“ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან” – კახა კალაძე

89
spot_img

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები ცვლილებები და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები 2012 წლის შემდეგ პერიოდთან ასოცირდება.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 12 – პუნქტიანი გეგმა არ სჭირდებოდა და კანდიდატის სტატუსს მის გარეშეც იმსახურებდა, 12-ვე პუნქტი მაინც ივნისის ბოლომდე შესრულდება.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც არის მოცემული, ივნისის ბოლომდე შესრულდეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს, ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ და საქართველო 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღნიშნული 12 – პუნქტიანი გეგმა არ გვჭირდებოდა და სტატუსს ამის გარეშეც ვიმსახურებდით. ამას აჩვენებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომ ჩვენი ქვეყანა მანამდე მიღებულ ქვეყნებზე ბევრად წინ არის. ეს ჩვენი ქვეყნის დამსახურება იქნება. ამ რთულ გზაზე ხელშესახები ცვლილებები და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები 2012 წლის შემდეგ პერიოდთან ასოცირდება.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჩვენ ევროპელ პარტნიორებზე იქნება და მოკიდებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ სტატუსს მიიღებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კითხვაზე, ხელს შეუშლის თუ არა „ქართული ოცნების“ „ძალადობრივი განცხადებები“ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ხელს, კახა კალაძემ უპასუხა, რომ მთავრობა დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს და პასუხად ძალადობას არ უნდა იღებდნენ. მისი თქმით, ძალადობას ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.

„ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან. საერთოდ, რომელ ძალადობრივ ფაქტზე საუბრობთ? რომელ ძალადობრივ ფაქტს ახალისებს „ქართული ოცნება“? რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობას არ უნდა ვიღებდეთ. არ უნდა წახალისდეს ძალადობა. ამის მაგალითია ისიც, რომ პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან და ოპოზიციას ამ ადამიანის გმირად შერაცხვის მცდელობა აქვს. ძალადობას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – აღნიშნა კალაძემ.