პარლამენტის ბიურომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვების შემოღების თაობაზე „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს მსვლელობა არ მისცა

45
spot_img

პარლამენტის ბიურომ „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს დაცვის აქტი“ – მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა.

ბიურომ რეზოლუციის პროექტის ინიციატორებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება საბიუჯეტო ოფისის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა წარადგინა.

როგორც გვიდიანმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტში მოსალოდნელი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო და ის წინააღმდეგობაში მოდიოდა საბიუჯეტო სისტემის უნივერსალურობის პრინციპთან.

„ლელოს“ დეპუტატების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ისახავს მიზნად: – უნდა დაუწესდეთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები; შეეზღუდოთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოს დასაქმების ბაზარზე წვდომა; აეკრძალოთ რუსეთის მოქალაქეებს ქართული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შესყიდვა; აიკრძალოს რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შემოსვლა საქართველოში; აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა; დაუწესდეთ რუსულ ბიზნესს საოკუპაციო მოსაკრებელი; აიკრძალოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები; აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა საქართველოში და კრემლის საოკუპაციო პოლიტიკის მსახურ რუსულ ფონდებს აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა.