Home Blog Page 1978

“უცნაური პროცესია, როდესაც მელია თან გასულია და თან არ არის, შრედინგერის კატასავით არის” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

“პარლამენტიდან გამოსვლა არაფერს არ ნიშნავს, ამით საქმე არ კეთდება. მელიას, ალბათ, კალენდარი აეშალა და ჰგონია, რომ 2020-ის არჩევნების შემდგომი პერიოდია”, – ამის შესახებ „გირჩის“ წვერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს იდეა რომ შეცდომა იყო და ოპოზიცია ძალიან დაზიანდა მგონი ყველა მიხვდა. უცნაური პროცესია, როდესაც მელია თან გასულია და თან არ არის, შრედინგერის კატასავით არის“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ნიკა მელია პარლამენტში მყოფ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საქმიანობას უწუნებს და სოციალურ ქსელში წერს:

„ანუ გამოდის, პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართულ ოცნებისთვის“. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

“ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია მარცხდება საქართველოს წინაშე”-შალვა პაპუაშვილი

შარშან ივნისში ვნახეთ რადიკალური ოპოზიციის წარმატებული მცდელობა, როდესაც ატეხილი პანიკით, აჟიოტაჟით, დეზინფორმაციით საქართველოს წინააღმდეგ, მიაღწიეს იმას, რომ საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და წელსაც ზუსტად იგივე მცდელობები იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე აღიარეს და ფაქტია, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ.

„მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გუშინდელ განცხადებაში, რომ დიახაც, საუბრები აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოხდეს 2024 წლის არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. პირდაპირ უკვე აღიარებაც გვაქვს რადიკალური ოპოზიციის ქოლგა ორგანიზაციის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ასე რომ, ეს უკვე ფაქტია, ოპოზიცია და მისი რადიკალური ფრთა ყველაფერს აკეთებდა, რათა კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ საქართველოსთვის. ყველა ხედავს, რომ მარცხდებიან ისინი საქართველოს წინაშე და ახლა დაიწყეს ახსნების ძიება, მათ შორის გეოპოლიტიკაზე საუბრობენ. რა შეიცვალა შარშანდელი ივნისიდან გეოპოლიტიკაში? შავი ზღვა დაშრა და სახმელეთო საზღვარი გაგვიჩნდა ევროკავშირთან, თუ რა ცვლილება არის გეოპოლიტიკაში ისეთი, რომელიც შარშანდელ ივნისთან შედარებით წელს პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე მიდის. სინამდვილეში, მაშინ ისინი ცდილობდნენ, დეზინფორმაციით ნეგატიური აღქმა შეექმნათ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მათი დეზინფორმაციული შტურმი აღმოჩნდა წარმატებული, შექმნეს ნეგატიური აღქმა საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ჯგუფებმა, მათ შორის მათმა მფარველებმა უცხოეთში და იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს, რომ ევროკავშირს მიეღო უსამართლო გადაწყვეტილება.

იმედი გვაქვს, წელს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ 8 ნოემბერს. ველოდებით შეფასებას. 8 ნოემბერს არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ევროპის ქართული გაგება ჩვენს ერში და რომლის პრინციპებსაც მიჰყვება ჩვენი ხელისუფლება. სწორედ 8 ნოემბერი, ვფიქრობ, სიმბოლური იქნება, ევროკომისიამ გამოაცხადოს პოზიტიური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია

31 ოქტომბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლაღოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით დაუყოვნებლივ ამოქმედდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

მათივე ინფორმაციით, უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის გუშინ გამართულ 115-ე შეხვედრაზე.

მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით უმცირებს

რუსეთი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3.6 მილიარდი რუბლი იქნება.

მედიის ინფორმაციით, მანამდე, რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებში 4.05 მილიარდი რუბლი იყო. ეს ნიშნავს, რომ დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (დაახლოებით 4.8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.

შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციის მოცულობა 11 მილიარდ რუბლს შეადგენს.

ძლიერ ვუჭერ მხარს საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ევროკავშირის წევრი -სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გადამწყვეტი მომენტია არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ჩვენი ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ, ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ, სლოვენია არის მოწინავე, როდესაც საქმე ეხება გაფართოებას ჩვენი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა განაცხადა.

სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს გაფართოების პროცესი.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური და გეოსტრატეგიული მომენტი, როდესაც უნდა დავფიქრდეთ სერიოზულად და ვიფიქროთ უფრო ფართოდ, თუ როგორ გავხადოთ გაფართოება შესაძლებელი. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც განიხილავენ გაფართოებას ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ გაფართოების პროცესი და ის 2030 წელს განვახორციელოთ. ის, რისი ნახვაც მსურს არის, რომ დღეს ჩვენ ნამდვილად ბევრი ვიმუშაოთ იმის განხილვაზე, თუ როგორ მოვამზადოთ ევროკავშირი, რომ ის მზად იყოს 2030 წელს გაფართოებისთვის. 2030 წელი არის კარგი ვადა მოსამზადებლად ჩვენი მხრიდან და ასევე იმისთვის, რომ ვუბიძგოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, იყვნენ მზად. რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, რომელიც დამსახურებებზეა დაფუძნებული, თუმცა ამავე დროს ეს არის პოლიტიკური მომენტი, რომ ევროპა საერთაშორისო არენაზე ძლიერ, ერთიან და სანდო მოთამაშედ ვაქციოთ“, – განაცხადა ფაიონმა გერმანიაში მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე.

ტანია ფაიონის თქმით, ის მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ევროკავშირის წევრი.

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მე ძლიერ ვუჭერ მხარს საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ევროკავშირის წევრი, შეასრულოს აუცილებელი რეფორმები, მათ შორის საჯარო ადმინისტრირებასთან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილოს აუცილებელი კრიტერიუმები. ასე რომ, ვისურვებ, ვიხილო, რომ იმ ქვეყნებმა, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, რომლებსაც აქვთ ევროპული პერსპექტივა, წინ წაიწიონ ამ გზაზე რაც შეიძლება მალე. გლობალურად მიმდინარე მოვლენების, შეიარაღებული კონფლიქტების, ძალიან სწრაფად ცვალებადი მსოფლიოს გათვალისწინებით, ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი ევროპა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი, რათა ვიფიქროთ ამ პოლიტიკურ შესაძლებლობაზე და ვისურვებდი საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდვასთან უფრო მჭიდრო მუშაობას სლოვენიის გამოცდილებით, რათა შევთავაზოთ მათ ტექნიკური გამოცდილება, სიახლეები, როგორ განახორციელონ აუცილებელი რეფორმები“, – განაცხადა ფაიონმა.

იმ ხალხის მიზანი, ვინც ზეწოლას ახდენდა სალომე ზურაბიშვილზე, რომ შეეწყალებინა გვარამია, იყო მეტი რადიკალიზმი ქართულ პოლიტიკაში -პაპუაშვილი

ნიკა გვარამიას შეწყალება შემოგვთავაზეს, როგორც დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, გვახსოვს, გარე თუ შიდა აქტორების განცხადებები, ვნახეთ, მისი შეწყალებიდან რამდენიმე დღეში პოლარიზაციის გაღრმავებას ვხედავთ მხოლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ის ხალხი, ვინც ზეწოლას ახდენდა სალომე ზურაბიშვილზე, რომ მოეხდინა შეწყალება, მათი მიზანი იყო, ყოფილიყო მეტი რადიკალიზმი ქართულ პოლიტიკაში.

„ვხედავთ, რომ ამას აღწევენ. ასე ,რომ შეგიძლიათ ნახოთ, ვისი განცხადებები იყო, ჩამოწეროთ იმ უცხოელი აქტორების სია, რომლებიც მაშინ ზეწოლას ახდენდნენ სალომე ზურაბიშვილზე და რადიკალიზმი თავის პიკში რომ მივა, იმ აქტორებს ჰკითხეთ, როგორ მოეწონათ მათი ინიციატივით დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკა. ეს იყო მცდელობა, რომ მეტი რადიკალიზმი შემოსულიყო ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“არ გამართლდა ვარაუდი, თითქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე მძიმე საკითხები უნდა განხილულიყო”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, რაც საეკლესიო თემებს ეხება.

როგორც მან ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა, არ გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, „თითქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო განხილული“.

„დაზუსტებით, უკვე, როდესაც გამოქვეყნდება სინოდის განჩინება, იქ ვნახავთ განხილულ საკითხებს. ზოგადად გეტყვით, რა საკითხები იყო. არცერთი ის განცხადება, რაც აქამდე გაკეთდა, რომ თითქოს მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო გამოტანილი, არ გამართლდა მორიგ ჯერზე. ამიტომ, დავიმახსოვროთ ეს ყველამ და მოსახლეობას შეცდომაში ნუ შევიყვანთ. მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის. ასევე მიმოხილული იყო სიტუაცია იმ ეპარქიებში, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებშია განთავსებული, ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური საომარი ვითარება განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება. მიმდინარე საკითხები, იყო რაც საეკლესიო თემებს ეხება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გარდა ამისა, მეუფე ზოსიმეს განცხადებით, სინოდის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში პატრიარქის გადადგომის საკითხი არ დამდგარა.

გვარამიას უნდა ეშინოდეს საკუთარი წარსულის, რადგან ის იყო ადეიშვილის მოადგილე, როდესაც ადამიანებს, აწამებდნენ, ციხეებში ყრიდნენ – ირაკლი კობახიძე

რაც მეტი ორ და სამპროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი. გვარამიას რომ ეშინია საკუთარი წარსულის, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. მას, რა თქმა უნდა, უნდა ეშინოდეს საკუთარი წარსულის და მე შეგახსენებთ კონკრეტულ შტრიხებს მისი ბიოგრაფიიდან. ის იყო ადეიშვილის მოადგილე, გენპროკურორის მოადგილე, როდესაც ადამიანებს დასდევდნენ, აწამებდნენ, ციხეებში ყრიდნენ და ა.შ. ეს არის ერთი შტრიხი გვარამიას ბიოგრაფიიდან და მისი წარსულიდან, – ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ის იყო ასევე ერთ-ერთი ლიდერი იმ პროცესისა, რომელიც უკავშირდებოდა ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და ძალადობრივად მის მისაკუთრებას.ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხია. ზოგადად, ის ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის, რომელიც პირდაპირ რეპრესიებს ახორციელებდა ადამიანების წინააღმდეგ და ქვეყანაში ჩამოყალიბებული იყო ავტორიტარული სისტემა. როდესაც ის აღმოჩნდა ოპოზიციაში, ნახეთ როგორი იყო მისი როლი. თუ ვინმე პოლარიზაციას ახდენდა ეს იყო სწორედ გვარამია. პირდაპირ ბილწსიტყვაობდა ეთერში. ახლა უნდა რომ საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებს დააბრალოს. ვიცით, რომ მას ჰქონდა და აქვს ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ ეს არ არის გამართლება“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით რუსეთი ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გამოდის

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით რუსეთი ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გამოდის, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ბირთვული ცდების ხელშეკრულების რატიფიცირების გაუქმება მოსკოვის სამართლებრივ პოზიციას ცვლის ცდების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის გამოცდას არ განაახლებს, თუ ამას ვაშინგტონი არ გააკეთებს.

პუტინმა რატიფიცირების გაუქმების მიზეზად აშშ-ის პოზიცია დაასახელა, რომელმაც 1996 წლის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მაგრამ მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა და რუსეთის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

“არსებობს ხელშესახები შედეგები და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“ – ილია დარჩიაშვილი

„საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია,  ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროკავშირს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ საქართველო ამ გზაზე წარმატებას მიაღწევს” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, სადაც გერმანელი კოლეგის ანალენა ბერბოკის მოწვევით, კონფერენციაში მონაწილეობს.

მისი თქმით, საქართველო უკვე წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით ახორციელებს  ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, ასევე ღირებული და მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა ევროკომისიის  12 პუნქტის შესრულების მიმართულებით.    დღეს  არსებობს ხელშესახები შედეგები და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად მუშაობს როგორც ევროკავშირთან, ორმხრივ ფორმატში, ისე  ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან  და მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე ახალ ეტაპზე გადასვლისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბრისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე გაფართოების პაკეტის მნიშვნელობასა და აღმოსავლეთ ევროპის ინტეგრაციის მიმართულებით ევროკავშირის როლზე იმსჯელეს.

“უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თუ დავეხმარებით, გახდნენ ეკონომიკურად მყარები, მივიღებთ დაცულ გეოპოლიტიკურ ფლანგს”-ანალენა ბერბოკი

უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაში თუ დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოწყვლადები გავხდებით გარე თავდასხმის წინაშე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენმა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკის თქმით, ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა და ამავდროულად, ის აფართოებს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს ევროკავშირის წევრებისთვის.

„პუტინის რუსეთი ეცდება, გააგრძელოს იმპერიალური მიზნები ევროპაში, რაც არა მხოლოდ ჩვენგან უკრაინის იზოლაციას ნიშნავს, არამედ მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების იზოლაციასაც. ეს ქვეყნები თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოწყვლადები გავხდებით გარე თავდასხმის წინაშე. ჩვენ აღარ შეგვიძლია, დავუშვათ რუხი ზონები ევროპაში. მეორე მხრივ, ჩვენ თუ ამ ქვეყნებს დავეხმარებით, როცა ისინი ჯერ კიდევ გაწევრიანების გზაზე არიან, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები, გახდნენ ეკონომიკურად მყარები, მაშინ ჩვენ არა მხოლოდ დაცულ გეოპოლიტიკურ ფლანგს მივიღებთ, არამედ ამით ჩვენს საზოგადოებასაც გავაძლიერებთ“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

“საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას, კანონის უზენაესობის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია”-ზბიგნევ რაუ

საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას. გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესება. კანონის უზენაესობის კუთხით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს.

„ახლა ძალიან დაუცველი საერთაშორისო გარემოა. გვჭირდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის აჩქარება. პოლონეთში ძლიერად ვიმედოვნებთ, რომ გაწევრიანების პროცესს არ სჭირდება ცვლილებები ხელშეკრულებებში და ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმა, რადგან საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ახლა მოქმედებს, სრულად შეესაბამება გაწევრიანების პროცესს. გვჯერა, რომ ერთსულოვნების პრინციპი არის თითოეული ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერის გარანტია ევროკავშირის ინიციატივებისთვის.

საქართველო ასევე ელოდება გადაწყვეტილებას, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ელემენეტი ცოტათი ჯერ კიდევ უნდა გამოსწორდეს, რათა დარჩეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო დღის წესრიგთან თანხმობაში. პოლონეთი პრინციპში მხარს უჭერს საქართველოს. გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესება. კანონის უზენაესობის კუთხით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის მომავალთან, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ძლიერად მჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.