“ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად”

86
spot_img

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი არავის არ სთხოვს „მხარის არჩევას”, არამედ სთხოვს ყველას გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის მხარეს დადგომას.

„დღეს, როდესაც შევიკრიბეთ ევროპაში უსაფრთხოების სფეროში არსებული ახალი გამოწვევების და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის განსახილველად, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია. ევროკავშირის არსებობის მანძილზე მის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა. ამის მაგივრად, ევროკავშირი იყო მაგალითი წევრ ქვეყნებს შორის წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობისა.

მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროპაში ომი დაბრუნდა. მსოფლიო შეძრა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა, გაუმართლებელმა და სულ უფრო სასტიკმა აგრესიულმა ომმა. ამ ომმა ასევე ხაზი გაუსვა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძლიერი პოლიტიკის მნიშვნელობას. რუსეთის აგრესიის პირისპირ მოვახერხეთ ჩვენი ერთიანობის განმტკიცება უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერის საშუალებით. ეს უკრაინის გამარჯვებამდე გაგრძელდება.

უკრაინის მხარდაჭერა და მუშაობა მშვიდობის დასამყარებლად განუყოფელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი არავის არ სთხოვს „მხარეს არჩევას“. უბრალოდ ყველას ვთხოვთ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის მხარეს დადგნენ. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად. ევროკავშირმა იცის, რომ უკრაინის ომმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები გაამძაფრა”,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მან საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაც გამოხატა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით.

„აქვე მინდა კვლავ გამოვხატო ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით ამ საკითხში ჩვენი მუდმივი ჩართულობა.

ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით. საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამჟამად, როდესაც უსაფრთხოების კონტექსტი რადიკალურად შეიცვალა, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების კუთხით და ასევე, ხელი შეუწყოს მთელი რეგიონის სტაბილიზაციას. ამ მიზნით, ევროკავშირი საქართველოს მდგრადობის გასამყარებლად მხარდაჭერის გაძლიერებას განაგრძობს”,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.