Home Blog Page 1965

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა ვიცე-პრემიერთან დაიწყო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ხვდებიან.

შეხვედრაზე მივიდა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და წევრი ქვეყნების წარმომადგელები.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება.

უფრო მეტი დეტალი, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, დასრულებისას გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნის თაობაზე რუსეთის ოფიციალურ საკანონმდებლო ინტერნეტ პორტალზე 10 მაისს გამოქვეყნდა.

მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

მეკობრეების ერთთვიანი ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ორი ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა 2 მაისს, ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს.

მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოხსნაში აქტიურად იყვნენ ჩართულები გემთმფლობელი კომპანია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალური საკონსულოები. ნუკრი ბერიძეს და გენადი ჩიტაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდნენ და გათავისუფლება მიულოცეს.

ივანიშვილის ოლიგარქად შერაცხვა, რეალობაზე მეტად აღქმებს ეფუძნება – დავით ჩიხელიძე

„სტრატეგია აღმაშენებელმა ზეიმით გამოაცხადა, რომ ევროპარლამენტში პოლიტიკურმა გაერთიანებამ, Alde-მ მხარი დაუჭირა მათ მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლებას, გმობს მის მიერ გატარებულ პოლიტიკას, მოუწოდებს მთავრობას შეასრულოს 12 პუნქტი. რეზოლუციის ტექსტში ასევე ნახსენებია ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი. Alde მოუწოდებს მთავრობას გაათავისუფლოს ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, alde-ს რეზოლუციამ, ოპოზიციის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად დაადასტურა:

„თანმიმდევრულად მივყვეთ, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ევროპულ პოზიციასთან, საქართველო საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, უერთდება სანქციებს, სანქციების დარღვევის ან გვერდის ავლის ერთი ფაქტი არ არსებობს. რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებელი როგორც პოზიცია, ასევე, ოპოზიცია არის, შესაბამისად რეზოლუცია ობიექტური რომ იყოს, ოპოზიცია აუცილებლად გაკრიტიკებული იქნებოდა, რადგან ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო ცხოვრებას. ივანიშვილის ოლიგარქად შერაცხვა, რეალობაზე მეტად აღქმებს ეფუძნება. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას, ობიექტური რეზოლუცია, არა გათავისუფლებას, არამედ საქმის მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვდა. თითოეული ადამიანი, რომელმაც რეზოლუციის ტექსტზე იმუშავა, ფარისეველი და ქვეყნის მტერია, რადგან ყოველი რეზოლუცია, რომელიც მმართველი გუნდის წინააღმდეგ არის მიმართული, სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. alde-ს რეზოლუციამ, ოპოზიციის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად დაადასტურა“, – წერს ჩიხელიძე.

არ ვთვლი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის დემოკრატიული პროცესები – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მომავლის განხილვა არ არის ჩემი კომპეტენცია, მოგეხსენებათ, დავტოვე ეს პარტია და, შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებაა, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ პარტიაში შიდა დემოკრატია თუ არ იქნება, პარტიის განვითარებისთვის ეს მძიმე იქნება.

„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს არჩევნებს, თავიდანვე ჩემი პოზიცია იყო მკვეთრი, რომ შიდაპარტიული დემოკრატიისთვის ისეთი პოლიტსაბჭოს არჩევნები, როგორიც ყრილობაზე ჩატარდა, არ უნდა ჩატარებულიყო. რაც შეეხება სხვა პროცესებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“, და ნებისმიერ პარტიაში, შიდა დემოკრატია თუ არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მძიმე, მათ შორის, პარტიის განვითარებისთვის. თვითონ პარტიის არჩევანია, როგორ გააგრძელებს ის მუშაობას. პოლიტსაბჭოს არჩევნები როგორც ჩატარდა იმ ყრილობაზე, მე ეს ვთქვი ერთ-ერთ მიზეზად, რატომაც დავტოვე პარტია. ამიტომ, შესაბამისად, არ ვთვლი, რომ ეს იყო დემოკრატიული და არ ვთვლი, რომ პარტიაში მიდის დემოკრატიული პროცესები. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია, როგორ განვითარებას და რა კალაპოტს ჰპოვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“ფრენების აღდგენა, ისევე როგორც შეჩერება, არის ცალმხრივი გადაწყვეტილება” – გია ვოლსკი

ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან და ოკუპირებულია ქვეყნის დიდი ნაწილი, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც გააჩნიათ და მასშტაბურ სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარშს რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, უმჯობესია შეხვედრის შემდეგ ისაუბრონ, შეიძლება თუ არა ამის დემარშად მონათვლა, თუ ეს იქნება საქმიანი განხილვა.

“უმჯობესია შეხვედრის შემდეგ ვილაპარაკოთ, რას იტყვიან ელჩები, ვიცე პრემიერი რა პასუხს გასცემს და საერთოდ, შეიძლება თუ არა, მისვლის და განცხადების დემარშად მონათვლა, თუ განხილვა იქნება საქმიანი? მე ვფიქრობ, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყველას: ფრენების აღდგენა, ისევე როგორც შეჩერება არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და შენი მხრიდან გარკვეული რეჟიმის დაწესებას, როცა ფრენების აღდგენის შემდეგ, ფრენები წყდება, ჰქვია კონკრეტული სახელი, ეს არის სანქციები და მას შეიძლება შედეგები მოჰყვეს. ასე რომ, ისედაც ურთულეს მდგომარეობაში სანქციების რეჟიმში შესვლა… ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს და ოკუპირებულია ქვეყნის დიდი ნაწილი, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც გააჩნიათ და სერიოზულ და მასშტაბურ სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ. ასე რომ ამ თემის განხილვა აუცილებელია და ვფიქრობ, პროცესია, რომლის განმავლობაში, მუდმივი კონსულტაციები უნდა გვქონდეს მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან, როგორ დამთავრდება, მერე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს  ხვდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება.

“პრეზიდენტზე ზეწოლას ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია” – არჩილ თალაკვაძე

რეალურად, პრეზიდენტზე ორკესტრირებულ ზეწოლას და შეტევას ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია. ვინც შეუძლიათ, ამ პროცესში ყველა ჩართული ჰყავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია პრეზიდენტის პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის გამოყენებას ცდილობს.

„ეს ის ოპოზიციაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენიებდა და მას პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდა. პოლიტიკური უსინდისობაა, როცა ეს ოპოზიცია საუბრობს, თითქოს პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა გვინდა. ცალსახად ვთქვით, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ქვეყნის ინტერესები – სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსი არ იყოს დარღვეული. თანმიმდევრული ვართ, რადგან პრეზიდენტის არჩევისას ვთქვით, რომ ზეპარტიული პრეზიდენტი სჭირდებოდა ქვეყანას. რადიკალური ოპოზიცია ფარისევლურად ცდილობს, პრეზიდენტი პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5823 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5823 ლარი ეღირება, ევრო – 2.7664 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1881 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5876 ლარი ღირდა, ევრო – 2.7752 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1985 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 მაისს ამოქმედდება.

“ჩვენ გვქონდა ბოლო წლების ყველაზე არასამართლიანი საარჩევნო პროცესი” – ქემალ ქილიჩდაროღლუ

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განვლილი არჩევნები ბოლო წლების ყველაზე უსამართლო პროცესად შეაფასა. მისი თქმით, არჩევნებზე მკაფიოდ გამოვლინდა ხალხის ნება ავტორიტარული მმართველობის ცვლილებისთვის.

„ჩვენ გვქონდა ბოლო წლების ყველაზე არასამართლიანი საარჩევნო პროცესი. სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობა მობილიზებული იყო ერთი პოლიტიკური პარტიისთვის. ისინი ერთ კაცს გაუფინეს ფეხქვეშ. მე ვიბრძოდი, რათა თქვენ კეთილდღეობასა და სიმშვიდეში გეცხოვრათ. გავაგრძელებ ამის კეთებას“, – მიმართა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ამომრჩევლებს.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.

„ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.

„ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან. მათ ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც აგრძელებს განვითარებას და მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას საქართველოსა და თურქეთს შორის ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – დაწერა ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ (YSK) განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.

“ნაციონალური მოძრაობა” მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის”-ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას.

პოლიტიკურმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ჩვენ ვაპირებთ ყველა ქალაქსა და რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრას, მათ შორის იქნება რეგიონული კონფერენციები, სადაც ასევე დაყენებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს ღონისძიებები, მათ შორის საპროტესტო აქციები. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს, მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს, აპირებს განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას.

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, იმ კონკრეტულმა წარმომადგენლობამ, რომელიც მუშაობს მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ, უზრუნველყოს მაქსიმალურად კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა რუსული რეჟიმისა და ბიძინა ივანიშვილის გამო, კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს.

ასევე იცით, რომ 50-მდე რეგიონული საქალაქო ოფისები გაიხსნა და დამატებით სხვადასხვა ქალაქში, მუნიციპალიტეტში, სოფლების დონეზეც კი, ვეცდებით მაქსიმალურად, რომ ჩამოვაყალიბოთ ლოჯისტიკური ცენტრები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შეეძლებათ აქტიურობა. რუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ადამიანის ჩართვა მნიშვნელოვანია და ჩვენ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავდივართ. გვექნება სულ მცირე 10 რეგიონული კონფერენცია, შეხვედრები ასობით სოფელში, ქალაქსა თუ რაიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან. პარალელურად გვექნება საპროტესტო აქციებიც, რომელიც ცხადია, მიეძღვნება პრეზიდენტ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ჯერი დადგება”

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი იმედს გამოთქვამს, რომ ე.წ. „რესპუბლიკა“ მალე რუსეთის შემადგენლობაში შევა.

გაგლოევი მოხარულია, რომ რუსეთთან გერთიანების თაობაზე „ხალხის სურვილი გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას დაემთხვა“.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ასევე სრულად დაუჭირა მხარი დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლას. მოხარული ვართ, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი დადგება“, – განაცხადა მან.

გაგლოევის მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის მთავარი მოკავშირე არის და იქნება რუსეთი.

მისი თქმით, ე.წ. „რესპუბლიკამ“ დაამყარა კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, რომელიც „გააზრებულად ეკიდება ყველა პრობლემას და მზადაა, საჭირო დახმარება გაუწიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში“.

“რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინა, ეს ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს” – ასლან ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ფაქტს აფხაზეთზე არანაირი გავლენა არ აქვს და ე.წ. „რესპუბლიკისთვის“ მნიშვნელოვანია რუსეთთან საჰაერო კომუნიკაცია ჰქონდეს.

„რაც შეეხება საჰაერო რუსეთთან საჰაერო მიმოსვლას, ამ კუთხით ჩვენც ვმუშაობთ, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო კომუნიკაციის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების დოკუმენტი უნდა გაფორმდეს. სანამ ჩვენ ამით ვიყავით დაკავებული, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინეს. ეს ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს, ეს მხარეების საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო კომუნიკაცია იყოს ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. არის სირთულეები, არის დაბრკოლებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდება“, – აღნიშნა ბჟანიამ.