Home Blog Page 1981

“წინა სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, ცხადია, ნიკა მელიას ეხებოდა” – ლევან ხაბეიშვილი

წინა სასამართლო სხდომაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, ცხადია, ნიკა მელიას ეხებოდა – 23 ნოემბერს კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებითაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კითხვაზე, მიწვეული იქნება თუ არა 23 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ხაბეიშვილმა თქვა, რომ „მოსაწვევი საჭირო არ იქნება, 23 ნოემბერი საქართველოს მოქალაქის გამარჯვების დღეა და ყველას შეუძლია მისვლა, ვისაც გაუხარდება“.

„წინა სასამართლო სხდომაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, ცხადია, ნიკა მელიას ეხებოდა. მანიფესტი, რაზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, მისი ინიციატივაა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვუერთდებით და მივესალმებით ყველა იმ მანიფესტს, რომელიც მოწოდებული იქნება ერთობისკენ. ამიტომ, დაველოდოთ 23 ნოემბერს. მნიშვნელოვანი თარიღია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც იქნება“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კითხვას, ხომ არ მიიღებენ 23 ნოემბერს ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას, ხაბეიშვილი შემდეგნაირად პასუხობს: „მგონია, რომ 23 ნოემბერს სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის ჭირ-ვარამი“.

„23 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, კოალიციურად ვაპირებთ ყველა გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, საზოგადოებას ეცოდინება გამარჯვების კოალიციის სტრატეგია. კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებითაც იქნება გადაწყვეტილებები“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მლაშეში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა

მიმდინარე წლის, 18 ნოემბერს, დუშეთის, საცხენოსნო კლუბის ” 300 არაგველის” და 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის, ტარიელ ჩიხაშვილის პირადი ჩართულობით, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ მლაშეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი ( 8 კმ. 5 წრე) გაიმართა.

დოღში მონაწილეობას, საქართველოს მასშტაბით, 14 მუნიციპალიტეტიდან იღებდნენ მხედრები. პირველი ადგილი, მხედარმა – დავით ფერაძემ დაიკავა, ხარაგაულიდან. მეორე ადგილი ერგო გიორგი ცინცაძეს ჩოხატაურიდან, ხოლო მესამე ადგილი – მირზა აფციაურს გუდამაყრიდან.

გაიმართა ასევე, შერეული ჯიშის ცხენების დოღი, სადაც საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი – სოსო რამიშვილი ჩოხატაურიდან, II მეორე ადგილი – ჯაბა ბერიძე ხარაგაულიდან, III ადგილი – იორამ იჭირაული, თუშეთიდან.

საპრიზო ადგილზე გასულ მხედრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასები, მედლები და ბრენდირებული ღვინოები გადაეცათ.

აღნიშნული დოღი წელს მეორედ გაიმართა და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

“საქართველო გახდა რუსეთის პროვინცია და ამას წყალი არ გაუვა” – მიხეილ სააკაშვილი 

საქართველო გახდა რუსეთის პროვინცია – მინდა სწორედ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის წინ გითხრათ, რომ საქართველოს სჭირდება ძალიან დიდი ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიისაგან დადებითი რეკომენდაციის მიიღება ხალხმა შეძლო და არა მთავრობამ.

„ის, რაც დღეს ხდება გორის მერთან დაკავშირებით, როდესაც თამაზ გინტურის, ჩვენი ნამდვილი ქართველი გმირი გასვენების დღეს რუსეთში საქეიფოდ წავიდა, უკვე აღარაფერი გვიკვირს. საქართველო გახდა რუსეთის პროვინცია და ამას წყალი არ გაუვა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის უიმედო სიტუაცია, ჩვენ ეს შევძელით – ჩვენ მივიღეთ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია სტატუსზე და ეს შევძელით ეს ჩვენ და არა მთავრობამ.

ახლა ვარდების რევოლუციის 20 წელი სრულდება. მინდა სწორედ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის წინ გითხრათ, რომ საქართველოს სჭირდება ძალიან დიდი ცვლილებები. ქართველ ხალხს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ სურს რუსი ოლიგარქის და რუსეთის ჩექმის ქვეშ ცხოვრება, არ სურს იყო ვიღაცის საკუთრება… რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალა, რომ აუცილებლად შევძლებთ ამათ გაშვებას, მიუხედავად, იმისა რომ, რა თქმა უნდა, ისინი არსად წასვლას არ აპირებენ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

“თემურ ალასანიას ვერ მოვთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლიბა გამოიჩინოს” – ბექა დავითულიანი

აფხაზეთსა და ოსეთზე როცა ვსაუბრობთ, იმდენად სენსიტიური თემაა, ყველამ უნდა დააძალოს საკუთარ თავს, მეტი იფიქროს, ვიდრე მკვახე, მძიმე განცხადებებს გააკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

„თემურ ალასანიას ალბათ ვერ მოვთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. რამის გამომჩენი თუ იყო, აქამდე გამოიჩენდა, მაგრამ როდესაც აფხაზეთსა და ოსეთზე ვსაუბრობთ, ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ყველამ უნდა დააძალოს საკუთარ თავს, მეტი იფიქროს, ვიდრე ასეთ მკვახე, მძიმე განცხადებებს გააკეთებს. ერთი მხრივ, ამტკიცებდნენ, რომ რა სისულელეა, ომი ვის უნდოდა, მეორე მხრივ, ამბობენ, ომის გარეშე ვერ დავიბრუნებთო. იქით მხარეს ხალხი გვისმენს და ვიღაცის მხრიდან უპასუხისმგებლოდ გაკეთებული ყოველი ასეთი სულელური განცხადება ძალიან მწვავედ არის აღქმული. თვალს ვადევნებ ხოლმე მათ მედიებს და ასეთ სისულელეზე ძალიან დიდი ვნებათა ღელვაა. იქ არავინ იცის, რომ, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში თემურ ალასანიას არავინ არაფერს ეკითხება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

“საქართველოში უმუშევრობის დონე არ შეცვლილა და კვლავ 15.6 პროცენტის ფარგლებშია” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და 15.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 29.3 ათასი კაცით, ანუ 3.2%-ით და 943.2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 21.5 ათასით, ანუ 4.8%-ით შემცირდა და 422.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 1.4 ათასით, ანუ 0.6%-ით და 252.2 ათასი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.6 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 45.3 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.5 პროცენტს და 44.8 პროცენტს შეადგენს.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.0 პროცენტი შეადგინა.

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაზრდილია საქალაქო ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 12.8 პროცენტს და 17.7 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ასევე ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია.

დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ მოწმედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი ჰყავთ გამოძახებული, თუმცა, ის სამსახურებრივი მიზეზით სხდომაზე გამოცხადებას ვერ ახერხებს.

ბასილაიას თქმით, მღებრიშვილი პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს ასრულებდა და მის მიერ გაწეული ხარჯები ჯანაშიას მიერ გაწეულ ხარჯებს ჰგავს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ხათუნა სამნიძე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებით კრემაციის სერვისის დარეგულირებას ითხოვს

კრემაციის სერვისი კანონმდებლობით არ რეგულირდება, გადავწყვიტე, რომ კანონში ცვლილებით დარეგულირებულიყო ეს საკითხი და ქვეყანაში ვისაც სურს, გარდაცვალების შემდეგ კრემაციის სერვისს მიმართოს, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს, იყოს არჩევანის თავისუფლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და ელოდება, რომ ამის შესაძლებლობა ქვეყანაში იყოს.

„ჩვენს ქვეყანაში არსებობს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალში კრემაცია, როგორც ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, თუ ვინმე დაინტერესდება, მიიღოს კრემაციის სერვისი, ამის შესაძლებლობა არ არის, რადგან არ არის დარეგულირებული კანონმდებლობა. საკითხის შესწავლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებით დარეგულირებულიყო ეს საკითხი და ქვეყანაში ვისაც სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ კრემაციის სერვისს მიმართოს, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს და იყოს არჩევანის თავისუფლება. ეს საკითხი ეხება არჩევანის თავისუფლებას, განვკარგოთ საკუთარი სხეული გარდაცვალების შემდეგ. არიან ადამიანები და ცოტა არა, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს და ელოდება, რომ ამის შესაძლებლობა ამ ქვეყანაში იყოს.

ეს არ არის დღევანდელი საკითხი, ან ხვალ გადასაწყვეტი საკითხი, კანონმდებლობით დარეგულირების შემდეგ ეს უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება, როდის შეიმუშაოს ლიცენზირებასთან დაკავშირბეული საკითხები. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებული იქნება იმასთან, რამდენად იქნება მოთხოვნა ქვეყანაში, რომ ბიზნესი დაინტერესდეს ამ საკითხში ინვესტირებით“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“რუსეთზე რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიმარჯვოთ, უკრაინა ნატოს წევრად უნდა მივიღოთ”- The Daily Telegraph

ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსეთზე რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიმარჯვოთ, უკრაინა ნატოს წევრად უნდა მივიღოთ“, რომლის ავტორია ლორდი მაიკლ ეშკროფტი – 77 წლის ბიზნესმენი, ფილანტროპი და სოციოლოგი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ფართოდ არის აღიარებული, რომ ომის პირველ მსხვერპლს სიმართლე წარმოადგენს. ამ მხრივ უკრაინის კონფლიქტი გამონაკლისი არ არის.

ვლადიმერ პუტინისა და მისი დამქაშების მიერ ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სიცრუე იმაში გამოიხატება, რომ მათი განცხადებით, რუსეთი ფაქტობრივად ნატოსთან ომობს. რასაკვირველია, ასეთი განმარტება უფრო იოლი და მისაღებია, როცა ახალწვეულის დედას ამ მის ახალგაზრდა დაქვრივებულ ცოლს ეუბნები – თქვენი შვილი და მეუღლე გმირულად დაიღუპა სამშობლოს დასაცავად, რომელსაც დასავლეთის 30-მდე სახელმწიფო ებრძვის.

სიმართლე, რა თქმა უნდა, სრულიად სხვაა: გასული წლის 24თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა და ვარაუდობდა, რომ თავის შედარებით პატარა მეზობელს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, ნატოსაგან არსებითი საპასუხო რეაგირების გარეშე.

დიდად სამწუხაროა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის, თუმცა ქვეყანა ალიანსის პარტნიორად 1994 წლიდან ითვლება, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიან სამი წლის შემდეგ. უკრაინა რომ ნატოს სრულუფლებიანი წევრი ყოფილიყო, რუსეთი მის ტერიტორიაზე თავდასხმას ვერ გაბედავდა – იმიტომ, რომ მოსკოვისათვის დასავლეთის მხრიდან მასირებული შურისძიება გარანტირებული იქნებოდა.

ნატო ანუ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (North Atlantic Treaty Organization), რომელიც 1949 წელს 12 ქვეყნის მიერ შეიქმნა, ამჟამად 31 სახელმწიფოს აერთიანებს. მისი მთავარი პრინციპია კოლექტიური ურთიერთდახმარება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრს თავს უცხო სახელმწიფო დაესხმება.

უკრაინა გახდებოდა ნატოს წევრი, მაგრამ ჯერ-ჯერობით მისი განაცხადი არ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე განსახილველად – ალიანსის წევრები შიშობენ, რომ თუ უკრაინის მიღების პროცედურას დაიწყებენ, ეს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის გამოიწვევს. ამიტომ, ნატოს ქვეყნები უკრაინას სხვა სახით ეხმარებიან – აგრძელებენ იარაღისა და ამუნიციის მიწოდებას, მაგრამ მის ტერიტორიაზე თავიანთი შეიარაღებული ძალების შეყვანის გარეშე.

ამას წინათ ბრიტანული „ეკონომისტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ რეალური სურათი აჩვენა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, რომელიც უკვე 21 თვე გრძელდება.

მისი აზრით, კონფლიქტი ერთგვარ ჩიხში შევიდა და თითქმის პოზიციურ ბრძოლებში გადაიზარდა, ძალთა გამოფიტვის მიზნით.

და რა ხდება ახლა? რა განწყობაა უკრაინელებში?

ომის დაწყებიდან ხუთჯერ ვიყავი უკრაინაში, ვესაუბრებოდი კიევისა და სხვა ქალაქების მოსახლეობას, ფრონტის ხაზზეც უკრაინელ ჯარისკაცებსაც შევხვდი მათი აზრის გასაგებად.

უკრაინელთა ოცნება იმით გამოიხატება, რომ დასავლეთი, უპირატესად კი აშშ, მათ რუსეთზე გასამარჯვებლად განუსაზღვრელი რაოდენობით მისცემს „ფალკონებს“ – F-16 ავიაგამანადგურებლებს – და სხვა მაღალტექნოლოგიურ და ზუსტ იარაღს, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის კვალობაზე, როცა მსოფლიო უკრაინის თითქმის ორწლიანი კონფლიქტით არის დაღლილი, მათი ოცნება მხოლოდ ოცნებად რჩება.

არის ორი არასასიამოვნო სცენარი, რომელთა შესახებ უკრაინელები მხოლოდ ჩუმად, კერძო საუბრების დროს ლაპარაკობენ.

პირველი – იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი გადარჩეს დაღუპვას, უკრაინა საომარ მოქმედებებს წყვეტს და რუსეთს, სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, თავის ტერიტორიას უთმობს – ალბათ, ყირიმს და დონბასს.

მეორე სცენარი, რომელიც უფრო ნაკლებად სასიამოვნოა, გულისხმობს ომის გაგრძელებას, რომელიც სავარაუდოდ, შეიძლება ხუთ წელზე მეტხანს გაჭიანურდეს და რომელიც, პრინციპში, რუსეთისათვის ხელსაყრელია.

ომამდე უკრაინის მოსახლეობა 44 მილიონ მცხოვრებს შეადგენდა (ახლა კი ბევრად ნაკლებია), რუსეთისა კი 150 მილიონს. ამრიგად, გაჭიანურებული ომის შემთხვევაში რუსეთის არმიას, ცოცხალი ძალის მობილიზების თვალსაზრისით, უპირატესობა ექნებოდა.

მაგრამ არსებობს მესამე და უფრო მიმზიდველი სცენარიც, რომელსაც მე ვემხრობი: უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ნატოს წევრი, უნდა დაჩქარდეს ალიანსში მისი გაწევრიანების პროცესი.

ნატო არ დაუშვებს ომის ისეთ დასასრულს, რომელიც უკრაინის მარცხში და რუსეთის გამარჯვებაში იქნება გამოხატული.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ხულიგნები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი – ბავშვები თუ ქვეყნების ლიდერები – ხშირად უკან იხევენ, როცა მათ წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკრულ გაერთიანებულ ძალას ხედავენ.

ვფიქრობ, უკრაინისათვის ნატოს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭება (მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით), რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, ვიდრე ისეთი ბოროტი სახელმწიფო, რომელსაც ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობს, უკრაინას მთლიანად ან ნაწილობრივ გადაყლაპავს.

ეს იქნებოდა ერთდროულად კიევისადმი ღალატი და მსოფლიოსადმი არასწორი სიგნალის გაგზავნა იმ დროს, როცა გლობალური მშვიდობა ძალზე მყიფეა.

წყარო:

“2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141.0 ათასი მგზავრი” – საქსტატი“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141.0 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 353.5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.1-ჯერ, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 2.2-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28.4 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (83.9 პროცენტით), ასევე ტვირთბრუნვის (83.5 პროცენტით) მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 041.4 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 27.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის III კვარტალში მიიღო 1 002.5 ათასი მგზავრი (28.0 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 038.9 ათასი მგზავრი (26.7 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით). 2023 წლის III კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.1 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდის. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის III კვარტალში 8.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 19.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.8 ათასი ტონა შეადგინა. აქედან, 85.4 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6 პროცენტი – გაგზავნილი. 2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ოპოზიცია ყოველ წელს ვადამდელ არჩევნებს აანონსებდა და აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში უპირობოდ მოდიოდა, ახლა ამბობენ, ერთი-ორი პროცენტი მაინც მოგვეცითო”

ოპოზიცია ყოველ წელს ვადამდელ არჩევნებს აანონსებდა, შემდეგ ხელისუფლებაში უპირობოდ მოდიოდნენ და ახლა ამბობენ, ოპოზიციაში მაინც მიგვიშვით, ერთი-ორი პროცენტი მაინც მოგვეცითო. ეს არის მათი რეალური სახე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ხალხი არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„კარგ გზაზე მიდიან და ალბათ, 2024 წლისთვის პოლიტიკურ რეანიმაციაში იქნებიან, როცა ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს გზა ევროპას უკვე გავლილი აქვს და ნახეს, რომ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რათა ქვეყანაში პოლიტიკური რყევები არ იყოს. ეს პროცესი ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენც გავიარეთ და ვნახეთ, რომ ერთ-ორპროცენტიანი პარტიები მხოლოდ მარგინალიზაციას აწყობენ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახით. მყიფე პარტიები კი არ არიან, მყიფეა მათი პოლიტიკური გონება. ჩვენ ვერ დავეხმარებით იმ ხალხს, ვისაც მოქალაქეები მხარს არ უჭერენ, რომ პარლამენტში მოვიდნენ. გამოდის, რომ ეს ხალხი თავისსავე ამომრჩეველს ატყუებს. პარლამენტში არ შემოდიოდნენ და რას ჰქვია, არ შემოდიოდნენ? ისინი ხალხმა რისთვის აირჩია? მათ ბრძოლა წააგეს პარლამენტში, ქუჩაშიც, ევროპაშიც და ახლა უნდათ, რომ თითო-თითო პარტიებს აეკიდონ. სხვათა შორის, ვაშაძემ დანარჩენებს ჭკუით აჯობა – თავის დედა პარტიას აეკიდა და საარჩევნო სიაში მეათე თუ არა, მეოცე მაინც იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე” – ბექა ლილუაშვილი

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე, მეტიც, თუ უნდათ, არსებული გაასამმაგონ – “ოცნების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ვერ შენიღბავთ იმ შიშს და აცახცახებულ ტონს, რაც იკითხება კობახიძის განცხადებებში, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება” ავითარებს ნარატივს, თითქოს ოპოზიციური სპექტრი “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო აპირებს გაერთიანებას, რაც სპეკულაციაა.

„ბოლო ერთი კვირაა ვაკვირდებით, როგორ ავითარებს “ოცნება” თაღლითურ ნარატივს, რისთვისაც იყენებს თავის ჯიბის ორგანიზაცია “გორბის” გაყალბებულ კვლების შედეგებს და ბარიერის საკითხს. ისინი ავითარებენ შემდეგ ლოგიკას- “როგორ აპირებს ხელისუფლების დამარცხებას ოპოზიცია, რომელსაც ბარიერის პრობლემა აქვს, ე.ი. აპირებენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანებას.” ეს არის თაღლითური ნარატივი. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაზარდოს ისტორიულ მაქსიმუმამდე ბარიერი, 7 პროცენტიანი ბარიერიც ახსოვთ ამ ქვეყანაში, მეტიც, გაასამმაგონ თუ უნდათ, 15 პროცენტამდე ასწიონ, არავის მათი სპეკულაციური ნარატივის არ ეშინია. პირიქით, ამ ყველაფერს ისინი იყენებენ იმ შიშის შესანიღბად, რაც უკავშირდება მათი კვლების რეალურ შედეგებს, რომლითაც ისტორიულ მინიმუმზეა “ოცნების” რეიტინგი.

ვერ შენიღბავთ იმ შიშს და აცახცახებულ ტონს, რაც იკითხება კობახიძის განცხადებებში და პირდაპირ აჩვენებს შიშს და ძალას ჩვენი პარტიის, როცა ყოველ სამ სიტყვაში გახარიას ახსენებს ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბალი რეიტინგით შეასაღოს ეს პარტია ამომრჩეველს. 2021 წლის არჩევნებზე ვნახეთ, როგორ წკიპზე იყო “ოცნება” ძალაუფლების დაკარგვის კუთხით და მოუწიათ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანა, რომ ამომრჩევლის კონსოლიდაცია გაეკეთებინა თავის მხარეს. ამ პოლიტიკური საფრთხობელით ვერავის დააშინებთ, თქვენ შეიძლება გადადგათ ნაბიჯი ამ შიშის გამო და სააკაშვილი შეიძლება არჩევნებამდე გამოუშვათ ციხიდან, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწევთ და 2024 წლის არჩევნებზე წაბრძანდებით ძალაუფლებიდან,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ფრიდონ ინჯიას ინიციატივას ძველ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, რომელზეც “ქართული ოცნება” ოპოზიციას დამატებით კონსულტაციებს სთავაზობს და აღნიშნა, რომ შეხვედრას არ აპირებენ, რადგან მათი პოზიცია ისედაც ცნობილია.

“საარჩევნო გარემოს დამატებით კითხვის ნიშნები არ სჭირდება, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და თუ რაიმე ლოგისტიკურ პრობლემებს უკავშირდება ეს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენი პოზიცია ცნობილია და არავითარ შეხვედრას ამ საკითხზე არ ვაპირებთ,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

“სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება” – თემურ ალასანია

სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი, შელოცვების გზით დაბრუნება, მოდით, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება, არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ აშშ-ში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დემოკრატიასაც აქვს ძალიან ცუდი თვისებები. მაგალითად, ერთ-ერთი ცუდი თვისება არის, როდესაც ვიძახით, რომ არა, აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. კი, რა საკვირველია. მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. არ მოხდება“, – განაცხადა თემურ ალასანიამ.