“არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყურდღების მიღმა დარჩეს“ – რას წერს The Globe and Mail-ი

71
spot_img

კანადის გაზეთ The Globe and Mail-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ომისაგან დასავლეთის დაღლის გამო არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყურდღების მიღმა დარჩეს“ (ავტორი – კონრად იაკაბუსკი).

გთვაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა კიევში მოულოდნელი ვიზიტი განახორციელა, რათა უკრაინელები გაემხნევებინა და ეთქვა, რომ ამერიკას და მსოფლიოს უკრაინის ომი ახსოვთ და არ დავიწყებიათ. მისტერ ლოიდი დაბეჯითებით ცდილობდა დაერწმუნებინა პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ამერიკა მას ძველებურად მხარს უჭერს და რომ დახმარებას გააგრძელებს.

გასაგებია თეთრი სახლისა და პენტაგონის ძალისხმევა, მაგრამ იმ პირობებში, როცა უკრაინისათვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტის დამტკიცება კონგრესში სერიოზულ დაბრკოლებას აწყდება, ხოლო დასავლეთში „უკრაინის ომის გამო დაღლილობა მატულობს“, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის სიტყვები რაღაც არადამაჯერებლად ჟღერს.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ უკრაინის თემატიკა საერთაშორისო პრესის პირველ გვერდზე იშვიათად თუ შუქდება იმდენად, რამდენადაც მთელი მსოფლიოს ყურადღება უკვე ღაზას კონფლიქტს აქვს მონოპოლიზებული. რუსეთის შეჭრა უკრაინაში და „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ: მათ მობილიზება გაუკეთეს აშშ-ის დაუძინებელ მტრებს – ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ჩათვლით და ეს ხდება ისეთ სიტუაციაში, როცა ამერიკას, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამო, პოლიტიკური ჟანგბადის ნაკლებობა აქვს და სუნთქვა უძნელდება…

ეს კარგი ამბავია ვლადიმერ პუტინისათვის და ცუდი – ვოლოდიმირ ზელენსკისათვის. საკმაოდ ცუდი და არასასიამოვნოა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების იმედით დაწყებული კონტრშეტევა, პრაქტიკულად ძალიან მცირე შედეგებით დასრულდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ოდესღაც უდაო ლიდერობა დრეს უკვე საეჭვო ხდება საკუთარი მთავრობისთვისაც კი… თვით პოლონეთიც კი, რომელიც რუსეთის დაუძინებელი მტერია, ისიც კი ყოყმანობს უკრაინისადმი მხარდაჭერაში. სულ ცოტა ხნის წინათ დასავლეთის ბევრი ქვეყნის ლიდერმა, როგორც ჩანს, დაიჯერეს პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინის არმია რუსეთზე გაიმარჯვებდა… ახლა კი დასვლეთის მოთმინების ფიალა ევსება. ისეთი სიტუაციაა, რომ არ ჩანს, ომის სასწორი ვის მხარეზე გადაიხრება. კონფლიქტი ისეთ სახეს იძენს, რომელიც ძალების გამოფიტვისკენაა მიმართული. გაურკვეველი სიტუაცია აყოვნებს ამერიკის დახმარების გარანტიებსა: ვაშინგტონელი პოლიტიკოსები და კანონმდებლები ბოლომდე არ არ არიან დარწმუნებულნი, რომ 61 მილიარდი დოლარის დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის გამარჯვებას უზრუნველყოფს, ამიტომ მათი ყურადღება ისრაელისკენაა მიპყრობილი. უკრაინის ბედი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

და რაც კიდევ უფრო უარესია ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, ესაა ვარაუდები აშშ-ის პრეზიდენტად რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის არჩევის თაობაზე 2024 წელს. ამერიკელი რესპუბლიკელები უკრაინელებს და უკრაინის პრეზიდენტს არ სწყალობენ. ამიტომაც ბევრი ექსპერტი ომის საკითხის მოგვარებას გადაუდებლად მიიჩნევს. ზოგიერთები ღიად მოუწოდებენ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ სანამ დროა და სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესებულა, სანამ ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემელს დონალდ ტრამპს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის სავარძელი არ დაუკავებია, ისარგებლოს მომენტით და მოლაპარაკება დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ანუ, როგორც საგარეოპოლიტიკური ექსპერტები რიჩარდ ჰაასი და ჩარლზ კუპჩანი წერენ „ფორინ პოლისში“ (Foreign Policy), „აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა კონსულტაციები უნდა დაიწყოს რუსეთთან და თავიანთი შემტევი აცენტი ახლა თავდაცვაზე უნდა გადაიტანონ. რასაკვირველია, კიევი უარს არ იტყვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და კრემლის პარსუხიმგებლობაზე აგრესიის გამო, მაგრამ უკრაინამ იმავდროულად უნდა აღიაროს, რომ მისი პრიორიტეტები დროებით იცვლება – რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების ნაცვლად, კიევი იწყებს იმ ტერიტორიის ეკონომიკურ აღდგენას  (ქვეყნის 80%), რომელსაც ჯერ კიდევ თვითონ აკონტროლებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რიჩარდ ჰაასი და ჩარლზ კუპჩანი ცდილობენ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანონ. საქმე იმაშია, რომ ისინი ორივე რამდენიმე თვის წინათ შეხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს დიპლომატიური კომპრომისების მისაღწევად ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, მათი პუბლიკაცია „ფორინ პოლისში“ ყურადღებით იქნა წაკითხული ვაშინგტონის პოლიტიკურ აუდიტორიაში, მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაშიც.

„რეალობა ისეთია, რომ ცხელი საველე ომი დიპლომატიური ომით უნდა შეიცვალოს, ყირიმისა და დონბასის გასათავისუფლებლად. უკრაინამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ისეთი ომია, რომელშიც კიევი ვერ გაიმარჯვებს. უფრო უარესი – არის დიდი რისკი იმისა, რომ გავა მცირე დრო და უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერასაც დაკარგავს“.

ეს არგუმენტი, როგორც ჩანს, ეხმიანება იმას, რასაც ბევრი დასავლელი ოფიციალური პირი კერძო საუბრებში აღიარებს, მაგრამ ხმამაღლა და საჯაროდ ვერ ლაპარაკობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი ამას გრძნობს და შეშფოთებულია: როგორც მან თქვა ბრიტანელ საგარეო საქმეთა მინისტრთან – დევიდ კემერონთან გამართულ შეხვედრაზე ამ რამდენიმე დღის წინათ. „ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს ყურადღების გადატანა [ისრაელზე]“.

მოკლედ, ფსონები უკრაინაში ძველებურად ისევ ისეთი მაღალია, როგორც 21 თვის წინათ, ომის დაწყების დღეებში იყო, მაგრამ რადგანაც ჩიხური სიტუაციის იგნორირება სულ უფრო რთულდება, ხოლო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები სულ უფრო ახლოვდება, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი [რაიმე კომპრომისულ] ნაბიჯს არ გადადგამს რუსეთისაკენ, უეცრად იგი ძალიან მარტო დარჩება.

წყარო