“სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს” – „ღირსეული შრომის პლატფორმა“

89
spot_img

სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე შეუქცევადი ზიანის საფრთხეებს აჩენს, – ასე ეხმაურება „ღირსეული შრომის პლატფორმა“ მაღაროელების შიმშილობას.

მათი ცნობით, დასაქმებულთა ბრძოლა, როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, რეალური და ეფექტური რეაგირების გარეშეა დატოვებული.

„მე-15 დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს ჭიათურის მაღაროელთა პროტესტი საბაზისო შრომის პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნით. მეოთხე დღეა, პროტესტმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. მოთხოვნები სამართლიან ანაზღაურებას, შრომის უსაფრთხოების ნორმების მოწესრიგებას, ჰიგიენისა და კვების საკითხების მოგვარებას ეხება, რაც პასუხისმგებლიანი სამუშაო გარემოს ელემენტარული პირობები უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, დასაქმებულთა ბრძოლა, როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, რეალური და ეფექტური რეაგირების გარეშეა დატოვებული.

მაღაროელთა სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნების იგნორირება, იძულებულს ხდის მშრომელებს, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ. როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში მოშიმშილე მაღაროელებმა მრავლობითი თვითდაზიანება მიიყენეს; ზოგიერთი, ჯანმრთელობის ქრონიკული დაზიანების საფრთხის წინაშეა; ერთ-ერთმა მოშიმშილემ გონებაც დაკარგა.

სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე შეუქცევადი ზიანის საფრთხეებს აჩენს, რის გამოც, კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უმოქმედობა და საკითხის მიმართ ფორმალური დამოკიდებულებები, ამ ადამიანების, მათზე ფინანსურად დამოკიდებული ოჯახის წევრებისა და მაღაროელთა შრომაზე ეკონომიკურად დამოკიდებული მთელი ქალაქის გაწირვის ფორმას იღებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, კომპანიასთან რეალური მოლაპარაკების ჩათვლით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა პროტესტის უმწვავესი ფორმების გამოყენებას მოჰყვეს; იმოქმედოს დაუყოვნებლივ და ეფექტურად, რათა კომპანიამ შეასრულოს მაღაროელებთან კოლექტიური ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომ დაკმაყოფილდეს ჭიათურელი მაღაროელების ბაზისური და სამართლიანი მოთხოვნები.

მოვწოდებთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: გაააქტიუროს და არსობრივად წარმართოს მედიაციის პროცესი; პროტესტის მიმდინარეობისას, უზრუნველყოს მოშიმშილე და თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი მაღაროელების მუდმივი სამედიცინო კონტროლი შიმშილობისა და პროტესტის სხვა ფორმებით გამოწვეული თანხმლები გართულებების თავიდან აცილების მიზნით”, – ნათქვამია „ღირსეული შრომის პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „ღია საზოგადოების ფონდი“, „ერთობა 2013“, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოლიდარობის ქსელი“, „მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირი“, „გილდია“.