაზარეს” კანონიერი „დამსჯელების” მხარეზე. ძალიან ძნელია ორ სკამს შორის ბალანსირება, ძნელი, გაუგებარი და წამგებიანი. ჩამოყალიბდით,“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“. – წერია სააგენტოს განცხადებაში.

,,12-ზე მეტი პარტია შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ დეპოლარიზაცია არ მოხდა, პირიქით ”- ოდიშარია

რა რესურსია აქვს ოპოზიციას, საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომელ ოპოზიციურ პარტიებს რა მხარდაჭერა აქვს, ესეც, ჩვენც ძალიან კარგად ვიცით მათი შესაძლებლობების შესახებ,, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარია თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შეშინებულია ხუთპროცენტიანი ბარიერის გამო.

„სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები, კონკრეტულად ყველა, ვინც ახლა ფიგურირებს პოლიტიკურ ველზე, იბრიქებოდა, რომ მათ არ აქვთ პრობლემა ბარიერის და ისინი უპირობოდ გადალახავენ ხუთპროცენტიან ბარიერს, ახლა რამ შეაშინა, რამ დააფრთხო, არ ვიცი. ალბათ შექმნილმა მდგომარეობამ და საზოგადოების ძალიან ძლიერმა მხარდაჭერამ „ქართული ოცნების“ მიმართ. მე მოვუწოდებდი მათ, ჭკუას წიხლი დააჭირონ და გაერთიანდნენ, მოძებნონ ერთმანეთთან საერთო ენა, მაინც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ, ჩვენთვის ისინი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, მათთვისაც პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღონ, როგორც ეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გააკეთა და შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინაიდან და რადგანაც მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ გადალახონ ცალკე ყოფნის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი. გახარიას პარტიას რომ უთანამშრომლია რაიონებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ფაქტია, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ისაუბრა კიდეც, რომ მათ უკვე აქვთ გარკვეული ალიანსი სხვადასხვა რაიონში. შესაბამისად, არაფერი გაგვიკვირდება, რომ არჩევნების მოახლოებისას გარკვეულმა შიშმა იმისა, რომ ცალკე ყოფნის შემთხვევაში ისინი ვერ გადალახავენ ბარიერს, გაერთიანდებიან ის პოლიტიკური პარტიები, ვინც ახლა უარყოფენ ერთმანეთს ძალიან მკაფიოდ. რაც შეეხება ბარიერის დაწევის შინაარსს, ჩვენ ვნახეთ, რომ 2020 წლის არჩევნებში მიღებულმა ჩვენმა გადაწყვეტილებამ და იმან რომ, 12-ზე მეტი პარტია შემოვიდა თუ არ ვცდები პარლამენტში, არანაირი დეპოლარიზაცია არ მოიტანა, არანაირი სახალხო და პოლიტიკური კონსენსუსი არ მოიტანა, პირიქით გააღრმავა დაპირისპირება, სიძულვილის ენა და ჩემი აზრით, ამ მიზნით ბარიერის დაწევა მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ოდიშარიამ.

,,სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდმაზე მიწვევა სწორი იქნებოდა”- ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდმაზე მიწვევა სწორი იქნებოდა. ამის შესახებ ავსტრიელმა დიპლომატმა გამოცემა Die Presse-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ სერგეი ლავროვის მიწვევა სწორი იქნებოდა. ეს ორგანიზაცია აუცილებელია მომავლისთვის“, – განაცხადა შალენბერგმა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ლავროვთან მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ევროპა საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრაგმატული მიდგომით უნდა ხელმძღვანელობდეს.

ეუთო-ს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 30 ნოემბერს გაიხსნება.

„სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა“- ბექა ოდიშარია

ქართველი ხალხის ევროპული გზის ლიდერი ამჟამად არის ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, ამ ტრიუმვირატმა და ზოგადად ჩვენი გუნდის ძალისხმევამ მოიტანა შედეგი და მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ რომ არ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ამასთან, ოდიშარიას თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა“.

„სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა, ეს რას ემსახურება? ბუნებრივია არ ემსახურება პირად და საოჯახო ინტერესებს, ეს ემსახურება გარკვეულ პოლიტიკურ სამომავლო გეგმებს, თუმცა მე არ ვუწყი ამის შესახებ, არ მაქვს ინფორმაცია. ჩვენთვის ეს ტრაგედია არ იქნება, ვისთან ერთადაც არ უნდა დადგეს, მაინც დამარცხდება „ქართულ ოცნებასთან“ და „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ გზას სტატუსის მინიჭების შემდეგ, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე“, – განაცხადა ოდიშარიამ.

„ჰამასის“ ლიდერი არაბული და მუსლიმი ქვეყნების ლიდერებს შეხვედრისკენ მოუწოდებს

„ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიე არაბული და მუსლიმი ქვეყნების ლიდერებს შეხვედრისკენ მოუწოდებს.

„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისმაილ ჰანიემ სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონულ და საერთაშორისო ლიდერებთან და მათ ღაზის სექტორში მიმდინარე აგრესიის შეჩერებისა და ანკლავის ალყის გარღვევასთან დაკავშირებით სასწრაფო შეხვედრის აუცილებლობაზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს საუდის არაბეთის დედაქალაქში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილეობით სამიტი გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაცია 57 უმეტესად მუსლიმური სახელმწიფოსგან შედგება და მას არაბული ლიგის ქვეყნებიც მიეკუთვნებიან.

თბილისში მომღერალი კოსტა სანიკიძე დაჭრეს

თბილისში სატელევიზიო შოუ „პრაიმჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, მომღერალი და მსახიობი კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში ყოფნისას დაჭრეს.

შემთხვევა 19 ნოემბერს გამთენიისას მოხდა. სანიკიძის ახლობლის ცნობით, ის მუცლის არეშია დაჭრილი და მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდარ ფაქტზე 1 პირი დააკავეს.

ცნობისთვის, ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, სანიკიძე მედიასთან მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობდა და გამოძიებას ჩვენებაც მისცა. 2 ნოემბერს მან განაცხადა, რომ თავდამსხმელი შეცდომით მის მეზობელს შეუვარდა და ამბობდა: „სად არის კოსტა სანიკიძე უნდა დავბრიდოო“. ამის შემდგომ კი სანიკიძის თქმით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. წალენჯიხის მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად ხეები და ელექტროენერგიის ბოძებია წაქცეული.

ფოცხო-ეწერის დასახლებაში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, ასევე სოფელ საჩინოში ელექტროენერგიის ბოძებია წაქცეული, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდა.
ქალაქ ჯვარში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა.

ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. დაზარალებულ მოსახლეობას წყალგაუმტარი ტენტები დაურიგეს.