“ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ნაბიჯები ქვეყნისთვის საუკეთესო მიზნების განხორციელებას არ ემსახურება”

67
spot_img

პრეზიდენტის ნაბიჯები ქვეყნისთვის საუკეთესო მიზნების განხორციელებას არ ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებული იყოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროა კონსულტაციები.

„ეროვნული ბანკი და მთავრობა გაყოფილია, რომელთა ერთობლივი მუშაობა დაკავშირებულია ქვეყნის ფინანსური მაჩვენებლის განსაზღვრასთან. პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია და ის თანამონაწილე უნდა იყოს ინსტიტუტის ფორმირების პროცესში. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები პარლამენტმა უნდა აირჩიოს და, ბუნებრივია, ეკონომიკურ მდგომარეობაზე შემდეგი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არა პრეზიდენტს, რადგან ეს არ არის არც მისი კონსტიტუციური და არც პირდაპირი მოვალეობა. როგორც წესი, ეროვნულ ბანკს არანაირი რეალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ყველა პასუხისმგებლობა მთავრობას და ხელისუფლებას ეკისრება. სწორედ ამიტომ არის კონსულტაციები საჭირო, რომ გადაწყვეტილება საუკეთესო ინტერესებზე იყოს მოწყობილი ფინანსური მდგრადობისთვის. პრეზიდენტის არათანამშრომლობითი ნაბიჯები ქვეყნისთვის საუკეთესო მიზნების განხორციელებას არ ემსახურება. ამიტომ კანდიდატების ავკარგიანობის განხილვაში არ შევალ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.