გერმანული გაზეთი „ნოიე ვესტფალიშე“ (Neue Westfälische – იბეჭდება გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ ბილეფილდში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კავკასიის ძლიერი ქალები: მედეა, ნინო და თამარი – ამ ლეგენდარულმა ადამიანებმა საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლები შეასრულეს“ (ავტორი – ეკხარტ ეიხლერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ოქრო საწმისი – ყველას თუ არა, ბევრს მაინც წაუკითხავს და მოუსმენია მითი ვერძის ტყავზე, მოოქროვილი მატყლით. ძველი ბერძნები იმდენად იყვნენ გატაცებული მისი ხელში ჩაგდებისათვის, რომ იაზონი და 50 ზღვაოსანი ხომალდ „არგოს“ მეშვეობით ლეგენდარულ ოქროს ქვეყანა კოლხეთში გაგზავნეს. იაზონი კოლხიდის მეფის ასულმა მედეამ შეიყვარა და ოქროს საწმისის დაუფლებაში დაეხმარა – თავისი მაგიური უნარი გამოიყენა.
მითების თანახმად, ოქროს საწმისი, სავარაუდოდ, ქუთაისში ინახებოდა. აქ, დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა კოლხეთის სამეფო, რომელიც თავისი სიმდიდრით უამრავ მტერ-მოყვარეს იზიდავდა, განსაკუთრებით კი ცხვრის ტყავებით ოქროს მოპოვების წესით, რომელიც კავკასიის მდინარეების ნაპირებზე მრავლად იყო. ალბათ, ესეც სტიმულს აძლევდა ბერძნების სიხარბეს. თუ როგორ იყო განვითარებული საიუველირო საქმე – ოქრომჭედლობა – ძველ კოლხეთში, ამაში დავრწმუნდებით, თუ თბილისის მუზეუმების სიმდიდრეს დავათვალიერებთ, ან თვით ქუთაისის ცენტრში მდებარე დიდი შადრევანით, სადაც მოოქროვილი ლომია გამოსახული, როგორც სიმბოლო უძველესი ოქრომჭედლური ხელოვნებისა. კოლხელი ქალის მედეას ძეგლი დგას ბათუმში – საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქში.
დასავლეთ საქართველოში არგონავტების ყოფნიდან ორი ათასი წლის შემდეგ, მეოთხე საუკუნეში ქვეყნის სცენაზე გამოდის კიდევ ერთი ქალი, სახელად ნინო, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქრისტიანობის გავრცელებაში – იგი იბერიაში (ასე ერქვა მაშინ აღმოსავლეთ საქართველოს) ფეხით მივიდა კაპადოკიიდან. წმინდა ნინო იყო სამედიცინო საქმის მცოდნეც, რომელმაც იბერიის მეფე მირიანი მძიმე ავადმყოფობისგან განკურნა. მეფე იმდენად იყო აღფრთოვანებული ნინოს მისიონერული საქმიანობით, რომ მან 337 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში მდებარე ორი ტაძარი – სვეტიცხოველი და კვრის მონასტერი – წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება, ისინი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არიან შეტანილნი. ჯვრის მონასტრიდან თუ გადმოიხედავთ, ღვთიური პეიზაჟის მომსწრენი გახდებით. წმინდა ნინო საქართველოში საკულტო ფიგურას წარმოადგენს: ათასობით წლის განმავლობაში ვაზი და ღვინო ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და როცა ნინომ ქართველებში ქრისტიანობა გაავრცელა, ამას ვაზის ჯვრით ხელში აკეთებდა. ნინო დაკრძალულია სოფელ ბოდბეში, სადაც მისი სახელობის ქალთა მონასტერი მოქმედებს.
საქართველოს მესამე ლეგენდარული ქალია თამარ მეფე, რომლის მმართველობის პერიოდში – 1184-1213 წლებში – ქვეყანა რეგიონში უძლიერეს და უმდიდრეს სახელმწიფოდ გადაიქცა. თამარ მეფის პიროვნება ლეგენდებითაა მოსილი, იგი წარმოდგენილია როგორც ბრძენი და სამართლიანი, ენერგიული და გაწონასწორებული მმართველი. მან გარდაქმნა სახელმწიფო მმართველობის სისტემა, შექმნა სამოქალაქო სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საფუძველი. თამარ მეფის ბიოგრაფად ითვლება პოეტი შოთა რუსთაველი, რომელმაც, დიდი მეფის მალული სიყვარულით, დაწერა ქართული ეროვნული ეპოსის სიმბოლო – პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომლის სტრიქონები და აფორიზმები ყოველმა ქართველმა ზეპირად იცის.
თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული არქიტექტურული მარგალიტი – კლდეში გამოკვეთილი ქალაქი ვარძია. აქ, მდინარე მტკვრის ზემოთ 500 მეტრი სიმაღლის ტუფის კლდეში 13-სართილიანი 5 ათასი მღვიმეა გამოკვეთილი, რომლის მშენებლობა გიორგი III-მ დაიწყო და მისმა შვილმა თამარმა დაასრულა. საჭიროების შემთხვევაში ვარძიაში თავის შეფარება 50 ათას ადამიანს შეეძლო. ყველა სათავსოში არის ვენტილაცია და წყალსადენი… ვარძიაშივეა გიორგი მესამისა და თამარის მშვენიერი ფრესკები“.
სტატიაში საუბარია აგრეთვე „ქართვლის დედის“ ძეგლზე, რომელიც სიმბოლურად ქართველ ქალს, ქართველ დედას ანსახიერებს – „მას ერთ ხელში ღვინის თასი უჭირავს – მოყვრისათვის, მეორეში კი ხანჯალი – მტრისათვის“. მოხსენიებულია აგრეთვე ცნობილი კინომსახიობი ქალი სოფიკო ჭიაურელი („მარლენ დიტრიხი საქართველოდან“), პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ა.შ.
წყარო