Home Blog Page 1983

“ღაზას “ჰამასი” ვეღარ გააკონტროლებს”- ჯოზეფ ბორელი

ღაზას მართვა მხოლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს. მაშ, ვინ გააკონტროლებს ღაზას? მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ერთს, პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბაჰრეინში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია ღაზას 2007 წლამდე მართავდა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს. იმსჯელეს 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

„საბჭოს სხდომაზე განიხილეს მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. პრემიერის თქმით, 1000-ამდე ასეთი ოჯახს მთავრობა შეუძენს ბინებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრისგან კონკრეტული გეგმა მოისმინა. აღინიშნა, რომ პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამურად, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სხდომაზე განიხილეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ახალი პროგრამები ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, მათ შორის, მიკროსესხების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე მეწარმეთა ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოისმინა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესრულების ანგარიში. აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით პრივატიზებულია 180 000 000 ლარის სახელმწიფო ქონება, საიდანაც ცენტრალურ ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 121 445 138 ლარი.

 

ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობის საკითხები. კერძოდ, ფასიანი ქაღალდების გამომშვები იმ კომპანიებისათვის, რომლებიც წარმატებით განათავსებენ თავიანთ ფასიან ქაღალდებს კაპიტალის ბაზარზე, შეძლებენ დაიბრუნონ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილი. აგრეთვე განიხილეს კერძო კაპიტალის ე.წ. Private equity საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბების საკითხები, რომლის მეშვეობითაც მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ დაფინანსების მისაღებად გამოიყენონ ალტერნატიული წყაროები.

სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავების შესახებ შუალედური ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოს სივრცითი განვითარების გეგმის შესამუშავებლად მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო კონსორციუმის შერჩევა. ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე შევიდა 19 განაცხადი, რომლებიდანაც შეირჩა 5 საუკეთესო, ხოლო გამარჯვებული 2023 წლის ბოლომდე გამოვლინდება.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა იმსჯელეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხზე. აღინიშნა, რომ 2022 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კანონზე, რომლის პირველადი ვერსია შემუშავებულია და მიმდინარეობს განხილვები დაინტერესებულ მხარეებთან.

სხდომაზე განიხილეს CFD აუქციონების შედეგები და ახალი აუქციონის გამოცხადების მიმდინარეობის პროცესი.

მხარდაჭერის სქემის ფარგლებში უკვე განხორციელდა პირველი აუქციონი, რომელიც გამოცხადებულ იქნა 300 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეზე.

უახლოეს პერიოდში იგეგმება სიმძლავრის აუქციონის მეორე ფაზის გამოცხადება, სავარაუდოდ, 600 მგვტ სიმძლავრეზე, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება მოხდება ჰიდროელექტროსადგურებზე, ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 31 წლის ნიკა გელენიძე დაიღუპა

ნიკა გელენიძის ოჯახმა, გარდაცვალების შესახებ გუშინ საღამოს შეიტყო. მათი თქმით, იგი უკრაინაში 5 სექტებერს წავიდა. ახლობლების ინფორმაციით, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

ნიკა აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. ჯერ უცნობია , თუ როდის მოხდება მისი საქართველოში გადმოსვენება.

“წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. ჩემს ხელში გაიზარდა. არ ვიცი რატომ წავიდა. გუშინ საღამოს გავიგეთ ეს ამბავი. აფეთქება მოხდა და იმ დროს დაიღუპაო.სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია. მოულოდნელი იყო მისი წასვლა უკრაინაში საბრძოლველად. ეს ბიჭი გმირი იყო და გმირულად შეეწირა რუსეთ-უკრაინის ომს,“- განაცხდა ნიკა გელენიძის ოჯახის ახლობელმა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო ავრცელებს.

„18 ნოემბრის ღამეს, კიევის გარეუბანში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის ათეული დრონი გაანადგურა“, – წერს სერგეი პოპკო „ტელეგრამის“ არხზე.

მსხვერპლის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ცნობისთვის, ნოემბრის თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსული ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით კიევს თავს დაეხნენ.

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ვიღაც შეეცდება, თქვენი სიკეთით ისარგებლოს და საკუთარი პასუხისმგებლობა გადმოგაბაროთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, რომ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.

კურო

ამ დღეს პირველ ადგილზე ფინანსური საკითხების მოგვარება დგას. ამ თემის განხილვა სამსახურში, კოლეგებთან ერთად მოგიწევთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

ტყუპები

პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ამის მიუხედავად, დღის მეორე ნახევარში შეიძლება გარემოებები თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალური პრობლემები დაინახოთ. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეები აირჩიეთ და მათი განხორციელება დაიწყეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ბევრი ძვირფასი დრო დაკარგოთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს.

ლომი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პროფესიულ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდეთ და საქმეებისთვის, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ, საკმარისი დრო დაგრჩეთ. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

ქალწული

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ოჯახში ვითარება დაიძაბოს. მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაიხსენებენ. დამშვიდდით, ხვალ ეს კამათი არავის ემახსოვრება. მთლიანობაში კარგი დღეა, გარემოებები თქვენ სასარგებლოდ მოქმედებს.

სასწორი

გირჩევთ, დილიდან სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თანმიმდევრულად განახორციელოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე არ მოცდეთ. ეცადეთ სესხის აღებას თავი აარიდოთ.

მორიელი

ბოლო დღეების დაძაბულობამ შეიძლება თავი იჩინოს, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ – გადაღლამ შეიძლება მოულოდნელი პრობლემები გამიწვიოს, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და განტვირთვის საათები მოაწყვეთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს გული გადაუშალოთ და საკუთარი ემოციების შესახებ გულწრფელად ესაუბროთ.

მშვილდოსანი

ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას შეიძლება შეცდომა და ნერვიულობა მოჰყვეს. ამ დღეს საქმე აუჩქარებლად და ხარისხიანად უნდა აკეთოთ და ყურადღებიდან არც ერთი წვრილმანი არ უნდა გამოგრჩეთ. ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან.

თხის რქა

ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეცადეთ, ყოველი გადაწყვეტილება მშვიდად და აუღელვებლად მიიღოთ. ავტორიტეტული ადამიანების რჩევები სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. დროა, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანს საკუთარი გრძნობების შესახებ უამბოთ.

მერწყული

რთული კვირის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, საკუთარ თავს დასვენება მოუწყოთ. მთავარია, სახლში არ დარჩეთ და ეს დღე ნათელ ემოციებს გპირდებათ. ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სასარგებლო იქნება – ღირებულ რჩევას ან ავტორიტეტულ აზრს მოისმენთ, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ.

თევზები

ნუ აჩქარდებით და ნუ გადაიღლებით, რათა კარგი განწყობა და შრომის ნაყოფიერება შეინარჩუნოთ. ახალ დავალებას ნუ დათანხმდებით, სანამ საკუთარ შესაძლებლობებს არ შეაფასებთ – ეს ამოცანა შეიძლება თქვენთვის ძალიან რთული იყოს. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ამ დღეს მოისმენთ.

“ევროკავშირის საბჭოს დეკემბრის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშაა”- Reuters

ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შესაძლოა გადავადდეს. ამის შესახებ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი იტყობინება.

მისივე განცხადებით, დეკემბრის სამიტზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას „საფრთხე ემუქრება“.

ამის ერთ-ერთ მიზეზად Reuters-ის წყარო ასახელებს უნგრეთის წინააღმდეგობას, რომელიც პოტენციურად ემუქრება ერთსულოვნებას. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, ამ თემას 2024 წლის მარტში მიუბრუნდნენ, როდესაც ევროკომისია წარმოადგენს საკუთარ შეფასებას იმის თაობაზე, შეასრულა თუ არა უკრაინამ დარჩენილი პირობები.

გარდა ამისა, მისივე თქმით, არ არსებობს ერთიანობა უკრაინისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხზე.

„ლიდერები აცნობიერებენ, რომ ეს საკმაოდ ძვირია“, – აცხადებს Reuters-ის წყარო, რომელიც 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის მომზადებაშია ჩართული.

მარიამ ქვრივიშვილმა ფერმერებს პროფესიული დღე მიულოცა

„თქვენს საქმიანობას საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მადლობას მოგახსენებთ, რომ ქმნით ისეთ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომლითაც საქართველო თამამად პოზიციონირდება მსოფლიოს არაერთ, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყანაში,” – ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ფერმერებს, რომლებიც პროფესიული დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ეს დღე 2015 წლიდან იმართება.

„საქართველოს სახელმწიფოს აქვს არაერთი ინსტრუმენტი, რათა განაგრძოს თქვენი გვერდში დგომა – იქნება ეს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, აგროპროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გზით. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით ბოლო წლებში სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ და დღეს ქართულ პროდუქციას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე შეუძლია. მეტიც, ჩვენ ამ მიმართულებით კვლავაც ვაგრძელებთ წარმატებით მუშაობას,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციებში ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. წელს არსებულ ნომინაციებს კიდევ ერთი – „წლის აგროტურისტული ობიექტი” შეემატა, რომლის გამარჯვებულიც მარიამ ქვრივიშვილმა გამოავლინა. ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

“ომის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები არ გეგმავენ ჯარისკაცების დატოვებას ღაზაში” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ომის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები არ გეგმავენ თავისი ჯარისკაცების დატოვებას ღაზაში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება კულტურული ცვლილება ღაზის ნებისმიერ სამოქალაქო ადმინისტრაციაში. ის არ შეიძლება, იყოს ტერორიზმის დაფინანსების ერთგული“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ისრაელი ღაზაში ვერ დატოვებს ვერც მათ, ვინც იზიარებს „ჰამასის“ მიზნებსა და ტერორისტული ჯგუფის არსებობას, რომელიც პალესტინელ ბავშვებს ასწავლის, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს.

„უახლოეს მომავალში ისრაელი აიღებს საერთო სამხედრო პასუხისმგებლობას, მაგრამ იქ ასევე უნდა იყოს სამოქალაქო მთავრობა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

“ნაცმოძრაობის“ დროს პატიმრებს მკურნალობის ნაცვლად აწამებდნენ” – სოზარ სუბარი

ოპოზიციიდან ზოგიერთს პენიტენციურ სისტემაზე საუბრის უფლება აქვს, თუმცა, საოცრებაა როცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბოლო 9 წლის განმავლობაში რამდენი პატიმარიც გარდაიცვალა, იმდენი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში კვდებოდა.

„მინდა იმ პრობლემატურ საკითხებს მივუბრუნდე, რომლებიც ჩვენმა კოლეგებმა წამოჭრეს. ერთ-ერთი საკითხი არის პატიმრების რაოდენობა საქართველოში. ნამდვილად, პატიმრების რაოდენობით ევროპაში ერთ-ერთი მძიმე მაჩვენებელი გვაქვს. დაახლოებით, 110 არის ევროპის საშუალო მაჩვენებელი და 125-მდე – საქართველოს მაჩვენებელი. ოპოზიციიდან ზოგიერთს ამ თემაზე საუბრის უფლება აქვს, თუმცა, საოცრებაა როცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობენ. როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, 6000 კაცი იყო საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, 4 წელიწადში კი 400%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი – 24 000-ზე ავედით და საქართველო ამ მხრივ, აშშ-სა და რუსეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა. ასეთი სწრაფი ზრდა ამ მხრივ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჰქონია. ამ ზრდას, ბუნებრივია, საპატიმროების პირობები ვერ მიჰყვა. 24-საწოლიან საკანში 120-130 პატიმარი იყო და წარმოიდგინეთ, ამ საკანში მყოფი ხალხის მდგომარეობა როგორი იქნებოდა. ეს იყო საკანი, რომლის ფანჯარაც არ იღებოდა, რომლის კარსაც არ აღებდნენ და სადაც საპირფარეშო შიგნითვე იყო მოწყობილი. ამ საკანში, უბრალოდ, ჰაერი არ მოძრაობდა. ამიტომ იყო პატიმრებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. 144 პატიმარი გარდაიცვალა 2010 წელს, 140 – 2011 წელს. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბოლო 9 წლის განმავლობაში რამდენი პატიმარიც გარდაიცვალა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში კვდებოდა იმდენი. რატომ იყო სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმ დროს? იმიტომ, რომ აწამებდნენ პატიმრებს, არ მკურნალობდნენ მათ; როცა პატიმარი მკურნალობას ითხოვდა, ამის ნაცვლად ის მორგში ჩაჰყავდათ და უსასტიკესად აწამებდნენ. ამოწერილი მაქვს მაგალითები მოხსენებებიდან, რომლებიც ეკუთვნის გიორგი ტუღუშს, ადამიანს, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შემოვიდა. მანაც კი ვერ დამალა ის უმძიმესი ფაქტები, თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს იმის გამო, რომ ისინი ითხოვდნენ წამალს, ან იმიტომ, რომ მათი საქმეები სტრასბურგში მიჰქონდათ. პატიმრების წამების, ცუდი მოპყრობის, მკურნალობის არქონის ან ციხეში არსებული ცუდი მდგომარეობის გამო, არცერთი საქმე არ არის წასული სტრასბურგში 2012 წლის პირველი დეკემბრის შემდეგ.

წელიწადში იყო ტუბერკულოზის დაახლოებით 1500-2000 ახალი შემთხვევა, მაშინ, როდესაც ახლა ეს შემთხვევები ათეულის ფარგლებშიც აღარ არის და სულ რაღაც ასზე ნაკლებია იმ პატიმრების რაოდენობა, რომლებიც ამ დაავადებაზე მკურნალობენ. დაახლოებით 10-12-ჯერ შემცირდა სტრასბურგში მთლიანად ქვეყნიდან წასული საჩივრების რაოდენობა (და ეს იმის გამოკლებით, რაც რუსეთის წინააღმდეგ იყო გაგზავნილი), ვგულისხმობ ჩვეულებრივ, ხელისუფლების წინააღმდეგ გაგზავნილ საჩივრებს. დღეს კი რაზე ვსაუბრობთ ციხეებთან დაკავშირებით? მინისტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რამდენი სპორტული ღონისძიება ტარდება ციხეებში, საუბრობდა, რომ ხანგრძლივი პაემნების უფლება უკვე ბრალდებულებსაც უნდა ჰქონდეთ და არა მხოლოდ – მსჯავრდებულებს, რომლებიც ადმინისტრაციის შეფასებით, კარგად იქცევიან. დღეს ვსაუბრობთ, რამდენი კულტურული ღონისძიება ტარდება ციხეებში, როგორი დასაქმების პირობებია პატიმრებისთვის და როგორ იყიდება მათი ნაწარმი მთელი ქვეყნის მასშტაბით; რესოციალიზაციის რა პირობებია და ა.შ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რათა პატიმრების რაოდენობა საშუალო ევროპულ სტანდარტს მივუახლოვოთ და ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ნამდვილად არ არის მისაღები ის სტანდარტი, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დამკვიდრებული – ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყოველ 100 000 პატიმარზე 600-700 ადამიანი იხდის სასჯელს და ეს მათთან არის ჩვეულებრივი ამბავი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ჰამასის“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 12 000-ს გადააჭარბა

„ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 12 000-ს გადააჭარბა.

მათივე ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა შორის 5 000 ბავშვია.

ამასთან, პალესტინის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს „ჰამასის“ წარმომადგენელთა ოფიციალურ განცხადებებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 3 570-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 1 800 ბავშვი დაკარგულად ითვლება.

“იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი საკვანძო უწყება, რომელიც ყოველდღიურად ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს ემსახურება”

იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი საკვანძო უწყება სახელმწიფო უწყებებს შორის, რომელიც ყოველდღიურად ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს ემსახურება და ათი ათასი მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი ამ სამინისტროს მუშაობა. ერთი მხრივ, სერვისების მიმართულება, მსურს, გამოვყო, მეორე მხრივ, ძალიან საინტერესოა კანონშემოქმედებითი მუშაობა, რომელსაც სამინისტრო ეწევა და, შესაბამისად, კანონიდან კანონამდე უმჯობესდება ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

რატი იონათამიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებზე იცავს საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ღირსებას.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, დღეს ყველამ იხილა, თუ როგორ იწონებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავს იმით, რომ თვეების განმავლობაში საქართველოს მიმართ დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდნენ.

„ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც პასუხების მოსმენაც კი არ შეუძლიათ, მარტო ბრალდების კორიანტელს დააყენებენ, დეზინფორმაციულ კამპანიას გააგრძელებენ და შემდეგ შარშანდელი თოვლივით იკარგებიან და ეს სიმბოლურია, ვინაიდან ასევე გაქრებიან ქართული პოლიტიკიდან, ვინაიდან ამდენ სიცრუესა და დეზინფორმაციას ამ ადამიანებს, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩეველი არ აპატიებს. ეს ჩანს თუნდაც ბოლო სოციოლოგიური კვლევებიდან, სადაც ნახევრდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სინამდვილეში, როდესაც ისინი უტიფრობასა და ამორალურობაზე საუბრობენ, ყველაზე დიდი ამორალურობა არის, როდესაც შენ შენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებ დეზინფორმაციის კამპანიას, ამაში ხარჯავ მილიონობით დოლარს და დღეს ამას ამაყად და უტიფრად იწონებ, თითქოს ამით რაღაც კარგი გააკეთე. ცხადია, სწორედ ასეთ ქმედებებზე ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს მათ ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“ჩვენი მარაგები შემცირდა – ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთიდან დახმარების მიღებაზე”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელ-“ჰამასის” ომზე ყურადღების გადატანამ შეანელა უკრაინისათვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

“ჩვენი მარაგები შემცირდა. ეს ცხოვრებაა და ეს ნორმალურია, რადგან ყველა იბრძვის გადარჩენისთვის და ჩვენც უნდა დავიცვათ თავი”, – განუცხადა უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტებს.

“მე ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთიდან დახმარების მიღებაზე. ახლო აღმოსავლეთისა და სხვა მიზეზების გამო, მათი [დასავლეთის] ფოკუსი იცვლება. მხარდაჭერის გარეშე ჩვენ უკან დავიხევთ”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.