Home Blog Page 1972

სარფში 146 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვებით შემკობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 171 გრამი) გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 146 000 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

“უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმები გახშირდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”- იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე შეტევებს გააძლიერებს და ამისთვის მომზადებაა საჭირო. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ უკრაინაში არსებულ სიტუაციას. ფრონტის ხაზზე ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს ვადევნებთ თვალს და ვხედავთ უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების ტალღებს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინის ქალაქებზე მომატებული თავდასხმებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს წევრებმა მომავალშიც დაუჭირონ მხარი უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შესახვედრად ჩავიდა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნები 2025 წლამდე არ იქნება – ცისკარიშვილი

არანაირ არჩევნებს უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე – ენმ-ში ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას და ახალი არჩევნების დანიშვნას უარით პასუხობენ. განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა: „განსაკუთრებულად პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და პროგნოზირებადობა, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენც წესდება, შიდა მარეგულირებელი ნორმები, რომლის მიხედვითაც გრძელდება ამა თუ იმ ორგანიზაციის ცხოვრება. ჩვენ შემთხვევაში არჩევნები, თავმჯდომარის არჩევნები პირველ რიგში არის ჩანიშნული დაახლოებით ერთ წელიწადში 2025 წლის იანვარში. სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა 2 წლით. ეს ორი წელი გადის მომავალ წელს, 13-14 თვე დარჩა იქამდე, შესაბამისად თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა ფართო შიდა ოცეულობით არჩევნებში ალბათ, იმ დროისთვისაც იქნება ელექტრონული წესით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს და მიიღოს იმ არჩევნებში მონაწილეობა, სწორედ ასე მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. მითუმეტეს ეს თარიღი ისე გამოვიდა, რომ ემთხვევა დიდი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს და შესაბამისად, მოქმედი თავმჯდომარისთვის ერთგვარი ტესტი შეიძლება იყოს ის მთავარი არჩევნები, სადაც ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, იმისათვის მოხდება თუ არა მისი მანდატის განახლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები დაუჭერენ თუ არა მხარს ლევან ხაბეიშვილს დიდწილად განსაზღვრული იქნება იმ შედეგით, რასაც ჩვენ დავდებთ და ვაჩვენებთ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ მხარში ედგნენ და შტაბში იყვნენ ჩართული ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კანდიდატი ამდენი თვე კამპანიურ რეჟიმში დარჩა და ებრძვის ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის მაგივრად, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გააჩაღოს ბრძოლა. აქედან გამომდინარე, არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ მომავალ წლამდე, 2025 წლის იანვრამდე, როდესაც ჩვენი შიდა რეგულაციებით, წესდებით განსაზღვრულია შემდგომი არჩევნების თარიღი. თავმჯდომარის არჩევა მოხდება 2025 წლის იანვარში, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელობა, რომ იყოს სტაბილურობა, პროგნოზირებადობა, ამისთვის არის მოგონილი წესდებები, რომ შიდა ნორმები და რეგულაციები ყველასთვის გამჭვირვალე იყოს.” ამბობს ცისკარიშვილი. მისივე თქმით, ნიკა მელიამ 8-9 თვის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაიწყო ნეგატიური კამპანია, თავდასხმები და შეტევა. “პრაქტიკულად შეუმსუბუქა რუსულ რეჟიმს ძალისხმევა და საქმე, რადგან გამოჩნდნენ ოპოზიციაში მოთამაშეები, რომლებიც უფრო მაგრად ესხმიან თავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიდრე ამას „რუსული რეჟიმი“ აკეთებს, შეუმსუბუქა ეს საქმე მათ ნიკანორ მელიამ და აქედან გამომდინარე ის უკვე განდგომილია პარტიიდან დიდი ხანია, ეს მან თავის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაშიც დაადასტურა, რომ ის არ არის ამ პარტიაში. ჩვენ პირიქით, მას შესაძლებლობა მივეცით, რომ მობრუნებულიყო 8-9 თვე ჩვენთან არ ყოფნის შემდგომ, როდესაც მანიფესტი გამოვაქვეყნეთ წინა კვირაში, მანიფესტში ჩამოყალიბებული იყო ყველას ის პრინციპი, ფასეულობა, დასახული იყო მიზნები როგორ ვებრძვით და როგორ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას და როგორ ვუპირისპირდებით რუსულ რეჟიმს, ეს იყო მისთვის შანსი და შესაძლებლობა, რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ როგორც ვხედავთ მან ეს შესაძლებლობაც არ გამოიყენა და არ უერთდება ამ გუნდს. აქედან გამომდინარე ეს არის მისი გადაწყვეტილება, მან თავისი თავი დაიყენა პარტიის მიღმა, თავისი მოქმედებებით, თავისი განცხადებებით და საჯაროდ ერთ-ერთ ეთერში აღიარებით, რომ ის არა არის ამ პარტიის წევრი.“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, ხაბეიშვილს დღეს გადადგომისკენ მოუწოდა გიორგი მუმლაძემ, ასევე, სხვადასხვა რეგიონში, საკრებულოების ფრაქციის წევრებმა.

“ჩემთვის ნიკა მელიას საკითხი დახურულია” – გიორგი ვაშაძე

ვფიქრობ, ნიკა მელიას საკითხი დახურულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში წერია, რომ ნიკა მელია პარტიაში არ ირიცხება და ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში თავისი ხელმოწერით პარტიის პოზიცია ძალიან მკაფიო გახადა.

„გამარჯვებისთვის ბრძოლას სრულიად ახალი სტრატეგიით დავიწყებთ და არჩევნებში ყველა ერთად გავიმარჯვებთ, რომელიც გეოპოლიტიკური რეფერენდუმია, რათა საქართველომ განაგრძოს სწრაფი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში წერია, რომ ნიკა მელია პარტიაში არ ირიცხება. ლევან ხაბეიშვილის ნაბიჯში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ – პოლიტიკა არის ზუსტად სიმბოლოების ხელოვნება, რითაც მკაფიო უნდა გახადო შენი გზავნილი. ლევან ხაბეიშვილმა თავისი ხელმოწერით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ძალიან მკაფიო გახადა და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემთვის ნიკა მელიას საკითხი ამოწურულია და დამთავრებულია, არც ხალხს არ აინტერესებს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.

ნიკოლენკოს ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, მასზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო.

„უკრაინის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გასამართ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.

“შემოვიტანეთ სასკოლო მონიტორინგი, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს ბუფეტებზე” – განათლების მინისტრი

ავამოქმედეთ ბრძანება, დასაშვებია ის პროდუქტები, რომელიც ჯანსაღი და მისაღებია მოზარდისთვის. რაც ყველაზე მთავარია, სამინისტროს მხრიდან მონიტორინგის გარდა შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი – სასკოლო მონიტორინგი, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს სასკოლო ბუფეტებზე, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა, როდესაც ისაუბრა სასკოლო კვებაზე.

„როდესაც სასკოლო კვებაზე ვსაუბრობთ, თუ გვინდა პასუხისმგებლობიანად ვისაუბროთ და სიმართლე ვთქვათ, აქ პრობლემა არ არის ფინანსებში, პრობლემა არის საკვების ხელმისაწვდომობაში, ვინაიდან ფიზიკურად არის სკოლები, სადაც ბუფეტი არ არის და სამწუხაროდ, არც სკოლების გარეთ არ არის არანაირი საკვები ობიექტი. თუმცა, ძალიან ბევრი სკოლა გვაქვს, სადაც არის ბუფეტი, მაგრამ სამწუხაროდ, იქაც იყო გარკვეული ხარვეზები ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის იმ პროდუქტების დაშვებაში, რომელიც, არ მინდა სიტყვა აკრძალულია გამოვიყენო, მაგრამ მოზარდისთვის არასასურველია. მშობელთა კავშირისა და სხვადასხვა ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მათი უკუკავშირის სრულად გათვალისწინებით დავამტკიცეთ ახალი ბრძანება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან, სურსათის უვნებლობასთან და ყველა უწყებასთან არის გავლილი და გათვალისწინებულია მათი რეკომენდაციები. ჩვენ ავამოქმედეთ ეს ბრძანება, ბუნებრივია, გარკვეული გონივრული ვადა დასჭირდება ამ ბრძანების სრულად ამოქმედებას იმისთვის, რომ დაცული იყოს ჰიგიენა. აკრძალულია ის პროდუქტები, რომელიც ჩამოთვლილია ბრძანებაში. დასაშვებია ის პროდუქტები, რომელიც ჯანსაღი და მისაღებია მოზარდისთვის. რაც ყველაზე მთავარია, სამინისტროს მხრიდან მონიტორინგის გარდა შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი – სასკოლო მონიტორინგი, კერძოდ, ამ კუთხით, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს სასკოლო ბუფეტებზე. ეს ადმინისტრირებული იქნება თვითონ სკოლის მხრიდან, თუ შესაძლოა გაქირავებულიც იყოს და ბუფეტში სხვა გარე ბენეფიციარი ახორციელებდეს მენეჯმენტს. ამიტომ, ამ კუთხით შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, იქ, სადაც უკვე ბუფეტები არის სრულად მოწესრიგდება ნებისმიერი ჰიგიენური, სურსათის უვნებლობის, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გათვალისწინებული სხვა საკითხები და ამის კონკრეტული მონიტორინგის მექანიზმებიც ინერგება“-განაცხადა ამილახვარმა.

ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრებიც უერთდებიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც უერთდებიან. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი კილაძე საუბრობს. ამბობს, რომ ეს მოთხოვნა საკრებულოს 7 დეპუტატს აქვს: 10 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ახალი მენეჯმენტი. მათი მთავარი დაპირება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ არ შესრულებულა. ქმედებასაც და მცდელობასაც ვერ ვხედავთ ამისას ჩვენ, რომ მომხდარიყო მასიური გამოსვლები, აქციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პარტიაში არის შექმნილი მძიმე სიტუაცია. ახალი მენეჯმენტი ცდილობს რაც შეიძლება გაარიდოს ის ადამიანები პარტიას, რომლებიც განსხვავებული აზრის არიან ახალ მენეჯმენტთან. დღეს გვაქვს მოცემულობა ასეთი – “ნაციონალური მოძრაობა” მისი ახალი მენეჯმენტით უნდა გადადგეს, რათა ამ პარტიას მიეცეს განვითარების და 2024 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება… ქუთაისის საკრებულოს 7 დეპუტატი უერთდება ამ მოთხოვნას, – ამბობს კილაძე. შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს დღეს გადადგომისკენ მოუწოდეს გიორგი მუმლაძემ, ასევე, სხვადასხვა რეგიონებში, საკრებულოების ფრაქციის წევრებმა. მათ საპასუხოდ კი პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ “ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნები 2025 წლამდე არ ჩატარდება”.

“პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს”

2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლოებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვილსას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის და მას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება.

„2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლებისთვის ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა. 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით, საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესების მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, ყოველწლიურად გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიით 11 პედაგოგი დაჯილდოვდა.

გიორგი ამილახვარმა დეპუტატებს პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების განვითარების ახალ ხედვაზე ისაუბრა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრის თქმით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ შეიმუშავა ექვსი ძირითადი მიმართულება, რომლის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტს წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბება და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი განხორციელება.

„გიორგი ამილახვარის განცხადებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც 2023 წელს სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო, ეს არის კერძო სექტორისთვის საჯარო შეთავაზება. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვას და ამ ფორმით უნარების ეკოსისტემაში ბიზნესის შემოყვანას, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების უკეთ მორგებას კერძო სექტორის ინტერესებზე. შედეგად, გაუმჯობესდება სასწავლო პროცესის ხარისხი, გაიზრდება კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრისა და მათი წინადადებების განხილვის მიზნით.

პროფესიული ხედვის მეორე მიმართულება გულისხმობს კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაციის გაძლიერებას – პროფესიული განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით დამტკიცებული დირექტორის სტანდარტი სავალდებულო გახდება ყველა კოლეჯის დირექტორისთვის. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს დაეფუძნება დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც. ახალი მიდგომა კი კოლეჯების მართვას გახდის უფრო ეფექტურს და აამაღლებს ახალი იდეებისა და ხედვების განხორციელების პოტენციალს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლებაზე. მისი თქმით, პროფესიული უნარების სააგენტოს კოორდინაციით, უკვე დაიწყო პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლება და შრომის ბაზრის საჭიროების შესაბამისად ახალი კვალიფიკაციების განვითარებაც. პროცესი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება და მოხდება 30 კვალიფიკაციის განვითარება. ამასთან, 2024 წელს 55 კვალიფიკაციის, ხოლო 2025 წელს 40 კვალიფიკაციის განახლება განხორციელდება. შედეგად, 2025 წლისთვის პროფესიული კვალიფიკაციები ყველა სექტორში უპასუხებს შრომის ბაზრის ადგილობრივ და საერთაშორისო საჭიროებებს.

გიორგი ამილახვარმა გამოყო ახალი ხედვის მეოთხე მიმართულება – პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლება. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების რეფორმის გეგმის ნაწილია პროფესიული განათლების დაფინანსების ეფექტური სისტემის განვითარება. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით მომზადებულია დაფინანსების ახალი მოდელის სამუშაო ვერსია. დაფინანსების ახალი მოდელის ძირითადი ხაზი იქნება დივერსიფიცირებული დაფინანსება პრიორიტეტებისა და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. ასევე, იმისათვის, რომ წახალისდეს დაწესებულებების განვითარება და მოტივაცია, დაფინანსების ახალი მოდელი გაითვალისწინებს შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტს.

გიორგი ამილახვარმა სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვა. აზიის განვითარების ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 30 საჯარო სკოლასთან, რის შედეგადაც, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელი იქნება 29 მუნიციპალიტეტში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, მომზადდა და გაძლიერდა შერჩეული სკოლები. ინიციატივა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას. უკვე შემუშავების ეტაპზეა ინიციატივის განხორციელების მექანიზმები, ხოლო უშუალოდ დანერგვის პროცესი 2024 წლის ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.

ახალი ხედვის მეექვსე პუნქტს წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტით მასწავლებლის მომზადება. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისა და მათი კვალიფიკაციების ამაღლების ხელშეწყობისთვის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მასწავლებელთა მომზადება გახდება უფრო მასშტაბური და სისტემური. ამ მიზნით სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზების საკითხზე. შედეგად, 2024 წლისთვის საზღვარგარეთ პროფესიული განათლების 50 მასწავლებელი გადამზადდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7128 ლარი ეღირება, ევრო – 2.9705 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4274 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7113 ლარი ღირდა, ევრო – 2.9697 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4203 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 ნოემბერს ამოქმედდება.

“2024 წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება” – გიორგი ამილახვარი

2024 წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას აღნიშნა.

„მანდატურის სამსახური, მიმდინარე წელს, დამატებით, 27 სკოლაში შევიდა და ჯამში, 719 სკოლაში უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოებას. ეს ფარავს მოსწავლეების 90%-ზე მეტს. სასკოლო მედიაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა და რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში დაიგეგმა და აქტიურად ხორციელდება. 2024 წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ კუთხით მენეჯმენტს და კოორდინაციას სისტემაში“,- განაცხადა ამილახვარმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზაში მკურნალობის გარეშე დაავადებებისგან შესაძლოა, მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე დაბომბვისგან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზაში მკურნალობის გარეშე დაავადებებისგან შესაძლოა, მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე დაბომბვისგან.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს თავშესაფრების შემოწმებისას გამოვლინდა გავრცელებული დიარეა და რესპირატორული ინფექციები ბავშვებსა და ჩვილებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაავადებულები მკურნალობას ვერ იღებენ, ასევე მკურნალობის გარეშე არიან ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, როგორიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.

ამასთან, ჩრდილოეთ ღაზაში იუნისეფის თანამშრომლები საომარი მოქმედებების შედეგად მძიმედ დაჭრილი ბავშვების შესახებ საუბრობენ.

ჰუმანიტარული ორგანიზაციები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მუდმივი რეჟიმის მოწოდებით გამოდიან.