Home Blog Page 1978

 საკუთარი ცოდვები აწუხებთ და უნდათ საქართველოში იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე 

თემურ ალასანიას დისშვილმა სცადა ერთხელ ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთის ოკუპაცია, სამაჩაბლოს ოკუპაცია. ჩვენ არ გვინდა ალასანიას და მისი დისშვილის გამოცდილების გამეორება, ეს წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

კობახიძის თქმით, თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი და სხვები გაღიზიანებული არიან იმ პოლიტიკით, რომელიც მმართველ პარტიას აქვს.

„საკუთარი ცოდვები აწუხებთ და უნდათ საქართველოში იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია, ვერც მისი დისშვილი. ამ ადამიანებს ენატრებათ ის დრო, როდესაც სააკაშვილი ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ქვეყანას, როცა ის იყო დიქტატორი ამ ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, იმ ნოსტალგიის გამოძახილია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ალასანიას მხრიდან. საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობა და უნდა ჰქონდეს დემოკრატია, ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი პოლიტიკა, განსხვავებით ამ რეჟიმის ლიდერების პოლიტიკისგან. პერიოდულად მათ აქვთ ხოლმე წამოცდენები და საზოგადოებას აძლევენ ხოლმე აღიარებით ჩვენებას, ეს იყო მორიგი წამოცდენა, რაც ჰქონდა თემურ ალასანიას. მათი სურვილი, მიზანი არის რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივება, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება, ეს, უბრალოდ, წამოსცდა, თორემ ამას ხომ აკეთებენ ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში. რასაც აკეთებენ მთელი ეს წლები, ამ რეჟიმის და ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ის, უბრალოდ, წამოსცდა“, – განაცხადა კობახიძემ.

“თუ ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება  გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ყოფილმა ხელისუფლებამ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანა.

„ვფიქრობ, ზოგადად, არავის დაკავება და ციხეში ყოფნა არ უხარია ნორმალურ ადამიანს, მაგრამ იმხელა უბედურება მოუტანეს ცხრა წლის განმავლობაში, ისეთი რეპრესიები იყო, იმდენი გაუბედურებული ოჯახი და ამ ყველაფრის შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის გუნდთან ერთად. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს, იყო ხელისუფლებაში და შენი ქვეყნის მოსახლეობას აკადრო ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა თავის ხალხს. ხომ არ გგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს შეცდომები, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას? არა, პირიქით, დღესაც იგივეს განაგრძობენ, უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ რაც შეუძლიათ, ყველაფერს იყენებენ – თავიანთ ტელევიზიებს სიძულვილისთვის,  ადამიანების დაპირისპირებისთვის, შანტაჟი, ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, ეს არის მათი ხელწერა. შესაბამისად, თუ სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება პირდაპირ გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ვიდრე არ ჩატარდება, იქამდე ცხრა დათქმის შესრულება შეუძლებელია” – ვახტანგ მეგრელიშვილი

ვიდრე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, იქამდე ცხრა დათქმის შესრულება, უბრალოდ, შეუძლებელია, – ამის შესახებ  პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველის პირველ არხს განუცხადა.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების სამართლიანად ჩატარება. ისე, რომ ეს იყოს მისაღები როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომელიც გვაკვირდება, რომ ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი ევროკავშირის წევრი მართლა გახდეს. ჩვენ თუ ის გიჟური არჩევნები ჩავატარეთ კიდევ ერთხელ, ცხრა პუნქტიდან მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარება იქნება. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ სამუშაო ჯგუფები უნდა შევქმნათ და 12 პუნქტზე რა პროცესიც იყო, იგივე უნდა იყოს, როცა ეს ფორმალობა იყო და იქ არანაირი მსჯელობა არ იყო. ამის მეორედ გაკეთება ცხრა პუნქტზე, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება და ახალი კონფიგურაცია არ გვეცოდინება, როგორი იქნება ამ ქვეყნის ხელისუფლების, მგონია, რომ სამუშაო ჯგუფების შექმნა თავის მოტყუება იქნება. დათქმებზე მუშაობა საკუთარი თავის მოტყუება იქნება, რომ იმ პროცესში მეორედ შევიდეთ, რომელშიც უკვე ვიყავით“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

“ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის სახით” – კახა კალაძე

2025 წლამდე ჩემს ქალაქს და თბილისელებს ვემსახურები, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას მის სავარაუდო პრემიერობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის წყარო მიხეილ სააკაშვილია.

მისივე თქმით, დასასრულებელია დედაქალაქში მიმდინარე არაერთი რეფორმა და პროექტი.

„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს და თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი. უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, რომელმაც აწამა, გააუპატიურა, ღირსება აყარა ადამიანებს – მამუკა მდინარაძე

მიხეილ სააკაშვილი, გარდა იმ დანაშაულებისა, რაზეც იხდის სასჯელს, ბრალდებულია ზოგადად ძალიან დიდ, სისტემურ და უპატიებელ დანაშაულებში, მან შექმნა სისტემა, რომელმაც აწამა, გააუპატიურა, ღირსება აყარა ადამიანებს, ადამიანის უფლებები გაანულა ამ ქვეყანაში, ამ სისტემის შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

„სალომე ზურაბიშვილს თუ ამ პასუხისმგებლობის გაზიარება შეუძლია, მაშინ მისი საქმეა, მაგრამ არ მგონია, ეს ადვილი გასაზიარებელი იყოს, ადვილად იყოს პასუხისმგებლობა ასაღები ამ ყველაფერზე და კიდევ, არა და არასდროს ქართველ ხალხს არასდროს დაავიწყდება. მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ შეიწყალებს, თუმცა მთლიანად ოპოზიციურ მესიჯბოქსზე რომ არის გადასული ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ესეც ნათელია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „მინდა, მივულოცო სალომე ზურაბიშვილს, სწორი აქცენტები გააკეთა ოლიგარქიაზე, მას შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი“.

“ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, უნდა გაძლიერდეს თითოეული ოჯახი”

წამოცდენები აქვთ ამ ადამიანებს და რეალურად ის ზრახვები რაც აქვთ, ამ წამოცდენებში იკვეთება, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე თემურ ალასანიას განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნების შესახებ. თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა 2008 წლის ომის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„2008 წელს რა ქნეს, ომით რა გააკეთეს? მე გეტყვით, რა გააკეთეს. დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს ქვეყნის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი ოკუპირებულია, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, უამრავი ჩვენი გმირი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა დაღუპულია. აი ეს მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, უნდა გაძლიერდეს თითოეული ოჯახი და ამ ყველაფრით ჩვენ შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა კალაძემ.

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.

სააკაშვილის დამსახურებით, ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა შვილებს, ზურაბიშვილს თუ სურს, სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი გახდეს, შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება -ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს თუ სურს გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გამო, ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს.

„სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, მინდა, შევახსენო ეს მიხეილ სააკაშვილს. რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მაშინ ღრმად ვერ შევალ“, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „მინდა, მივულოცო სალომე ზურაბიშვილს, სწორი აქცენტები გააკეთა ოლიგარქიაზე, მას შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი“.

“თემურ ალასანიამ ფაქტობრივად სამოქალაქო ომი დააანონსა” – ირაკლი ქადაგიშვილი

[თემურ ალასანიამ] თქვა, რომ აქ [საქართველოში] მასობრივად უნდა დავერიოთ ერთმანეთს და ეს იქნება პლურალიზმის საუკეთესო გამოვლინება. ფაქტობრივად სამოქალაქო ომი დააანონსა თავის განცხადებით და დემოკრატიის სახელს დაუკავშირა , – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„პოლიტიკას აგრძელებს და ამჟამადაც აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობა“ უკიდურეს რადიკალიზმს, საზოგადოების გახლეჩას. ის მოწოდებები რაც ისმოდა, მათ შორის უკრაინიდან, ამათი [„ნაციონალური მოძრაობის“] წაქეზებითაც იყო, რომ დროა გავისეირნოთ აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს არის ერთი ჯაჭვი ერთი პოლიტიკისა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რეალიზდებოდა. ხელისუფლებაში არ ყოფნის დროს ვერ აკეთებენ ამის რეალიზაციას, მაგრამ განუხრელად ამის მცდელობა გააჩნიათ. ამ განცხადებით მან [თემურ ალასანიამ] თქვა, რომ აქ [საქართველოში] მასობრივად უნდა დავერიოთ ერთმანეთს და ეს იქნება პლურალიზმის საუკეთესო გამოვლინება. ფაქტობრივად სამოქალაქო ომი დააანონსა თავის განცხადებით და დემოკრატიის სახელს დაუკავშირა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს.

თიბისის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია GITI გაიმართება

11-12 დეკემბერს აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. რიგით მე-13 GITI  კონფერენცია ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო სახელმწიფო და კერძო უწყებებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას აძლევს.

 

თიბისი, როგორც ტექ კომუნის მთავარი მხარდამჭერი, წელს კიდევ უფრო განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალებას სთავაზობს აუდიტორიას და მათ ისეთი კომპანიის წარმომადგენლის მოსმენის საშუალებას სთავაზობს როგორიც Thoughtworks-ია. Thoughtworks-ი საერთაშორისო ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც  ახალი ტექ გადაწყვეტებით ორგანიზაციებში ცვლის არსებულ ხედვებს, პროცესებს ტექ პროდუქტის შექმნისას და ამკვიდრებს ისეთ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მომტანია.

 

კონფერენციის მიმდინარეობისას ასევე ჩატარდება კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

 

GITI კონფერენცია ICT და IT ინოვაციების სფეროში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ტრადიციულად 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. 

 

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც საერთაშორისო მოთამაშეებთან თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება მომხმარებელს ყოველდღიურ პროცესებს გაუმარტივებს.

 (R)

ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სხვენს ცეცხლი გაუჩნდა

ძველ ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის სხვენს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები იმყოფებიან.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით, შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“თემურ ალასანიამ თავისი აზრი თქვა, სახელმწიფოდ გადაიქცა, სადმე შესვლას აპირებს?” – პაატა მანჯგალაძე

ალასანიამ თქვა თავისი აზრი და პოზიცია. ეს კაცი სახელმწიფოდ გადაიქცა, ხვალ სადმე შესვლას აპირებს? ბევრი აზრი არსებობს. საქართველო უნდა გაძლიერდეს, ძლიერი უნდა იყოს, რომ ანგარიში გაგვიწიონ, ვინ ამბობს, რომ თუ აფხაზები არ მოვკალით, ტერიტორიას ისე ვერ დავიბრუნებთ?, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯაგალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებაზე, სადაც ალასანია ამბობს: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება, ეს არ მოხდება“.

პაატა მანჯგალაძის განმარტებით, საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციის გეგმა გაცხადებული აქვს.

თემურ ალასანიას არანაირი თანამდებობა და ძალაუფლება არ აქვს, გადაწყვეტილებებს არ იღებს. შეიძლება, პოლიტიკურ, სამეცნიერო გზებზე არსებობდეს ასეთი მსჯელობა, რა და როგორ სჯობს, მაგრამ ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველო არ არის მეომარი ქვეყანა, არავის მოკლავს, თავს არავის დაესხმება. საქართველოს გაცხადებული აქვს მშვიდობიანი დეოკუპაციის გეგმა და ამ გზისგან არ გადავუხვევთ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იმდენ სასწაულს ყვებიან, მათ შორის საშინელებებს. ცოტა ხნის წინ ლევან ვასაძემ მოყვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ომის პროვოცირებას მოახდენს, თავის თავზე რუსულ ცეცხლს გამოიძახებს, ხალხი წავა და „ქართულ ოცნებას“ აირჩევსო.

ალასანიამ თქვა თავისი აზრი და პოზიცია. ეს კაცი სახელმწიფოდ გადაიქცა, ხვალ სადმე შესვლას აპირებს თუ? ბევრი აზრი არსებობს. იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ როცა რუსეთი დასუსტდება, ძლიერი საქართველოს ფონზე კომპრომისზე წამოსულიყნენ ჩვენი სეპარატისტული რეგიონები, მაგრამ დღეს სხვანაირად ვფიქრობ. გაერო-სა და საერთაშორისო პარტნიორების ჩარევით უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ სეპარატიზმზე უარი თქვან. ომის მომხრე კი არ ვიყავი, ვფიქრობდი, რომ როცა საქართველო ძლიერი იქნება, ძალას გაუწევენ ანგარიშს და დათმობებზე წამოვლენ, მაგრამ უკეთესი გზა ვიპოვე – საქართველო ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ თუ რუსეთი არ დამარცხდება და არ დასუსტდება, ჩვენ ისე ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. საქართველოში ეს საკითხი არ დგას. ამ საკითხებს მიამიტურად ნუ დავაყენებთ. მხოლოდ ლოცვით ხომ ვერ დავიბრუნებთ ტერიტორიებს? – საქართველო უნდა გაძლიერდეს, ძლიერი უნდა იყოს, რომ ანგარიში გაგვიწიონ. ამას რად უნდა ლაპარაკი? ვინ ამბობს, რომ თუ აფხაზები არ მოვკალით, ტერიტორიას ისე ვერ დავიბრუნებთ? – რაზე მალაპარაკებთ, სისულელეა ამ თემაზე საუბარი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პაატა მანჯგალაძემ.

“საკუთარ თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას” – სააკაშვილი

რაც შეეხება საკითხს, ხშირად ისმოდა ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად მე დამასახელონ, პრემიერ-მინისტრად დასახელება კი არ არის, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, კიდევ რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის და არა, საპატიო მეორე ადგილისთვის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში, კლინიკა “ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

ამასთან, სააკაშვილმა სხდომაზე ისაუბრა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციაზე და აღნიშნა, რომ ამ კოორდინაციას ის საკუთარ თავზე იღებს, რადგანაც ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან. სააკაშვილმა ამ ადამიანების პოლიტსაბჭოში დაბრუნებაზე ისაუბრა.

„მინდა მივესალმო ჩვენ ემიგრანტებს, რომლებიც ამერიკაში შეხვდნენ სოფო ჯაფარიძეს, მანამდე გიორგი ვაშაძეს, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილს. მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილიც წარმოუდგენლად კარგად მუშაობს და აგებს რეგიონულ ორგანიზაციებს, იცით, რომ 23 რიცხვში გვაქვს ჩვენი მანიფესტის გახმაურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეცდომა, თუკი იქნა დაშვებული, იყოს აღმოფხვრილი. მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან და დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. მე ვიღებ ჩემ თავზე ხელმძღვანელობას, მე ვიღებ ჩემ თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოახდინონ პარტიის და პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის, ასევე. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება საკითხს, ხშირად ისმოდა ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად მე დამასახელონ, პრემიერ-მინისტრად დასახელება კი არ არის, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, კიდევ რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის და არა, საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარანტიებით, არამედ ქვემოდან ზემოთ. პარტიის ყველა წევრმა ხმა უნდა მისცეს საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა არაფორმალურ მმართველობაზეც.

„როდესაც იძახიან არაფორმალურ მმართველობაზე, მე არაფორმალურად ვერავინ ვერ მმართავს და თუ ჩემ მმართველობაზეა საუბარი არაფორმალურად, მე იმ პირობებში აღმოვჩნდი, როგორც აღმოვჩნდი არა ჩემი ნებით, ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი იმ პარტიაზე და იმ ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს. როდესაც აქ მოვდიოდი, მე ვიცოდი, რომ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ჩვენ თუ არა მაშინ ვინ იბრძოლებდა, ჩვენ თუ არა მაშინ ვინ გააკეთებდა? რა თქმა უნდა, მე გავრისკე ჩემი სიცოცხლე და წამოვედი აქეთ. მე მზად ვარ, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, ჩემ თავზე ავიღო ეს ყველაფერი, ეს გზა ჩვენ უნდა გავიაროთ აუცილებლად ბოლომდე. ჩვენ პოლიტსაბჭოში დავაბრუნოთ ის ხალხი ვინც მაშინ ნაჩქარევად გაყვანილ იქნა. რა თქმა უნდა, დღევანდელი პოლიტსაბჭო არის ლეგიტიმური, მაგრამ კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ, რომ იქ არ იყოს გაყოფა და მე ვიქნები ამის კოორდინატორი და მე ვიქნები ამის გარანტი, რომ იქ არავინ დაიჩაგრება და არვინ გვერდზე არ გაიწევა პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, რა თქმა უნდა და პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად, რომლებიც, რა თქმა უნდა, სრულიად ლეგიტიმურები არიან. ძალიან კარგად მუშაობენ, მინდა ვთქვა”, – აცხადებს სააკაშვილი.