Home Blog Page 1971

“პუტინი, რომელიც თავს ოსეთის გადამრჩენად აცხადებდა, მათ გენოციდზე აქტიურადაა გადასული”- სააკაშვილი

პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„19 ივნისს უკრაინელებმა აიღეს პიაწიხატკი ზაპოროჟიეს ოლქში, ოპერაციის დროს გაანადგურეს ცხინვალის რეგიონის რამდენიმე ასეული ეთნიკური ოსებისაგან დაკომპლექტებული ბატალიონი. ამგვარად, პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე“, – წერს სააკაშვილი.

„ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში: დისკუსია კონსტრუქციულად ჩაითვალა, მაგრამ უთანხმოება არ გამქრალა“

საერთაშორისო მასმედია აქტიურად აშუქებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ოფიციალურ ვიზიტს პეკინში, რომელიც ორშაბათს, 19 ივნისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ძინპინს შეხვდა და მოელაპარაკა.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში: დისკუსია კონსტრუქციულად ჩაითვალა, მაგრამ უთანხმოება არ გამქრალა“, რომელშიც მიმოხილულ და გაანალიზებულია მოლაპარაკების დროს გამოკვეთილი ამერიკული დიპლომატიური მიდგომები პეკინის მიმართ: რაზე ისაუბრეს, რას მიაღწიეს, რაზე ვერ შეთანხმდნენ და როგორი იქნება ვაშინგტონ-პეკინის ურთიერთობა სამომავლოდ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

პეკინში ვიზიტის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ოფიციალურ პირებთან გამართული დისკუსიები კონსტრქუციული იყო.

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს სახელმწიფო მდივნის ნათქვამი, ჯერ-ჯერობით ამაზე მსჯელობა რთულია.

ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთში იგი კავშირურთიერთობების განმტკიცების მიზნით ჩავიდა და კიდევ იმისთვისაც, რომ გაირკვეს – რა საკითხებში ეთანხმებიან მხარეები ერთმანეთს და რომელ საკითხებში არსებობს უთანხმოება. მისი თქმით, ეს ყველაფერი ვაშინგტონმა და პეკინმა გაარკვიეს.

ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობის სტაბილიზების აუცილებლობას. მისი თქმით, ვიზიტის დროს გაიმართა „აქტიური საუბარი“ გლობალურ პრობლემებზე, „უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ჩათვლით“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ჩინეთის მეტოქეობა კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს – მას ეს ფრაზა ადრეც რამდენჯერმე აქვს ნათქვამი. ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმება ჩინეთის ინიციატივას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით იმ პირობით, რომ დაცული იქნება გაეროს წესდებაში დაფიქსირებული პრინციპები.

„ჩვენ მზად ვიქნებით მივესალმოთ ჩინეთის ინიციატივას, რომელიც სამართლიანი იქნება და გაეროს წესდების პრინციპებზე იქნება დაფუძნებული“, – თქვა მან. სახელმწიფო მდივანმა სი ძინპინს ასევე შესთავაზა ხანგრძლივად იქნას გაგრძელებული შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა.

ენტონი ბლინკენს კითხვა დაუსვეს ჩინეთის ვალდებულებაზე – არ მიაწოდოს რუსეთს „ლეტალური“ (სასიკვდილო) იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, რაზედაც სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ამ ვალდებულებისადმი ერთგულებაზე ჩინეთს ბოლო კვირეებში არაერთხელ განუცხადებია როგორც ვაშინგტონის, ასევე სხვა ქვეყნების წინაშე: „იარაღის მიუწოდებლობის დაპირება ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენს და ჩვენ დღემდე ისეთი არაფერი შეგვიმჩნევია, რომ პეკინი მას არღვევდეს“, –  აღნიშნა ენტონი ბლინკენმა..

თუმცა ამერიკული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა იქვე შენიშნა, რომ აშშ „ძველებურად არის შეშფოთებული კერძო ჩინური კომპანიების მოქმედებით – მათ შეუძლიათ რუსეთს ისეთი დახმარება გაუწიონ, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, აშკარად იყოს მიმართული რუსეთის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად“.

ტაივანთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენმა დაადასტურა „ერთი ჩინეთის“ პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება, რომელსაც აშშ დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებს და რომელიც იმას ნიშნავს, რომ აშშ-სათვის არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთის მთავრობა, მაგრამ იმავდროულად ჩინეთის შემადგენლობაში არსებული ორი პოლიტიკური სისტემა ერთმანეთს მშვიდობიანად ეწყობა. „ჩვენი პოლიტიკა ამ მხრივ არ შეცვლილა“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა: „ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ტაივანის დამოუკიდებლობას“. ენტონი ბლინკენმა განმარტა, რომ ამერიკას არ სურს სტატუს-ქვოს შეცვლა ამ საკითხში. „ამასთან მე სი ძინპინს დაუფარავად ვუთხარი, რომ ამერიკა შეშფოთებულია ჩინეთის პროვოკაციული მოქმედებით ტაივანის სრუტეში“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა და მიუთითა, რომ ტაივანის ირგვლივ შექმნილმა პოტენციურმა დაძაბულობამ შეიძლება ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს, რომელიც მთელ მსოფლიოზე გავლენას მოახდენს.

რაც შეეხება აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობას, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ცდილობდა სი ძინპინის გადარწმუნებას იმაში, რომ თითქოსდა ამერიკა ხელს უშლის და ამუხრუჭებს ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებას: „ჩვენს შორის ვაჭრობა ფართოვდება. ფაქტები უარყოფენ იმას, რომ ჩვენ ჩინეთს თითქოსდა განვითარებაში ხელს ვუშლით“.

„ჩინეთის ეკონომიკური განვითარება ამერიკისათვის მომგებიანია, მაგრამ არის ზოგიერთი კონკრეტული ტექნოლოგია, რომელიც დაცული უნდა იყონ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.

რთული ვიზიტი

ვიზიტის წინა პერიოდში ვაშინგტონის მოლოდინი მაინცდამაინც ოპტიმისტური არ იყო: „მას კარგს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, ნიეტრალურსაც კი“, – ამბობდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში. შემდეგ განცხადებები ცოტა შერბილდა: პეკინში წასვლის წინ ენტონი ბლინკენმა აღიარა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა ტურბულენტობის მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ ორივე მხარისათვის სტაბილიზება  სასარგებლო იქნება, ვიზიტის დაწყების დროს კი ამერიკის დელეგაცია აცხადებდა, რომ თვით ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა „გამყინვარების ზღვარზე“ არსებული ურთიერთობებისათვის

„სი ძინპინისა და ენტონი ბლინკენის პირადი შეხვედრა შეიძლება განვიხილოთ იმ მინიშნებად, რომ ჩინეთის მთავრობა ცდილობს აშშ-ჩინეთის ურთიერთობის დაცემა როგორმე შეაჩეროს“, – აღნიშნავს სტივენ მაკდონელი, „ბიბისის“ კორესპონდენტი პეკინში

ჩინური პროტოკოლის (უცხო ოფიციალური პირების მიღების პროცედურის) თანახმად, სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე მხოლოდ უცხოეთის ქვეყნების მეთაურებს ხვდება ხოლმე, მაგრამ ვაშინგტონსა და პეკინს შორის გაურესებულმა სიტუაციამ, როგორც ჩანს, სიმბოლური ჟესტი მოითხოვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ტრაექტორიის შესაცვლელად.

„ეჭვიანი კონკურენტები“

როგორც „ბიბისის“ კორესპონდენტი აშშ-ში ენტონი ზურკერი აღნიშნავს, ვაშინგტონი ფრთხილ შეფასებებს აძლევს ჩინელებთან მაღალი დონის კონტაქტების აღდგენას და აღიარებენ, რომ ამერიკასა და ჩინეთის ურთიერთობებში სერიოზული და რთულად მოსაგვარებელი უთანხმოებები არსებობს.

მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს ტაივანის პრობლემა წარმოადგენს. უეჭველია, რომ ტაივანი ისეთი ფეთქებადსაშიში ადგილია, რომლის გამოც სიტყვიერი ომი შეიძლება ცხელ ომში გადაიზარდოს. „ტაივანის მიმართ პეკინისაგან ყოველგვარი კომპრომისი დაუშვებელია“, – ეს ჩინელი დიპლომატის ვან ი-ს განცხადებაა, რომელიც პოლიტბიუროში საგარეო პოლიტიკის კურატორს წარმოადგენს.

ჩინეთს უფრო ფართო ამბიციებიც აქვს – საყოველთაოდ ცნობილია, რომ უმსხვილესი რეგიონული სახელმწიფო მსოფლიო ლიდერს უტოლდება და გლობალური მოთამაშის მანტიას ირგებს. თავის მხრივ, შეერთებულ შტატებს მსოფლიო საქმეებში თავისი დღის წესრიგი აქვს – ლიდერის როლი დემოკრატიის გლობალურ ბრძოლაში ავტოკრატიის წინააღმდეგ (როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს).

ამერიკამ აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ რისკების შესუსტებაში გამოიხატება – ვაშინგტონს ჩინეთი იზოლირება ან შეკავება კი არ სურს, არამედ ის, რომ თავიდან იქნას აცილებული კრიზსებისა და კონფლიქტების შესაძლებლობა. მაგრამ პეკინს ვაშინგტონის პრაქტიკული ნებიჯები აეჭვებს: აშშ-ის ურთიერთობას რეგიონულ მოკავშირეებთან – სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან და ფილიპინებთან – ჩინეთი სწორედ შეკავებად და იზოლაციის მცდელობად თვლის.

ჯო ბაიდენი და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსანი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩინეთი მათთვის მხოლოდ ეკონომიკურ კონკურენტს წარმოადგენს და არა სამხედრო მეტოქეს და მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბალანსის დაცვა ძალიან რთულია – კონკურენცია ვლინდება როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო საქმეში და თან მწვავდება. ერთი შეხედვით, ამერიკაც და ჩინეთიც თითქოსდა დაინტერესებულნი არიან ურთიერთობის ნორმალიზება-სტაბილიზებაში, მაგრამ ამჟამად რეალობა ისეთია, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება კონფლიქტისთვის არის განწირული. თუ როგორ იცხოვრებს ეს ორი ქვეყანა და მათთან ერთად ჩვენც, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქნება მოგვარებული მათი უთანხმოება.

წყარო

“თუ სოციალურ ქსელებში არსებულ აგრესიას ცხოვრებაში გადმოვიტანთ, მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას” – ლევან იოსელიანი

ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ.

„ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით.

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე“, – წერს იოსელიანი.

ცნობისთვის, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.

“თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ ეთანხმება გვარამიას შეფასებას მის მიმართ”-ირაკლი კობახიძე

“თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ ეთანხმება გვარამიას შეფასებას მის მიმართ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას ახსოვს, თავის დროზე გვარამია ზურაბიშვილს როგორ მოიხსენიებდა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გახსოვთ, თავის დროზე როგორ მოიხსენიებდა გვარამია სალომე ზურაბიშვილს, როცა ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ერთი სიტყვა შემიძლია, გავიხსენო, მეორეს უბრალოდ არ გავიხსენებ, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მას უწოდებდა “რეზიდენტს”. თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ გვარამიას შეფასებას მის მიმართ ეთანხმება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეული წითელი ხაზები აქვს, რაც ძალიან კარგია და იმედია, რომ ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება”, – განაცხადა კობახიძემ.

“შავი კატა ბნელ ოთახში არ არის და სადაც არის მიგასწავლეთ” – ზურაბ ქადაგიძე

შავი კატა ბნელ ოთახში არ არის და სადაც არის მიგასწავლეთ, მაგრამ აბა ლომჯარიას რას გაუბედავთ, ეგ ხომ დეგნანის ფრეილინაა და თქვენთვის კი კელი – პატრიარქია, – ასე მიმართავს ტელეკომპანია „პირველს“ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელის მეშვეობით.

როგორც ქადაგიძე წერს, ტელეკომპანიამ 20 ივნისის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ კითხვები ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უნდა დაუსვას.

„რატომ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში? გახარიას რა უნდა ჰკითხოთ, უფრო სანდო წყაროს მიგასწავლით – 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობაში გახარიასთან ერთად იმყოფებოდნენ: სახალხო დამცველი ლომჯარია და მისი მოადგილე…

ჰოდა გახარიას თავისი ცოდვები ეყოფა, გაეშვით, ისედაც ბეჩავია ეგ მელიას ნათრევი და თუ თქვენ რეალური პასუხები გინდათ, მიმართეთ ლომჯარიას – რა უნდოდა 20 ივნისის ღამეს პარლამენტში, ვისთან კონტაქტობდნენ გახარია და სახალხო დამცველი დარბევის მომენტში, რატომ არ აუხსნა საზოგადოებას ლომჯარიამ კულისებში განვითარებული ნიუანსები და ა.შ. ასე რომ შავი კატა ბნელ ოთახში არ არის და სადაც არის მიგასწავლეთ, მაგრამ აბა ლომჯარიას რას გაუბედავთ, ეგ ხომ დეგნანის ფრეილინაა და თქვენთვის კი კელი – პატრიარქია“, – წერს ქადაგიძე.

“რუსეთში ღვინის შემომტან ქვეყნებს შორის საქართველოს პირველი ადგილი უკავია” – მედია

2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში წყნარი ღვინოების მიწოდების კუთხით საქართველო ლიდერობს. ამ მაჩვენებელში საქართველომ იტალიას გაუსწრო.

ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საბაჟო ორგანოებზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ამავე დროს რუსეთში იტალიური ღვინის 23,4 მილიონი ლიტრი შემოიტანეს – მიწოდება 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც – ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალია.

ექსპერტების აზრით, საქართველოდან ღვინის მიწოდების ზრდა განპირობებულია „გადახდასთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობით“, და ასევე იმ კონტრაქტებით, რომლებსაც რუსული სავაჭრო ქსელები პირდაპირ მწარმოებლებთან დებენ. ასევე ქართულ ღვინოზე ნულოვანი საიმპორტო ბაჟი ვრცელდება და მათი ფასი შედარებით სტაბილურია.

“რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ”

რუსეთთან არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, არის სპეციალური წარმომადგენელი, ეს არის ერთადერთი არხი, რაც გვაქვს კომუნიკაციის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, ჩადოს ინვესტიცია სატრანსპორტო კვანძის გახსნაში.

მისივე თქმით, ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც აღმოჩნდა ფარსი და ტყუილი.

„ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ. არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, არის სპეციალური წარმომადგენელი. ეს არის ერთადერთი არხი, რაც გვაქვს რუსეთთან კომუნიკაციის. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს. ეს არის ის თემები, რაზეც არის კონცენტრირებული ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა“, – განაცხადა კობახიძემ.

“ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები ცვლილებები და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები 2012 წლის შემდეგ პერიოდთან ასოცირდება.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 12 – პუნქტიანი გეგმა არ სჭირდებოდა და კანდიდატის სტატუსს მის გარეშეც იმსახურებდა, 12-ვე პუნქტი მაინც ივნისის ბოლომდე შესრულდება.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც არის მოცემული, ივნისის ბოლომდე შესრულდეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს, ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ და საქართველო 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღნიშნული 12 – პუნქტიანი გეგმა არ გვჭირდებოდა და სტატუსს ამის გარეშეც ვიმსახურებდით. ამას აჩვენებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომ ჩვენი ქვეყანა მანამდე მიღებულ ქვეყნებზე ბევრად წინ არის. ეს ჩვენი ქვეყნის დამსახურება იქნება. ამ რთულ გზაზე ხელშესახები ცვლილებები და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები 2012 წლის შემდეგ პერიოდთან ასოცირდება.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჩვენ ევროპელ პარტნიორებზე იქნება და მოკიდებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ სტატუსს მიიღებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კითხვაზე, ხელს შეუშლის თუ არა „ქართული ოცნების“ „ძალადობრივი განცხადებები“ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ხელს, კახა კალაძემ უპასუხა, რომ მთავრობა დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს და პასუხად ძალადობას არ უნდა იღებდნენ. მისი თქმით, ძალადობას ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.

„ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან. საერთოდ, რომელ ძალადობრივ ფაქტზე საუბრობთ? რომელ ძალადობრივ ფაქტს ახალისებს „ქართული ოცნება“? რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობას არ უნდა ვიღებდეთ. არ უნდა წახალისდეს ძალადობა. ამის მაგალითია ისიც, რომ პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან და ოპოზიციას ამ ადამიანის გმირად შერაცხვის მცდელობა აქვს. ძალადობას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – აღნიშნა კალაძემ.

“მთავარია, მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა და დაფინანსება”

მთავარია, მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა და დაფინანსება, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თანამდებობას, წინ უნდა გავიხედოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომლითაც აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართავს: „რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აღვივებთ პოლარიზაციას?“ რაზეც კობახიძემ აღნიშნა:

„მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ბილწსიტყვაობის წახალისება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს ახალი ელჩის კუთხით. ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 38 წლის მამაკაცი არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების – 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა.

იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“რაც შეეხება სააკაშვილის 600-ჯერ გარდაცვალებას, დადასტურდა, რომ ეს არის მართლაც ფარსი” – ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება სააკაშვილის 600-დღიან ფარსს, მის 600-ჯერ გარდაცვალებას, დადასტურდა, რომ ეს არის მართლაც ფარსი და არავითარ სასწაულთან არ გვქონია საქმე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი დანაშაული, რომელზეც მას სასჯელი უკვე მისჯილი აქვს, სააკაშვილმა საზოგადოების თვალწინ ჩაიდინა.

„ეს იყო დეპუტატ ვალერი გელაშვილის წამება და ეს იყო გირგვლიანი საქმეზე მკვლელების შეწყალება. ორივე დანაშაული შესახებ საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული. არის კიდევ 2 თუ 3 საქმე, რაზეც გამოძიება არის დაწყებული და აქაც იცის ყველამ, რასთან გვაქვს შეხება, როდესაც ის უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, როდესაც ჯერ უკანონოდ დაარბია შეკრება 7 ნოემბერს სასტიკი მეთოდებით, მიიტაცა ტელეკომპანია „იმედი“. ამაზეც ყველას აქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გადაფარვა რაღაც პიარული ნაბიჯებით არის შეუძლებელი.

დეტალებში არც მინდა შევიდე. მთავარი და საინტერესო ჩემთვის არის რა – რომ არის კონკრეტული სასჯელები შეფარდებული და ყველა ეს სასჯელი ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს და არის კონკრეტულ საქმეებზე დაწყებული გამოძიება, რაზეც ასევე საზოგადოებას აქვს სრული ინფორმაცია. დანარჩენი არის უკვე დეტალები“, – განაცხადა კობახიძემ.

„უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ კონტრშეტევა რთული იქნება, მტერი პოზიციებს მარტივად არ თმობს“

„უკრაინა კონტრშეტევაში რთული დუელისთვის ემზადება, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ჯერ კიდევ წინ არის“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული ძალებისთვის წინსვლა „რთულია“, რადგან რუსეთი თავს მთელი ძალებით იცავს.

„მტერი ადვილად არ დათმობს პოზიციებს და ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს რთული დუელი იქნება. კონტრშეტევის წარმატება არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ დაკავებული ქალაქებითა და გავლილი კილომეტრებით, სამხედრო ოპერაციების ეფექტურობის გასაზომად ბევრად მეტი კრიტერიუმი არსებობს.

მიმდინარე ოპერაციას აქვს რამდენიმე ამოცანა და სამხედროები ასრულებენ ამ ამოცანებს, მოძრაობენ ისე, როგორც უნდა გადაადგილდნენ. ყველაზე დიდი დარტყმა ჯერ კიდევ წინ არის“, – განაცხადა მალიარმა.