Home Blog Page 1972

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, მოლდოვაში ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას, მოლდოვაში დაგეგმილი ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი, – ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ კიშინიოვში პირველ ივნისს საბოლოოდ შეიძლება, გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს არის ისტორიული მომენტი და იმპულსი, რომლის გამოტოვება არ შეიძლება“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს, სავარაუდოდ, 47-მდე სახელმწიფოს მთავრობისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მეთაურები დაესწრებიან.

სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავენ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან.

20 წლის ბიჭის ცხედარი მისმა თანატოლებმა საბარგულში მოათავსეს და ტყის პირას დამარხეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა; მათგან ერთი – დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ორი პირი კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ უწყებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ გაუჩინარებული პირი მოკლულია.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 22 მაისს შემოვიდა შეტყობინება, 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს გ.ა. მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გ.ა.-ს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“წარმოუდგენელია, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ოფიციალურ ღონისძიებაში”-ხაბეიშვილი

ირაკლი კობახიძის არ დასწრებას დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ ღონისძიებაზე აქვს ორი მიზეზი – ეს იყო გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მეორე – ეს იყო საბოტაჟი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არ დასწრებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება გადადის „უმწვავეს რეჟიმში“.

„ცივილიზებულმა სამყარომ, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. არის კრემლის, პუტინის რუსეთი, რომელმაც არც მიულოცა, არც აღიარებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და ზუსტად, ასე იქცევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ვგულისხმობ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც არ აინტერესებს დამოუკიდებლობის დღე და არც გამოცხადებულა ოფიციალურ ღონისძიებაზე.

გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად რუსულია მისი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის დღისადმი, წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაში, ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს დამოუკიდებელი საქართველო.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს აქვთ დაპირისპირება ერთმანეთთან, ვერ იყოფენ პრემიერ-მინისტრის სკამს, ვერ იყოფენ ბიძინა ივანიშვილის სკამზე ვინ უფრო მოურავი იქნება და ეს იყო ერთგვარი საბოტაჟი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ასე ძიძგნიან ჩვენს ქვეყანას, ვერ იყოფენ თანამდებობებს, მილიონებს, კორუფციულ სისტემებს, რომლებიც მრავლად არის „ქართულ ოცნებაში“. ეს იყო გზავნილი ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის არ დაემორჩილება ირაკლი ღარიბაშვილს.

საბოლოო ჯამში, ეს დაპირისპირება გადადის უმწვავეს რეჟიმში, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ეს ყველა რუსი და კრემლიდან მართული აგენტურა გვყავს გასაგდები კინწისკვრით, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკელი დიპლომატები დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი დიპლომატები დაიბარა, რათა გადასცენ პროტესტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებების გამო, რომელიც, მოსკოვის მტკიცებით უკრაინას ყირიმზე დარტყმების განხორციელებაში მხარდაჭერას უცხადებს.

„შეერთებული შტატების მტრულმა ქმედებებმა, რომელიც დიდი ხანია კონფლიქტის მხარეა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები ღრმა და სახიფათო კრიზისში ჩააგდო, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვა. დროა, ვაშინგტონმა გაიგოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ფორმას უძლიერესი წინააღმდეგობა შეხვდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისათვის, ჯეიკ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის შეზღუდვები არ დაუწესებია, განახორციელოს დარტყმა საკუთარ ტერიტორიაზე.

„დიახ. ჩვენ არ დაგვიწესებია შეზღუდვები უკრაინისთვის, რომ შეეძლოს დარტყმა განახორციელოს მის ტერიტორიაზე. რაც ჩვენ ვთქვით არის ის, რომ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას უკრაინას ამერიკული სისტემებით, დასავლური სისტემებით, თავს დაესხას რუსეთს. ჩვენ გვჯერა, რომ ყირიმი არის უკრაინა“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

„მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და პარტნიორობის გაგრძელებას“ – მეფე ჩარლზ III

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მეფის მილოცვა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩომ გაავრცელა.

„მსურს, ჩემი თბილი მილოცვა გავუგზავნო მის აღმატებულებას და ქართველ ხალხს ამ თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დღეს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ჩვენი თბილი მეგობრობის და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ამ გამოწვევებით სავსე დროში“, – აღნიშნულია მეფის მისალოც წერილში.

“ყოველი მისი გამოსვლა მავნებლობით და საკუთარი ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფითა და ღვარძლითაა გატენილი”

„საქართველო მაინც გაიმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილისნაირებს კი ბევრს მოინელებს!” – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ყოველი გამოსვლა მავნებლობით და საკუთარი ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფითა და ღვარძლითაა გატენილი.

„პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოგვიკლეს, მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იძულებით გადააყენეს, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა ომში საკუთარი ჯარი მიატოვა, ქვეყანას ათასი უბედურება დამართა, მერე საქართველოდან გაიქცა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, მერე ჩვენთან სიტუაციის ასარევად შემოაპარეს, მერე კი ისე სამარცხვინოდ მოიქცა პატიმარ-ავადმყოფის ამპლუაში, რომ მსგავსი არც გაგვიგია და არსებობს, მეოთხე პრეზიდენტი გალოთდა და პოლიტიკურად ბოლომდე გაპარტახდა…მაგრამ აი, ეს მეხუთე სალომე ზურაბიშვილი..ესაა, რაც არის! არავის უყვარს, არავინ არაფრად არ აგდებს, ყოველი მისი გამოსვლა კი მავნებლობითა და საკუთარი(?) ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფითა და ღვარძლითაა გატენილი…რატომღაც, რომ დღეს, საზეიმო დღეს ეთქვა რამე ადეკვატური, არ გამკვირვებია, უბრალოდ სულ იმას ვფიქრობ ასეთი რა შევცოდეთ უფალს…ალბათ შევცოდეთ! უნდა მოვინანიოთ, გაკვეთილი გაკვეთილად მივიღოთ, რომ მსგავსი, რამ არასოდეს არ გავიმეოროთ! საქართველო მაინც გაიმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილის ნაირებს კი ბევრს მოინელებს! კორონას დროს დავწერე არ შეშინდეთ ხალხნო, განსაცდელში ვართ მაგრამ გავიმარჯვებთ-თქო! ეს ქალბატონიც, როგორც ჩანს განსაცდელად თუ გამოსაცდელად მოგვევლინა, მაგრამ ესეც წავა, აბა სად წავა, ჩვენ კი, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ,”– წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ქობულეთში, სოფელ ჩეხედანაში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი დამარხული იპოვეს

ქობულეთში, სოფელ ჩეხედანას სტადიონთან ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი დამარხული იპოვეს.

TV25-ის ინფორმაციით, ბიჭი სტუმრად მეზობელ სოფელ სკურაში იმყოფებოდა. ახალგაზრდას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

„არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს” – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბრიუსელში მისი მთავარი სათქმელი იქნება – „ჩვენი ევროპული მომავალი”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

კითხვაზე, რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯი ბრიუსელში ვიზიტისას, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს – “ჩვენი ევროპული მომავალი”.

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას, თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტს მოღალატე უწოდა.

„არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს,”- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კითხვაზე, შეხვედრია თუ არა ირაკლი ქადაგიშვილს, პრეზიდენტი პასუხობს: “კი და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონია.”

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებულ კითხვასაც. პრეზიდენტის პასუხი გვარამიას საკითხზე ასეთია: „პოზიცია არის ის, რომ თავისუფლება არის მთავარი”.

“აშშ ამაყია, რომ დღევანდელ დღეს აღნიშნავს ქართველებთან ერთად” – კელი დეგნანი

აშშ ამაყია იმ შესაძლებლობით, რომ აღნიშნავს ამ დღეს ქართველებთან ერთად, რომ ვდგავართ საქართველოს გვერდით და გეხმარებით ძლიერი, აყვავებული, ევროპული დემოკრატიის მშენებლობაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, დღეს არის შესანიშნავი ზეიმი, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვის ძალებზე.

„ეს ძალიან შთამბეჭდავია. ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ შეძლოს საკუთარი საზღვრების დაცვა, რათა შეაკავოს ეს საშინელი აგრესია, რომელსაც ვხედავთ თქვენს რეგიონებში. ეს საქართველოს მოსახლეობის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ერთგულების ძალიან შთამბეჭდავი ჩვენებაა, რაც საუკუნეებს ითვლის. არა წლებს ან ათწლეულებს, არამედ საუკუნეებს. აშშ ამაყია იმ შესაძლებლობით, რომ აღნიშნავს ამ დღეს ქართველებთან ერთად, რომ ვდგავართ საქართველოს გვერდით და გეხმარებით ძლიერი, აყვავებული, ევროპული დემოკრატიის მშენებლობაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

“დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო იმაზე დიდი საფრთხის წინაშეა, ვიდრე ადრე” – დემურ გიორხელიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

ჩემი ღრმა რწმენით, – ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, ყოველი ასეთი თარიღი, მით უფრო ტრაგიკულად დასრულებული და ახლაც უდიდესი საფრთხის წინაშე მდგომი, – საღი გააზრებისა და მსჯელობის საგანი უნდა იყოს!
. რატომ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა?
. რამ განაპირობა ის, რაც მოხდა?!
. შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება?
. რა გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახებაში ვერ გაერკვა საქართველოს მაშინდელი მთავრობა და რა იყო არასწორი მათ მიზანდასახულობა-ქცევაში?
. 32 წელი გავიდა სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან და ქართველთა საკმაო ნაწილის დიდი მონდომებითა და
ენერგიული მცდელობით, ეს სახელმწიფო არა მხოლოდ არ განვითარებულა, არამედ, ქართველისთვის გაუსაძლისი ხდება და აკი, გარბის კიდეც საკუთარი ქვეყნიდან!

რატომ? რატომ ხდება ეს?
დღევანდელი დღე მორიგი თავდავიწყებისა და ემოციების ფრქვევის დღეა!
“რანი ვიყავით!”
“რა დიდი პატრიოტები მართავდნენ ქვეყანას”
და ა.შ. და ა.შ.

ამ დროს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი მონაპოვარი – დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო იმაზე დიდი საფრთხის წინაშეა, ვიდრე ადრე, მისი “პოლიტიკური” ავანსცენა კი კვლავ გამყიდველ, დილეტანტი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ხელშია, რომელსაც ხალხის საკმაო ნაწილი უჭერს მხარს! თავისთავად ეს მდგომარეობა ანომალიურია და საშიში!

წარმატებას გისურვებთ ყველას, ვისაც ეს ქვეყანა რამედ უღირს!
ზეიმის დრო კი მაშინ იქნება, როცა ასეთი ხალხის მიზანმიმართული შრომა, შემართება და ცოდნა ამ ქვეყანას განვითარების გზაზე შეაყენებს!

ერთი დღის აფექტი – შიშველი ემოციაა და სხვა არაფერი! წესით, საღი ადამიანი ამ დღის შეგრძნება-შეგნება- გააზრებით ყოველდღე უნდა ცხოვრობდეს და ეს მისი ჩვეულებრივი ნორმალური მდგომარეობა უნდა იყოს!
არის?
ჯერ-ჯერობით, არა, მაგრამ… იქნება, თუ სურვილი გვექნება!

“სანამ საქართველო არ იქნება ერთიანი, 26 მაისი ვერ იქნება სრულყოფილი, როგორც საზეიმო თარიღი”

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თანამოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია.

დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენგანს სიამაყით აღავსებს, მაგრამ ეს დღე ამავდროულად სევდიანი და ტკივილიანია.

სანამ საქართველო არ იქნება ერთიანი, სანამ არ გადავდგამთ ნაბიჯებს დიდი სახალხო შერიგებისკენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან, 26 მაისი ვერ იქნება სრულყოფილი, როგორც საზეიმო თარიღი.

ძალიან დასანანია, რომ დღესაც იგივე პრობლემებით ვხვდებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს და თითოეულ თანამოქალაქეს ვუსურვებ, რომ მომავალი 26 მაისს საქართველო იყოს ერთიანი, ნამდვილად სუვერენული, წარმატებული და განვითარებული, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს ღირსეული ქვეყნის ღირსეულ შვილად“, – ნათქვამია „ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

“26 მაისი ყველას გვახსენებს, რამდენად ღირებული, გასაფრთხილებელია დამოუკიდებლობა” – ლევან დავითაშვილი

დღევანდელი დღე გამორჩეულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 26 მაისი თითოეულ ჩვენგანს გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ღირებულია დამოუკიდებლობა, რამდენად გასაფრთხილებელია, სათუთია და რამდენად პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ ამ მონაპოვარს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს.

„ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, დავამკვიდროთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. რეალური დამოუკიდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყანა არის ძლიერი, მათ შორის, ეკონომიკურად. ამ შემთხვევაში ქვეყანას ექნება რეალური აღიარება. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიურად ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს, რეალურად მივიღოთ ის სიკეთე, რასაც თავისუფლების სიკეთე ჰქვია. ამ შემთხვევაში ჩვენი სამინისტროს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ხედავთ ძალიან ბევრ ბენეფიციარს –  წარმოდგენილია „აწარმოე საქართველოში“. მათთვის ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ახალი პროდუქცია, არამედ ამ პროდუქციის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ, ასევე უცხოელმა მომხმარებლებმა გაიგონ. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, კომპანიებს მივეხმაროთ პრეზენტაციებში, გამოფენებში, მათ შორის ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობაში, რათა მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს და ქართული პროდუქცია მეტად მოთხოვნადი, დაფასებული იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.