“პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის ფორმა ცოტა „ქრინჯი“ იყო და უხერხულობის გრძნობა დამეუფლა” – ჰერმან საბო

77
spot_img

პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის ფორმა ცოტა „ქრინჯი“ იყო, რაღაცნაირად უხერხულობის გრძნობა დამეუფლა, თუმცა „ნაცმოძრაობამ“ თავისი საქმე თავად იცის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჰერმან საბოს შეფასებით, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას პარტიაში ჩრდილოვან მმართველობაზე პრეტენზიები ჰქონდა, პარტიიდან დროულად უნდა გამოსულიყო და დამოუკიდებელი გზა ენახა.

„საბოლოო ჯამში, ნიკა მელიამ ასეთი ფორმით გარიყვა მიიღო, რაც არც პარტიას და არც მას არ წაადგება. ლამაზი არაა, როცა პარტიის წევრის გარიცხვას ასე პირდაპირ ეთერში აანონსებ. ფორმა და ის, თუ როგორ დაიშალნენ, არ არის ნორმალური. ბავშვების ჩხუბის განცდას ტოვებს, რაც არც მელიას და არც პარტიის სერიოზულობას არ აჩენს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.