“არ ველოდი გათავისუფლებას – არ ვიყავი ამისთვის მზად”- ნიკა გვარამია

157
spot_img

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ​გვარამიას რუსთავის ციხესთან ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები დახვდნენ.

როგორც გვარამიამ განაცხადა, შეწყალებას არ ელოდა.

„გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი გათავისუფლებას, არ ვიყავი ამისთვის მზად. მინდა, გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, ეს მას ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს, ნამდვილად.

არ ვაპირებ გაჯიუტებული ვიყო ჩემ შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ. მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში, საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა და ბოდიშს ვუხდი ამის გამო.

თუმცა არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც პრეზიდენტი და უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. უნდა გვესმოდეს,როდესაც ქვეყანაში არსებობს მინიმუმ 500 ათასი ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება. მით უმეტეს ვერანაირი დეპოლარიზაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, ნუ გაჯიუტდება თავის შეცდომაში და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის.

არ მგონია, რომ რელევანტური იყოს არგუმენტი, რომ მაშინ სხვები გაბრაზდებიან. შეიძლება, სხვები გაბრაზდებიან, ადამიანების რაღაც რაოდენობა, მაგრამ ბრაზი გაივლის სწრაფად. სამაგიეროდ, იმ ადამიანების, ვისზეც მე ვისაუბრე, უსამართლობის შეგრძნება არ გაივლის იქამდე, ვიდრე სააკაშვილი არის უსამართლო პატიმრობაში. მოდით, არ შევაფასოთ, სამართლიანში თუ უსამართლოში, პირდაპირ ვთქვათ, რომ არ ღირს გარისკვა ადამიანის სიცოცხლით.ვისაც ეჭვი ეპარება მის ჯანმრთელობაში, სჯობს, ეს ეჭვი სიცოცხლის სასარგებლოდ გადაწყვიტოს თავის თავშიც, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმაც. თუ არსებობს რამე ეჭვები, გადაწყვიტეთ სიცოცხლის სასარგებლოდ, რადგან სჯობს შეგეშალოთ სიცოცხლის სასარგებლოდ, ვიდრე სიკვდილის სასარგებლოდ.

არ ვთვლიდი და დღემდე არ ვთვლი, რომ შეწყალება უნდა მეთხოვა, რადგან უდანაშაულო მგონია ჩემი თავი და ამას აუცილებლად დავამტკიცებ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას აღარ გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.