Home Blog Page 1965

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხვდებით, რომ ჩიხში შეხვედით, მაგრამ გეშინიათ საკუთარ თავს გამოუტყდეთ. თავის მოტყუების დრო დასრულდა, ეცადეთ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ და ილუზიებისგან გათავისუფლდეთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან სწორი გზა აირჩიოთ.

კურო

ეცადეთ, გვერდით მყოფი ადამიანი უკეთ გაიცნოთ. ის შეიძლება კოლეგა, ნაცნობი ან შემთხვევითი თანამგზავრი იყოს. თუ ურთიერთობებში, ემოციების ნაცვლად, ლოგიკით იხელმძღვანელებთ, შანსი გექნებათ, რომ ამ ადამიანის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიოთ და მომავალში ეს ინფორმაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ტყუპები

ეცადეთ, ქაოსს გაექცეთ და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. განმარტოება საშუალებას მოგცემთ, რომ სულიერი სიმშვიდე და მტკივნეულ კითხვებზე პასუხი იპოვოთ. შესაძლოა, სულის სიღრმეში ეს პასუხები უკვე იცით, მთავარია, რომ აღიაროთ.

კირჩხიბი

საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასების უნარი წარმატებას მოგიტანთ. დღის განმავლობაში შეიძლება ამა თუ იმ დარგის სპეციალისტის რჩევა დაგჭირდეთ – ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთესი.

ლომი

ამ დღეს ლომები, განსაკუთრებით ქალები, კამათის ხასიათზე დადგებიან. ცდილობთ, გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ და მათ, მორჩილების გარდა, სხვა გზას არ დაუტოვებთ. თქვენი ინტელექტუალური უპირატესობის აღიარება შინაგან კმაყოფილებას მოგიტანთ.

ქალწული

მთელ დღეს ეჭვებსა და გაურკვევლობაში გაატარებთ, რაც მიმდინარე საქმეებზე არასახარბიელოდ აისახება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საქმიანი განწყობა დილიდან ვარჯიშით და კონტრასტული შხაპით შეიქმნათ. როგორც კი გაურკვევლობიდან გათავისუფლდებით, ცხოვრება ახალ ფერებს შეიძენს.

სასწორი

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ახალი ვალდებულებები აიღოთ, რაც ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. სავარაუდოდ, საქმე ქორწინების შეთავაზებას, ახალ სამსახურს ან კარიერის ახალ ეტაპს ეხება. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების არ შეგეშინდეთ – ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამს.

მორიელი

თუ მოინდომებთ, ნებისმიერ დებატებში გაიმარჯვებთ. დღეს საკუთარი ერუდიციის დემონსტრირებას განსაკუთრებულად წარმატებით შეძლებთ და თანამოსაუბრეს მარტივად დაიმორჩილებთ. ინტელექტუალურ პაექრობაში ბადალი არ გყავთ, რასაც ყველა ერთხმად აღნიშნავს.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს სახლის, აგარაკის ან სხვა სივრცის კეთილმოწყობას შეუდგეთ. უფრო მეტიც, ხვდებით, რომ თქვენს გლობალურ გეგმებს მარტო ვერ გაუმკლავდებით და ცდილობთ თქვენს საქმიანობაში სხვებიც ჩართოთ. თქვენს ახლობლებს ძალიან გაუმართლებთ, თუ ზოგად დასუფთავებას დასჯერდით და კაპიტალური რემონტი არ დაიწყეთ.

თხის რქა

ამ დღეს ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრების მოთხოვნილებას გრძნობთ, ამიტომ თქვენი მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის ძიებაა. ცდილობთ, უბრალო მეგობრული საუბარიც კი ინტელექტუალურ კამათად აქციოთ, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანი მისი შედეგი კი არა, აზრების ემოციური გაცვლის პროცესია.

მერწყული

პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სავარაუდოდ, ეს რომანტიკული ურთიერთობა იქნება, თუმცა უყურადღებოდ არც მეგობრული და საქმიანი კავშირები უნდა დატოვოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღემ შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

თევზები

სურვილის შემთხვევაში ამ დღეს ნებისმიერი საკითხის გარკვევა შეგიძლიათ. ლოგიკური აზროვნება და ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი ამოცანა გადაჭრათ. საკმარისია ფაქტების შეგროვებას და სწორი დასკვნების გამოტანას მარტივად შეძლებთ. გამჭრიახობა გარშემო მყოფთა თვალში განსაკუთრებულ ხიბლს განიჭებთ, რაც სრულიად გასაგებია – არაფერი ამშვენებს ადამიანს ისე, როგორც საკუთარი ჭკუა.

“მინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს – არ იქნება არანაირი დაღლა”- ჯოზეფ ბორელი

“მინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს – არ იქნება არანაირი დაღლა. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება”, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ომის დაწყებიდან 15 თვის შემდეგაც რუსეთს ისევ აქვს უკრაინის დამორჩილების სურვილი, ამიტომ, უკრაინის მხარდასაჭერად საჭიროა, გარდა მოკლევადიანი ინსტრუმენტებისა, რომელიც ახლა არსებობს, გრძელვადიანი ინსტრუმენტების უზრუნველყოფა.

„და მე მინდა მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს: არ იქნება არანაირი დაღლა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ მას დასჭიდება”, – აღნიშნა ბორელმა.

მან ასევე თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინა ბრძოლას ვერ დათმობს, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მისი, როგორც ერის არსებობას.

„ბევრი ამბობს, რომ მშვიდობა სურთ. ისინი, ვისაც მშვიდობა ყველაზე მეტად უნდათ, არიან უკრაინელები. უკრაინელებს უნდათ მშვიდობა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა კაპიტულაცია. არ გვინდა, რომ უკრაინა გახდეს მეორე ბელარუსი“, – განაცხადა ბორელმა.

“არ მაქვს ინტერესი იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ”- ხაბეიშვილი

“არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ,” – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ის მოუწოდებს პარტიის მენეჯმენტს უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას ეს განცხადება სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის განცხადებას აგონებს.

„ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების ოცნებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჩერდეს, ოფისები არ გახსნას, არ იაქტიუროს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატია არ იყოს და ზოგადად, საქართველოში რუსული პარტიის ოცნებაა, რომ გაჩერდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

ახლა თქვენ, რაც წამიკითხეთ, სახელი და გვარი რომ არ გეთქვათ, ვიფიქრებდი, რომ სახელისუფლებო პარტიიდან ხომ არ საუბრობს ვინმე-მეთქი. ნებისმიერ შემთხვევაში, პარტია გაძლიერებას გააგრძელებს, პარტიაში გაგრძელდება შიდადემოკრატიული არჩევნები. წარმოუდგენელია, რომ შიდა დემოკრატიული არჩევნები პარტიას აზიანებდეს და თურმე, ჭორაობა და პარტიის ლანძღვა გინება აძლიერებს. ეს არის იმ ადამიანების ლოგიკა, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს რომ ვერ დაეწივნენ და იმიტომ არიან დღეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც არიან. შესაბამისად, მე არ ვაპირებ მათზე კომენტარების გაკეთებას. საზოგადოებამ თავად გააკეთოს ანალიზი. ხაზს ვუსვამ, როდესაც ამბობენ, რომ პარტია შიდა დემოკრატიით დაზიანდება და ამასობაში, ეთერს არ ტოვებენ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რომ ზედ არ გადაუარონ, რომ ტალახში არ გასვარონ და თურმე, ეს ყოფილა პარტიის გაძლიერების გეგმა. საზოგადოებამ განსაჯოს, ეს რამდენად ადეკვატურია. ჩვენ გავაგრძელებთ არჩევნებსაც, პარტია გააგრძელებს ფუნქციონირებასაც, პარტიას 45 ოფისი რომ აქვს და სადაც არ გვაქვს აღებული ახალი ოფისები, დავიმატებთ, გავაძლიერებთ ლოჯისტიკასაც, ინფრასტრუქტურასაც, აქციებიც აუცილებლად იქნება და ამ დღეებში თქვენ საჯაროდ გექნებათ ინფორმაცია.

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და არა, დგომას. ჩვენ ვაპირებთ მოძრაობას და არა, უძრაობას. კონკრეტული ადამიანები რომ გვეხვეწებიან, პოლიტიკური პროცესი არ იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამას აკეთებს რუსული ოცნება, რუსი ოლიგარქი და ვიღაცების რიტორიკა ემთხვევა, საზოგადოება არის ყველაზე კარგი მსაჯული და ისინი გადაწყვეტენ, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, აუცილებლად,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი გამოეხმაურა ასევე ნიკა მელიას მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ მელია „თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან“.

„რაც შეეხება პარტიის წევრობას, გუშინდელი ეთერის შემდეგ, ჩემი აზრით, მან თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული აქვს კონკრეტულ ადამიანებს, რომ იქნებ, როგორმე პარტიიდან გავრიცხო – ეს არ არის ჩემი საქმე, ეს მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ხალხის, ქვეყნის მომავალი და კონკრეტული ადამიანები, რომ დროს კარგავენ ამ ლაი-ლაიში, ვწუხვარ ამის გამო.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა პოზიცია აქვს იმაზე, რომ მელიამ გადაცემაში ისაუბრა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილზე, დავით კეზერაშვილზე და ვანო მერაბიშვილზეც.

„ადეიშვილის მოადგილე იყო თავად კონკრეტული ადამიანი, მე თვალით არ მყავს ნანახი. ხაბეიშვილზე თქვა, რომ ადეიშვილი დგას მის უკანო და ამას ამბობდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ადეიშვილმა სამ თანამდებობაზე რომ დანიშნა, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ჩემთვის უცნაურია. საზოგადოება ამ ტყუილს არ მიიღებს, ვერ მიიღებს და ვწუხვარ ამის გამო. არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ.“ -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ხაბეიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე – პაროდია არ არის?”- გია ხუხაშვილი

მიხეილ სააკაშვილი რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, მაგრამ მხნეობის დემონსტრირებას ახდენს, – ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია: „მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას“.

გია ხუხაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არსებული ვითარებიდან „დაძრომის მანევრი მოესპო“ და ის იწყებს ისევ რეინტეგრაციას ქართულ პოლიტიკაში.

„ტრაგიკული პიროვნებაა პირდაპირ. ის ამ განცხადებას რატომაც აკეთებს გასაგებია, იხტიბარი არ უნდა გაიტეხოს. მას გარკვეულწილად აქედან დაძრომის მანევრი მოესპო და შესაბამისად ის იწყებს ისევ რეინტეგრაციას ქართულ პოლიტიკაში, ფაფხურს, ეს ფაფხურია, მეტი არაფერი არ არის. ის რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, ალბათ, მაგრამ მხნეობის დემონსტრირებას ახდენს იმიტომ, რომ არ დარჩა სხვა მანევრი, რა უნდა ექნა, რა უნდა ეთქვა სხვა? ეს სიტყვებია მხოლოდ, რის უკანაც არაფერია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობით“ რამეს მოახერხებს, რადგან რეალურად ეს პარტია აღარ არსებობს.

„ხაბეიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე – პაროდია არ არის? თან პარტია, რომელიც ქვეყანაში ჩრდილოვან მმართველობას ებრძვის ვითომ-ვითომ და თვითონ ჩრდილოვანი მმართველობა აქვს დამკვიდრებული პარტიაში. რაზე ვლაპარაკობთ, დაინგრა პარტია, აღარ არსებობს. შესაბამისად სააკაშვილს რაიმე ილუზია ნუ გაუჩნდება, რომ ამ პარტიით რამეს მოახერხებს, პარტია ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის ორადაა გაყოფილი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

“დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი”- შალვა პაპუაშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.

„მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. განცხადებები, დემარშები, რეზოლუციები, რომლებმაც უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს.

ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ერთადერთი, რასაც ქართველი ხალხი დღეს მოელის და იმსახურებს, არის ის, რომ მათ, ვინც ეს ზიანი მიაყენეს საქართველოს, იმავე მონდომებით იზრუნონ მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე.
ეს იქნებოდა დასტური ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის და პატივისცემისა“, – წერს პაპუაშვილი.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

” სტრასბურგისგან ვერ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდით”- გიული ალასანია

სტრასბურგისგან ვერ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც მე პირადად ველოდებოდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები გადადიან მეორე ეტაპზე, როდესაც შედგება სარჩელის განხილვა.

„მე მგონი, ყველამ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უმრავლესობა თანახმაა იმაზე, რომ ეს არის პუტინის პირადი პატიმარი, გარდა ამისა, ყველამ ასევე იცის, რომ ადამიანი არის მძიმე ავადმყოფი. ნამდვილად მძიმე ავადმყოფია, ეს არაერთმა ექიმმა დაადასტურა, საკმაოდ მაღალი დონის, სრულიად ნეიტრალური ადამიანები იყვნენ ის ადამიანები, ვინც მოდიოდა და სინჯავდა მას. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ, რომ ჩამოსულიყვნენ და ენახათ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან ისინი ასევე დაადასტურებდნენ ამას. მათი შემოსვლა რომ არ მოხერხდა, ეს რაღაცნაირი მინიშნება იყო ჩემთვის იმის, რომ პირველი ეტაპის პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო უარყოფითი. ეს პროცესი გრძელდება, ახლა ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც იქნება უკვე სარჩელის განხილვა“, – განაცხადა ალასანიამ.

გიული ალასანია იმედოვნებს, რომ ბოლოს ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელსაც ბევრი ადამიანი ელოდება.

„მე იმედი მაქვს, რომ იქნება ბოლოს და ბოლოს მიღებული ის გადაწყვეტილება, რასაც მარტო ჩვენ კი არა, იცით, ელოდება ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ქვეყანა. ერთი, ელოდება საქართველოს მოსახლეობა, რაც ყველანაირმა გამოკითხვა აჩვენა, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი, გადაარჩინონ მისი სიცოცხლე, ძალიან ბევრს უნდა საქართველოში. ეს უნდათ ნორვეგიაში, პოლონეთში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ის დააჯილდოვეს. ეს უნდათ ევროპარლამენტარებს, ევროსაბჭოს, ლიტვის სეიმს, უკრაინის სეიმს, პოლონეთის სეიმს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაშვებული სამკურნალოდ.

მიხეილ სააკაშვილი შეთითხნილი საქმეებისთვის ზის, კაცმა არ იცის, რისთვის ზის, ზის, ფაქტობრივად, იმისთვის, რომ არ გადასცა თავისი ქვეყანა პუტინს, აი, ეს არის მისი დანაშაული. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და ვფიქრობთ, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალი გაიმარჯვებს. დღეს ვერ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდით“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

“მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს”-პრეზიდენტი

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

“რამდენადაც ვხვდები, რუსულ კანონზე მკვეთრი პოზიცია და 7-8 მარტის აქციებზე მონაწილეობა არ მეპატია”-გიორგი შაიშმელაშვილი

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გიორგი შაიშმელაშვილი უწყებას სამოქალაქო პოზიციის გამო გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
როგორც შაიშმელაშვილი Facebook-ზე წერს, სამსახურიდან რუსულ კანონზე მკვეთრი პოზიციის გამო დაითხოვეს, თუმცა ფორმალურ საბაბად თავდაცვის სამინისტრომ რეორგანიზაცია დაასახელა.
გარდა ამისა, შაიშმელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე ჯილდო და მადლობა აქვს მიღებული და მისთვის არც ერთი სიტყვიერი შენიშვნა არ მიუციათ.
“რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის მინისტრმა, აი იმან ლიბერალიზმს რომ მიიჩნევს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ და ჯარიც ალბათ ლიბერალებთან ბრძოლის იარაღი ჰგონია, სამსახურიდან გამათავისუფლა.
რამდენადაც ვხვდები, რუსულ კანონზე მკვეთრი პოზიცია და 7-8 მარტის აქციებზე მონაწილეობა არ მეპატია. ცხადია ეს პირდაპირ არავის უთქვამს, მაგრამ გათავისუფლების ფორმალური საფუძველი, იმდენად ნაჩქარევად მომზადებული და აბსურდულია და თან დროშიც ამ ამბებს ემთხვევა, რომ სხვა ვარაუდის გაკეთების საშუალებას არ მაძლევს.
რაც შეეხება ფორმალურ მხარეს:
1. დამითხოვეს რეორგანიზაციით, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, მხოლოდ ერთ შტატზე, ანუ ჩემი – დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატზე გამოაცხადეს და ის სამხედროდ გადააკეთეს;
2. იმ ფონზე როცა სამოქალაქო ოფისის არცერთ წამყვან დეპარტამენტში არ ჰყავთ სამხედრო შტატის მოადგილე, სადაც მართლა სჭირდებათ ამ კვალიფიკაციის ხალხი, ჩემთან რატომ გადაწყვიტეს გაუგებარია;
3. ეს დეპარტამენტი იყო სამოქალაქო ოფისში ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა მოადგილის მხოლოდ ერთი შტატი და სურვილის შემთხვევაში, სამხედრო მოადგილის დამატება შეიძლებოდა აბსოლუტურად უპრობლემოდ;
4. თუ მეორე მოადგილეს რაიმე მიზეზით ვერ ამატებდნენ, რეორგანიზაციის მომენტში დეპარტამენტში არსებობდა, რამდენიმე ვაკანსია მათ შორის სამმართველოს უფროსის მოადგილის, უპრობლემოდ შეიძლებოდა იმ შტატების გადაკეთება სამხედროდ, თუ მაინცდამაინც სამხედროს ყოფნის ამოცანა ედგა ვინმეს.
ახლა დავუშვათ, რომ მე ვერ ვართმევდი რამეს თავს, აქ მე რას ვფიქრობ ჩემ თავზე კი არა, თავდაცვის სამინისტროსვე დადგენილი კრიტერიუმებით, მხოლოდ ფაქტები:
1. მარტო ბოლო წელიწადში რამდენიმე ჯილდო და მადლობა მაქვს მიღებული; 2. არც ერთი სიტყვიერი შენიშვნა;
3. ამერიკის თავდაცვის უნივერსიტეტი (NDU), სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევების მაგისტრატურა – GPA 3.94/4.00 (ამ ბოლოს ჩვეულებრივ ვითარებაში არ დავწერდი, რადგან GPA არ მიმაჩნია მთავარ ამბად განათლებაში, უბრალოდ ესეც გაზომვადი ინდიკატორია).
აქვე შეგახსენებთ, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა სწავლა სწორედ იმ მიზნით დამიფინანსა, რომ თავდაცვის სამინისტროში მემუშავა. თუმცა, დღეს მგონი ამერიკაში განათლება “კომპრომატად”იქცა ქვეყანაში და თუ გგონიათ, რომ თავდაცვის ლიდერშიპამდე არ აღწევს ეგ განწყობები, ცდებით.
მოკლედ, მე არც პირველი ვარ და სამწუხაროდ, არც ბოლო ვიქნები, ვისაც საჯარო სამსახურიდან უსამართლოდ უშვებენ.
სქემა მარტივია, რომელიღაც დაწინაურებული “მლადში ოპერი” თავის არსებობა, რომ გაამართლოს დაწერს “ცნობას” და მიიტანს “ცეხავიკ” უფროსამდე, რომელსაც, ფულის კეთების გარდა არც არაფერი აინტერესებს, მაგრამ რადგან მისი ძალაუფლება “მლადში ოპერის” თვალზე და ყურზე დგას, ხანდახან უნდა დაეთანხმოს შეტანილ ცნობას. თანხმობის შემდეგ ხდება საინტერესო, როგორც წესი ოპერი და ცეხავიკი არსად ჩანან და საქმეს “საჯარო მოხელეები” ამთავრებენ.
ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ეს მოხელეები (შე)უცვლელი ხალხია დღეს “ქოცები” არიან, გუშინ “ნაცები” იყვნენ და ასე იქნება ალბათ კიდევ მომავალშიც.
და ბოლოს, პატიოსან საჯარო მოხელეებს და სამხედროებს, მადლობა სამსახურისთვის”- წერს შაიშმელაშვილი.

“ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო”- მიხეილ სააკაშვილი

ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ პუტინის ბრძანებით ციხეში. – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება. ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება. მე მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს.

ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ პუტინის ბრძანებით ციხეში.

ქართველებმა მთელს მსოფლიოში და პირველ რიგში, საქართველოში – უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე! მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი საქართველოს თავისუფლებისთვის, მინდა რომ საქართველომაც კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ჩემი, ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის. მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ იქნება მხოლოდ უკრაინის იმედზე.”

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/pfbid02RzFuNZo1Kc1Eq9RyqT2fvxwVrp194EnEbsG6t4y5wKApWj2P5kewDTvYv3oJwpVSl

 

“თუკი იქნება ექიმების რეკომენდაცია, რომ უკვე შესაძლებელია სააკაშვილის გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი”

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამჟამად არ არსებობს ობიექტური წინაპირობა, რომ სააკაშვილი ან სხვა კლინიკაში იყოს გადაყვანილი, ან პენიტენციურ დაწესებულებაში.

„მსჯავრდებული სააკაშვილი არის პატიმარი და ჩვენ როგორც ადრე, ასევე ახლაც, ვმოქმედებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ექიმების რეკომენდაციების შესრულებას და როდესაც გვექნება შესაბამისი დასკვნა, ის გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. თუკი იქნება ექიმების რეკომენდაცია, რომ შესაძლებელია უკვე მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. ამჟამად, ის იმყოფება კლინკა „ვივამედში“ და რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა, რომ ან სხვა კლინიკაში იყოს გადაყვანილი, ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ ეტაპზე არ არსებობს. შესაბამისად, ის აგრძელებს მკურნალობას კლინიკა „ვივამედში“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. მისივე თქმით, ასევე სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანა.

“ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან ურთიერთობას, ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ არ შეიძლება, საუბარი იყოს რაიმე სახის ჩარევაზე”

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს განცხადებებს. ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ არ შეიძლება, საუბარი იყოს რაიმე სახის ჩარევაზე. ვინმემ ასეთი ინფორმაცია თუ მიაწოდა ბატონ ქილიჩდაროღლუს, მაშინ ისინი მატყუარები არიან“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, რუსეთი თურქეთთან ურთიერთობას ძალიან აფასებს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ურთიერთობებს თურქეთთან, რადგან ის აქამდე ძალიან პასუხისმგებლობით სავსე და გააზრებულ პოზიციას იკავებდა რეგიონული და გლობალური პრობლემების მიმართ, რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ და ეს პოზიცია ძალიან მიმზიდველია ჩვენთვის“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელიც ძალიან აფასებს ორმხრივ ურთიერთობებს, არაფერს გააკეთებს თავისი პარტნიორის საწინააღმდეგოდ. მისივე თქმით, რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებსა და საარჩევნო პროცესებში.

შეგახსენებთ, მანამდე თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ რუსეთი თურქეთის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

“გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას” – მეუფე შიო

ჩვენ ვეძებთ უფლის სახლს, ჩვენ ვეძებთ ეკლესიას, სადაც მკვიდრობს და სუფევს უფალი. ჩვენ, როგორც მოციქულებს, ასევე გვსურს, რომ მოვიდეთ უფლის სახლში და ვიხილოთ მის წმინდა სხეულში გაერთიანებული ადამიანები, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სახელით დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს გახლავთ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას.

ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია წმინდა ანდრია მოციქული, ვინაიდან იგი გახლავთ პირველი განმანათლებელი ჩვენი ერისა. მან იქადაგა სახარება საქართველოში და ჩვენს მიწა-წყალზე ქრისტეს ნათელი მოიტანა. მას ეწოდება პირველწოდებული, ვინაიდან იგი პირველი იყო, ვინც დაემოწაფა იესო ქრისტეს. ის ეძებდა მესიას და მაცხოვარს და წმინდა იოანე ნათლისმცემლის დამოძღვრის და მითითების შემდეგ მან პოვა მესია უფალ იესო ქრისტეში.

აი, დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ, რომ უფალი იესო ქრისტე ეტყვის ებრაელებს ასეთ სიტყვებს: „თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენივე ცოდვებში მოწყდებით (ანუ მოკვდებით) თქვენივე ცოდვებში”. ამაზე ებრაელებმა ჰკითხეს: „და შენ ვინ ხარ?“ და თუ ვინ არის იესო ქრისტე, ამას ამბობს წმინდა ანდრია პირველწოდებული, როდესაც იგი მიდის თავის ძმასთან, სიმონთან, მომავალ პეტრე მოციქულთან, იმისთვის, რომ უამბოს ქრისტესთან შეხვედრის შესახებ. იგი ახარებს თავის ძმას და შესძახებს, „ჩვენ ვპოვეთ მესია!”

აი, რა კმაყოფილებას ვხედავთ ჩვენ ამ სიტყვებში, როგორ ნუგეშს, ასევე იმედს! ეს არის იმედი ახალი ცხოვრებისა, საღვთო სიმართლით აღსავსე ახალი ცხოვრების იმედია, რაც წარმოთქვა წმინდა ანდრია მოციქულმა და ეს სიტყვები განეკუთვნება ყოველ ჩვენგანს, ყველა ადამიანს, ვინც თავის ცხოვრებაში ეძიებს სიკეთეს, სიყვარულს, სიმართლეს, ნდობას, რამეთუ ეს ყველაფერი განკაცებულმა ძე ღმერთმა დედამიწაზე მოიტანა.

დღეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერის წილხვდომილობის დღესასწაული და ჩვენ ასევე ვფიქრობთ, ასრულდება თუ არა მისი სასიხარულო სიტყვები, „წყალობა უფლისა მოშიშთა მისთა ზედა ნათესავითი ნათესავადმდე“. ეს ნიშნავს, რომ ღვთის წყალობაა უფლის მოშიშებზე თაობიდან თაობამდე. შეიძლება ითქვას, რომ ამის პასუხი არის დღევანდელი ჩვენი საზეიმო ღვთისმსახურება, ეს შესანიშნავი და დიდებული ტაძარი, რომელიც მრავალი ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა. პასუხი ამაზე არის ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 45-წლიანი საპატრიარქო და სამოციქულო მოღვაწეობა. ჩვენ დღეს ნამდვილად შეიძლება წმინდა ანდრია მოციქულთან ერთად ვთქვათ: „ჩვენ ვპოვეთ მესია“.

ამას თითქოს ეხმიანება ასევე დღევანდელ სახარებაში წაკითხული ნათანაილის სიტყვები: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა!“

მრავალი ჩვენგანი დღეს ეზიარა და ეს არის ჩვენი გადარჩენის საწინდარი. ასევე ეს არის პასუხი იმ შეკითხვაზე, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ დაუსვა თავის პირველ მოწაფეებს, რომელთა შორისაც ანდრია იყო, როდესაც ისინი პირველად მივიდნენ მასთან, უფალმა ჰკითხა: „რას ეძიებთ?” ხომ გახსოვთ, რა უპასუხეს მოციქულებმა? ესეც დღევანდელ სახარებაში მოვისმინეთ, მოციქულებმა კითხვაზე კითხვით უპასუხეს: „რაბი, სად იმყოფი?“ ე.ი. მოძღვარო, სად ცხოვრობ? უფალმა უპასუხა: „მოდით და ნახეთ“. მართლაც, ისინი მიდიან, სადაც მკვიდრობდა მაცხოვარი და იმ დღეს მასთან ერთად დარჩნენ.

აი, დღეს ჩვენ ვდგავართ უფლის სახლში, ტაძარში შეკრებილნი, მლოცველნი და ჩვენც გვეკითხება უფალი იესო ქრისტე: „რას ეძიებთ, რას ეძებთ?!“ ჩვენ ვეძებთ უფლის სახლს, ჩვენ ვეძებთ ეკლესიას, სადაც მკვიდრობს და სუფევს უფალი. ჩვენ, როგორც მოციქულებს, ასევე გვსურს, რომ მოვიდეთ უფლის სახლში და ვიხილოთ მის წმინდა სხეულში გაერთიანებული ადამიანები.

როგორც იცით, ეკლესიაში ჩვენ ყველანი ერთ მთლიანობაში ვერთიანდებით ქრისტეს სხეულში როგორც აქ დამსწრენი, ასევე არ დამსწრენიც, როგორც ცოცხლები, ასევე მიცვალებულები, ვინაიდან უფალმა ბრძანა: „ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან ყველა ცოცხალია მისთვის“.

გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ შესანიშნავ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და უფალმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, და წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ლოცვით დაიცვას, გაამთლიანოს, გადაარჩინოს, სრულიად საქართველო, ამინ!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს საპატრიარქო სიგელებით ყველა ადამიანს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ დიდებული ტაძრის მშენებლობაში, ასევე საზოგადოებას „ივერიისა“ – ამავე პიროვნებებს ასაჩუქრებს და აჯილდოებს ჯვრებით.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

თბილისში მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბატონი ომარ ნაფეტვარიძე დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ბატონი გიორგი ჯაფარიძე დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ბატონი შოთა ბერეკაშვილი.

ბატონი ლევან კურტანიძე.

ბატონი ზურაბ ოყროშიძე.

ბატონი გურამ გერაძე.

ბატონი ნუგზარ მებურიშვილი.

ბატონი შაკვა ვაჩეიშვილი.

ბატონი თამაზ დვალიშვილი.

ქალბატონი თინათინ ჯაფარიძე.

ბატონი გიორგი მერაბიშვილი.

ბატონი გიორგი მაისურაძე.

ბატონი დავით მაჭავარიანი.

ბატონი კახაბერ კვიტაშვილი.

ბატონი ზაურ ჯოხაძე.

ბატონი ნიკოლოზ იაგორაშვილი.

ბატონი გიორგი მერიაშვილი.

ბატონი მურმან მამნიტიშვილი.

ბატონი გოჩა ძნელაძე.

ბატონი ოლეგ გელაშვილი.

ბატონი პაატა გელაშვილი.

ბატონი ირაკლი ქვარაია.

ბატონი თამაზ თავაძე.

ქალბატონი ვერა სუზიაშვილი.

ბატონი სოლომონ ჩხაიძე.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.