Home Blog Page 1975

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი დაიკითხება

დავით გარეჯის საქმეზე დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაიკითხება.

ზურაბ ნოღაიდელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

ნოღაიდელი პროკურატურის მოწმეა. ის 2005-2007 წლებში პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მელაშვილი და ილიჩოვა მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

ეს სააკაშვილს შეუძლია, როცა დასჭირდება დილით უფალო შემიწყალე თქვას და საღამოს – სალომე შემიწყალე -გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილს ჩვენ ვაკრიტიკებდით იმიტომ, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს აყენებდა შეურაცხყოფას და აზიანებდა სახელმწიფოს“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ სააკაშვილის შეიწყალებს, ისიც ვივამედში დაჯდება სააკაშვილთან ერთად.

„სალომე ზურაბიშვილს ჩვენ ვაკრიტიკებდით იმიტომ, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს აყენებდა შეურაცხყოფას და აზიანებდა სახელმწიფოს. ამიტომ ვაკრიტიკებდით და არა პიროვნულად.

მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც სააკაშვილის შეწყალებაზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ფორმალურად პრეზიდენტის უფლებებზე შეწყალებასთან დაკავშირებით, არამედ პიროვნულად. არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, თუ თეორიულად დავუშვებთ იმას, რომ ის შეიწყალებს, ისიც ვივამედში დაჯდება სააკაშვილთან ერთად როგორც მინიმუმ, იმიტომ, რომ საერთაშორისო და ქართულმა სასამართლომ აღიარა, რომ სააკაშვილმა შექმნა დამნაშავე რეჟიმი. პირდაპირ წერია საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომ გაოგნებულია იმ ქმედებებით, რა ქმედებებითაც მოსპო სხვისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ქონება იმ რეჟიმმა, რა რეჟიმსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი. ეს არა მხოლოდ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაა, არამედ საერთაშორისო სასამართლოსი.

სამწუხაროდ, ათასობით ოჯახია გაუბედურებული. ახლა რომ ეუბნება პრეზიდენტს მამა დაუბრუნე შვილებსო, მამა ცოცხლად ენატრებოდათ შვილებს, ზოგს მამა მოუკლა, ზოგს დაუხვრიტა და ა.შ. იქ კი არ იყვნენ გამოკეტილი ოროთახიან ლუქსში. ეს სააკაშვილს შეუძლია, როცა დასჭირდება დილით უფალო შემიწყალე და საღამოს – სალომე შემიწყალე თქვას. არიან ადამიანები, რომელთაც ღირსება ჰქონდათ და ეს ღირსებაც წაართვა. ამ ყველაფერს თუ თავის თავზე აიღებს ზურაბიშვილი – ეს მისი საქმეა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ხმები რუსეთის დაცემისა და კრახის შესახებ გადაჭარბებულია“ – რას წერს უცხოური პრესა

ინდოეთის ყოველდღიურ გაზეთ „ინდიან ექსპრესში“ (The Indian Express) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ხმები რუსეთის დაცემისა და კრახის შესახებ გადაჭარბებულია“ (ავტორი – პხუნჩო სტობმანი, ყოფილი ელჩი, ნიუ-დელის სამხედრო კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ისინი, ვინც დისკუსიაში მონაწილეობენ გლობალური პოლიტიკის თემაზე, ძალიან  გადაჭარბებულ დასკვნებს აკეთებენ რუსეთ-უკრაინის ომის ფინალთან მიმართებით, თუმცა ეს გასაკვირი არ არის: დასავლური პროპაგანდა ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ რუსეთი ომით დასუსტდა, მისი ეკონომიკა დანგრეულია, ხოლო კრემლის დამარცხება მხოლოდ დროის საქმეა. კაცმა რომ თქვას, მათ აქვთ გარკვეული არგუმენტები თავიანთი თვალსაზრისითვის: რუსეთმა მართლაც ვერ შეასრულა ის მიზნები, რასაც თავდაპირველად აცხადებდა უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციისა და ხელისუფლების შეცვლაზე. აქედან გამომდინარე, კრემლის რეპუტაცია დაიჩრდილა, რუსეთის არმია მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.

თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც: დასავლეთის კრიტიკოსები თვლიან, რომ მოსკოვი ომს იგებს და პოზიტიურად მიიჩნევენ იმას, რომ ვლადიმერ პუტინმა ნატოს ავი საქმეები ყველას დაანახა.

გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ განწყობილმა საზოგადოებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ისიც, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია აკონტროლებს ყირიმს და დონბასის უმეტეს ნაწილს, მოსკოვის არმიას შეუძლია დამატებითი ტერიტორიების დაკავებაც, თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება.

როგორიც არ უნდა იყოს კონფლიქტის დასასრული, ვლადიმერ პუტინი საეჭვოა დათანხმდეს ამ ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე. ეს გარემოება უკრაინის პოზიციებს ძალიან დაასუსტებს პერსპექტიული სამშვიდობო მოლაპარაკების დროს. საბოლოო ჯამში რჩება გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელსაც თან ახლავს გამალებული შეიარაღება და დიდი თანხების ხარჯვა თავდაცვაზე, რაც, ბუნებრივია, ევროპას კისერზე დააწვება. როგორიც არ უნდა იყოს ომის დასასრული, რუსეთი მაინც დარჩება ევროპის უსაფრთხოების საკვანძო ელემენტად. თუ უკრაინა ომს წააგებს და საომარი მოქმედებები დასრულდება, ევროკავშირს უამრავი პრობლემა ექნება: ქვეყნის აღდგენას ენერგორესურსების სტაბილური მიწოდება დაჭირდება. საიდან მისცემს ევროპა უკრაინას საკმარის ენერგორესურსებს, როცა თვითონაც პრობლემების წინაშე დგას? უეჭველია, აუცილებელი გახდება რუსული ნავთობი და გაზი, რომელიც კრემლს თავზესაყრელი აქვს. გასათვალისწინებელიაისიც, რომ რუსეთის ბირთვული სახელმწიფოა, ეს გარემოება კი მას ნებას აძლევს გავლენა მოახდინოს მსოფლიოს სტრატეგიულ ბალანსზე.

ამრიგად, დასავლეთს (ამერიკას და ევროპას) სურს თუ არ სურს, მათ მაინც მოუწევთ რუსეთის პოლიტიკის მხედველობაში მიღება, მისი ჩართვა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში.

რა თქმა უნდა, ამ დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება აშშ-ის გავლენა ევროპაზე. ვაშინგტონი  თავის გადამწყვეტ „სიტყვას იტყვის“ რუსეთის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩართვის დროს. თავის მხრივ, მოსკოვის სამომავლო საგარეო პოლიტიკას ბევრად განსაზღვრავს არამარტო უკრაინის ომი, არამედ ისიც, თუ როგორ გადაწყდება კონფლიქტი ღაზას სექტორში. კრემლი, ტრადიციულად, უფრო მეტად შეეცდება დაიცვას პალეტინელების ინტერესები.

დასავლეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს რუსულ სტრატეგიულ კულტურას, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია ის, რომ რუსებს სხვა ქვეყნებიდან მომეტებული საფრთხისა და მუქარების ღრმა შეგრძნება აქვთ. ამის მაგალითია კარიბის 1962 წლის კრიზისის და 1980-იანი წლების დასაწყისში მომხდარი მწვავე დაძაბულობა, ევროპაში ამერიკული და საბჭოთა რაკეტების განლაგების გამო.

21-ე საუკუნეში კი სიტუაციის გამწვავება შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო, დასავლეთს ყურადღება რომ მიექცია კრემლის განცხადებებისადმი (ჯერ კიდევ 2007 წლის მიუნჰენის კონფერენციაზე) და რომ არ მოეხდინა რუსეთის არაერთი გაფრთხილების იგნორირება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით.

ომმა რუსეთის ეკონომიკის სიმტკიცე აჩვენა, რომელიც ბევრისთვის მოულოდნნელი აღმოჩნდა. რუსეთის ხელისუფლებამ წინა წლებში, როცა ნავთობზე მაღალი ფასები იყო, სავალუტო მარაგი შექმნა. მოსკოვი სწორედ ენერგეტიკის სფერომ გადაარჩინა – რუსული ენერგოშემცვლები ევროპის ნაცვლად, ახლა აზიაში იყიდება. მოსკოვა მეტ-ნაკლებად წარმატებით განახორციელა ენერგეტიკული ნედლეულის ნაკადის გადამისამართება ევროპიდან აზიისაკენ – ინდოეთისა და ჩინეთისაკენ. ასევე მოახდინა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირება, მესამე ქვეყნებზე ტრანზიტის მეშვეობით. კრემლის ასეთი ნაბიჯი ფაქტიურად, მსოფლიო ბალანსისათვის ისტორიულ გარდატეხას ნიშნავს.

ინდოეთის ოფიციალური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით რეალიზმს ემყარება, მაგრამ დამკვირვებლები და ანალიტიკოსები  უფრო მეტად დასავლეთის არასწორი დასკვნებით სარგებლობენ, რომ რუსეთის შესახებ რაც შეიძლება მეტი მცდარი აზრი გაავრცელონ, აკრიტიკონ ვლადიმერ პუტინი „ომის არჩევანისთვის“. არადა, რუსეთის პოტენციალის ობიექტურად, აწონილ-დაწონილად შეფასება აუცილებელია, ნაადრევი უსაფუძვლო დასკვნები კი მათ [ბუმერანგივით] უკან დაუბრუნდებათ.

წყარო

ახალციხეში, თიბისის მხარდაჭერით, პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – „ახალციხე ინნ” გაიხსნა

ახალციხეში, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო „ახალციხე ინნ” გაიხსნა. „ინნ ჰოსფითალითის” ქსელში შემავალი მორიგი სასტუმრო მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. მისი კონცეფცია აერთიანებს მესხეთის კულტურას, ისტორიას და ერწყმის თანამედროვეობას, რაც ასახულია შენობის ინტერიერის დიზაინში.

პროექტი „აწარმოე საქართველოსა” და თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 7,6 მილიონი ლარია.

,,ახალციხის პოლიფონია” და ,,რუსთაველის მსოფლიო” – ამ საკითხების შესახებ დღის მთავარი სპიკერი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ღონისძიების სტუმრებს ესაუბრა. აუდიტორიის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის ანსამბლები წარსდგნენ.

„ახალციხე ინნ” სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახალციხის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ოთხსართულიანი კომპლექსის ინტერიერი და ექსტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და დამსვენებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოს სთავაზობს.

სასტუმრო 115 ინდივიდუალური ნომრისგან შედგება. თითოეულ ოთახს აქვს ფრანგული სტილის აივანი. კომპლექსის პირველ სართულზე ბარისა და რესტორნის რამდენიმე სივრცეს შეხვდებით, სადაც ადგილობრივ მესხურ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. „ახალციხე ინნ”-ში განთავსებულია სპა, აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნები.

სასტუმროში 2 სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს შეხვდებით. პირველ დარბაზში 60 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი, მეორე დარბაზი კი 100 სტუმარს იტევს. საკონფერენციო სივრცეების გამოყენება სეზონის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. სტუმრები ერთობლივი სამუშაო და გასართობი სივრცეებითაც ისარგებლებენ. სასტუმროში გათვალისწინებულია პარკირების ზონაც.

„სასტუმროს აქვს ყველანაირი პოტენციალი იყოს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი ბაზარზე. ამ ეტაპზე სასტუმრო ასაქმებს 70 ადამიანს. სრულად დატვირთვის შემთხვევაში, ობიექტი 100 ადამიანზე მეტს დაასაქმებს. ჩვენი პრიორიტეტია, დავასაქმოთ ადგილობრივები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გაძლიერდება კერძო სექტორი და რეგიონში ასეთი სასტუმროს არსებობა დადებითად აისახება ეკონომიკაზე”, – ნინა გაჩეჩილაძე, „ინნ ჰოსფითალითის” კომერციული დირექტორი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალციხეში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ჩვენი მხარდაჭერით გაიხსნა. ეს თიბისისა და „ინნ ჰოსფითალითის” პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული მორიგი პროექტია. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შედეგად, ჰორეკა სექტორში 48%-იანი წილით, სექტორის ლიდერები ვართ”, – გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„ინნ ჰოსფითალითის” მორიგი სასტუმრო „ახალციხე ინნ” ამ ეტაპზე რეგიონში 70-მდე ადამიანს ასაქმებს. სასტუმროს მიზანია, საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრების მოზიდვა, როგორიცაა ევროპის ქვეყნები. „ახალციხე ინნ” ხელს შეუწყობს დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, რეგიონს გახდის ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს, რაც დადებითად აისახება კერძო სექტორისა და ბიზნეს გარემოს განვითარებაზე.

 

R

„ჰამასის“ მიზანი ისრაელის გენოციდია -ჯონ კირბი

„ჰამასის“ მიზანი ისრაელის გენოციდია, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ეჭვგარეშეა, რომ „ჰამასის“ მიზანი გენოციდია. მათ სურთ ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალონ. მათ ამაზე საჯაროდ არაერთხელ ისაუბრეს. მათ თქვეს, რომ არ გაჩერდებიან. ასე რომ, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, ისევ და ისევ განმეორდება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ბრიფინგზე კირბიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ უდანაშაულო ადამიანების დახოცვას, მხოლოდ „გენოციდის განზრახვა“ შეიძლება ეწოდოს.

„ისრაელი ცდილობს თავი გენოციდის ტერორისტული საფრთხისგან დაიცვას“, – აღნიშნა კირბიმ.

“პრეზიდენტს თუ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის, პირველ რიგში ეს უნდა დადასტურდეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

„იმიტომ არსებობს პრეზიდენტის შეწყალების ინსტიტუტი, რომ უსამართლო სამართალი გასწორდეს. პრეზიდენტს თუ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხის ხმა უნდა იყოს და სამართლიანობისთვის იბრძვის, პირველ რიგში ეს უნდა დადასტურდეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა.

“გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას” – პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას და ბიზნესისთვის პირობების შექმნას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ევროპაში ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. ეს არის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში ბიზნეს კლიმატი იყოს ხელის შემწყობი საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ევროპაში. ევროპული ბიზნეს ასოციაცია ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოში ბიზნეს კლიმატის ინდექსს. ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას და პირობების შექმნას როგორც ქართული ბიზნესისთვის ევროპაში, ისე ევროპული ბიზნესის ინვესტიციებისთვის საქართველოში. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაა და ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი ამის ნაწილია პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, რომელიც დაგვეხმარა ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზებაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

„ომის დროს მორიგი ზამთრის მოახლოების გამო უკრაინაში ოპტიმიზმი ქრება“ – რას წერს

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „ომის დროს მორიგი ზამთრის მოახლოების გამო უკრაინაში ოპტიმიზმი ქრება“ (ავტორი – შონ უოლკერი). „უკრაინის საზოგადოებაში ვრცელდება ხმები ხელისუფლების ზედა ფენებში არსებული დაძაბულობისა და არმიის დაქანცვის თაობაზე, კონტრშეტევის ჩაშლით გამოწვეულ იმედგაცრუებაზეც, რაც  კიევის მდგომარეობას ასუსტებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დღეისათვის კიევში ჯერ-ჯერობით ოდნავ, მაგრამ გარკვეული უიმედობა მაინც შეიმჩნევა და ეს არამარტო ზამთრის სიცივეების მოახლოების გამო. უკრაინელთა გულგატეხილობა ძირითადად განპირობებულია საშინაო და საგარეო ფაქტორების  ერთობლიობით, რომლებმაც შექმნეს ყველაზე რთული და მძიმე პერსპექტივა ომის დაწყებიდან, მიმდინარე წლის ზაფხულის ჩათვლით, როცა ყველას ეგონა, რომ კიევი სწრაფად გაიმარჯვებდა რუსეთზე.

აღტაცებამ და ეიფორიამ გაიარა

„გასული წლის ბოლოსა და ამ წლის დასაწყისში ყველა ეიფორიაში იყო, იმედი ჰქონდათ, რომ არმია გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა, მაგრამ ახლა ჩვენ მეორე უკიდურესობის მოწმენის ვართ – დაცემისა და უიმედობისა. ვფიქრობ, რაღაც დროის შემდეგ ჩვენ კიდევ დავინახავთ გარკვეულ აღმაფრენას და დაცემას ქვეყნის საზოგადოების განწყობებში“, – ამბობს ბარტოშ ციხოცკი, რომელმაც გასულ თვეში დაასრულა პოლონეთის  ელჩად ოთხწლიანი ყოფნა უკრაინაში.

დადის ხმები პრეზიდენტის გუნდში შექმნილ დაძაბულობაზე, აგრეთვე ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის მომხდარ შეხლა-შემოხლაზე. ყველასათვის სამწუხაროდ, წარუმატებლად დასრულდა ზაფხულში დაწყებული და დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა – უკრაინის არმიამ ვერ გადალახა რუსეთის გამაგრებული ზღუდეები, ფორტიფიკაციები და დანაღმული ველები.

ორწლიანი ბრძოლებით გამოწვეული ჯარის დაქანცვა, აგრეთვე ჯარისკაცთა დიდმა მსხვერპლმა და დასავლელი მოკავშირეებისაგან იარაღის მიწოდების ნელმა ტემპმა ისეთი კუმულატიური ეფექტი გამოიწვია, რომ პირველად ომის დაწყებიდან, უკრაინაში გაისმის ხმები, რომ დადგა დრო ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების შესაძლებლობაზე დაფიქრდეს, თუმცა  ბევრი აღიარებს, რომ მოლაპარაკება სარისკო იქნება და შეიძლება მეტი სარგებელი რუსეთმა მიიღოს.

უკრაინის ფრონტებზე კიევისათვის შექმნილ არახელსაყრელ ვითარებას ემატება ახლო აღმოსავლეთის კრიზისიც. „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა იმ საშინელი ტრაგედიას წარმოადგენს, რომელმაც უკრაინისაგან ყურადღება ისრაელზე და პალესტინაზე გადაიტანა. დასავლეთისაგან საბრძოლო მასალებით დახმარება ისრაელსაც დაჭირდა და ამიტომ სასწრაფოდ მოხდა შეიარაღების მიწოდების გადამისამართება. დასავლეთის დედაქალაქებში მატულობს „უკრაინით დაღლა“, ხოლო კიევის მთავარ მხარდამჭერ აშშ-ში, დიდი ალბათობით, შეიძლება თეთრი სახლის ადმინისტრაციის მეთაურად უკრაინის ძველი მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპი დაბრუნდეს, რაც დიდი დარტყმა იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის.

თუმცა არის რამდენიმე დამაიმედებელი მომენტიც: ბრძოლის ველიდან მოდის ცნობები, რომ უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა მოახერხეს დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა და პოზიციების გამაგრება, აგრეთვე ის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს შეტევები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე. რაც შეეხება დიპლომატიურ ფრონტს, სიტუაციის გარკვეული გამოცოცხლება მოახდინა  ევროკავშირის განცხადებამ, რომ ბრიუსელი უკრაინის ევროკავშირში მიღებისათვის მოლაპარაკებას იწყებს.

და მაინც ამჟამად, როცა უკრაინელები კიდევ ერთი ცივი ზამთრისათვის ემზადებიან, როცა, დიდი ალბათობით, განახლდება რუსეთის საჰაერო შეტევები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რაკეტებისა და დრონების მეშვეობით, ექვსი თვის წინანდელი ოპტიმიზმი, რომ რუსეთი დამარცხდება და „ყირიმ-დონბასის დაბრუნება ერთ ან ორ დღეში გადაწყდებაო“, ფაქტიურად უკვე გაქრა.

„ეს არ იქნება ის გამარჯვება, რომელზეც ჩვენ ვოცნებობდით. ბრძოლები უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ჩვენ გვეგონა“, – ამბობს ოფიცერი ვლადიმერ ომელიანი, უკრაინის ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი, რომელიც ომის დაწყებისთანავე უკრაინის არმიის რიგებში ჩაეწერა და ფრონტზე იბრძვის, კაპიტნის ჩინით.

„მოლაპარაკება“ – აკრძალული სიტყვა

უკრაინელთა უმრავლესობა აღიარებს, რომ სანამ რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი იმყოფება, უკრაინისთვის მტკიცე მშვიდობა მიუღწეველი იქნება და საბრძოლო მოქმედებების დროს ყოველ პაუზას კრემლი თავისი არმიის გადაიარაღებისათვის გამოიყენებს. გამოკითხვები მოწმობს, რომ უკრაინის მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთთან მოლაპარაკების მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით კი ისეთი მოლაპარაკებისა, რომელიც ტერიტორიების დათმობას გულისხმობს.

იმავდროულად აშკარაა, რომ უკრაინას ძალები ნამდვილად ელევა, არმია განუწყვეტელი ბრძოლისაგან სუსტდება, იღლება, შეიარაღება არასაკმარისია, გართულდა არმიაში გაწვევა და რაც მთავარია, ზაფხულის კონტრშეტევის ჩაშლამ ბევრს გული გაუტეხა. ამ ყველაფერმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ზოგიერთებმა უკვე ფრთხილი ლაპარაკი დაიწყეს, კიევის ამჟამინდელი მიდგომები უნდა შეიცვალოსო.

„არჩევანი ძალიან მარტივია: თუ ჩვენ მზად ვართ ყირიმისა და დონბასის გათავისუფლებას კიდევ 300 ათასიდან 500 ათასამდე ჯარისკაცის სიცოცხლე შევწიროთ, თუ ჩვენ დასავლური ტანკების და F-16-ების საკმარის რაოდენობას მივიღებთ, მაშინ შეგვიძლია კიდევ ერთი კონტრშეტევა დავგეგმოთ“, – ამბობს კაპიტანი ვლადიმერ ომელიანი, – მაგრამ მე ვერ ვხედავ დამატებით 300-500 ათას ჯარისკაცს და ვერც დასავლეთის ძალისხმევას იმდენი იარაღი მოგვცეს, რამდენიც გვჭირდება. ამის ალტერნატიული ვარიანტია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა მშვიდობიანი პერიოდი დადგეს და მასშტაბური რეფორმები გატარდეს, გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი და დაველოდოთ, როცა რუსეთი ომის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს, სწორედ მაშინ უნდა დავიბრუნოთ ყირიმი და დონბასი“.

მაგრამ ყოფილი მინისტრისა და ამჟამინდელი კაპიტანის ნათქვამი, როგორც ჩანს, სასურველის სინამდვილედ წარმოჩენის მცდელობას წარმოადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნებისმიერი მოლაპარაკება „წყალს მხოლოდ რუსების წისქვილზე დაასხამს“ – იმის გათვალისწინებით, რომ კრემლის საბოლოო მიზანს უკრაინის მთლიანად დამორჩილება წარმოადგენს.

იმავდროულად კი, როგორც ამას წინათ ამერიკულ „თაიმში“ გამოქვეყნებული ჟურნალისტ საიმონ შუსტერის სტატიით ირკვევა, უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ უკრაინის გამარჯვების მესიანურ რწმენაში: „ჩვენ არანაირი ვარიანტი აღარ გვაქვს. ომს ვერ მოვიგებთ, მაგრამ აბა სცადეთ და ეს პრეზიდენტს უთხარით…“, – ამბობს საიმონ შუსტერთან საუბარში პრეზიდენტის ერთ-ერთი თანაშემწე.

კიევი და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი

„ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული შეტევა უკრაინისთვის მძიმე აღმოჩნდა სამი მიზეზის გამო: პირველი – ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებამ კიევს ის შედეგი მოუტანა, რომ პირველად 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინის თემამ დასავლელი პოლიტიკოსების გონებაში უკანა პლანზე გადაიწია და მათთვის დღეს მთავარ საგარეოპოლიტიკურ საკითხს აღარ წარმოადგენს – ალბათ, ასე იქნება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მეორე – პრეზიდენტის აღიარებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამო უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდება შემცირდა და ამით კიდევ უფრო გამწვავდა საბრძოლო მასალების დეფიციტი, რომელიც ისედაც არსებობდა. მესამე – ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებამ მკვეთრი პროისრაელური პოზიციის დაკავების თაობაზე და იმ განცხადებამ, როცა მან „ჰამასს’“და რუსეთს „ერთნაირი ბოროტება“ უწოდა, ახლო აღმოსავლეთის [არაბული ქვეყნები] გაანაწყენა და ამით უკრაინას მხარდამჭერთა წრე შეუმცირა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის აღიარებით, ბევრ არადასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობაში უკრაინისათვის „აცივება“ დაიწყო, რაც კიევისათვის შემაშფოთებელ სიგნალს წარმოადგენს.

კიევი და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერსპექტივა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა და თეთრ სახლში დონალდ ტრამპის პოტენციური დაბრუნება (რომელიც ხშირად აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტს სწრაფად შეწყვეტს), ბევრისთვის კიევში შემაშფოთებელ პერსპექტივას წარმოადგენს.

მართალია, უკრაინელი ჩინოვნიკები საჯაროდ აცხადებენ, რომ დარწმუნებულნი არიან –  „თეთრი სახლის მხარდაჭერა ყველა სიტუაციაში გარანტირებული იქნება, ნებისმიერი პრეზიდენტის მხრიდანო“, მაგრამ კერძო საუბრებში შეშფოთებას გამოხატავენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. „ამ საკითხის განხილვა კიევში ჩვენი ყოველი შეხვედრის დროს ხდება ხოლმე“, – ამბობს მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, რომელიც ამჟამად ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციასთან მუშაობს და ხშირად ხვდება პრეზიდენტს და მის გარემოცვას კიევში.

რეალობა ისეთია, რომ ამერიკელ რესპუბლიკელებს დონალდ ტრამპის გარეშეც შეუძლიად ჯო ბაიდენის მთავრობისათვის ხელის შეშლა უკრაინის დახმარების საკითხში. ამ მხრივ კონგრესი პარალიზებულია – რესპუბლიკელთა დაჟინებული მოთხოვნით, „შატდაუნის“ არცერთ ბიუჯეტში უკრაინისადმი დახმარება გათვალისწინებული არ არის. პრობლემა იმდენად შემაშფოთებელია, რომ მისი მოგვარების მცდელობის მიზნით, ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გაემგზავრა.

„ჩერჩილის ფენომენი ზელენსკისათვის“

რუსეთთან ომის პირველი წელიწადის განმავლობაში უკრაინელები ვოლოდიმირ ზელენსკის ირგვლივ დაირაზმნენ, პრეზიდენტით აღფრთოვანებულნი იყვნენ და მისი მოწოდებებს სჯეროდათ, თუმცა რაც დრო გადიოდა, საზგადოებაში აღმაფრენის განწყობა სუსტდებოდა.

ერთ-ერთი საინფორმაციო წყაროს ცნობით, პრეზიდენტი ძალიან იყო შეშფოთებული „ჩერჩილის ფენომენით“, რომელიც ნიშნავს, რომ ომის დროს წარმატებული ლიდერი შეიძლება არჩევნებში დამარცხდეს. მომავალი წლის მარტში უკრაინაში, კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ  ომის გამო შეიძლება არჩევნები გადაიდოს და პრეზიდენტს უფლებამოსილება გაუგრძელდეს. იყო ლაპარაკი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ისარგებლებდა ამ შესაძლებლობით და ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებდა, ახალი მანდატის მისაღებად, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამ სავარაუდო განზრახვის წინააღმდეგ გამოვიდა. საბოლოო ჯამში თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა არჩევნების ჩატარება, მაგრამ როგორც ოპოზიციური პოლიტიკოსები იმედოვნებენ, „ხალხის მსახური“ პრეზიდენტი მშვიდობის დროს ჩატარებული არჩევნების შედეგად პოსტს აუცილებლად დატოვებს – მისი საქმე უინსტონ ჩერჩილივით იქნება, [რაც მას 1945 წელს მოუვიდა]. სხვათა შორის, უკრაინულ „ტელეგრამ-არხებში“ პრეზიდენტის მიმართ უკვე ბევრი „შავი პიარი“ და კომპრომატები ვრცელდება.

„უკრაინაში პოლიტიკური ბრძოლა დაბრუნდა…“

ჯერ-ჯერობით ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი კვლავ მაღალია – ისევე, როგორც გენერალ ვალერი ზალუჟნის რეიტინგი, რომელსაც მომავალ სავარაუდო პრეზიდენტად თვლიან, თუმცა პირადად მას რაიმე პოლიტიკური ამბიციები ამ ეტაპზე არ გამოუმჟღავნებია. მართალია, ჟურნალი „ეკონომისტი“ იუწყებოდა, რომ ზელენსკი თავის გენერალს არ ეთანხმება ომის ჩიხში შესვლისა და ფრონტზე „პატური სიტუაციის“ შექმნასთან დაკავშირებითო, მაგრამ პრეზიდენტის ოფისიდან ირწმუნებიან, რომ დაპირისპირება ზელენკისა და ზალუჟნის შორის არ არსებობს.

ბარტოშ ციხოცკი, პოლონეთის ყოფილი ელჩი უკრაინაში, აცხადებს, რომ ბოლო თვეებში უკრაინის საშინაო მოვლენებში პოლიტიკური ბრძოლის გამოცოცხლება შეინიშნება: „უკრაინაში პოლიტიკა დაბრუნდა. პირვანდელმა კონსოლიდაციამ, რომელიც უკრაინელებს ბოროტების წინააღმდეგ ძალას აძლევდა, გაიარა. ახლა პროცესები სხვაგვარად განვითარდება“.

წყარო

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი – 1972 წელს დაბადებული ჯ.მ., 1981 წელს დაბადებული ლ.ა. და 1984 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ა.ა. და 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 35 ვაზნა.

ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. და 1968 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. დააკავეს. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი, 18 ვაზნა და ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ც.გ. და 1989 წელს დაბადებული ვ.ჩ სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1981 წელს დაბადებული ვ.ს. და 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული დ.ც. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 მჭიდი და 78 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის, სენაკის, წალენჯიხის და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი – წარსულში ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ჯ.დ., 1992 წელს დაბადებული ა.თ., 1981 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1977 წელს დაბადებული კ.ძ. დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ოთხი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 51 ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1990 წელს დაბადებული პ.კ. და 1988 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი 25 ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი” და 24 ვაზნა.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევი, 8 მჭიდი და 400 ვაზნა ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ვემზადებით დეკემბრის დასაწყისში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის შეხვედრებით, დღეს ცხინვალში და ხვალ სოხუმში” – ტოივო კლაარი

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისში ჩამოვიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ტოივო კლაარის ცნობით, მას ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრები აქვს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მოსამზადებლად.

„ვემზადებით დეკემბრის დასაწყისში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის შეხვედრებით, დღეს ცხინვალში და ხვალ სოხუმში“, – წერს ტოივო კლაარი.

“ევროკავშირი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ფინეთის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს” – შარლ მიშელი

ევროკავშირი მხარს უჭერს ფინეთის გადაწყვეტილებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„მადლობელი ვართ ევროპის გარე საზღვრის დასაცავად ფინეთის ეფექტური ძალისხმევისთვის. რუსეთის მცდელობებს, მოწყვლადი მიგრანტები ინსტრუმენტებად გამოიყენოს, პასუხი მოჰყვება“, – წერს მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.

მიშელმა ფინეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერი ორპოს საზღვრის ჩაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერების მიზნით, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტი დახურა.

“ქართველ ხალხს ევროპასთან სურს ყოფნა და არა რუსეთთან” – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართველ ხალხს ევროპასთან სურს ყოფნა და არა რუსეთთან.

ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერს მიაჩნია, რომ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, საქართველომ და ქვეყნის ლიდერებმა, ევროკომისიის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

„ევროკომისია გამოვიდა წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან.

ყველა ეს რუხი ზონა კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების ხელიდან გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს“, – აცხადებს ესტონეთის პრემიერი.