Home Blog Page 1960

23 ივნისის ამინდის პროგნოზი

23 ივნისს ქუთაისში +31 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +97 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ფოთში დღისით წვიმა და +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +28 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

მესტიაში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც დღისით წვიმა და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +25, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +17, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. სიღნაღში დღისით +23 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +23 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

“ეს არის არსებითი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ”- შარლ მიშელი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე

შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, რაც არის არსებითი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ სიურპრიზებითა და საინტერესო მოვლენებით სავსე დღისთვის მოემზადოთ. მარტოხელა ვერძებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, რაც სავარაუდოდ, ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება. ამ დღეს თამამად შეგიძლიათ სარისკო შეთავაზება მიიღოთ ან ახალი საქმის დაწყება სცადოთ – ვარსკვლავების მხარდაჭერა წარმატებაში დაგეხმარებათ.

კურო

სავარაუდოდ, ამ დღეს დიდი იმედგაცრუება გელით. გამორიცხული არ არის, რომ საყვარელი ადამიანის რაღაც მოქმედებამ გულით გატკინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა ან სასიამოვნო თავგადასავალი. გირჩევთ, საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ არავის უამბოთ.

ტყუპები

დაგეგმილი საქმეების გადადება ან გაუქმდება მოგიწევთ. გარემოებების შეცვლის გამო ახალ გარემოსთან და ადამიანებთან შეგუება მოგიწევთ. გირჩევთ ბიზნესაქტივობა შეამციროთ და ახალ პროექტის დასაწყებად უკეთესი დრო შეარჩიოთ. ამ დღეს ძველი, მტკივნეული კითხვის პასუხს იპოვით.

კირჩხიბი

ამ დღეს გარშემომყოფების დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ყველა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება მოგიწევთ. თამამად გარისკეთ და ყველაფერს მიაღწევთ, რაც დაგეგმეთ, თუმცა ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – არსებობს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკი.

ლომი

ეცადეთ მოვლენების შუაგულში იტრიალოთ და ცვალებად გარემოებებს მოერგოთ – ვარსკვლავები ამბობენ, რომ სასურველს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ. თავშეკავება და ემოციების კონტროლი მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. მოინახულეთ ნათესავი, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება და სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

ქალწული

მოვლენებით დატვირთული და საინტერესო დღეა. ვარსკვლავების დახმარებით საინტერესო პროექტში მონაწილეობას და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას შეძლებთ. შესაძლოა, თანამოაზრეები იპოვოთ, რომლებიც პროფესიულ საქმიანობაში და და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ მიღებული ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ.

სასწორი

ამ დღეს შეგიძლიათ ყველაზე რთულ და უსიამოვნო საქმეებს გაუმკლავდეთ და ამაში ვარსკვლავები დაგეხმარებიან. დაძაბული დღის შემდეგ ოჯახური საქმეები ძალისა და სულიერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ. გირჩევთ საყვარელ ადამიანის მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ და მის რჩევებს მეტი ყურადღებით უსმინოთ.

მორიელი

ამ დღეს ყველა წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ და ნებისმიერ ჟესტსა და მინიშნებაში ფარული აზრი ეძებოთ. ეს გვერდით მყოფი ადამიანების ნამდვილი მიზნების ამოცნობაში დაგეხმარებათ. ეცადეთ სამსახურში არ გადაიღალოთ – იპოვეთ მიზეზი, რომელიც ხშირად შესვენების საშუალებას მოგცემთ და, რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ ინერვიულოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს კონფლიქტის დაწყება ადვილია, დასრულება კი ძნელი, ამიტომ ეცადეთ, დაძაბულ სიტუაციებს თავი დააღწიოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დროა საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოთ, რომელიც დიდი ხანია თავის დროს ელის.

თხის რქა

დისკუსიაში საკუთარი პოზიციის დაცვის არ უნდა შეგეშინდეთ. ეს გუნდში თქვენს ავტორიტეტს გააძლიერებს და თანამოაზრეებს გაგიჩენთ. არ მისცეთ გარშემო მყოფებს უფლება, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიონ და საკუთარი წესები გიკარნახონ

მერწყული

გირჩევთ საკუთარი ცხოვრებიდან გაუშვათ წარსული, რომელიც განვითარებაში ხელს გიშლით და ახალი იდეებისა და ნაცნობობისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. ნუ მისცემთ უფლებას ემოციებს, რომ ურთიერთობებში ჩაერიონ. ახალი და უჩვეულო საქმე წარმატებას მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს ყველა პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე მოგიწევთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც საუკეთესო გამოსავალს გიკარნახებთ. ადამიანს, რომელიც ბევრჯერ უანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.

“ჯორჯიან მანგანეზი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს, – ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება კომპანიის მთავარი ღირებულებაა.

„„ჯორჯიან მანგანეზის“ არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ. ​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებამდე „ჯორჯიან მანგანეზმა“ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და ჭიათურაში დასაქმებულთა ნაწილის ანაზღაურება გაასაჯაროვა.

„გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნის საფუძველზე და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კომპანიამ გადაწყვიტა ჭიათურაში დასაქმებულთა ნაწილის ანაზღაურება გაასაჯაროოს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაფიცულებმა ანაზღაურების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. საუბარია კომპანიაში დასაქმებულ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში. ქვემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, ნათლად ჩანს, თუ რას შეადგენს 2022 წელს საშუალოდ დარიცხული ხელფასები – 3187 ლარი (გაცემულია 01.02.2022 – 01.02.2023). ​აქვე ვაცხადებთ, რომ კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, გასაჯაროებული ინფორმაცია დოკუმენტაციით დაადასტუროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

https://www.facebook.com/georgianmanganese.ge/posts/294726816239181?ref=embed_post

“მთავარ არხს აღარ ვუხელმძღვანელებ, თუმცა დავეხმარები კრიზისიდან გამოსვლაში”- ნიკა გვარამია

“მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, ეს იქნება იმ სირთულეებიდან „მთავარი არხის“ გამოყვანა, რომელშიც ის იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო , – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ შესაბამისი წინადადებით არხის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართავს.

“მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იმ სირთულეებიდან მთავარი არხის გამოყვანაა, რომელშიც იგი იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ მთავარ არხს ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ახლა ვარ. მთავარი არხი გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემ გარეშე თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი, უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში.

ამიტომ მე გავაკეთებ იმას „მთავარი არხისთვის“, რაც შეიძლება სხვას არ შეეძლოს, არც „მთავარ არხზე“ და არც სხვაგან. ეს, პირველ რიგში, ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ „მთავარ არხს“ უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელმძღვანელობს, ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი. მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს. პირველ რიგში, ეს იქნება რასაც გავაკეთებ. არ ვიცი მე ჯერჯერობით ჩემი ურთიერთობა ტელევიზიასთან როგორც ჟურნალისტის, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული.

რაც შეეხება იმას, საერთოდ რას გავაკეთებ, გულწრფელად გეტყვით, ციხეში მე ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება, ზოგადად არაფერთან დაკავშირებით არ მიმიღია, იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, იმის შეგრძნება რა ხდება სინამდვილეში გარეთ”, – განაცხადა მან.

“არ ველოდი გათავისუფლებას – არ ვიყავი ამისთვის მზად”- ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ​გვარამიას რუსთავის ციხესთან ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები დახვდნენ.

როგორც გვარამიამ განაცხადა, შეწყალებას არ ელოდა.

„გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი გათავისუფლებას, არ ვიყავი ამისთვის მზად. მინდა, გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, ეს მას ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს, ნამდვილად.

არ ვაპირებ გაჯიუტებული ვიყო ჩემ შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ. მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში, საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა და ბოდიშს ვუხდი ამის გამო.

თუმცა არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც პრეზიდენტი და უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. უნდა გვესმოდეს,როდესაც ქვეყანაში არსებობს მინიმუმ 500 ათასი ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება. მით უმეტეს ვერანაირი დეპოლარიზაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, ნუ გაჯიუტდება თავის შეცდომაში და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის.

არ მგონია, რომ რელევანტური იყოს არგუმენტი, რომ მაშინ სხვები გაბრაზდებიან. შეიძლება, სხვები გაბრაზდებიან, ადამიანების რაღაც რაოდენობა, მაგრამ ბრაზი გაივლის სწრაფად. სამაგიეროდ, იმ ადამიანების, ვისზეც მე ვისაუბრე, უსამართლობის შეგრძნება არ გაივლის იქამდე, ვიდრე სააკაშვილი არის უსამართლო პატიმრობაში. მოდით, არ შევაფასოთ, სამართლიანში თუ უსამართლოში, პირდაპირ ვთქვათ, რომ არ ღირს გარისკვა ადამიანის სიცოცხლით.ვისაც ეჭვი ეპარება მის ჯანმრთელობაში, სჯობს, ეს ეჭვი სიცოცხლის სასარგებლოდ გადაწყვიტოს თავის თავშიც, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმაც. თუ არსებობს რამე ეჭვები, გადაწყვიტეთ სიცოცხლის სასარგებლოდ, რადგან სჯობს შეგეშალოთ სიცოცხლის სასარგებლოდ, ვიდრე სიკვდილის სასარგებლოდ.

არ ვთვლიდი და დღემდე არ ვთვლი, რომ შეწყალება უნდა მეთხოვა, რადგან უდანაშაულო მგონია ჩემი თავი და ამას აუცილებლად დავამტკიცებ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას აღარ გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

ყველაზე დიდი ნაბიჯი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის გადადგა პრეზიდენტმა – ხატია დეკანოიძე ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმიანება.

„ყველაზე დიდი ნაბიჯი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის გადადგა საქართველოს პრეზიდენტმა.

იგი თუ გახდება სამიზნე ქართული ოცნების მხრიდან, დავიცავთ. აუცილებლად!” – წერს ხატია დეკანოიძე.

https://www.facebook.com/khatia.dekanoidze.7/posts/pfbid02a3otetMd1Ro6eLwMT9jDKt5js8H7gcmRH67owNhqmG4BUcHDG1PvhzfMaGMcF2pPl?ref=embed_post

ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა

ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ნიკა გვარამიას რუსთავის ციხესთან შვილები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები, პოლიტიკოსები და მხარდამჭერები ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

ნიკა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის 16 მაისს დააკავეს. მას სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა

კომპანია OceanGate-მა, რომელსაც ბატისკაფი „ტიტანი“ ეკუთვნის, განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში დაკარგული ბატისკაფის მგზავრები, სამწუხაროდ, გარდაცვლილები არიან.

„ახლა ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი სულემან დავუდი, ჰემიშ ჰარდინგი და პოლ-ანრი ნარჟოლე, სამწუხაროდ, გარდაცვლილები არიან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სანაპირო დაცვაც.  “ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი, წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი და წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე სამწუხაროდ დაიღუპნენ”. – ამის შესახებ აშშ-ის სანაპირო დაცვის ოფიციალურმა პირებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

“აშშ-ის სანაპირო დაცვისა და მთელი ერთიანი სარდლობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახების მიმართ“, – განაცხადა აშშ-ის სანაპირო დაცვის კონტრადმირალმა, ჯონ მაუგერმა.

კომპანია OceanGate-ის ბატისკაფმა „ტიტანი“, რომელზეც „ტიტანიკის„ ჩაძირვის ადგილას 8-საათიან ექსპედიციაში წასვლა 250 ათას დოლარად შეიძლება, კავშირზე გამოსვლა 18 ივნისს შეწყვიტა.

წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა OceanGate Expeditions-ის მიერ ორგანიზებულ 8-დღიან ექსპედიციაზე, რომლის ფარგლებში ბორტზე მყოფ ადამიანებს ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრ სიღრმეზე მყოფი ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინათ.

ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა: ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მეწარმე შაჰზად დავუდი და მისი ვაჟი სულემანი, OceanGate-ის დამფუძნებელი სტოქტონ რაში და ნავის ოპერატორი პოლ-ანრი ნარჟოლე.

კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ი ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე – კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

“მნიშვნელოვანი აქტი გამოსცა საქართველოს პრეზიდენტმა”- ლევან ხაბეიშვილი

მნიშვნელოვანი აქტი გამოსცა საქართველოს პრეზიდენტმა, ოღონდ ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანისთვის გამოცემული აქტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„მინდა, მივულოცო ყველას, ნიკას მეგობრებს, თანამებრძოლებს  და  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თუნდაც განსხვავებული პოზიციისას, რადგან მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი რომ გამოგონილი, აბსურდული ბრალით არის დაკავებული, ასე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ.

ახლა მნიშვნელოვანია ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, რაზეც ასევე საუბრობენ ღიად დიპლომატები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და შემდეგ ყველამ ერთად უნდა გავათავისუფლოთ ამ რუსული რეჟიმისგან ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლას „მთავარი არხის“ თანამშრომლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები ელოდებიან.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო.

მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის – ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

„დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დევნილი და უსამართლოდ დაპატიმრებული იყო. მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის“, – წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

” მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე”- ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.

„მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“,- წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო.

https://www.facebook.com/ioselianilevan/posts/808729027503644?ref=embed_post