Home Blog Page 1970

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა.
ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა – კანონმდებლობას 101 დეპუტატიდან 55-მა დაუჭირა მხარი. მომხრეთა შორის, ძირითადად, მმართველ კოალიციაში შემავალი ლიბერალურ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატები არიან.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი მარია კალასი “როიტერსთან” ამბობს, რომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, ქვეყანა და საზოგადოება ბევრად განვითარდა.

“ჩვენ თანაბარნი ვართ ერთიანი ღირებულებების მქონე ქვეყნებს შორის,” – თქვა კალასმა.

ახალი კანონი ძალაში 2024 წლიდან შევა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6164 ლარი ეღირება, ევრო – 2.8602 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3393 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ღირდა, ევრო – 2.8446 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3376 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ივნისს ამოქმედდება.

ნაფიცმა მსაჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ანგარებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

სასამართლო პროცესზე დადგინდა შემდეგი: ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, მისი მეგობარი ქალი ბინაში რამდენიმე ათას ლარს ინახავდა. თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებული დაუკავშირდა დაზარალებულს და მის საცხოვრებელ სახლში შეხვედრაზე შეუთანხმდა, სადაც მსხვერპლი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ ქალის მოკვლას და მისი ნივთების დაუფლებას ადასტურებდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით (ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

“ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ნაბიჯები ქვეყნისთვის საუკეთესო მიზნების განხორციელებას არ ემსახურება”

პრეზიდენტის ნაბიჯები ქვეყნისთვის საუკეთესო მიზნების განხორციელებას არ ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებული იყოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროა კონსულტაციები.

„ეროვნული ბანკი და მთავრობა გაყოფილია, რომელთა ერთობლივი მუშაობა დაკავშირებულია ქვეყნის ფინანსური მაჩვენებლის განსაზღვრასთან. პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია და ის თანამონაწილე უნდა იყოს ინსტიტუტის ფორმირების პროცესში. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები პარლამენტმა უნდა აირჩიოს და, ბუნებრივია, ეკონომიკურ მდგომარეობაზე შემდეგი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არა პრეზიდენტს, რადგან ეს არ არის არც მისი კონსტიტუციური და არც პირდაპირი მოვალეობა. როგორც წესი, ეროვნულ ბანკს არანაირი რეალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ყველა პასუხისმგებლობა მთავრობას და ხელისუფლებას ეკისრება. სწორედ ამიტომ არის კონსულტაციები საჭირო, რომ გადაწყვეტილება საუკეთესო ინტერესებზე იყოს მოწყობილი ფინანსური მდგრადობისთვის. პრეზიდენტის არათანამშრომლობითი ნაბიჯები ქვეყნისთვის საუკეთესო მიზნების განხორციელებას არ ემსახურება. ამიტომ კანდიდატების ავკარგიანობის განხილვაში არ შევალ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

21-22 ივნისს ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს

შვედეთი 21-22 ივნისს ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალს უმასპინძლებს, სადაც ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ მოხსენებას წარადგენს.

როგორც მასპინძელი ქვეყნის, შვედეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში ჯესიკა როსვალი მინისტერიალთან დაკავშირებით წერილში წერს, ევროკავშირს უახლოეს წლებში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან მოუწევს ადაპტირება.

„ძლევამოსილი სახელმწიფოების კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანია ევროკავშირის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და უსაფრთხოების გამტკიცება. ეს ამოცანა კი მოიცავს ევროკავშირის გაფართოებასაც“, – წერს ჯესიკა როსვალი.

„უკრაინა რვა სოფლის გათავისუფლების შემდეგ, „ყველაზე დიდი დარტყმისთვის“ ემზადება”

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) 20 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკრაინა, რვა სოფლის გათავისუფლების შემდეგ, „ყველაზე დიდ დარტყმას“ ამზადებს“ (ავტორები – ტომ ბალმფორტი და პაველ პოლიტიუკი), რომელშიც ბოლო დღეებში რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე მიმდინარე საომარი მოქმედებებია განხილული და შეფასებული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ქართულ თარგმანს:

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე კონტრიერიშის ფარგლებში უკვე რვა სოფლიდან განდევნა. ეს რუსული ძალების მიერ ერთ-ერთი ყველაზე მტკიცედ გამაგრებული ტერიტორიები იყო, რომლებიც აზოვის ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ გზასთან ყველაზე ახლოსაა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველი კვირას ამბობდა, რომ უკრაინამ ზაპოროჟიეს რეგიონის სოფელი პიატიხატკი აიღო. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სოფლიდან უკრაინული ძალები განდევნეს, მაგრამ ისინი კვლავ უტევენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი კი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა არათუ სოფელი პიატიხატკი აიღეს, არამედ რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, 7 კმ-ით წაიწიეს წინ და 113 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაც გაათავისუფლეს. “ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, ორკვირიანი იერიშის დროს, 8 დასახლებაა გათავისუფლებული”, – დაწერა ანა მალიარმა “ტელეგრამზე”.

ამ სოფლების აღება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მინაპოვარია, რადგან სწორედ ამ მიმართულებით დაცვის ხაზებს რუსული საოკუპაციო ძალები თვეების განმავლობაში ამაგრებდნენ. სოფელი პიატიხატკი აზოვის ზღვის სანაპირო ზოლიდან 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა, მათი ძალისხმევა შეაქო და თქვა, რომ თავადაც განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ დასავლელი პარტნიორებისგან იარაღი და ამუნიცია მიიღოს და ის ფრონტზე მყოფებს, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ. “ჩვენი ძალები წინ მიიწევენ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდიან. მთავარი ახლა მომარაგების სისწრაფეა”, თქვა მან კვირა საღამოს.
ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ მოიგერიეს უკრაინის მცდელობა, აეღო სოფელი ნოვოდონეცკი, რომელიც აღმოსავლეთ დონეცკში მდებარეობს. ეს კიევის კონტრიერიშის კიდევ ერთი მიმართულებაა.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსულად მოსაუბრე ჯარისკაცი ამბობს, რომ მან ფრანგული წარმოების ტანკი ჩაიგდო ხელში. ამის შესახებ ცნობები არც კიევს დაუდასტურებია და არც დამოუკიდებლად ხერხდება მათი გადამოწმება.

უკრაინა ადასტურებს იერიშებს 1000 კმ სიგრძის ფრონტის ხაზის გასწვრივ რამდენიმე მიმართულებით, რომ მისი ტერიტორიის ოკუპირებული 18% გაათავისუფლოს. თუმცა, კიევი უსაფრთხოების მიზნით, ბოლო პერიოდში საბრძოლო გეგმების, მიმართულებების თუ სხვა ტაქტიკის შესახებ მაქსიმალურად ზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონტრიერიშის უმთავრესი ეტაპი ჯერ წინ არის. სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი ორივე მხარეს, თუმცა თითოეული მათგანი ამბობს, რომ მოწინააღმდეგეს ბევრად მეტი დანაკარგი აქვს.

დასავლეთში უკრაინის იერიშებს აფასებენ, როგორც რუსეთის თავდაცვის ხაზების გამოცდას, დატესტვას. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსკოვი კიევის იერიშების მიმართულების გამოცნობას და გადაჯგუფებას, ძალების სხვაგვარ განლაგებას ცდილობს.

ბრიტანეთისა და ესტონეთის დაზვერვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსები ძალებს აღმოსავლეთით, მდინარე დნიპროს სამხრეთით აჯგუფებენ, დატბორილი ტერიტორიების გასწვრივ. ესტონეთის შეფასებით, კიევი კონტრიერიშს “მეთოდურად” უდგება”.

წყარო

“ოპოზიციის გაერთიანება გამორიცხულია” – სოსო ცინცაძე

„ყველა, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ – ახალი ოპოზიციური გაერთიანების ინიციატივას პარტია „ლელო“ აყენებს. აღნიშნულ განცხადებაზე საუბარი პოლიტიკურ სპექტრში უკვე ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. „ლელოს“ ინიციატივას სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

„სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ წითელი ხაზები მათთვის არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ არსებობს.

„სტრატეგია აღმაშენებლისთვის” იმდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა კანდიდატის სტატუსის მიღება და ამ გზაზე დაბრკოლების – „ქართული ოცნების” ჩამოშორება, რომ წითელი ხაზები არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ გვაქვს. თუ გამარჯვების ინტერესი გვიბიძგებს რომ ვიყოთ კოალიციაში – ვიქნებით, თუ საჭირო იქნება რომ გავიდეთ მარტო – გავალთ მარტო. საბნის გადაქაჩვა-გადმოქაჩვის პროცესში არ ვმონაწილეობთ, „სტრატეგია აღმაშენებელი” არის ოპოზიციის კოორდინაციის მომხრე და არა ერთიანობის, რომ ერთიან სიაში ჩავეწეროთ ყველა. “, – განაცხადა მანჯგალაძემ.

“ოპოზიციიდან ვინმეს საარჩევნო ბარიერის გადასალახად თუ სურს გაერთიანება, წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ეს არ გვჭირდება,” – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავს.

„ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სისტემური კოალიცია გამორიცხულია, რადგან ორივე არიან წარსული და წარსულის წარსული. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, თუ ვინმეს გაერთიანება იმიტომ უნდა, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენს გზას მივყვებით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში” თავის მხრივ აცხადებენ, რომ წვრილ ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას სთავაზობენ და არა პარტიულ გაერთიანებას, ან ერთიანი სიის ფორმირებას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური პარტია, აქვს 35%-ზე მეტი რეიტინგი, რაც დადგენილია საარჩევნო შედეგებით, აქვს გამოცდილება მუნიციპალურ არჩევნებში დიდ ქალაქებში გამარჯვების, ამიტომ პატარა, 2-3-4 პროცენტიან პარტიებს ვთავაზობთ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას და „ქართული ოცნების” იგივე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. ამიტომ მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ მოხდეს კონსოლიდაცია საერთო იდეებზე, საერთო სტრატეგიაზე. ეს მათი გადასაწყვეტია,“- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, „გირჩი“ და ა.შ. არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ აქვთ ერთი საფუძველი, ერთი საწყისი და საერთო მომავალი.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და „რადიკალური ოპოზიცია“ კიდევ ერთხელ დამარცხდება.

შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებს და რა შედეგებს მოიტანს ეს? ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა:

– ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას გამოვრიცხავ. ქართული ოპოზიცია თავისი არსებობის არც თუ მრავალწლიან ისტორიაში არასოდეს გაერთიანებულა. ჯერ წინაპირობები, რაც აუცილებელია პოლიტიკური ერთობისათვის, საქართველოში არ არსებობს. შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ ახალი თაობა ამას მოესწროს. ოპოზიციის განცხადებებიც არაფრის მომცემია. ყველაზე ნეიტრალური განცხადებები ის არის, რომ – „მე არავისთან გავერთიანდები”. ამიტომ მათი გაერთიანება გამორიცხულია.

– “ნაციონალური მოძრაობა” თუ შეძლებს საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნებას, შიდა დაპირისპირების ფონზე?

– კი, ამას ნამდვილად შეძლებს, მითუმეტეს, სააკაშვილის განცხადების შემდეგ ( პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ). ამ განცხადების ერთადერთი ეფექტი შეიძლება იყოს ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეინარჩუნოს საკუთარი ბირთვული ელექტორატი. თუმცა, სააკაშვილის ეს განცხადება მისთვის, დიდი ალბათობით, სიკეთის მომტანი არ იქნებოდა. სააკაშვილის გათავისუფლების ამა თუ იმ ფორმის მთავარი წინა პირობა რა არის?  „ოცნებას“ სურს დარწმუნდეს, რომ სააკაშვილი მისთვის პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. აი, მაშინ შეიძლება ის გაუშვან უცხოეთში სამკურნალოდ. მაგრამ, როცა სააკაშვილი ისევ ამბობს, რომ “მე ისევ თქვენი პოლიტიკური მტერი ვარ”, “ისევ უნდა დაგამარცხოთ”, – მაშინ რა აზრი აქვს, რომ “ოცნებამ” სააკაშვილის ან ჯანმრთელობაზე, ან მის გათავისუფლებაზე იფიქროს. ამიტომ, სააკაშვილის ნათესავები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმაზე საუბარს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. დღეს კი მთავარია მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნება. მისი ეს განცხადება, მიმართულია იმისკენ, რომ პარტიას როგორმე შეუნარჩუნოს სტიმული, იდეა და ერთიანობის მექანიზმები. თუმცა, ეს საკმარისი არ იქნება.

– მაშინ როგორ შეიძლება მმართველი გუნდის შეცვლა, ან საერთოდ შეიცვლება მომავალ არჩევნებზე ხელისუფლება?

– ვფიქრობ, რომ მომავალ წელს “ოცნება”, ამა თუ იმ ფორმითა და საშუალებით ხელისუფლებას შეინარჩუნებს. იმიტომ კი არა, რომ ის ძლიერია, არამედ იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგეები სუსტები არიან. მათზე უფრო უუნაროები და დაქსაქსულები არიან. პარტიები უნდა გაერთიანდნენ ყველაზე ძლიერის გარშემო – ეს ხომ დიალექტიკაა. აქ პირიქითაა, ყველას უნდა რომ მის გარშემო გაერთიანდნენ. ვერ წარმომიდგენია 2%-იანი რეიტინგის მქონე პარტიას, რად უნდა მიუერთდეს 15-20% -იანი რეიტინგის მქონეს. უფრო ლოგიკური იქნებოდა პატარები მიერთებოდნენ დიდ პარტიებს. მაგრამ ყველა პატარა პარტიას დიდი ამბიციები აქვს, ისინი თავს მოიაზრებენ ერთადერთ „მესიად“ – გადამრჩენელად. ეს რბილად, რომ ვთქვათ არარეალისტურია.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

“ევროკავშირის არცერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას”- სალომე სამადაშვილი

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ფაქტობრივად, დღეს ევროკავშირის არცერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რა იქნება ევროკომისიაში ხვალინდელი მსჯელობის შინაარსი, თუმცა ვარაუდობს, რომ ევროკომისიის დასკვნაში აღნიშნული იქნება, რომ მოთხოვნები არ არის განხორციელებული.

„ქართული ოცნება“ თავგამოდებით ცდილობს, თუ კიდევ ვინმეს პოლიტიკური განწყობა შერჩა, სტატუსის მინიჭების პროცესზე რაიმე პოზიტიური თქვას, ეს გაანეიტრალოს. ვგულისხმობ იმ მიზანმიმართულ და დაგეგმილ პოლიტიკურ ძალადობას, რომელსაც ხელისუფლება უკანასკნელი დღეების განმავლობაში ახორციელებს, როცა ზურა ჯაფარიძეს და ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ყველა რეფორმა ჩააგდოს, რათა საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

არ ვიცი, რა იქნება ხვალინდელი მსჯელობის შინაარსი, მაგრამ ვვარაუდობ, ევროკომისიის დასკვნა იქნება, რომ არ არის განხორციელებული ევროკავშირის მოთხოვნები და დაიტესტება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განწყობები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფაქტობრივად, დღეს ევროკავშირის არცერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს სტატუსის მინიჭებას და ყველა ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი ვერ გახდეს პოზიციის დაკავება, რომ სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. გეოპოლიტიკური მოსაზრებებიც არსებობს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებები იმ მიზანმიმართულ საბოტაჟს გადაწონის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმართა, რათა კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რუსეთმა მთავარ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწია – შეძლებს თუ არა ის უკრაინის ხელისუფლების დამხობასა და გეოპოლიტიკურ დაქვემდებარებას

„რაც არ უნდა მოხდეს ბრძოლის ველზე უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში, აშკარაა, რომ რუსეთმა თავის მთავარ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწია – უკრაინის ხელისუფლების დამხობასა და ქვეყნის გეოპოლიტიკურ დაქვემდებარებას“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთი თავის სამხედრო მიზნებს ვერ აღწევს, მაგრამ უკრაინის მომავალი მაინც შეშფოთებას იწვევს“ (ავტორი – ედვარდ ლუკასი). „მაგრამ სამომავლოდ – ომის შემდგომ პერიოდში – უკრაინის უსაფრთხოება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და თავისუფლება ჯერ-ჯერობით გარანტირებული არ არის“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ამას თავისი ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი – საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც კი შენარჩუნდება პოტენციური რუსული აგრესიის საფრთხე, თანაც, გაურკვეველია, თუ ვინ აღმოჩნდება ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების სათავეში.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტია – იმის მიუხედავად, თუ როგორი სიტუაცია იქნება რუსეთში – შეიძლება იყოს მხოლოდ ნატოში გაწევრიანება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ ამჟღავნებს მზადყოფნას კიევისათვის „შესასვლელი ბილეთის“ მისაცემად და მხოლოდ საზეიმო დაპირებებით შემოიფარგლება. ის ვალდებულება, რომელიც ამერიკამ (პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა) თავის თავზე აიღო, ძალიან ჰგავს აშშ-ის სამხედრო კავშირს ტაივანთან და ისრაელთან: მთლიანობაში ეს კავშირები მტკიცეა, მაგრამ ისინი შეიძლება შეიცვალონ იმ ყოველი მთავრობის ხედვის კვალობაზე, რომლებიც ვაშინგტონში იქნებიან. მეორე – უკრაინას ომის შემდეგ კორუფციის საფრთხე ემუქრება. ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ 1991 წლიდან იბრძვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით თითქმის უშედეგოდ – მხოლოდ ეპიზოდური წარმატებით, რომელიც იმავე წუთს ქრება კორუფციის ოკეანეში. ომის შემდეგ უკრაინაში, დანგრეული ეკონომიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, უდიდესი ფულის ნაკადი დაიძვრება. ამ ინვესტიციებით სარგებლობა და განაწილება გამჭვირვალედ უნდა მოხდეს: კერძო ინვესტორები და საერთაშორისო დონორები გარანტიებს მოითხოვენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინას მოუწევს აღადგინოს არა მხოლოდ დანგრეული ობიექტები, არამედ სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტებიც, რაც უფრო რთულია, – ნათქვამია სტატიაში.

წყარო

“კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი მაინც პოზიტიურია”-ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიურია.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, ევროკომისიის წინა შეფასებით, საქართველო კარგ ნიშნულზე იყო.

„მოლოდინი მაინც პოზიტიურია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკომისია და მისი სტრუქტურები უფრო საქმიანად, კონკრეტული ფაქტების საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს და იღებენ გადაწყვეტილებებს. ევროკომისიის წინა შეფასებით, საქართველო კარგი შეფასების ნიშნულზე იყო გასული და იმედია, ეს შეფასებაც პოზიტიური იქნება. მთლიანობაში, ეს შეფასება იქნება პოზიტიური კანდიდატის სტატუსის გზაზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“პუტინი, რომელიც თავს ოსეთის გადამრჩენად აცხადებდა, მათ გენოციდზე აქტიურადაა გადასული”- სააკაშვილი

პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„19 ივნისს უკრაინელებმა აიღეს პიაწიხატკი ზაპოროჟიეს ოლქში, ოპერაციის დროს გაანადგურეს ცხინვალის რეგიონის რამდენიმე ასეული ეთნიკური ოსებისაგან დაკომპლექტებული ბატალიონი. ამგვარად, პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე“, – წერს სააკაშვილი.

„ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში: დისკუსია კონსტრუქციულად ჩაითვალა, მაგრამ უთანხმოება არ გამქრალა“

საერთაშორისო მასმედია აქტიურად აშუქებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ოფიციალურ ვიზიტს პეკინში, რომელიც ორშაბათს, 19 ივნისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ძინპინს შეხვდა და მოელაპარაკა.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში: დისკუსია კონსტრუქციულად ჩაითვალა, მაგრამ უთანხმოება არ გამქრალა“, რომელშიც მიმოხილულ და გაანალიზებულია მოლაპარაკების დროს გამოკვეთილი ამერიკული დიპლომატიური მიდგომები პეკინის მიმართ: რაზე ისაუბრეს, რას მიაღწიეს, რაზე ვერ შეთანხმდნენ და როგორი იქნება ვაშინგტონ-პეკინის ურთიერთობა სამომავლოდ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

პეკინში ვიზიტის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ოფიციალურ პირებთან გამართული დისკუსიები კონსტრქუციული იყო.

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს სახელმწიფო მდივნის ნათქვამი, ჯერ-ჯერობით ამაზე მსჯელობა რთულია.

ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთში იგი კავშირურთიერთობების განმტკიცების მიზნით ჩავიდა და კიდევ იმისთვისაც, რომ გაირკვეს – რა საკითხებში ეთანხმებიან მხარეები ერთმანეთს და რომელ საკითხებში არსებობს უთანხმოება. მისი თქმით, ეს ყველაფერი ვაშინგტონმა და პეკინმა გაარკვიეს.

ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობის სტაბილიზების აუცილებლობას. მისი თქმით, ვიზიტის დროს გაიმართა „აქტიური საუბარი“ გლობალურ პრობლემებზე, „უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ჩათვლით“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ჩინეთის მეტოქეობა კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს – მას ეს ფრაზა ადრეც რამდენჯერმე აქვს ნათქვამი. ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმება ჩინეთის ინიციატივას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით იმ პირობით, რომ დაცული იქნება გაეროს წესდებაში დაფიქსირებული პრინციპები.

„ჩვენ მზად ვიქნებით მივესალმოთ ჩინეთის ინიციატივას, რომელიც სამართლიანი იქნება და გაეროს წესდების პრინციპებზე იქნება დაფუძნებული“, – თქვა მან. სახელმწიფო მდივანმა სი ძინპინს ასევე შესთავაზა ხანგრძლივად იქნას გაგრძელებული შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა.

ენტონი ბლინკენს კითხვა დაუსვეს ჩინეთის ვალდებულებაზე – არ მიაწოდოს რუსეთს „ლეტალური“ (სასიკვდილო) იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, რაზედაც სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ამ ვალდებულებისადმი ერთგულებაზე ჩინეთს ბოლო კვირეებში არაერთხელ განუცხადებია როგორც ვაშინგტონის, ასევე სხვა ქვეყნების წინაშე: „იარაღის მიუწოდებლობის დაპირება ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენს და ჩვენ დღემდე ისეთი არაფერი შეგვიმჩნევია, რომ პეკინი მას არღვევდეს“, –  აღნიშნა ენტონი ბლინკენმა..

თუმცა ამერიკული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა იქვე შენიშნა, რომ აშშ „ძველებურად არის შეშფოთებული კერძო ჩინური კომპანიების მოქმედებით – მათ შეუძლიათ რუსეთს ისეთი დახმარება გაუწიონ, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, აშკარად იყოს მიმართული რუსეთის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად“.

ტაივანთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენმა დაადასტურა „ერთი ჩინეთის“ პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება, რომელსაც აშშ დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებს და რომელიც იმას ნიშნავს, რომ აშშ-სათვის არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთის მთავრობა, მაგრამ იმავდროულად ჩინეთის შემადგენლობაში არსებული ორი პოლიტიკური სისტემა ერთმანეთს მშვიდობიანად ეწყობა. „ჩვენი პოლიტიკა ამ მხრივ არ შეცვლილა“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა: „ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ტაივანის დამოუკიდებლობას“. ენტონი ბლინკენმა განმარტა, რომ ამერიკას არ სურს სტატუს-ქვოს შეცვლა ამ საკითხში. „ამასთან მე სი ძინპინს დაუფარავად ვუთხარი, რომ ამერიკა შეშფოთებულია ჩინეთის პროვოკაციული მოქმედებით ტაივანის სრუტეში“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა და მიუთითა, რომ ტაივანის ირგვლივ შექმნილმა პოტენციურმა დაძაბულობამ შეიძლება ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს, რომელიც მთელ მსოფლიოზე გავლენას მოახდენს.

რაც შეეხება აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობას, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ცდილობდა სი ძინპინის გადარწმუნებას იმაში, რომ თითქოსდა ამერიკა ხელს უშლის და ამუხრუჭებს ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებას: „ჩვენს შორის ვაჭრობა ფართოვდება. ფაქტები უარყოფენ იმას, რომ ჩვენ ჩინეთს თითქოსდა განვითარებაში ხელს ვუშლით“.

„ჩინეთის ეკონომიკური განვითარება ამერიკისათვის მომგებიანია, მაგრამ არის ზოგიერთი კონკრეტული ტექნოლოგია, რომელიც დაცული უნდა იყონ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.

რთული ვიზიტი

ვიზიტის წინა პერიოდში ვაშინგტონის მოლოდინი მაინცდამაინც ოპტიმისტური არ იყო: „მას კარგს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, ნიეტრალურსაც კი“, – ამბობდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში. შემდეგ განცხადებები ცოტა შერბილდა: პეკინში წასვლის წინ ენტონი ბლინკენმა აღიარა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა ტურბულენტობის მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ ორივე მხარისათვის სტაბილიზება  სასარგებლო იქნება, ვიზიტის დაწყების დროს კი ამერიკის დელეგაცია აცხადებდა, რომ თვით ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა „გამყინვარების ზღვარზე“ არსებული ურთიერთობებისათვის

„სი ძინპინისა და ენტონი ბლინკენის პირადი შეხვედრა შეიძლება განვიხილოთ იმ მინიშნებად, რომ ჩინეთის მთავრობა ცდილობს აშშ-ჩინეთის ურთიერთობის დაცემა როგორმე შეაჩეროს“, – აღნიშნავს სტივენ მაკდონელი, „ბიბისის“ კორესპონდენტი პეკინში

ჩინური პროტოკოლის (უცხო ოფიციალური პირების მიღების პროცედურის) თანახმად, სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე მხოლოდ უცხოეთის ქვეყნების მეთაურებს ხვდება ხოლმე, მაგრამ ვაშინგტონსა და პეკინს შორის გაურესებულმა სიტუაციამ, როგორც ჩანს, სიმბოლური ჟესტი მოითხოვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ტრაექტორიის შესაცვლელად.

„ეჭვიანი კონკურენტები“

როგორც „ბიბისის“ კორესპონდენტი აშშ-ში ენტონი ზურკერი აღნიშნავს, ვაშინგტონი ფრთხილ შეფასებებს აძლევს ჩინელებთან მაღალი დონის კონტაქტების აღდგენას და აღიარებენ, რომ ამერიკასა და ჩინეთის ურთიერთობებში სერიოზული და რთულად მოსაგვარებელი უთანხმოებები არსებობს.

მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს ტაივანის პრობლემა წარმოადგენს. უეჭველია, რომ ტაივანი ისეთი ფეთქებადსაშიში ადგილია, რომლის გამოც სიტყვიერი ომი შეიძლება ცხელ ომში გადაიზარდოს. „ტაივანის მიმართ პეკინისაგან ყოველგვარი კომპრომისი დაუშვებელია“, – ეს ჩინელი დიპლომატის ვან ი-ს განცხადებაა, რომელიც პოლიტბიუროში საგარეო პოლიტიკის კურატორს წარმოადგენს.

ჩინეთს უფრო ფართო ამბიციებიც აქვს – საყოველთაოდ ცნობილია, რომ უმსხვილესი რეგიონული სახელმწიფო მსოფლიო ლიდერს უტოლდება და გლობალური მოთამაშის მანტიას ირგებს. თავის მხრივ, შეერთებულ შტატებს მსოფლიო საქმეებში თავისი დღის წესრიგი აქვს – ლიდერის როლი დემოკრატიის გლობალურ ბრძოლაში ავტოკრატიის წინააღმდეგ (როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს).

ამერიკამ აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ რისკების შესუსტებაში გამოიხატება – ვაშინგტონს ჩინეთი იზოლირება ან შეკავება კი არ სურს, არამედ ის, რომ თავიდან იქნას აცილებული კრიზსებისა და კონფლიქტების შესაძლებლობა. მაგრამ პეკინს ვაშინგტონის პრაქტიკული ნებიჯები აეჭვებს: აშშ-ის ურთიერთობას რეგიონულ მოკავშირეებთან – სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან და ფილიპინებთან – ჩინეთი სწორედ შეკავებად და იზოლაციის მცდელობად თვლის.

ჯო ბაიდენი და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსანი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩინეთი მათთვის მხოლოდ ეკონომიკურ კონკურენტს წარმოადგენს და არა სამხედრო მეტოქეს და მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბალანსის დაცვა ძალიან რთულია – კონკურენცია ვლინდება როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო საქმეში და თან მწვავდება. ერთი შეხედვით, ამერიკაც და ჩინეთიც თითქოსდა დაინტერესებულნი არიან ურთიერთობის ნორმალიზება-სტაბილიზებაში, მაგრამ ამჟამად რეალობა ისეთია, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება კონფლიქტისთვის არის განწირული. თუ როგორ იცხოვრებს ეს ორი ქვეყანა და მათთან ერთად ჩვენც, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქნება მოგვარებული მათი უთანხმოება.

წყარო