„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად აპირებს ჩართვას.
როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს „ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში“.
„პუტინისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს მან შეძლო და რუსულ ორბიტას მთლიანად მოწყვიტა საქართველო და წავედით წინ დიდი ნაბიჯებით ევროპისკენ, დასავლეთისკენ. ამის შემდეგ იყო უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ ბრძოლა, პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვება.
დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს ამ რეჟიმის დამარცხებაში. მოვისმინე მოღალატეობრივი განცხადებები როგორც თორნიკე რიჟვაძისგან, გია ვოლსკისგან და ასევე ირაკლი კობახიძისგან, ეს მართლა ლაჩრები, მშიშარები, ერთ დაძახებაზე მართლა მათი ლანდი რომ არ იქნება, აკრიტიკებენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც 2008 წელს ჩვენს გმირ ბიჭებთან ერთად უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია პუტინის რეჟიმს და მეტიც, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ არა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მათი ამოცანა იყო თბილისის აღება და ყველას კარგად ახსოვს პუტინის შეთავაზება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი წასულიყო დედაქალაქიდან, დაეტოვებინა ქვეყანა, რომ უზრუნველყოფილიყო მისი სიცოცხლე და მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის არც ქვეყანა დატოვა და არც მისი ხალხი არ მიატოვა. სწორედ, ამიტომ არის, რომ რუსული რეჟიმის მიერ იდევნება პრეზიდენტ სააკაშვილი და არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილი, არამედ იდევნება ყველა ოფიცერი, ყველა მებრძოლი, ვინც იბრძვის და იბრძოდა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, თუ საქართველოში და თუ უკრაინაში.
რუსული რეჟიმი დევნის ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა და უწევს პუტინის რეჟიმს, ამიტომ ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. მისივე თქმით, “ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი აჭარის უზენაეს საბჭოში”. მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებას კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ, მათ შორის ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.
„როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“,- წერს სააკაშვილი.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა მიხეილ სააკაშვილი იყოს „ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არის სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია და მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.
„თუ რა ფორმით ჩაერთვება პრეზიდენტი სააკაშვილი ამ აქტივობაში ეს არის მისი გადასაწყვეტი. მისი ჯანმრთელობის შესაძლებლობა რა შესაძლებლობას მისცემს, იმის მიხედვით. „ნაციონალური მოძრაობას“ არის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია და ცხადია, მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო იქნება და თავად განსაზღვროს მისი როლი, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ყველა კარგად ხვდება, რომ სააკაშვილის გარეშე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.