Home Blog Page 1961

” მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე”- ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.

„მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“,- წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო.

https://www.facebook.com/ioselianilevan/posts/808729027503644?ref=embed_post

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გავრამიას საქმე განსახილველად არ მიიღო.

მაშველებმა „ტიტანიკის“ მახლობლად დაკარგული წყალქვეშა ნავის „ნამსხვრევების ველი“ აღმოაჩინეს

მაშველებმა დაკარგული წყალქვეშა ნავის „ნამსხვრევების ველი“ აღმოაჩინეს, – ამის შესახებ აშშ-ის სანაპირო დაცვა „ტვიტერში“ წერს.

„ნამსხვრევების ველი აღმოაჩინეს საძიებო ზონაში „ტიტანიკის“ მახლობლად. ამ დროისთვის ექსპერტები აფასებენ მიღებულ ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მედია წერს, ხომალდზე სავარაუდოდ ხუთი ადამიანი იმყოფება. მანამდე სანაპირო დაცვაში განაცხადეს, რომ გაუჩინარებულ ხომალდზე მყოფ პირებს ჟანგბადის მარაგი სავარაუდოდ ამოწურულია.

მედიის ცნობით, ტურისტული ექსპედიციისთვის, რომლის ღირებულება თითო ადამიანზე 250 000 დოლარია, ბორტზე იმყოფებოდნენ ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, წარმოშობით პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი 19 წლის ვაჟთან ერთად, რომლებიც ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე, ასევე OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი​ სტოკტონ რაში.

ოფიციალურ პირებს არცერთი მგზავრის ვინაობა არ დაუდასტურებიათ.

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიში წარადგინა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ზეპირი ანგარიში წარადგინა.

როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, კერძოდ – გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება სასამართლო განხილვისას; სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესით დანიშვნა.

ამასთან, ვარჰეიმ თქმით, კიდევ შვიდი რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეულია გარკვეული პროგრესი.

„საქართველოსთან დაკავშირებით 12 პრიორიტეტი იქნა განსაზღვრული, საიდანაც სამი მათგანი შესრულდა. კიდევ შვიდი რეკომენდაციის შესრულების მხრივ კი საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ეს სფეროებია; პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და საარჩევნო ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესება, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება და განხორციელება, ანტიკორუფციული სტრატეგიის დამოუკიდებლობის გაძლიერება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებათა დაცვა და გაძლიერება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის უზრუნველყოფა. პარლამენტის წევრთა უმეტესობამ დაასრულა ბოიკოტი პარლამენტში, რამდენიმე კანონი იქნა მიღებული პარტიათაშორისი მხარდაჭერით ამ კრიტერიუმის სრულად დაკმაყოფილებისთვის. საქართველომ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური კონტროლი და დაასრულოს მკაცრი რიტორიკა და პატივი სცეს მიღებულ პოლიტიკურ შეთანხმებას, კერძოდ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულს, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმება ჰქვია; მეორე ნაბიჯი – სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესება. მთავრობამ მიიღო საჯარო ადმინისტრირების რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, საარჩევნო კოდექსსა და კანონში განხორციელდა ცვლილებები პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობისთვის, თუმცა საქართველომ უნდა გააუმჯობესოს საპარლამენტო კონტროლი, რათა ადეკვატურად გამოიძიოს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ბრალდებები, როგორც ეს ოდირის ანგარიშშია ხაზგასმული და უკან უნდა გაიწვიოს საარჩევნო ცვლილებები, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას უკავშირდება;

მესამე ნაბიჯი – ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველომ უნდა წარადგინოს ცვლილებები მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიაში მეორე მოსაზრების მისაღებად, რათა მიიღოს მართლმსაჯულების უფრო ფართო რეფორმა, განსაკუთრებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; დაბოლოს, დანიშნოს არამოსამართლე წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მეოთხე პუნქტს რაც შეეხება, ახალი ანტიკორუფციული ბიურო დაარსდა იმისთვის, რომ საქართველომ სრულად უპასუხოს ამ პუნქტს, საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ ბიურომ იმუშაოს დამოუკიდებლად და კანონპროექტთან დაკავშირებით მოხდეს კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს, გადახედოს გადაწყვეტილებას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ბიუროდან გამოსვლის შესახებ; რაც შეეხება მეექვსე პუნქტს – ორგანიზებულ დანაშაულს, საქართველომ გააძლიერა ურთიერთობა „ევროპოლთან“ და წევრ სახელმწიფოებთან. ახლა საქართველოს სჭირდება, რომ შეასრულოს ევროპული საბჭოს ყველა რეკომენდაცია; მერვე – ადამიანების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის სტრატეგია მოამზადოს ინკლუზიური გზით, უზრუნველყოს ლგბტქი საზოგადოების წევრების შეკრება და გამოხატვის თავისუფლება; მეათე პუნქტი – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. საქართველოს სჭირდება კონსტრუქციული დიალოგის განახლება სამოქალაქო საზოგადოებასთან და შეასრულოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები;

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. ამ მიმართულებით ვენეციის კომისიამ ბოლო დასკვნაში თქვა, რომ კანონპროექტი არ უნდა მიღებულიყო ამ ფორმით და ამასთან დაკავშირებით, მინდა, მივესალმო რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს კანონპროექტი მიღებული არ იქნება. ახლა საქართველო უნდა ფოკუსირდეს სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის კონკურენციის პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გაძლიერებით; დაბოლოს, მედია პლურალიზმი და მედია მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები. საქართველომ ამ ნაბიჯის შესრულებაში წარმატებას ვერ მიაღწია. საქართველოს სჭირდება შესწორებები კანონში მაუწყებლობის შესახებ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და ასევე, აამაღლოს ჟურნალისტებისა და მედიამფლობელების თავისუფლების დაცვა“, – განაცხადა ვარჰეიმ.

“მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს მხარდაჭერისთვის”- ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განაცხადებით, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ფინანსური და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა.

როგორც ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს სერიოზული მიღწევები აქვს.

ამასთან, ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარდაჭერისთვის საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

„ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა. ხმათა უმრავლესობით საბჭომ დამიჭირა მხარი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ამირჩია. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს. შვიდი წევრიდან ხუთმა მხარი დამიჭირა და ორმა თავი შეიკავა. მიუხედავად იმისა, მხარი დამიჭირეს თუ თავი შეიკავეს, ჩვენ, ყველას, ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება გვაერთიანებს, გვაერთიანებს საერთო მიზანი, ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით მუშაობას კვლავინდებურად ერთობლივად გააგრძელებს. დიდი პატივია, რომ საბჭომ მხარი დამიჭირა და, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში, კანონის თანახმად, მე ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გავხდი საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამ ტრადიციული და მდიდარი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, სადაც გამოცდილი, პროფესიონალთა გუნდი მუშაობს.

ეროვნული ბანკის მთავარი მისია და ფუნქცია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს სერიოზული მიღწევები აქვს, რადგან, დიდი გამოწვევების მიუხედავად, რომლის წინაშეც იდგა ქვეყნის ეკონომიკა, საფინანსო სექტორი, იყო ეს პანდემია, გეოპოლიტიკური გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მძვინვარებს, ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა თავისი სიძლიერე, შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები და, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული ბანკის სწორმა, ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ისნის რაიონის გამგეობა ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ვაზისუბანში აგრძელებს

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ლიფტების მოწყობის სამუშაოებს აგრძელებს.

ამჯერად, ვაზისუბანში, III მ/რ, II კვარტ, კორპ №10, IV მ/რ, II კვარტ, კორპ №11, ვაზისუბნის დასახლება, კორპ №20ა, ვაზისუბნის დასახლება, კორპ №21ა და მუჯირიშვილის №10-ის მიმდებარედ, ორ სადარბაზოში დასრულდ, ოთხში კი ექვსი ძველი ლიფტის ჩანაცვლების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 454 960 ლარით დაფინანსდა.
ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

რაიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ისნის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს.

“საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული” – ოლივერ ვარჰეი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული.

ამის შესახებ მან სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე პროცესის საშუალებით.

„რაც შეეხება საქართველოს, რომლის შემთხვევაშიც 12 პრიორიტეტი განისაზღვრა, ივნისში წარმოდგენილ მოსაზრებაში ჩვენ ვხედავთ, რომ 3 მათგანი არის შესრულებული: პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე არის სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ამასთან, ვარჰეის განმარტებით, საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 7 მიმართლებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

„7 სხვა მიმართულებით საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს – მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულებით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების მიმართულებით და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმების სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების თვალსაზრისით, ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს

ეროვნულ ბანკში დღეს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს, რომელიც თავის მხრივ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და შესაბამისად, დროებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება.

ნათია თურნავას კანდიდატურას საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა.

ახალ თანამდებობას ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ შევიდა.

გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს საბჭოში ყოფნის ვადა არ ამოეწურება, ეროვნულ ბანკს ოთხი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოს შვიდი წევრი ჰყავს, საბჭოს წევრობისთვის კიდევ ორი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა, თუმცა დიდი ალბათობით, როგორც უმრავლესობაში ამბობენ, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს ისინი მხარს არ დაუჭერენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს შვიდ წევრსაც შეუძლია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა, რომელსაც თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა, ეს კი მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს კობა გვენეტაძეს შვიდწლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

რაც შეეხება ნათია თურნავას, ის 2022 წლის ივნისში შევიდა ეროვნული საბჭოში, მანამდე კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

“სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს” – „ღირსეული შრომის პლატფორმა“

სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე შეუქცევადი ზიანის საფრთხეებს აჩენს, – ასე ეხმაურება „ღირსეული შრომის პლატფორმა“ მაღაროელების შიმშილობას.

მათი ცნობით, დასაქმებულთა ბრძოლა, როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, რეალური და ეფექტური რეაგირების გარეშეა დატოვებული.

„მე-15 დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს ჭიათურის მაღაროელთა პროტესტი საბაზისო შრომის პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნით. მეოთხე დღეა, პროტესტმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. მოთხოვნები სამართლიან ანაზღაურებას, შრომის უსაფრთხოების ნორმების მოწესრიგებას, ჰიგიენისა და კვების საკითხების მოგვარებას ეხება, რაც პასუხისმგებლიანი სამუშაო გარემოს ელემენტარული პირობები უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, დასაქმებულთა ბრძოლა, როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, რეალური და ეფექტური რეაგირების გარეშეა დატოვებული.

მაღაროელთა სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნების იგნორირება, იძულებულს ხდის მშრომელებს, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ. როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში მოშიმშილე მაღაროელებმა მრავლობითი თვითდაზიანება მიიყენეს; ზოგიერთი, ჯანმრთელობის ქრონიკული დაზიანების საფრთხის წინაშეა; ერთ-ერთმა მოშიმშილემ გონებაც დაკარგა.

სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე შეუქცევადი ზიანის საფრთხეებს აჩენს, რის გამოც, კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უმოქმედობა და საკითხის მიმართ ფორმალური დამოკიდებულებები, ამ ადამიანების, მათზე ფინანსურად დამოკიდებული ოჯახის წევრებისა და მაღაროელთა შრომაზე ეკონომიკურად დამოკიდებული მთელი ქალაქის გაწირვის ფორმას იღებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, კომპანიასთან რეალური მოლაპარაკების ჩათვლით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა პროტესტის უმწვავესი ფორმების გამოყენებას მოჰყვეს; იმოქმედოს დაუყოვნებლივ და ეფექტურად, რათა კომპანიამ შეასრულოს მაღაროელებთან კოლექტიური ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომ დაკმაყოფილდეს ჭიათურელი მაღაროელების ბაზისური და სამართლიანი მოთხოვნები.

მოვწოდებთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: გაააქტიუროს და არსობრივად წარმართოს მედიაციის პროცესი; პროტესტის მიმდინარეობისას, უზრუნველყოს მოშიმშილე და თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი მაღაროელების მუდმივი სამედიცინო კონტროლი შიმშილობისა და პროტესტის სხვა ფორმებით გამოწვეული თანხმლები გართულებების თავიდან აცილების მიზნით”, – ნათქვამია „ღირსეული შრომის პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „ღია საზოგადოების ფონდი“, „ერთობა 2013“, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოლიდარობის ქსელი“, „მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირი“, „გილდია“.

ოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

ოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. მათ პოლიტიკურ ჯგუფს „თავისუფლება“ ეწოდება, რომლის რეგისტრაციის საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 23 ივნისის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

პარლამენტში რიგით მეცხრე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება.

ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. მათ აღნიშნული ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს.

ილონ მასკმა და მარკ ცუკერბერგმა ერთმანეთი ორთაბრძოლაში გამოიწვიეს

ილონ მასკმა და მარკ ცუკერბერგმა ერთმანეთი ორთაბრძოლაში გამოიწვიეს. კომპანია Space X-ის, Tesla-სა და Twitter-ის მფლობელმა დაწერა, რომ ცუკერბერგთან ე.წ. გალიაში ჩხუბს ისურვებდა.

Facebook-ის შემქმნელმა პასუხად, ორთაბრძოლის ადგილმდებარეობა მოითხოვა. ილონ მასკმა ვეგასის ოქტაგონი დაასახელა.

მილიარდერების ეს განცხადებები სოციალურ ქსელში უკვე ვირუსულად გავრცელდა, Twitter-ის მომხმარებლები ფსონებს ჩამოდიან, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში, 52 წლის ილონ მასკი თუ 39 წლის მარკ ცუკერბერგი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6260 ლარი ეღირება, ევრო – 2.8891 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3552 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6208 ლარი ღირდა, ევრო – 2.8622 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3287 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 ივნისს ამოქმედდება.