“პირდაპირ გემუქრებით – საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ”, – ამის შესახებ განცხადებას პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აკეთებს და რუსულ ავიაკომპანიებს მიმართავს. ამბობს, რომ პუტინის გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს სანქცირების ტოლფასია. “ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, დიდი დარტყმა ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის. ეს არის რუსული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი… ამ საკითხს გააჩნია კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება. ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული 28 თებერვლიდან ევროკავშირის მიერ… თუ საქართველო შემოუშვებს ამ ავიაკომპანიებს, ეს იქნება პირდაპირი საბოტაჟი დამატებითი უკრაინის და ჩვენი ევროპული პერსპექტივის. თუ საუბარია იმაზე რომ ქართული ავიაკომპანია იფრენს რუსეთში, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ქვეყანას დავაყენებთ სანქციების საფრთხის ქვეშ… ეს არის კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოსთვის. მინდა პირდაპირ ვუთხრა ნებისმიერ იმ რუსს, ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომელიც გაბედავს საქართველოში ამ ოფისის გახსნას ან ფეხის დადგმას. პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ”, – ამბობს ხოშტარია.
„სააკაშვილი ომის შემდეგ პირველი იყო, ვინც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა დაუწესა”- ზარქუა
„სააკაშვილი ომის შემდეგ პირველი იყო, ვინც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა დაუწესა, ბუნებრივია ამას არ მოჰყოლია მეორე მხრიდან რეაგირება, იმიტომ რომ რუსეთის მხარე დღემდე სჯიდა ჩვენს მოქალაქეებს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა. ზარქუას თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უწევდათ სხვადასხვა ქვეყნის გავლით დაბრუნება, იმ ფონზე, რომ რუსეთის მოქალაქეები შეფერხების გარეშე კვეთდნენ საქართველოს საზღვარს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან შემდეგი ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უნდა იყოს. „რა გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთის მხარემ დააწესა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა და თვითონვე მოხსნა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგია. რაც შეეხება ადგილობრივ ხელმოცარულებს პოლიტიკაში, ახლა, ალბათ გამოვარდება ვაშაძე, თუ უკვე არ იყო და იტყვის, რომ რუსეთმა დაასაჩუქრა საქართველოს მთავრობა. ვაშაძე ხომ იცით რომელია? – საკუთარი ბინა რომ რუსებს მიაქირავა და დღემდე ფულს იღებს. მერე გამოვარდება ალბათ ხოშტარია, იცით ხომ, რუსეთიდან რომ ფინანსდება ამდენი წელია და შემდეგ ბათუმში რომ ბინა შეიძინა. გამოვარდება ალბათ კიდევ გიჟი „ჯაფარა“, რომელიც ხომ იცით, რომელი “ჯაფარაა”? რომელსაც ვითომ ევროინტეგრაცია უნდა. ევროკომისიამ გვითხრა, ნაკლები პოლარიზაციაო და ის უკვე ახალგაზრდებს ამზადებს იარაღის გამოყენებაში და იმაში, თუ როგორ ჩაერთონ რევოლუციაში – აი ეს „ტროიკა“ და კიდევ დაემატებიან სხვა ხელმოცარულები. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება. რუსეთის მოქალაქეები ისედაც უპრობლემოდ გადმოდიან ლარსის გავლით მანქანით, საერთოდ არ აქვთ შეზღუდვა და იცით, თქვენ ამის შესახებ. ამიტომ, შემდეგი კარგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მხრიდან, აფხაზეთი დააბრუნოს, მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ოსეთი დააბრუნოს, ეს არის სწორი მიდგომა,“ – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
,,ოპოზიციისთვის ხელსაყრელია ცუდი ვითარება ქვეყანაში და საქართველოს დაჩაგრული მოქალაქე”- სეფაშვილი
მივესალმები მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვის მოხსნასა და მოგზაურობის გამარტივებას იქიდან გამომდინარე, რომ ეს მათთვის რეალურად დიდი შეღავათია. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთს პირდაპირი ფრენები აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ამის შესახებ პროტესტს არ გამოთქვამენ არც იმ ქვეყნების მოქალაქეები, არც აშშ და არც – ევროკავშირი. ამ შემთხვევაში არა მგონია, საქართველოს მიმართ რამე პრეტენზია იყოს ვინმესგან გარდა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისა, რომლებისთვისაც უფრო ხელსაყრელი და მოსაწონია, რაც უფრო ცუდი ვითარება იქნება ქვეყანაში და რაც უფრო დაჩაგრულნი იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, ტელეკომპანია მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მიერ სავიზო მიმოსვლის გაუქმება ხელსაყრელია იმ ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ეს კი მისასალმებელია. „რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო მიმოსვლა საქართველოსთან. თავდაპირველად, როდესაც 2019 წლის 8 ივლისს, რუსეთმა ეს შეზღუდვები დააწესა, დასავლეთი, კერძოდ ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, რუსეთს მოუწოდებდნენ ამ აკრძალვის გაუქმებისაკენ და მიუთითებდნენ, რომ ეს იყო ძალიან არასამართლიანი საქართველოს მოქალაქეებისა და იმ ქართველების მიმართ, რომლებიც დღემდე რუსეთში ცხოვრობენ და საქმიანობენ. მაშინ ეს შეფასდა, როგორც რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი განხორციელებული არამეგობრული ჟესტი საქართველოს მიმართ. დღევანდელ ვითარებას რაც შეეხება, მივესალმები მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვის მოხსნასა და მოგზაურობის გამარტივებას იქიდან გამომდინარე, რომ ეს მათთვის რეალურად დიდი შეღავათია. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთს პირდაპირი ფრენები აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ამის შესახებ პროტესტს არ გამოთქვამენ არც იმ ქვეყნების მოქალაქეები, არც აშშ და არც – ევროკავშირი. ამ შემთხვევაში არა მგონია, საქართველოს მიმართ რამე პრეტენზია იყოს ვინმესგან გარდა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისა, რომლებისთვისაც უფრო ხელსაყრელი და მოსაწონია, რაც უფრო ცუდი ვითარება იქნება ქვეყანაში და რაც უფრო დაჩაგრულნი იქნებიან საქართველოს მოქალაქეები. შეგახსენებთ, რომ ჟენევის დისკუსიებზე, რომლებიც ჩვენს ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს რუსეთთან სალაპარაკოდ, არაერთხელ განხილულა და დაყენებულა საკითხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების შესახებ, რაც მათ ხშირად ეზღუდებათ ხოლმე. თუ ჩვენ საერთაშორისო დისკუსიებში ამ მოქალაქეების უფლებების დაცვას ვცდილობთ, ასევე ჩვენი 100 000 მოქალაქის უფლებების დაცვაზე რატომ არ უნდა ვიფიქროთ?! ასე რომ, გაუგებარია ორმაგი სტანდარტები. ვხედავთ, რომ რუსეთი ჩართულია უმძიმეს ომში უკრაინასთან, მთელი მსოფლიო მოუწოდებს ამ ომის შეწყვეტისკენ პუტინი კი არავის უჯერებს. როგორ ფიქრობთ, ვინმეს აქვს იმის ძალა-უფლება, ან უნარი, რომ რუსეთს უთხრას, შეწყვიტოს, გააუქმოს, ან აკრძალოს ფრენები და რუსეთიც მას დაუჯერებს? ეს მისი ერთ-ერთი ჩვეულებრივი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა და არ გამოვრიცხავ, ამას სპეციალურად აკეთებდეს საზოგადოებისთვის იმის საჩვენებლად, რომ არავის ემორჩილება და როგორც უნდა და რასაც უნდა, ისე გააკეთებს.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ.
საქართველოსთან ფრენების აკრძალვის მოხსნისკენ აშშ-ს და ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთს 2019 წელს მოუწოდებდნენ
საქართველოსთან ფრენების აკრძალვის მოხსნისკენ აშშ-ს და ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთს 2019 წელს მოუწოდებდნენ საქართველოსთან ფრენების აკრძალვის მოხსნისკენ აშშ-ს და ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთს 2019 წელს მოუწოდებდნენ. არქივი ინახავს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის 2019 წლის ივლისში გაკეთებულ განცხადებას, სადაც იგი რუსეთს საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნისკენ მოუწოდებდა. „რუსეთის ფედერაციის მიერ ფრენების შეჩერების ზომები არაპროპორციული პასუხი იყო და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს ფრენების აკრძალვა, მისცეს თავის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის საშუალება და აღდგეს ადამიანებს შორის კონტაქტი – აცხადებდა მაშინ ელიზაბეთ რუდი. აქვე ელჩი აღნიშნავდა, რომ „ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები შედის როგორც ქართველი, ასევე რუსი ხალხის ინტერესებში“. საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას გაუმართლებელ და არაპროპორციულ ნაბიჯად მიიჩნევდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერი მაია კოციანჩიჩი. „რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ორივე ქვეყნის მოქალაქეზე უარყოფითად აისახება. საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას გაუმართლებელ და არაპროპორციულ ნაბიჯად ვთვლით, – ნათქვამია მაია კოციანჩიჩის 2019 წლის ივლისში გაკეთებულ განცხადებაში.
,,რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად არის პროვოკაციაზე წამოგება” – წილოსანი
“პრეზიდენტის ბრიფინგიდან ერთი რაც შემიძლია პოზიციურად ვთქვა, ეს არის მისი განცხადება, რომ ეს შეიძლება იყოს პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, ამიტომ თუ ის ასე ფიქრობს, რომ ეს პროვოკაციაა, ამ პროვოკაციაზე წამოყოლა და ამ პროვოკაციაზე ავარდნა და ჩვენი მხრიდან იმ პრინციპის დარღვევა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვერ ვუწესებთ სანქციებს, ამით პასუხის გაცემა, ვფიქრობ, არანაირ ჭკუასთან ახლოს არ შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე თუ ამ ჭრილში შევხედავთ საკითხს და ამას პროვოკაციად შევაფასებთ, ჩვენი მხრიდან ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად არის პროვოკაციაზე წამოგება”
,,საქართველოს არავისთვის უთხოვია ამ მიმართულებით რაიმე შეღავათის მოცემა” – ქადაგიშვილი
თუ საქართველოს პრეზიდენტმა, პუტინის გადაწყვეტილება პროვოკაციად შეაფასა, მაშინ მოვუწოდებ მასაც და ყველას, რომ პროვოკაციას არ ავყვეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. „ეს სანქცია საქართველოს მოსახლეობას რუსეთმა დაუწესა (საქართველო აქ არაფერ შუაშია) და მანვე მოხსნა. კონკრეტულად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობა, ვისაც უწევს კომუნიკაცია, იქ ცხოვრობენ, ნათესავები ჰყავთ, ეს მისვლა-მოსვლა მაინც იყო და ეს მათთვის იყო ძალიან დიდი ტვირთი, დამატებითი ხარჯები, წვალება და ეს ერთგვარად კონკრეტულ ადამიანებს ეხსნებათ. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, საქართველოს არავისთვის უთხოვია ამ მიმართულებით რაიმე შეღავათის მოცემა – ეს მათი გადაწყვეტილებაა. მეორე – თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელსაც პროვოკაციის მოწყობა და ნებისმიერ მომენტში აგრესიის გამოხატვა შეუძლია, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ არ გადავდგათ ჩვენც იგივე ნაბიჯები, რომელიც მის ამ პროვოკაციას ან სხვა ტიპის ესკალაციას და აგრესიას შესაძლებელს ხდის“, აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ.
“რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება”
რატომ დაიწყო რუსეთმა ახალი გადაწყვეტილებების მიღება და რატომ გააუქმა სანქციები? – საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რა საკვირველია, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ის გადაწყვეტილებები გამოიწვია, რაც დღეს სახეზეა , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მან ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი საზრუნავი ის უნდა იყოს, რომ საქართველომ სტატუსი ევროკავშირისგან დროულად, დაყოვნების გარეშე მიიღოს.
თალაკვაძის თქმით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებზე სანქციები ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაც მან ცალმხრივად მიიღო.
“რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მავნებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდის. ისინი პრაქტიკულად ხელისუფლებისგან საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ითხოვენ. რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, რა საკვირველია, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება. ამას ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებმაც 2008 წელს საკუთარი მოსახლეობა ომის ზონაში მიატოვეს, სადაც რუსეთის თავდასხმა და ოკუპაცია მიმდინარეობდა, მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები და ამის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სავიზო რეჟიმის შეზღუდვა შემოიღო, სწორედ ეს პოლიტიკური ძალა და მათი პოლიტიკური ლიდერი გამოვიდა და სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
მინდა ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მივმართო, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს სანქციების დაწესებას თქვენზე, რასაც ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.