რუსეთმა მთავარ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწია – შეძლებს თუ არა ის უკრაინის ხელისუფლების დამხობასა და გეოპოლიტიკურ დაქვემდებარებას

94
spot_img

„რაც არ უნდა მოხდეს ბრძოლის ველზე უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში, აშკარაა, რომ რუსეთმა თავის მთავარ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწია – უკრაინის ხელისუფლების დამხობასა და ქვეყნის გეოპოლიტიკურ დაქვემდებარებას“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთი თავის სამხედრო მიზნებს ვერ აღწევს, მაგრამ უკრაინის მომავალი მაინც შეშფოთებას იწვევს“ (ავტორი – ედვარდ ლუკასი). „მაგრამ სამომავლოდ – ომის შემდგომ პერიოდში – უკრაინის უსაფრთხოება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და თავისუფლება ჯერ-ჯერობით გარანტირებული არ არის“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ამას თავისი ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი – საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც კი შენარჩუნდება პოტენციური რუსული აგრესიის საფრთხე, თანაც, გაურკვეველია, თუ ვინ აღმოჩნდება ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების სათავეში.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტია – იმის მიუხედავად, თუ როგორი სიტუაცია იქნება რუსეთში – შეიძლება იყოს მხოლოდ ნატოში გაწევრიანება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ ამჟღავნებს მზადყოფნას კიევისათვის „შესასვლელი ბილეთის“ მისაცემად და მხოლოდ საზეიმო დაპირებებით შემოიფარგლება. ის ვალდებულება, რომელიც ამერიკამ (პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა) თავის თავზე აიღო, ძალიან ჰგავს აშშ-ის სამხედრო კავშირს ტაივანთან და ისრაელთან: მთლიანობაში ეს კავშირები მტკიცეა, მაგრამ ისინი შეიძლება შეიცვალონ იმ ყოველი მთავრობის ხედვის კვალობაზე, რომლებიც ვაშინგტონში იქნებიან. მეორე – უკრაინას ომის შემდეგ კორუფციის საფრთხე ემუქრება. ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ 1991 წლიდან იბრძვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით თითქმის უშედეგოდ – მხოლოდ ეპიზოდური წარმატებით, რომელიც იმავე წუთს ქრება კორუფციის ოკეანეში. ომის შემდეგ უკრაინაში, დანგრეული ეკონომიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, უდიდესი ფულის ნაკადი დაიძვრება. ამ ინვესტიციებით სარგებლობა და განაწილება გამჭვირვალედ უნდა მოხდეს: კერძო ინვესტორები და საერთაშორისო დონორები გარანტიებს მოითხოვენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინას მოუწევს აღადგინოს არა მხოლოდ დანგრეული ობიექტები, არამედ სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტებიც, რაც უფრო რთულია, – ნათქვამია სტატიაში.

წყარო