,,საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ემიგრაციის 60%-ზე მეტი რუსეთში ცხოვრობს და მათზე უნდა იზრუნოს” – ჩიბურდანიძე

65
spot_img

დიახ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ამის გამო ის სანქცირებულია დღეს დასავლეთის და საქართველოს მხრიდანაც, მაგრამ რა დააშავა მილიონზე მეტმა ქართველმა, რომელიც იქ ცხოვრობს და მათი დიდი ნაწილი მხოლოდ იმიტომ იღებს რუსეთის მოქალაქეობას და უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე, რომ რუსეთში თავისუფლად იმოძრაოს, – საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ემიგრაციის 60%-ზე მეტი რუსეთში ცხოვრობს და მათზე უნდა იზრუნოს. „თუ რომელიმე სახელმწიფოს არ მოსწონს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება, თავადაც შეუძლია გაგვიუქმონ. საქართველოს სჭირდება ყველა იმ ქვეყანასთან გამარტივებული ან უვიზო მიმოსვლა, სადაც დიდი ემიგრაცია ჰყავს. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ საკუთარ სამშობლოსთან, საკუთარ ოჯახებთან მჭიდრო ურთიერთობა, რომ არ მოსწყდნენ ფესვებს. უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოეთში დაბადებული ქართველებისთვის, რომლებსაც თითქმის შეხება არა აქვთ საქართველოსთან. ქვეყნის პრეზიდენტის ვალდებულებაა მათთან მჭიდრო კავშირი, მათთვის სპეციალური პროექტების ამოქმედება. დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. დიახ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ამის გამო ის სანქცირებულია დღეს დასავლეთის და საქართველოს მხრიდანაც, მაგრამ, რა დააშავა მილიონზე მეტმა ქართველმა, რომელიც იქ ცხოვრობს და მათი დიდი ნაწილი მხოლოდ იმიტომ იღებს რუსეთის მოქალაქეობას და უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე, რომ რუსეთში თავისუფლად იმოძრაოს. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ემიგრაციის 60%-ზე მეტი რუსეთში ცხოვრობს და მათზე უნდა იზრუნოს. ეს სწორედ საპრეზიდენტო პოლიტიკის უმთავრესი სტრატეგიაა. რუსეთმა თავად გააუქმა მის მიერვე დაწესებული შეზღუდვები. დღეს რომ ოპოზიცია ხმამაღლა აპროტესტებს ამას, რატომ მაშინ არ იღებდნენ ხმას, როდესაც სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. მე მაშინაც პოლიტიკაში ვიყავი და არ მახსოვს იმათი პროტესტი, ვინც დღეს ანტირუსულ იმიჯს ირგებს. გარდა ჩვენი ემიგრაციისა, პრეზიდენტიც და ჩვენი ოპოზიციაც უნდა ფიქრობდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებზე, მათ განწყობებზე და მათთან მისასვლელ გზებზე. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ვერ იქნება ქართული ოპოზიციისთვის, რადგან მათ, როგორც ჩანს, დიდი ხანია დაივიწყეს ან დაავიწყებინეს ეს პრობლემა“, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.