პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონი დაამტკიცა

74
spot_img

საქართველოს პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლის 30 აგვისტოდან ამოქმედდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ახალი კანონის მიღება მიზნად ისახავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის სფეროში არსებული კანონმდებლობის მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპულ კანონმდებლობასთან.

მათივე ცნობით, კანონის მომზადებას წინ უძღვოდა სტატისტიკის ეროვნული სისტემის ძირეული შეფასება, რომელიც განახორციელა ევროსტატმა (Eurostat), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ (EFTA) და გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE). შეფასების მისიის 20-მდე რეკომენდაცია უკავშირდებოდა კანონმდებლობას და ითხოვდა მის არსობრივ ცვლილებებს.

შესაბამისად, ახალ კანონში სრულადაა ასახული სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების რეკომენდაციები, იგი ეფუძნება ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს და ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელური კანონის (GLOS) სტრუქტურას, რომელიც UNECE-ს ეგიდით მიღებულ იქნა 2016 წელს და განკუთვნილია ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

იგი სრულ შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-4 თავის 286-ე მუხლთან და უზრუნველყოფს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტატისტიკური მეთოდოლოგიების საფუძველზე, საქართველოში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას და გავრცელებას.

ახალი კანონით კიდევ უფრო იზრდება საქსტატის პროფესიული დამოუკიდებლობის ხარისხი. იგი შედგება 14 თავისგან. მასში უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ფუნდამენტური პრინციპები; გამოკვეთილია საქსტატის როლი და მნიშვნელობა სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციის პროცესში; დადგენილია, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის წესი და მათი როლი. ახალი კანონით იცვლება აღმასრულებელი დირექტორის არჩევისა და დანიშვნის წესი, ასევე იზრდება მისი ფუნქციები. გარდა ამისა კანონში უფრო დეტალურად არის აღწერილი საქსტატის მმართველის საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს როლი და უფლებამოსილებები.

აღნიშნულ კანონზე მუშაობა 2020 წლიდან მიმდინარეობს. მისი შემუშავებისას იმართებოდა კონსულტაციები საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ბიზნეს ასოციაციასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ევროპის მოწინავე ქვეყნების პრაქტიკა, როგორიცაა: იტალია, საფრანგეთი, ლიეტუვა, უნგრეთი და დანია.

ახალი კანონის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მხარდაჭერით, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ევროსტატის მიერ დაქირავებული ექსპერტები.

„ოფიციალური სტისტიკის შესახებ“ ახალი კანონი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.