„განადგურებული დასავლური ტანკები და ჯავშანტექნიკა“ – არასასიამოვნო სიურპრიზი კიევისათვის“

215
spot_img

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) სათაურით „განადგურებული დასავლური ტანკები და ჯავშანტექნიკა“ – არასასიამოვნო სიურპრიზი კიევისათვის“, რომელშიც კორესპონდენტი მაი ჰიუგო სტრატეგიული კვლევების ფონდის სამხედრო ექსპერტს ოლივიე კამპფს ესაუბრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როგორც აღმოჩნდა, რუსებს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ბევრი სახეობა ჰქონიათ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ერთ კვირაზე მეტ ხანს მოიგერიონ უკრაინის არმიის ტანკების შეტევა, უფრო მეტიც – ხელთ იგდონ დასავლური მძიმე ტექნიკა: გერმანული ტანკები „ლეოპარდები“ და ამერიკული ჯავშნიანი მანქანები „ბრედლები“. კომპეტენტური წყაროების მონაცემების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა [მხოლოდ ერთ ბრძოლაში] დაკარგეს – და ეს ვიდეოკადრებითაც დასტურდება – ოთხი თანამედროვე ტანკი „ლეოპარდი“ და 16 ამერიკული „ბრედლი“. რუსები დასავლური ტექნიკის შესაჩერებლად და გასანადგურებლად იყენებენ როგორც დამკვრელ ვერტმფრენებს (Ка-52) ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, ასევე არტილერიას და ყველაზე საიმედო იარაღს – „ლანცეტის“ ტიპის დრონებს.

ჩვენ ვესაუბრებით სტრატეგიული კვლევების ფონდის სამხედრო ექსპერტს ოლივიე კამპფს, რომელიც ყურადღებით აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას.

– რამდენიმე დღის წინ დასავლური მძიმე ტექნიკის ხელში ჩაგდების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა ტერმინი – „ომის ალაფი“ (War trophy – „ომის ტროფეი“). თქვენი აზრით, ისარგებლებს თუ არა მოსკოვი ამ ფაქტით პროპაგანდისათვის?

– რა თქმა უნდა, ნამდვილად ისარგებლებს. შესაძლოა, რუსებმა ეს ტანკები ვერ გაარემონტონ, რადგან მათ სათადარიგო ნაწილები არ ექნებათ, მაგრამ მოსკოვში წაიღებენ და იქ გამოფენენ მოსახლეობის საჩვენებლად… ასეთი ფაქტები ხომ პიარის ძლიერ საშუალებას წარმოადგენს. რასაკვირველია, ამერიკელებისათვის და გერმანელებისათვის სასიამოვნო არ იქნება თავიანთი „ლეოპარდებისა“ და „ბრედლების“ ჩვენება მათივე საელჩოების წინ მოსკოვში…

– უკრაინამ ეს დანაკარგები კონტრშეტევის პირველივე ეტაპზე განიცადა. როგორ იქნება აღქმული ეს სამხედრო დანაკლისი დასავლელი მოკავშირეების მიერ – ისინი სამომავლოდ იძუნწებენ უკრაინისათვის იარაღით დახმარების საქმეში?

– იცით, მე დარწმუნებული არა ვარ, რომ დასავლეთს კიდევ ბევრი ტექნიკა აქვს რეზერვში უკრაინისათვის გასაგზავნად… ეს დანაკარგები ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა. შეტევა ისე არ მიდის, როგორც დასავლეთი თავდაპირველად ვარაუდობდა, ანუ დასავლური გეგმის მიხედვით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტრშეტევამ კრახი განიცადა, თუმცა დებიუტი მაინცდამაინც დიდად დამარწმუნებელი არ არის… იცით, ყველაზე არასასიამოვნო მომენტი ის ფაქტი კი არ არის, რომ რუსებმა ჩვენი ტექნიკა ხელთ იგდეს, არამედ მათ მიერ განადგურებული და დაზიანებული ტექნიკის რაოდენობა. საკმაოდ ბევრი „ლეოპარდი“, „ბრედლი“ და „М113“ იქნა მწყობრიდან გამოყვანილი. ყველაზე მეტად სწორედ ესაა შემაშფოთებელი – ათ დღეში ამდენი მძიმე ტექნიკის დაკარგვა? რაც უკან მოათრიეს, მათი რემონტიც ადგილზე შეუძლებელია. ამას დრო ჭირდება.

– გამოდის, რომ კონტრშეტევის პირველი დღეები ოპტიმიზმს არ იწვევს?

– მთავარი არასასიამოვნო მოულოდნელობა ის გახდა, რომ უკრაინელებს იმედი ჰქონდათ, რომ იოლად მიანგრ-მოანგრევდნენ რუსების თავდაცვითი პოზიციების პირველ ხაზს და ფიქრობდნენ, რომ რუსებს უფრო გამაგრებული პოზიციები სიღრმეში ექნებოდათ, მაგრამ შეცდნენ. როგორც აღმოჩნდა, მათ კარგად გაამაგრეს პირველიც და შემდგომი ხაზებიც. ჩვენ აღმოვჩნდით არა მსუბუქი „თავდაცვითი ფარდის“ წინ, არამედ ნამდვილი სამხედრო ხელოვნებით შექმნილი თავდაცვითი ხაზის წინ“.

წყარო