Home Blog Page 1981

“საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა სტაბილურობას ინარჩუნებს” – მსოფლიო ბანკი

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა სტაბილურობას ინარჩუნებს, 2023 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშის „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ ივნისის გამოშვებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური ზრდა ძირითადად განხორციელდა მომსახურების ხარჯზე, ხოლო სამრეწველო საქმიანობის მიმართულებით კლება აღინიშნა.

„სამომავლოდ მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 4.4 პროცენტამდე 2023 წლის განმავლობაში, რაც ასახავს ეკონომიკის პროგნოზირებულ შენელებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, სანამ საშუალოვადიან პერიოდში ხუთ პროცენტამდე დასტაბილურდება.

შედარებით დაბალი საერთაშორისო სასაქონლო ფასებისა და ლარის გამყარების გამო, ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. მაისში ინფლაციის საერთო მაჩვენებელმა 1.5 პროცენტს მიაღწია (წლიური დონე). მოთხოვნის მხარეს უწყვეტი ზეწოლის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ განსაზღვრულ სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში.

გაურკვევლობის მაღალი დონის მიუხედავად, აღნიშნული პერსპექტივის წინაშე არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. ერთი მხრივ, ფულადი ნაკადების შემოდინების ცვლილებამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, და პოტენციურად მაკრო-ფინანსურ სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი დონის გამო. მეორე მხრივ, ფულადი ნაკადების შემოდინება შეიძლება, პროგნოზირებულთან შედარებით უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს და საქართველომ კვლავ მიიღოს სარგებელი სავაჭრო კავშირების გადახალისებით სატრანსპორტო დერეფნების ხელახალი კონფიგურაციის პარალელურად“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა და ფინანსური სტრესის რისკი ძლიერდება ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში გლობალურად მომატებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე.

პროგნოზის მიხედვით, გლობალური ზრდა 2022 წელს არსებული 3.1 პროცენტიდან 2023 წელს 2.1 პროცენტამდე შემცირდება. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში, ჩინეთის გარდა, ზრდის მაჩვენებელი შარშან არსებული 4.1 პროცენტიდან წელს 2.9 პროცენტამდე შენელდება. ეს პროგნოზები ფართომასშტაბიან ვარდნას ასახავს.

„სიღარიბის შემცირებისა და კეთილდღეობის გავრცელების ყველაზე საიმედო გზა დასაქმებაა, შენელებული ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების შექმნას ბევრად ართულებს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები არ არის ბედისწერა. ჩვენ გვაქვს ვითარების შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ ამისათვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, აჯაი ბანგამ.

მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას განვითარებული ქვეყნების ბოლოდროინდელმა საბანკო სტრესმა მხოლოდ შეზღუდული ზიანი მიაყენა, მაგრამ ახლა ისინი სახიფათო სიტუაციაში იმყოფებიან. გლობალური საკრედიტო პირობების მზარდი შეზღუდვების ფონზე, ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთმა ფაქტობრივად დაკარგა წვდომა ობლიგაციების საერთაშორისო ბაზრებზე. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც დაბალი კრედიტუნარიანობით გამოირჩევიან. მათი ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის გასული წლის საპროგნოზო მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია, რაც დამატებითი შოკების მიმართ მათ დაუცველობას განაპირობებს.

„მსოფლიო ეკონომიკა არასაიმედო მდგომარეობაშია. აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ფარგლებს გარეთ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმ დინამიზმის მისაღწევად, რომელიც საჭიროა სიღარიბის აღმოსაფხვრელად, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების დასაძლევად და ადამიანური კაპიტალის შესავსებად. 2023 წელს ვაჭრობა გაიზრდება პანდემიამდე რამდენიმე წლის განმავლობაში არსებული ტემპის მესამედზე ნაკლებით. ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ვალის წნეხი იმატებს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო. ფისკალურმა სისუსტეებმა უკვე ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყანა სავალო კრიზისამდე მიიყვანა. იმავდროულად, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დაფინანსების საჭიროება კერძო ინვესტიციების ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი ბევრად აღემატება“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინდერმით გილმა.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, უახლესი პროგნოზები მიუთითებს, რომ პანდემიის, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და გლობალური ფინანსური პირობების ფონზე ეკონომიკის მკვეთრი ვარდნის ურთიერთგადამფარავმა შოკებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნების განვითარება, რაც უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ეკონომიკური აქტივობა ამ ქვეყნებში დაახლოებით ხუთი პროცენტით დაბალი იქნება პანდემიის დაწყებამდე პროგნოზირებულ დონეზე.

მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ დაბალი შემოსავლის მქონე, განსაკუთრებით კი უღარიბეს ქვეყნებში, ზარალი აშკარაა: ამ ქვეყნების მესამედზე მეტში, 2024 წელს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე კვლავ 2019 წლის მაჩვენებელზე დაბალი იქნება. შემოსავლის ზრდის ეს სუსტი ტემპი გააღრმავებს უკიდურეს სიღარიბეს ბევრ დაბალშემოსავლიან ქვეყანაში.

„ბევრ განვითარებად ქვეყანას უჭირს, გაუმკლავდეს სუსტ ეკონომიკურ ზრდას, მუდმივად მაღალ ინფლაციას და ვალის რეკორდულ დონეს. მაგრამ ახალმა საშიშროებამ, როგორიცაა განახლებული ფინანსური სტრესის უფრო ფართო გავრცელების შესაძლებლობა მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, შეიძლება, კიდევ უფრო გააუარესოს მათი მდგომარეობა. პოლიტიკის შემმუშავებლებმა ამ ქვეყნებში დროულად უნდა იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ფინანსური სტრესის გავრცელება და შეამცირონ მოახლოებული შიდა მოწყვლადობა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ, აიჰან კოსემ.

ანგარიშის თანახმად, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 2022 წელს არსებული 2.6 პროცენტიდან ზრდა წელს შენელდება 0.7 პროცენტამდე და 2024 წლის განმავლობაში დაბალ დონეზე შენარჩუნდება. 2023 წლის 1.1 პროცენტიანი ზრდის შემდეგ, აშშ-ის ეკონომიკა 2024 წელს 0.8 პროცენტამდე შენელდება, ძირითადად, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდის გავლენის გამო. ევროზონაში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის შენელება 0.4 პროცენტამდე 2022 წლის 3.5 პროცენტიდან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შემაფერხებელი ეფექტის გამო.

ანგარიში ასევე იძლევა ანალიზს, თუ როგორ მოქმედებს აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების ზრდა ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებზე. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში სახაზინო შემოსავლების ორწლიანი ზრდის უმეტესი ნაწილი გამოწვეული იყო ინვესტორების მოლოდინებით აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის მიმართ ინფლაციის გაკონტროლებასთან დაკავშირებით.

ანგარიშის მიხედვით, ამ კონკრეტული ტიპის საპროცენტო განაკვეთის ზრდა ასოცირდება განვითარებად ქვეყნებში არახელსაყრელ ფინანსურ ეფექტებთან, მაღალი ალბათობის ფინანსური კრიზისის ჩათვლით. უფრო მეტიც, ეს ზემოქმედება განსაკუთრებით გამოხატულია იმ ქვეყნებში, რომლებიც გაცილებით დიდი ეკონომიკური დაუცველობით გამოირჩევიან. კერძოდ, სასაზღვრო ბაზრებზე (ქვეყნები ნაკლებად განვითარებული ფინანსური ბაზრებით და უფრო მეტად შეზღუდული წვდომით საერთაშორისო კაპიტალზე) აღინიშნება ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა; მაგალითად, სუვერენული რისკის გავრცელება ასეთ ბაზრებზე სამჯერ და მეტად იზრდება ვიდრე ფორმირებადი ბაზრების მქონე და სხვა განვითარებად ქვეყნებში.

ამასთან ერთად, ანგარიშში მოცემულია ფისკალური პოლიტიკის გამოწვევების ყოვლისმომცველი შეფასება დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ეს ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. საპროცენტო განაკვეთების ზრდამ გაამძაფრა მათი ფისკალური პოზიციების გაუარესება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სახელმწიფო ვალი ახლა საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 70 პროცენტს შეადგენს. საპროცენტო გადახდები ამცირებს სახელმწიფოს შეზღუდულ შემოსავლებს. დაბალი შემოსავლის მქონე 14 ქვეყანა უკვე იმყოფება სავალო კრიზისში ან მის პირზეა. ხარჯების ზეწოლა გაიზარდა ამ ქვეყნებში. არახელსაყრელი შოკები, როგორებიცაა ექსტრემალური კლიმატური მოვლენები და კონფლიქტები, კიდევ უფრო მეტად აუარესებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში შინამეურნეობების მდგომარეობას, ვიდრე სადმე სხვაგან, სოციალური უსაფრთხოების შეზღუდული ქსელების გამო. საშუალოდ, ეს ქვეყნები მშპ-ის მხოლოდ სამ პროცენტს ხარჯავენ თავიანთ ყველაზე დაუცველ მოქალაქეებზე, რაც განვითარებადი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე (26 პროცენტი) დაბალია.

“როცა სისხლიანი „ნაცი“ დაგიძახებს მოღალატეს და პასუხს არ გასცემ, საზოგადოება იფიქრებს, რომ ხარ სუსტი, ამიტომ, დედის გინება არის ადეკვატური”

როცა გამოდის სისხლიანი „ნაცი“ და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ეს ადამიანები მოქმედებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, სადაც აღწერილია ბოლშევიკური მეთოდები.

„როგორც კი „ნაცი” დაგიძახებს რუსს თუ მოღალატეს და ამას პასუხს არ გასცემ, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან ხარ მტყუანი. გუშინ კონკრეტულმა დეპუტატებმა უპასუხეს ადეკვატურად დედის გინებით ამ ადამიანებს, რაც შეირგეს. ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი, როცა “ნაცი” გეძახის მოღალატეს და რუსს. ეს ადამიანები მოქმედებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, სადაც აღწერილია ბოლშევიკური მეთოდები. როგორ წარმოგიდგენიათ, ვიღაც მოდის, გეძახის რუსს და მოღალატეს და შენ ხარ ჩუმად? რა პასუხი უნდა გასცე – ბოდიში, არ ვარ რუსი?! რა უნდა თქვა, ხომ სასაცილოა ეს ყველაფერი. როცა მოდის სისხლიანი “ნაცი” და გეძახის რუსს და მოღალატეს, მას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხი”, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარები ნატო-ს მოუწოდებენ, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს

ევროპარლამენტარები ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდებენ, პატივი სცენ უკრაინის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და გზა გაუხსნან კიევს თავდაცვის ალიანსში გასაწევრიანებლად.

რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს 425 ხმით 38 წინააღმდეგ მიიღო, ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ იმედი აქვთ, „გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ დაიწყება და რაც შეიძლება მალე დასრულდება“.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სრულუფლებიან წევრობამდე ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი ჩარჩოს შემუშავების მიზნით, რომელიც უნდა განხორციელდეს ომის შემდეგ. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ინტეგრაცია ნატო-სა და ევროკავშირში გააძლიერებს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და გააძლიერებს კავშირებს უკრაინასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის.

“ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად”

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი არავის არ სთხოვს „მხარის არჩევას”, არამედ სთხოვს ყველას გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის მხარეს დადგომას.

„დღეს, როდესაც შევიკრიბეთ ევროპაში უსაფრთხოების სფეროში არსებული ახალი გამოწვევების და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის განსახილველად, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია. ევროკავშირის არსებობის მანძილზე მის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა. ამის მაგივრად, ევროკავშირი იყო მაგალითი წევრ ქვეყნებს შორის წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობისა.

მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროპაში ომი დაბრუნდა. მსოფლიო შეძრა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა, გაუმართლებელმა და სულ უფრო სასტიკმა აგრესიულმა ომმა. ამ ომმა ასევე ხაზი გაუსვა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძლიერი პოლიტიკის მნიშვნელობას. რუსეთის აგრესიის პირისპირ მოვახერხეთ ჩვენი ერთიანობის განმტკიცება უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერის საშუალებით. ეს უკრაინის გამარჯვებამდე გაგრძელდება.

უკრაინის მხარდაჭერა და მუშაობა მშვიდობის დასამყარებლად განუყოფელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი არავის არ სთხოვს „მხარეს არჩევას“. უბრალოდ ყველას ვთხოვთ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის მხარეს დადგნენ. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად. ევროკავშირმა იცის, რომ უკრაინის ომმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები გაამძაფრა”,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მან საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაც გამოხატა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით.

„აქვე მინდა კვლავ გამოვხატო ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით ამ საკითხში ჩვენი მუდმივი ჩართულობა.

ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით. საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამჟამად, როდესაც უსაფრთხოების კონტექსტი რადიკალურად შეიცვალა, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების კუთხით და ასევე, ხელი შეუწყოს მთელი რეგიონის სტაბილიზაციას. ამ მიზნით, ევროკავშირი საქართველოს მდგრადობის გასამყარებლად მხარდაჭერის გაძლიერებას განაგრძობს”,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6118 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6118 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6118 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8317 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8261 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. მუნიციპალური არჩევნები დანიშნა

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები დანიშნა.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, „ოთხ ახალ სუბიექტში“ ე.წ. მუნიციპალური არჩევნები 10 სექტემბერს გაიმართება. როგორც რუსეთის ცესკო-ს თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ განაცხადა, ცესკო-მ კონსულტაციები ჩაატარა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან და მათგან მიიღო დადასტურება აღნიშნულ რეგიონებში ე.წ. არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინ გადაეგზავნება.

რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არ აღიარებს.

“ოპოზიციამ რამდენიმე თვით შეწყვიტოს მავნებლობა და გარანტიას ვიძლევი, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ”

ვფიქრობ, არის შანსი, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური „ომის პარტია“ და მისი აგენტურა საქართველოში ამის წინააღმდეგ იბრძვიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მავნებლურ მოქმედებებს თუ შეწყვეტს, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს გარანტირებულად მიიღებს.

„სტატუსს თუ ვერ მივიღებთ, სწორედ ამისი შედეგი იქნება, სხვა გამორიცხულია. ქართულმა ოპოზიციამ თავი დაანებოს მავნებლობას და გარანტირებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამის გარანტიას ვიძლევი მე, ერთი ადამიანი, არადეპუტატი, მოქალაქე და არა გუნდის სახელით. თუ შეიქმნება რეალური აღქმა, რომ საქართველოში ეს რადიკალური მოძრაობა ვერაფერს შვება, არც რევოლუცია იქნება, არც ქაოსი და ომის გზამდე, გეგმამდე ვერ მივალთ, ანუ ესენი თუ გაჩერდებიან, მავნებლური დუღილის ტემპერატურა ბუნებრივად დაიწევს და კანდიდატის სტატუსი იქნება გარანტირებული, მაგრამ ყველანი ხომ დარწმუნებული ხართ, ამას რომ არ იზამენ. რამდენიმე თვით შეწყვიტონ მავნებლობა, რასაც აკეთებენ რეკომენდაციების, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და გარანტიას გაძლევთ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

“ჩვენი მიზანია, რეგიონები გავაძლიეროთ, რათა უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება” – ვახტანგ ცინცაძე

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება ინკლუზიური ზრდის წინაპირობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და მნიშვნელოვნადაა შემცირებული სიღარიბე და უმუშევრობის მაჩვენებელი, ჯერჯერობით რეგიონების წილი ეკონომიკურ აქტივობაში მაინც შეზღუდულია. ჩვენი მიზანია, რეგიონები ეკონომიკურად გავაძლიეროთ, რათა უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება და მეტი ინკლუზიურობა,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ კონფერენციაზე “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გაძლიერება საქართველოში” სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად. მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. „მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამების პარალელურად, ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” დაიწყო რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრების განვითარება. ისინი ხელს შეუწყობს რეგიონებში სამეწარმეო და ბიზნეს უნარების განვითარებას და გაზრდის ხელმისაწვდომობას ადგილობრივი მოსახლეობისა და მეწარმეებისთვის საკონსულტაციო მომსახურებებზე,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძემ ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და პროექტზე „Log-In Georgia”, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განვითარებას, მომსახურების ექსპორტსა და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მისი თქმით, რეგიონებში ასევე აქტიურად ვითარდება ინოვაციების ხელშემწყობი ეკოსისტემა, რაც ახალ შესაძლებლობებს უხსნის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს. „ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 8 ინოვაციური ცენტრი, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ წვდომა ჰქონდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნან თანამდეროვე ინოვაციური პროდუქტი, აწარმოონ ბიზნეს საქმიანობა, მიიღონ პირველადი ცოდნა ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ და აქციონ ინოვაციური იდეა ბიზნესად,” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილემ რეგიონებში ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთ კატალიზატორად ტურიზმის სფეროში მიმდინარე აქტივობები დაასახელა. მისი თქმით, ტურიზმის შემდგომი განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც სექტორიდან მიღებული შემოსავლების დამატებული ღირებულების ზრდას შეუწყობს ხელს.

“ეს პერიოდი იქნება გაურკვევლობის მაღალი ხარისხი” – რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი თავდგირიძე

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე?

ეს პერიოდი იქნება გაურკვევლობის მაღალი ხარისხი, როცა წინსვლა და უკან დახევა, დანაკარგები და მოწინააღმდეგის გაბუქებული განაცხადები გააჩენს ეჭვს რომ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც იგეგმებოდა, მაგრამ თუ გვეცოდინება რა ჩანაფიქრია აქვს უკრაინას ბრძოლის ველზე და რის მიღწევას ცდილობს ყველაფერი მეტ-ნაკლებად გამარტივდება და გვეცოდინება რას ველოდებით.

უკრაინამ უარი თქვა თავისი შეტევა დაეწყო მძლავრი დარტყმით, შემდეგ გამოეყენებინა პირველი დარტყმის ეფექტი და მაღალ ტემპში გაეგრძელებინა მოწინააღმდეგის დევნა მის სულ ჩამოშლამდე. მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის სიფრთხილე ( უკრაინას სურს, მუდმივად იყოლიოს ძალები სტრატეგიული რეზერვის სახით, შეფერხების შემთხვევაში, რომ შეძლოს ისევ თავდაცვაზე გადავიდეს და წარმატებულად შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორია ძალის აღდგენამდე), მოწინააღმდეგის მიერ 6 თვის განმავლობაში შექმნილი თავდაცვის ძლიერი ზღუდეები, რუსების მიერ მობილიზაციის შედეგად დაგროვილი პირადი შემადგენლობა რეზერვში, სამოქმედო ოპერატიული სივრცის დიდი სიღრმე და საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ყირიმის პირველ რიგში აღების აუცილებლობა ( სხვა შემთხვევაში, შეიძლება ყირიმი სადაო დარჩეს, თუ რუსეთი დატოვებს სხვა ოკუპირებულ რეგიონებს და ყირიმში მოახდენს ძალების კონცენტრაციას). კახოვკის ჰესის აფეთქების გამო ყირიმის ოპერაციას წინ შუალედური ოპერაციები უნდა უსწრებდეს ახალი პლაცდარმის შესაქმნელად.

რას ვადევნებთ თვალს, უკრაინას სტრატეგიულ რეზერვის გარდა ( ამ რეზერვის ნაწილია, ნატოს შეიარაღებით და აღჭურვილობით, მათი გაწვრთნილობით შექმნილი 150 ათას კაციანი დაჯგუფება, რომელიც ძირითადი შეტევის ოპერაციის მთავარი დამრტყმელი ძალაც იქნება) ჰყავს ძალები, რომლის საშუალებითაც ზემოქმედებას ახდენს მთელ ფრონტის ხაზე, ხოლო რამდენიმე მიმართულებაზე აწარმოებს აქტიურ შეტევებს ტერიტორიების დაკავების მიზნით. მოწინააღმდეგე, იძულებულია მთელ ფრონტის ხაზე იყოლიოს თავდაცვისთვის საკმარისი ქვედანაყოფები და წარუმატებელ მონაკვეთებზე ბრძოლაში ჩართოს ქვედანაყოფები სტრატეგიული რეზერვიდან. რაც უფრო მეტი ტერიტორიის დაკავება მოხდება უკრაინის მხრიდან მით უფრო მეტი ქვედანაყოფი იქნება რუსეთის მხრიდან ჩართული ბრძოლაში. ამ ეტაპზე პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს სწრაფ გარღვევებს და ღრმა რეიდებს, უკრაინელების მთავარი ამოცანაა მეთოდურად დაძლიოს რუსეთის ორგანიზებული თავდაცვა , რაც შეიძლება მეტი ნაპრალი გააჩინოს საინჟინროდ მომზადებულ თავდაცვის პოზიციებზე და რაც შეიძლება მეტი რუსული ძალა ჩაითრიოს სტრატეგიული რეზერვიდან ბრძოლაში.

ეს ჩანაფიქრი, ბრძოლის წარმოების ეს ტაქტიკა არ იძლევა საშუალებას რაიმე ბრწყინვალე გამარჯვება იქნას მოპოვებული რამე მონაკვეთზე და რაიმე ღრმა გარღვევა პირველ ეტაპზე. პირიქით, ეს იქნება მძიმე ბრძოლები ყველა მეტრი მიწისთვის, ზოგან უკან დახევაც კი სარისკო პოზიციების გასასწორებლად. იქნება მძიმე დანაკარგებიც. იმიტომ რომ ამ ეტაპზე ბრძოლები მიდის მოწინააღმდეგის მხრიდან საინჟინრო საშუალებებით მომზადებულ პოზიციებზე, რომლებიც მოწინააღმდეგეს შევსებული ჰყავს საკმარისი რაოდენობის პირადი შემადგენლობით.

მაგრამ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ მძიმედ, მაგრამ შეუქცევადად უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევს, დანაკარგები გაცილებით მცირეა, ვიდრე ასეთი მძიმე ბრძოლების დროს არის ხოლმე. რაც გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ უკრაინელების მიერ არჩეული ტაქტიკა ეფექტურობაზე. გენერალური შტაბის ჩანაფიქრი სწორად არის გაგებული ბრძოლის ველზე მოქმედ შენაერთების სამეთაურო რგოლის მიერ და მიზანი მიღწეული იქნება.

რაც უფრო ინტენსიური იქნება ბრძოლები, მით უფრო მეტად იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იძულებული, სიტუაციის შესანარჩუნებლად რეზერვი გამოიყენოს. რომელი მხარეც მოახერხებს რეზერვის შენარჩუნებას, იმ მხარეს გადამწყვეტ მომენტში ექნება დიდი უპირატესობა.

როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევდა, უკრაინამ მოახერხა თავდაცვა ისე, რომ რეზერვი არ გამოიყენა. რუსეთი ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს.

უპირატესობა რესურსებში, ტექნოლოგიებში, სამხედრო დაგეგმარებაში და აღსრულებაში, ხალხის და ჯარის განწყობაში იძლევა დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას. ბრძოლის ველზე მიმდინარე პროცესები კი ადასტურებენ პროგნოზის რეალისტურობას.

“ჯერ არ გვინახავს უკრაინის რეალური კონტრშეტევა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის” – ჩეხეთის პრეზიდენტი

„ჩვენ ჯერ არ გვინახავს უკრაინის რეალური კონტრშეტევა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის“, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.

„კარგი დასაწყისი ვნახეთ, ასე ვთქვათ, ზომიერი. კონტრშეტევა ჯერ არ გვინახავს. გაცილებით მეტი იქნება. რასაც ახლა ვხედავთ, გარკვეული საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, ვუწოდებდი ფორმირების ოპერაციებს.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინული კონტრშეტევისთვის მომზადებას თვეები დასჭირდა და ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან შეიარაღებული ძალების მომზადებას, მათ აღჭურვილობას, წვრთნას, ყველა სახის საკმარისი რაოდენობის რესურსების მოპოვებას დიდი დრო სჭირდება. მომზადება მოითხოვს უამრავ რესურსს და დიდ ძალისხმევას ყველა ჩართული ადამიანისგან“, – აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისი პიანო ფესტი 2023“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 16 ივნისის 07:00-დან 19 ივნისის 03:00 საათამდე ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება რენა აბჟანდაძის ქუჩას, ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე, რის შემდეგაც გზას მტკვრის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს.

თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა Tbilisi Open Air-ზე გრძელდება

თიბისი და Glovo, პარტნიორობის ფარგლებში, Tbilisi Open Air-ზე მისულ ადამიანებს მაქსიმალურკომფორტს შეუქმნიან.

Glovo, წელს მესამედ უერთდება Tbilisi Open Air-ს და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ფესტივალის დღეებში, 23-24-25 ივნისს, რიგში დგომის გარეშე ნებისმიერი სასურველი საკვები თუ სურსათი Glovo-ს აპლიკაციის დახმარებით მარტივად შეუკვეთონ.

თიბისი კი, Glovo-ს აპლიკაციაში თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას მომხმარებელს თანხის 25%-ის დაბრუნებას სთავაზობს, რომელიც Glovo-ს ანგარიშზე ავტომატურად, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში აისახება.

ტოპ მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე მეტად იაქტიურებენ ფესტივალის ფარგლებში, დამატებით დასაჩუქრდებიან Glovo-სგან სხვადასხვა პრიზით.

ფესტივალის ფარგლებში, Glovo-ს აპლიკაციაში შესულ მომხმარებლებს დახვდებათ ერთი მთავარი კატეგორია, Tbilisi Open Air, სადაც თავს მოიყრის მხოლოდ ფესტივალზე წარმოდგენილი კვებისა და სურსათის ობიექტები. მომხმარებლები მარტივად შეძლებენ, ამ კატეგორიიდან სასურველი პროდუქტების შეკვეთას.

მომხმარებელს შეკვეთის მიღების ორი ვერსია ექნება:

1) საკვები ობიექტიდან გატანა ე.წ. Pick Up, ანუ თვითმომსახურება. სასურველ კვების ობიექტში შესვლისას მთავარია, რომ მომხმარებლებმა აირჩიონ takeaway სერვისი delivery–ს ნაცვლად და ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე მიიღონ სასურველი პროდუქტი.

ამის შემდეგ, აპლიკაციაში მიუვათ შეტყობინება, რომ მათი შეკვეთა მზადაა, მოუწევთ კვების ობიექტთან მისვლა და რიგში დგომის გარეშე მიიღებენ გამზადებულ შეკვეთას.

2) ალბათ, მომხმარებლებისთვის Glovo წარმოუდგენელია მიტანის სერვისის გარეშე, შესაბამისად, აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი delivery service-იც.

ფესტივალის ტერიტორიაზე ნავიგაციის გამარტივების მიზნით კი იქნება 3 მიტანის პუნქტი, სადაც Glovo-ს კურიერები მომხმარებლებს გადასცემენ შეკვეთებს გამზადების შემდეგ.
ამ იდეას დადებითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა კომპანიების მხრიდანაც და რამდენიმე მსხვილი კომპანია ამ შესაძლებლობას იყენებს თანამშრომლებისათვის დამატებითი ბენეფიტის შესაქმნელადაც. შესაბამისად, Glovo-მ კომპანიებსაც გაუმარტივა თანამშრომლებზე ზრუნვის პროცესი.

მომხმარებლებისთვისა და ფესტივალის სტუმრებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, თიბისი და Mastercard-ი დამატებით შეთავაზებასაც აანონსებენ. ფესტივალზე წარმოდგენილ ყველა ობიექტში თიბისის ნებისმიერი Mastercard ბარათით გადახდისას მომხმარებელი ანგარიშზე თანხის 20%-ს დაიბრუნებს.
თიბისი უკვე მრავალი წელია Tbilisi Open Air-ის მხარდამჭერია. Glovo-სა და თიბისის კი ექსკლუზიური პარტნიორობა 2022 წლის სექტემბრიდან აკავშირებთ.

R