Home Blog Page 1982

“27 ქვეყნიდან ერთს რომ ათქმევინო უარი, ქვეყანას არ მიეცემა კანდიდატის სტატუს”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები კვლავ 50/50-ზეა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას იღებს 27 ქვეყანა და თუ ერთმა მაინც თქვა უარი, საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, იმავეს გავიმეორებ, რომ შანსები არის 50/50-ზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე. რა თქმა უნდა, რისკები ისევ მაღალია. საკმარისია, 27 ქვეყნიდან ერთს ათქმევინო უარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ქვეყანას უკვე არ მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, გლობალური ომის პარტიისთვის ძალიან მარტივია მანიპულირება ევროკავშირის გადაწყვეტილებების სფეროში, შესაბამისად, რისკები არის მაღალი. მაგრამ ჩვენ თუ დავანახებთ გლობალური ომის პარტიას, რომ ქვეყნის შიგნით არის სიმყარე, ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ქვეყნის შიგნით – ეს უნდა აჩვენოს გლობალური ომის პარტიას როგორც ხელისუფლებამ, ასევე საზოგადოებამ – ამ შემთხვევაში გაიზრდება ჩვენი შანსები, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, მაქვს იმედი, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი დეკემბერში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ი.ც. პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაქირავებულ სალონში დასაქმებული პირები კლიენტებს თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ, მიღებულ ანაზღაურებას კი ი.ც.-ს სისტემატურად უნაწილებდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„განადგურებული დასავლური ტანკები და ჯავშანტექნიკა“ – არასასიამოვნო სიურპრიზი კიევისათვის“

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) სათაურით „განადგურებული დასავლური ტანკები და ჯავშანტექნიკა“ – არასასიამოვნო სიურპრიზი კიევისათვის“, რომელშიც კორესპონდენტი მაი ჰიუგო სტრატეგიული კვლევების ფონდის სამხედრო ექსპერტს ოლივიე კამპფს ესაუბრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როგორც აღმოჩნდა, რუსებს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ბევრი სახეობა ჰქონიათ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ერთ კვირაზე მეტ ხანს მოიგერიონ უკრაინის არმიის ტანკების შეტევა, უფრო მეტიც – ხელთ იგდონ დასავლური მძიმე ტექნიკა: გერმანული ტანკები „ლეოპარდები“ და ამერიკული ჯავშნიანი მანქანები „ბრედლები“. კომპეტენტური წყაროების მონაცემების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა [მხოლოდ ერთ ბრძოლაში] დაკარგეს – და ეს ვიდეოკადრებითაც დასტურდება – ოთხი თანამედროვე ტანკი „ლეოპარდი“ და 16 ამერიკული „ბრედლი“. რუსები დასავლური ტექნიკის შესაჩერებლად და გასანადგურებლად იყენებენ როგორც დამკვრელ ვერტმფრენებს (Ка-52) ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, ასევე არტილერიას და ყველაზე საიმედო იარაღს – „ლანცეტის“ ტიპის დრონებს.

ჩვენ ვესაუბრებით სტრატეგიული კვლევების ფონდის სამხედრო ექსპერტს ოლივიე კამპფს, რომელიც ყურადღებით აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას.

– რამდენიმე დღის წინ დასავლური მძიმე ტექნიკის ხელში ჩაგდების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა ტერმინი – „ომის ალაფი“ (War trophy – „ომის ტროფეი“). თქვენი აზრით, ისარგებლებს თუ არა მოსკოვი ამ ფაქტით პროპაგანდისათვის?

– რა თქმა უნდა, ნამდვილად ისარგებლებს. შესაძლოა, რუსებმა ეს ტანკები ვერ გაარემონტონ, რადგან მათ სათადარიგო ნაწილები არ ექნებათ, მაგრამ მოსკოვში წაიღებენ და იქ გამოფენენ მოსახლეობის საჩვენებლად… ასეთი ფაქტები ხომ პიარის ძლიერ საშუალებას წარმოადგენს. რასაკვირველია, ამერიკელებისათვის და გერმანელებისათვის სასიამოვნო არ იქნება თავიანთი „ლეოპარდებისა“ და „ბრედლების“ ჩვენება მათივე საელჩოების წინ მოსკოვში…

– უკრაინამ ეს დანაკარგები კონტრშეტევის პირველივე ეტაპზე განიცადა. როგორ იქნება აღქმული ეს სამხედრო დანაკლისი დასავლელი მოკავშირეების მიერ – ისინი სამომავლოდ იძუნწებენ უკრაინისათვის იარაღით დახმარების საქმეში?

– იცით, მე დარწმუნებული არა ვარ, რომ დასავლეთს კიდევ ბევრი ტექნიკა აქვს რეზერვში უკრაინისათვის გასაგზავნად… ეს დანაკარგები ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა. შეტევა ისე არ მიდის, როგორც დასავლეთი თავდაპირველად ვარაუდობდა, ანუ დასავლური გეგმის მიხედვით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტრშეტევამ კრახი განიცადა, თუმცა დებიუტი მაინცდამაინც დიდად დამარწმუნებელი არ არის… იცით, ყველაზე არასასიამოვნო მომენტი ის ფაქტი კი არ არის, რომ რუსებმა ჩვენი ტექნიკა ხელთ იგდეს, არამედ მათ მიერ განადგურებული და დაზიანებული ტექნიკის რაოდენობა. საკმაოდ ბევრი „ლეოპარდი“, „ბრედლი“ და „М113“ იქნა მწყობრიდან გამოყვანილი. ყველაზე მეტად სწორედ ესაა შემაშფოთებელი – ათ დღეში ამდენი მძიმე ტექნიკის დაკარგვა? რაც უკან მოათრიეს, მათი რემონტიც ადგილზე შეუძლებელია. ამას დრო ჭირდება.

– გამოდის, რომ კონტრშეტევის პირველი დღეები ოპტიმიზმს არ იწვევს?

– მთავარი არასასიამოვნო მოულოდნელობა ის გახდა, რომ უკრაინელებს იმედი ჰქონდათ, რომ იოლად მიანგრ-მოანგრევდნენ რუსების თავდაცვითი პოზიციების პირველ ხაზს და ფიქრობდნენ, რომ რუსებს უფრო გამაგრებული პოზიციები სიღრმეში ექნებოდათ, მაგრამ შეცდნენ. როგორც აღმოჩნდა, მათ კარგად გაამაგრეს პირველიც და შემდგომი ხაზებიც. ჩვენ აღმოვჩნდით არა მსუბუქი „თავდაცვითი ფარდის“ წინ, არამედ ნამდვილი სამხედრო ხელოვნებით შექმნილი თავდაცვითი ხაზის წინ“.

წყარო

“უკრაინისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია”

უკრაინისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-ს რამდენიმე მოკავშირის გადაწყვეტილება, რომ უკრაინელი მფრინავებისთვის სასწავლო პროგრამები უზრუნველყონ, ალიანსს საშუალებას მისცემს, შემდეგ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება მეოთხე თაობის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაზე მოკავშირეები ყურადღებას გაამახვილებენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიწოდებული იარაღის სისტემების ფუნქციონირება.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პარალელურად, 15 ივნისს „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მეტ დაპირებებს ელოდება.

“ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის” – აქვს თუ არა ომში გამარჯვების შანსი უკრაინას

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის არმიის კონტრშეტევა არაერთგვაროვანი პროგრესით“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის არმიის კონტრშეტევა უკვე მეორე კვირაა გრძელდება, მისი კონტურები სულ უფრო მკაფიო ხდება: ერთი მიმართულებაა ქალაქ ბახმუტისკენ – ლუგანსკის ოლქში, მეორე – ქალაქ სოლედარისკენ – დონეცკის ოლქში და მესამე – ქალაქ ორეხოვ-ტოკმაკისკენ – ზაპოროჟიეს ოლქში, რომელიც, მიზნის გათვალისწინებით, კონტრშეტევის ცენტრალურ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს (ყირიმ-დონბასის დერეფნის გაჭრა და აზოვის ზღვის ნაპირზე გასვლა).

რადგან მოწინააღმდეგეებს ჯერ-ჯერობით თავიანთი რეზერვები მთლიანად არ გამოუყენებიათ, ამიტომ მთავარ ბრძოლებს სადღაც ორი ან სამი კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ“, – ნათქვამია სტატიაში.

დღეისათვის უკვე ჩანს, რომ ყველაზე წარმატებული შეტევა დონეცკის ოლქში განხორციელდა, სადაც უკრაინის არმიის შვიდმა ბრიგადამ ოთხი დღის ბრძოლებით რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა (ბლაგოდატნოე, სტოროჟევო, მაკაროვკა და სხვები), 60 კვადრატული კილომეტრის ფართობით. ეს პროგრესი დაჩრდილა ზაპოროჟიეს ოლქში განხორციელებულმა წარუმატებელმა შეტევამ, ორეხოვ-ტოკმაკისაკენ, რომლებიც მძიმე ბრძოლებით აღინიშნა – უკრაინის არმიამ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი დანაკლისი განიცადა. რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა უკვე გამოაქვეყნეს დაზიანებული და აფეთქებული დასავლური ჯავშანტექნიკის ფოტოები და ვიდეოკადრები. ერთ-ერთ ვიდეოკადრში ჩანს, რომ გერმანული „ლოპარდის“ ძრავა მუშაობდა და მის ირგვლივ რუსი ჯარისკაცი დადიოდა. რა თქმა უნდა, რუსებიც ზარალდებიან: როგორც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთის არმიამ კიევის კონტრშეტევის დაწყების დღიდან 54 ტანკი დაკარგა [მისი თქმით, უკრაინამ ბევრად მეტი – 160 ტანკი და 360 ჯავშანმანქანა].

დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინას ჯერ-ჯერობით კონტრშეტევა მთელი ძალებით არ აქვს დაწყებული – თავდაპირველად მხოლოდ რუსული თავდაცვითი პოზიციების სუსტი ადგილები გამოვლინდა, ნამდვილი საომარი მოქმედებები მალე იქნება. „ვხედავ, რომ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ ჯერ სრული ძალებით არ მიმდინარეობს“, – ამბობს გადამდგარი გენერალი ფედერიკ ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი სარდალი., – როცა ჩვენ მსხვილი მექანიზებული ქვედანაყოფების შტურმის მოწმენი გავხდებით, მაშინ უკვე ნათელი გახდება, რომ კონტრშეტევის მთავარი აქტი დაიწყო“. ფედერიკ ბენ ჰოჯესს ეთანხმება კონრად მუზიკაც – ექსპერტი Rochan Consulting-დან, რომელიც ომს თვალყურს ადევნებს. მისი თქმით, უკრაინის ძირითადი ძალები ჯერ კიდევ არ არიან ბრძოლებში ჩაბმული და ამიტომ წინ კიდევ შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. „ზაპოროჟიეს ოლქში მხოლოდ სამი ბრიგადა იბრძვის, ამიტომ დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია“, – ამბობს კონრად მუზიკა.
ავიაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს: განსაკუთრებით საშიშია უკრაინელებისათვის რუსული დამკვრელი ვერტმფრენების მოქმედება. კიევის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა სუსტია და რაც არის, ისიც შეიძლება განადგურდეს „ლანცეტის“ ტიპის დრონებით.

უკრაინელებისათვის საკმაოდ მომგებიანი სიტუაცია შეიქმნა კახოვკის ჰესის კაშხლის დანგრევით: მართალია, რუსეთმა ისარგებლა და თავისი ძალები კახოვკიდან ჩრდილოეთით გადააჯგუფა, მაგრამ უკრაინელებისთვისაც მომგებიანი სიტუაცია შეიქმნა – უეცრად მოვარდნილმა წყალმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე არსებული რუსული თავდაცვითი სისტემა მთლიანად გაანადგურა და წყლის დაკლების შემდეგ უკრაინის ქვედანაყოფებს შეუძლიათ ნაკლები დანაკარგებით გადაადგილდნენ.

დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის არმიას ყველაფერი აქვს მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად: რაკეტებით შეიძლება ყირიმსაც მისწვდნენ და აზოვის ზღვის ნაპირზე განლაგებულ ქალაქებსაც, მაგრამ ისინი ასევე ამბობენ, რომ წარმატებისთვის საჭირო იქნება აგრეთვე „იღბალიც“ – რუსების მიერ დაშვებული უხეში შეცდომები. ბუნებასაც შეუძლია თავისი როლი შეასრულოს: მომავალ კვირაში წვიმებია მოსალოდნელი, რაც, მართალია, უკრაინის წინსვლას შეაფერხებს, მაგრამ რუსული ავიაციის მოქმედებაც შეყოვნდება.

„რასაც მე ვხედავ, მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“, – განაცხადა 13 ივნისს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, – უკრაინელები წარმატებას აღწევენ“. უფრო რადიკალურ პროგნოზს აკეთებს ჯეკ უოტლინგი ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტიდან (RUSI): „რუსებს ნამდვილი გამოცდა ჯერ კიდევ წინ ელოდებათ, ისინი სულ მალე ჯოჯოხეთში მოხვდებიან“.

წყარო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ”საქართველოს გენერალთა კლუბს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ „საქართველოს გენერალთა კლუბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის დამყარდეს მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფს იმ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც დაკავშირებული იქნება ძალოვანი უწყებების განვითარებასა და მომავალ თაობებში უმაღლესი სახელმწიფო წოდების_’’გენერლის’’ პოპულარიზაციასთან; ხელს შეუწყობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ გენერალთა ისტორიის (ბიოგრაფიის) გაცნობას; თადარიგში მყოფ გენერალთა აქტიურ მონაწილეობას და მათი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის საკითხებში; არსებული სამხედრო-ისტორიული და სამეცნიერო პოტენციალის შესწავლაში გენერალთა ჩართულობას; სამხედრო ისტორიის პრობლემებზე სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო-ანალიტიკური პროექტების შექმნაში, განხორციელებასა და მათ რეალიზებაში გენერალთა აქტიურ მონაწილეობას; მომავალი თაობების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მიზნით გენერალთა შეხვედრებს მოსწავლეებთან სკოლებში, კადეტებთან ლიცეუმებში და სტუდენტებთან უმაღლეს სასწავლებლებში;

მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ “საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ მოაწერეს. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.

“ჩვენ ყველასგან – ოპოზიციისგან, ევროკავშირისგან საქართველოს მიმართ ვითხოვთ სერიოზულ, კეთილსინდისიერ და სამართლიან მიდგომას”- შალვა პაპუაშვილი

ეს გაუგებრობა გამოიწვია თავად ევროკომისიამ. ეს უნდა აღიარონ, უპირველეს ყოვლისა. როდესაც ვკითხულობდით, რა არის ნაგულისხმები ჩანაწერში დეოლიგარქიზაციის შესახებ, ვერავინ ვერაფერს ამბობდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება საქართველოს სთხოვდნენ კანონის არ მიღებას და უკრაინას იმავე კანონის იმპლემენტაციას.

მისი თქმით, ამ რეკომენდაციის ირგვლივ გარკვეული ბუნდოვანება წარმოიშვა.

„ამან გააჩინა ბუნდოვანება. ამ ბუნდოვანებას შემდეგ მოჰყვა ევროპარლამენტის რეზოლუციები, სხვადასხვა ევროპარლამენტარის განცხადებები. შემდეგ, ევროკომისიის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ პასუხისმგებლობას არ იღებენ ამ განცხადებებზე. ფაქტობრივად, აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც დეოლიგარქიზაცია, როგორც რეკომენდაცია ჩაიწერა და ევროკომისია არაფერს განმარტავდა და, მეორე მხრივ, ევროპარლამენტარები ხან ბიძინა ივანიშვილზე ამბობდნენ, რომ ის უნდა იყოს ამის ობიექტი და ხან რას. ამიტომ, ასე, ქვეყნის მიმართ მოპყრობა, არ შეიძლება.

ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები არასერიოზულია. კეთილი ინებოს, მათ შორის, ევროკომისიამ ან ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში, გაემიჯნონ ამ განცხადებებს და პერსონალურ მიდგომებს. მაგრამ ასე სიტყვებით თამაში, რომ თან არც უნდათ ევროპარლამენტარზე რაღაც ძვირი სიტყვა თქვან და თითქოს სისტემურ მიდგომას უჭერენ მხარს, ასე არ გამოვა. მეორე საკითხი, თუ რატომ მოვუწოდებ სერიოზულ მიდგომებს ევროკომისიას, მათ შორის, როდესაც კანდიდატის სტატუსი მონიჭების საკითხი იდგა, ყველას გვახსოვს, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინა შეაქო ამ კანონისთვის და მოუწოდა მისი იმპლემენტაციისკენ და ეს კანონი არ არის, რომელიც მეორე მოსმენით მივიღეთ გუშინ? ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ კეთილსინდისიერ და სამართლიან მიდგომას საქართველოს მიმართ. ჩვენ ვთქვით, რომ კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება იყო უსამართლო გადაწყვეტილება და უსამართლობა არის აქაც. როგორ გამოდის, რომ თუკი უკრაინას ეუბნებიან, რომ კანონი სწორია და მიიღე, სხვათაშორის უკრაინასთან დაკავშირებით იგივე ნეგატიური დასკვნა დაიდო, რაც ბუნებრივია, რადგან ერთი და იგივე კანონი არის და ვნახოთ, უკრაინა გააუქმებს თუ არა ამ კანონს და ევროკავშირი მოსთხოვს თუ არა ამ კანონის გაუქმებას. ჩვენ თუ გვეუბნებიან, რომ არ მივიღოთ ეს კანონი, მაშინ ავტომატურად ნიშნავს, რომ უკრაინას უნდა უთხრან გააუქმოს ეს კანონი.

ჩვენ ყველასგან – ოპოზიციისგან, ევროკავშირისგან, ვითხოვთ სერიოზულ, კეთილსინდისიერ და სამართლიან მიდგომას საქართველოს მიმართ.

არ შეიძლება ასე ქვეყანა ათამაშო – ხან უთხრა დეოლიგარქიზაცია, თქვა, რომ უკრაინული კანონი კარგია, საქართველო მიჰყვეს ამ მაგალითს. მერე თქვა, რომ შეიძლება სხვა მიმართულება ჯობს. ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ .

“ამ ყურისწამღებ ყაყანს, ღრიალსა თუ ხმაურს თუნდაც ამ ყბადაღებულ დეოლიგარქიზაციის კანონზე, საზრისი მართლაც არა აქვს”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – დავით ზარდიაშვილი

მსოფლიოში ყველაზე დიდი გლობუსი, რომელიც 1998 წელს კარტოგრაფიულმა კომპანია DeLorme-მ შექმნა, დედამიწის მილიონჯერ დაპატარავებულ სამგანზომილებიან ფიზიკურ მოდელს წარმოადგენს. მასზე სახელმწიფოთა საზღვრებიცაა დატანილი, თუმცა ეს გლობუსი „დაუსახლებელია“; რომ „დაესახლებინათ“, დაუშვათ, იგივე პროპორციით, ე.ი. მილიონჯერ შეემცირებინათ მოსახლეობის რაოდენობა, მაშინ სულ ამ 12, 6 მ დიამეტრის სფეროზე 8 000 სული (თუკი ასევე მილიონჯერ დაპატარავებული, ლამის ვირუსის კოლონიის თანაზომადი) იქნებოდა, აქედან 1 400 ჩინელი, 1 300 ინდოელი, 500 ევროპელი, 360 ამერიკელი, 140 რუსი, 42 უკრაინელი და ა.შ. მათ შორის, სულ რაღაც 3 ანდა, ჰა და ჰა, 4 ქართველი.

წარმოიდგინეთ ეს მოდელი და უმალ გაიაზრებთ, რომ ამ ყურისწამღებ ყაყანს, ღრიალსა თუ ხმაურს თუნდაც ამ ყბადაღებულ, ჩემი აზრით, სრულიად უაზრო დეოლიგარქიზაციის კანონზე, საზრისი მართლაც არა აქვს. მით უმეტეს, ძალიან სასაცილოა ე.წ. “პოლარიზაციის” თემა. თუ არადა აგერ, ჯიჯის ჰკითხეთ, ალფაიძეს, რომელიც კი მოკვდა, ანდა ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც გაცოცხლდა და მოდის, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ოთხმა კაცმა თავისი “ოლიგარქით” ან მის გარეშე, “პოლარიზებულმა” თუ “დეპოლარიზებულმა” ამ გამაოგნებლად არეულ-დარეულ ვითარებაზე, რაც ძალიან ახლოსაა გასაოცარი მასშტაბის პლანეტარულ საგიჟეთთან?

წარმოიდგინეთ ეს თითქმის უკვე შეშლილი კაცობრიობა, როგორც მიზერული, სულ რაღაც 8 000-იან ვირსუთა მიკრო-კოლონია, რომელიც მთელს ამ გლობუსს აფეთქებით და ბირთვულ ხანძარში დაფერფვლით ემუქრება და მიხვდებით, სიგიჟის განსაცვიფრებელ მასშტაბს, რაც მართლაც კოსმოსურია ამ ერთი ციდა პლანეტაზე…მართლა ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირელი რომ არ იყოს… სანუგეშოც არაფერია, გარდა ამ გენიალური სიტყვებისა: “…მაგრამ ღმერთი არ გაწირავს კაცსა შენგან განაწირსა…”

“ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა” – პაველ ჰერჩინსკი

დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი, ეს არის მეხუთე პრიორიტეტი, ეს პრიორიტეტი შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გასულ წელს უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოს მეთაურების და მთავრობის ხელმძღვანელების დონეზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირში ელოდებიან, რომ „საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის საკითხს“.

„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის პრობლემაა, განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ვენეციის კომისიამ ძალიან ცხადად თქვა, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული მიდგომა, კერძოდ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში, არ არის სწორი მიდგომა, არის ბევრი რისკი. სწორედ ამიტომ ჩვენ ველოდებით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიამ თქვა. სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ განსხვავებულ რამეს. ეს უნდა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას, არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, მართლმსაჯულების რეფორმას, უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლას. ასე რომ, მთლიანი გარემო უნდა შეიქმნას, რომ მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ გავლენა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჩვენ აქ ვართ ევროკავშირი, რომ დაგეხმაროთ ჩვენი ექსპერტიზით, ექსპერტებით, რა გზასაც აირჩევს პოლიტიკური ელიტა საქართველოში“, – განაცხადა ელჩმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

„შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის სულ 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის დეტალური სტატისტიკა:

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;

სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე პირია დარეგისტრირებული.

2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:

ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;

მათემატიკა – 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ბიოლოგია – 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

გეოგრაფია – 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ფიზიკა – 700-მდე აბიტურიენტმა;

ლიტერატურა – 1 300-მდე აბიტურიენტმა;

სამოქალაქო განათლება – 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

აბიტურიენტების საყურადღებოდ: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით შეგეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

“ესაა ღირსების საკითხი და ზურაბ აბაშიძე თავად უნდა გადადგეს”- პაატა მანჯგალაძე

კვერცხის სროლა ყოფილა ბარბაროსობა და ჩვენი ისტორიული, ძირძველი კუთხეების მიწასთან გასწორებას რა ჰქვია მაშინ? – ესაა ღირსების საკითხი და ზურაბ აბაშიძე თავად უნდა გადადგეს,- ასე ეხმაურება  “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე,  გავრცელებულ ჩანაწერს,  რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე და მარკ ზილბერკვიტი, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ვიზიტის დროს ახლდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

მანჯგალაძის განცხადებით, ამით ხელისუფლების ლუსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა.

„აბაშიძეზე ამბობენ, რომ გამოცდილი დიპლომატია, რას ახმარს მის დიპლომატიას – საქართველოს ინტერესის გატარებას, თუ რუსეთის ინტერესს? კვერცხის სროლას ეძახის ბარბაროსობას და არ გახსენებია ცხინვალი და გასწორებული თამარაშენი.

რუს პროპაგანდისტებს კვერცხის სროლის გამო უხდის ბოდიშს, ბოდიში მოიხადოს 8-9-10 აგვისტოს დაღუპული გმირი ბიჭების მშობლების წინაშე. კვერცხის სროლა ყოფილა ბარბაროსობა და ჩვენი ისტორიული, ძირძველი კუთხეების მიწასთან გასწორებას რა ჰქვია მაშინ? ღარიბაშვილის წარმომადგენელია და მის ინტერესს გამოხატავდა, როცა პრემიერი ისეთი გვყავს, “რასაც გინდა დაუძახებ”, არ მიკვირს აბაშიძის დამოკიდებულება. ეს არის ღირსების საკითხი, თვითონ უნდა გადადგეს. რისთვის იხდიდა ბოდიშს- ელარჯის გაწელვა რომ ბოლომდე არ დააცადეს? ეს არის ლუსტრაცია იმ რუსული საქმის, რასაც “ქართული ოცნება” ემსახურება,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა.

ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიწვევის შემთხვევაში, მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიწვევის შემთხვევაში, მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, რატომ არ ჩავიდა ის უკრაინაში ვიზიტით ომის დაწყების შემდეგ.

„ყოველთვის მზად ვიყავი ჩამოსვლისთვის და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ ქვენ გადასცემთ შეტყობინებას, შემიძლია, უკვე ხვალ ჩამოვიდე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე – „მისი აზრით, რატომ არ მიიწვია ის ვოლოდიმირ ზელენსკიმ“, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ეს არ არის პირადი, და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც სამთავრობო წრეებს შორის მოცემულ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობები. ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისით, მე ვგრძნობ ამის შედეგებს, თუმცა მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა გვექნება. ვიმედოვნებ, რომ ასეთი შემთხვევა გაჩნდება ყირიმის პლატფორმაზე