გიორგი ამილახვარმა დეპუტატებს პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

39
spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების განვითარების ახალ ხედვაზე ისაუბრა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრის თქმით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ შეიმუშავა ექვსი ძირითადი მიმართულება, რომლის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტს წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბება და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი განხორციელება.

„გიორგი ამილახვარის განცხადებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც 2023 წელს სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო, ეს არის კერძო სექტორისთვის საჯარო შეთავაზება. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვას და ამ ფორმით უნარების ეკოსისტემაში ბიზნესის შემოყვანას, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების უკეთ მორგებას კერძო სექტორის ინტერესებზე. შედეგად, გაუმჯობესდება სასწავლო პროცესის ხარისხი, გაიზრდება კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრისა და მათი წინადადებების განხილვის მიზნით.

პროფესიული ხედვის მეორე მიმართულება გულისხმობს კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაციის გაძლიერებას – პროფესიული განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით დამტკიცებული დირექტორის სტანდარტი სავალდებულო გახდება ყველა კოლეჯის დირექტორისთვის. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს დაეფუძნება დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც. ახალი მიდგომა კი კოლეჯების მართვას გახდის უფრო ეფექტურს და აამაღლებს ახალი იდეებისა და ხედვების განხორციელების პოტენციალს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლებაზე. მისი თქმით, პროფესიული უნარების სააგენტოს კოორდინაციით, უკვე დაიწყო პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლება და შრომის ბაზრის საჭიროების შესაბამისად ახალი კვალიფიკაციების განვითარებაც. პროცესი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება და მოხდება 30 კვალიფიკაციის განვითარება. ამასთან, 2024 წელს 55 კვალიფიკაციის, ხოლო 2025 წელს 40 კვალიფიკაციის განახლება განხორციელდება. შედეგად, 2025 წლისთვის პროფესიული კვალიფიკაციები ყველა სექტორში უპასუხებს შრომის ბაზრის ადგილობრივ და საერთაშორისო საჭიროებებს.

გიორგი ამილახვარმა გამოყო ახალი ხედვის მეოთხე მიმართულება – პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლება. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების რეფორმის გეგმის ნაწილია პროფესიული განათლების დაფინანსების ეფექტური სისტემის განვითარება. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით მომზადებულია დაფინანსების ახალი მოდელის სამუშაო ვერსია. დაფინანსების ახალი მოდელის ძირითადი ხაზი იქნება დივერსიფიცირებული დაფინანსება პრიორიტეტებისა და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. ასევე, იმისათვის, რომ წახალისდეს დაწესებულებების განვითარება და მოტივაცია, დაფინანსების ახალი მოდელი გაითვალისწინებს შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტს.

გიორგი ამილახვარმა სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვა. აზიის განვითარების ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 30 საჯარო სკოლასთან, რის შედეგადაც, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელი იქნება 29 მუნიციპალიტეტში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, მომზადდა და გაძლიერდა შერჩეული სკოლები. ინიციატივა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას. უკვე შემუშავების ეტაპზეა ინიციატივის განხორციელების მექანიზმები, ხოლო უშუალოდ დანერგვის პროცესი 2024 წლის ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.

ახალი ხედვის მეექვსე პუნქტს წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტით მასწავლებლის მომზადება. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისა და მათი კვალიფიკაციების ამაღლების ხელშეწყობისთვის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მასწავლებელთა მომზადება გახდება უფრო მასშტაბური და სისტემური. ამ მიზნით სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზების საკითხზე. შედეგად, 2024 წლისთვის საზღვარგარეთ პროფესიული განათლების 50 მასწავლებელი გადამზადდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.