Home Blog Page 1958

“ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას” – ნინო ქადაგიძე

ქართული მართლმსაჯულება, ქართული სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქადაგიძეს მართლმსაჯულების მიმართულებით სტანდარტებზე დაუსვეს კითხვა, რამდენად შეესაბამება ის მეგობარ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს.

„ქართული მართლმსაჯულების მიმართულებით დიდი რაოდენობის ბულინგი მოემართება. მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, ქართული მართლმსაჯულება, ქართული სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას. სოლიდარობას ვუცხადებ თითოეულ მათგანს, მაგრამ გარწმუნებთ, ქართული მართლმსაჯულება, შესაბამისობის სტანდარტებით, ბევრად აღემატება ნებისმიერ ქვეყანას“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ქადაგიძის თქმით, სასამართლოს ნდობა აქვს, რასაც ადასტურებს საქმეთა ნაკადი, მოსახლეობის, მხარეების განწყობა.

„სასურველია ყოველთვის უკეთესი, მაგრამ, ნებისმიერი მონაცემებით, კვლევით, მათ შორის დამოუკიდებელი კვლევებით, რომელიც ჩატარდა საქართველოში, ქართული მართლმსაჯულება ძალიან ბევრ ინსტიტუციას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას ბევრად უსწრებს რეიტინგით. სასამართლოს ნდობა აქვს, რასაც ადასტურებს საქმეთა ნაკადი, მოსახლეობის, მხარეების განწყობა. ჩვენ 2018 წლიდან შიდა კვლევებს ვაწარმოებთ სასამართლოში და საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს, თუმცა არასდროს ვარ კმაყოფილი მიღწეულით“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, ამ ფონზე, როგორ შეაფასებდა იმას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დასანქცირდა, ქადაგიძემ აღნიშნა:

„სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ვერავისგან მივიღებთ  მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და მართლმსაჯულების სისტემის. სასამართლოში ძირითადი გამოწვევაა საქმეთა რაოდენობა, მზარდი ნაკადი და მოსამართლეთა სიმცირე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოეს ერთ წელიწადში ეს პრობლემა დაძლეული იქნება. ძალიან რთულია სასამართლოში შემოსვლა, ეს არ არის მარტივი, რადგან მკაცრად ხდება იმ კვალიფიკაციის შემოწმება, რომელსაც თითოეული მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს. ბოლო პერიოდში ყველა გასაუბრება ჩატარდა ღიად, საჯაროდ და თუ დამისახელებთ რომელიმე პირს, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებს და სისტემაში არ იქნა დაშვებული, თქვენი, ასევე საზოგადოების წინაშე მოვიხდი ბოდიშს. ყველა კანდიდატი, რომელთანაც გასაუბრება ჩატარდა და ამ სტანდარტს აკმაყოფილებდა, დაშვებული, მიღებული იქნა“, – განაცხადა ნინო ქარდავამ.

ნინო ქადაგიძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, რა კომენტარს გააკეთებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ასი პროცენტით მართალია, თუმცა დასანქცირებაზე აშშ-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აღარ აპირებს, რადგან არ აქვს საშუალება, ადვოკატს ასიათასობით თანხა გადაუხადოს.

„ამ თემაზე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ. მან თავად გააკეთა შესაბამისი განცხადება. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ცალსახად გიდასტურებთ, რომ ამერიკაში ადვოკატის მომსახურება საკმაოდ ძვირია. ყველა საქმემ, რომლის გარშემოც იყო ატეხილი აჟიოტაჟი და რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულების, ქართველი მოსამართლეების დემონიზება, გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი. ევროსასამართლოში ყველა ეს საქმე საქართველოს სასარგებლოდ დამთავრდა, ამიტომ, როცა სასამართლო სისტემა, მათ შორის მეც, რიგითი მოსამართლე, მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა, ამის შემდეგ იქნება პასუხი კითხვაზე, არის თუ არა 100 პროცენტით მართალი ქართველი მოსამართლე. ბოდიშს ველოდები ნებისმიერი პირისგან, ვისგანაც ეს დემონიზება წამოვიდა. ბუნებრივია, სახელმწიფო დეპარტამენტი ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ველოდებით შესაბამისს მტკიცებულებებს. მათ სურვილი თუ ექნებათ და თუ მიიჩნევენ, რომ ინფორმაცია, მტკიცებულებები ემყარება შესაბამისს საფუძვლებს, მაშინ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იყოს. ჩვენმა ქვეყანამ 1937 წელს გაიარა აღთქმებსა და განცდებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება. ჩვენ ვეფუძნებით მხოლოდ მტკიცებულებებს და მტკიცებულები გახდება საფუძველი არათუ მოსამართლის, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის პასუხისმგებლობისა“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესებით კმაყოფილი ვარ” – თეა წულუკიანი

ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პროცესებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, რაც უფრო დიდხანს იქნება კლოუნად წოდებული პირი ხელმძღვანელი, მით უკეთესად გამოჩნდება მათი რეალური სახე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკვე სერიოზულად აღქმა შეუძლებელია.

„არც იმას დავმალავ, რომ როგორც მე, ასევე ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე აღარ უკვირდება იმ პროცესებს, რაც ამ პარტიაში მიმდინარეობს. უკვე დიდი ხანია, საქმე გვაქვს ინფანტილიზმისა და არასერიოზულობის დემონსტრირებასთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ილია დარჩიაშვილის გამოსვლაში სხვა ტონი უნდა ყოფილიყო” – რომან გოცირიძე

დარჩიაშვილის მიმართვა უნდა ყოფილიყო პერსონალური – უნდა ყოფილიყო დაგმობილი მინისტერიალში ლავროვის მონაწილეობა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეუთოს მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მონაწილეობასა და სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოს უარი ეთქვა მონაწილეობაზე.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა, ისევე, როგორც ეს გააკეთა 5-მა ქვეყანამ. ჩვენ ვნახეთ, რომ თავდასხმის ობიექტი იყო საქართველო და მოყვანილი იყო, როგორც დასასჯელი ქვეყნის ნიმუში. ასეთ ვითარებაში საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა უნდა ყოფილიყო უფრო მკვეთრი, უნდა ყოფილიყო პირდაპირი პასუხი და არა ის, რომ სახლში მომზადებული რაღაც ტექსტით გამოვიდა. მასში ბუნებრივია, კრიტიკული ელემენტებიც იყო, მაგრამ როცა დარბაზში ზის ადამიანი, რომელიც ჰააგის სასამართლოზე უნდა გასამართლდეს, პერსონალური მიმართვაც უნდა ყოფილიყო მის მიმართ და სხვა ტონი უნდა ყოფილიყო გამოსვლაში. ყველაზე ლოგიკური იყო, რომ არ მიეღო საქართველოს მონაწილეობას, ბოლოსდაბოლოს თუ იღებდა, წინასწარ უნდა ყოფილიყო დაგმობილი ლავროვის დაშვება ამ კონფერენციაზე,“ – განაცხადა გოცირიძემ.

“პუტინი, როგორც დღეს ჩანს, უკრაინის წინააღმდეგ ომში იმარჯვებს”-The Economist

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 2-8 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი, როგორც დღეს ჩანს, უკრაინის წინააღმდეგ ომში იმარჯვებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პირველად მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინის არმია უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის პრეზიდენტი ამაყად გამოიყურება და იმედი აქვს, რომ უკრაინაზე გამარჯვებას შეძლებს. მართლაცდა, კრემლმა ქვეყანა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა. პრეზიდენტმა თავისი ხელისუფლება განიმტკიცა. დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა იპოვა გზები და საზღვარგარეთ სამხედრო საჭურველი შეისყიდა, მისმა საგარეო პოლიტიკამ გლობალური სამხრეთის ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ განაწყო და რაც მთავარია, კრემლი ძირს უთხრის დასავლეთის რწმენას, რომ უკრაინას შეუძლია ომიდან გამარჯვებული გამოვიდეს, ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს სახით.

დასავლეთს ბევრის გაკეთება შეეძლო ვლადიმერ პუტინის განწყობის გასაუარესებლად. დასავლეთს რომ მოენდომებინა, მას რუსეთზე უკეთესად შეეძლო თავისი სამრეწველო და საფინანსო რესურსების მობილიზება, მაგრამ მას ხელს უშლის ფატალიზმი, თვითდამშვიდება და სტრატეგიული ხედვის არარსებობა, განსაკუთრებით ევროპაში. დასავლეთი უკრაინისათვის და საკუთარი თავისთვისაც, ლეთარგიული ძილისაგან უნდა გამოფხიზლდეს.

მიზეზი, რომლის გამოც ვლადიმერ პუტინის გამარჯვება შესაძლებელია, გამოიხატება არა იმდენად ტერიტორიის ხელში ჩაგდებაში, რამდენადაც გამძლეობაში. არცერთ არმიას – არც უკრაინულს და არც რუსულს – ერთმანეთის უკუგდება არ შეუძლიათ იმ ტერიტორიიდან, რომლებიც ამჟამად აქვთ დაკავებულები. უკრაინის არმიის კონტრშეტევა შეჩერდა. შემტევი ბრძოლები დღეს ძირითადად თავდაცვით, პოზიციურ ბრძოლებად გადაიქცა, რაც იმას მიანიშნებს, რომ ომი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
მაგრამ ისიც ცხადია, რომ ბრძოლის ველზე შექმნილი არასახარბიელო სიტუაცია პოლიტიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. თუ იმპულსი იკლებს, მასთან ერთად მცირდება საბრძოლო სულისკვეთებაც, მატულობს გულგატეხილობა. თუ უკრაინა უკან დაიხევს, კიევში სულ უფრო გაფართოვდება ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობა. დასავლეთის ხმამაღალი განცხადებები უკრაინისადმი მხარდაჭერაზე, სამწუხაროდ, რეალური დახმარების გაფართოებით არ არის განმტკიცებული. ამის შემხედვარე ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტ თანხებს ხარჯავს ომისათვის, იგი მზადაა ფრონტის ხაზზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნოს.

დღეისათვის რუსეთის პოზიციები უფრო მტკიცედ გამოიყურება. კრემლმა თავი დააღწია დასავლეთის მიერ შექმნილ იზოლაციას და ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს და მოწყობილობებს მესამე ქვეყნებზე ტრანზიტის მეშვეობით იღებს. რუსეთმა ევროკავშირისაგან უარყოფილ თავის ნავთობს და გაზს ახალი ბაზარი მოუნახა, მათი ფასები ისეთია, რომ რუსულ ხაზინას სტაბილური შემოსავლები აქვს. კრემლმა შეძლო თავისი არმიის უზრუნველყოფა საბრძოლო მასალებითაც…

ვლადიმერ პუტინი ომს იგებს იმითაც, რომ მან ქვეყნის შიგნით თავისი პოზიციები განიმტკიცა. ომი რიგით რუს მოქალაქეებს არ მოსწონთ, მაგრამ ისინი თანდათან შეეგუვნენ. ხელისუფლება ცდილობს, რომ ომში დაღუპულების ოჯახთა უკმაყოფილება თავიდან აიცილოს და ამიტომ მათ საკმაოდ მოზრდილ თანხებს უხდიან კომპენსაციის სახით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიევში განწყობები სულ უფრო უარესდება. ბოლო დროს საზოგადოებამ გამოიღვიძა, პოლიტიკური ცხოვრება გააქტიურდა. მოსახლეობა ჯარში გაწვევის პირობებს აპროტესტებს. პრეზიდენტი და გენერალი ერთმანეთს აკრიტიკებენ. გაისმის ხმები, რომ ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააფართოოს.

მმართველი პარტიის რეიტინგი თანდათანობით კლებულობს. თავის მხრივ, უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვაში პრობლემები უჩნდება დასავლეთსაც. რამდენიც არ უნდა იძახონ პოლიტიკურმა ლიდერებმა – უკრაინას მუდმივად მხარს ვუჭერთო, თუ ამ განცხადებებს, რეალური და პრაქტიკული დახმარების გაწევა არ მოჰყვება, საზოგადოებაში გულგატეხილობა იმატებს. მეტი მხარდამჭერი გაუჩნდება მოლაპარაკების დაწყებას. მით უმეტეს, რომ დღეს, უკვე შეიმჩნევა თვით დასავლეთის რიგებში არსებული განხეთქილებაც:

უკრაინის მიმართ ევროკავშირში მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მატულობს – პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი… ამერიკაშიც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა უკრაინისათვის დახმარების გაწევაზე. აშშ-ში ახლოვდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და თუ მასში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, უკრაინისათვის სიტუაცია გაუარესდება.

რუსეთის უკრაინაზე გამარჯვება დასავლეთისათვის კატასტროფა იქნება. კრემლის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის არმია ევროპაში და მთლიანად მსოფლიოშიც ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი გახდება.

ვლადიმერ პუტინის შეჩერების საუკეთესო საშუალებაა, რომ დასავლეთმა უკრაინას საუკეთესო და თანამედროვე იარაღი მიაწოდოს. გასაგებია, რომ სამხედრო არსენალები ცარიელდება, შესაბამისად, საჭიროა მეტი ძალისხმევა იარაღის წარმოების დასაჩქარებლად.

აუცილებელია სანქციების შესრულების კონტროლის გაძლიერებაც. ევროპამ უნდა დააჩქაროს უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში. სამწუხაროდ, ევროპელმა ლიდერებმა ვერ გააცნობიერეს ამოცანის მასშტაბურობა და ბევრი თავს არიდებს ინტეგრაციისადმი ხელშეწყობას. ასეთ ლიდერებს შევახსენებთ ლევ ტროცკის გამონათქვამს: „შესაძლოა პოლიტიკოსები ომით დაინტერესებულები არ არიან, მაგრამ ომია მათით დაინტერესებული“.

წყარო:

“15 დეკემბერს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის გზაზე ყველაზე მეტი ხელშესახები შედეგების მოტანა შეძლო”

15 დეკემბერს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც შეძლო ევროპისა და ევროკავშირის გზაზე ქართველი ერისთვის ყველაზე მეტი ხელშესახები შედეგის დადება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს ამ გზაზე სიარულს როგორც პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელიც აღასრულებს ერის ნებას.

„ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ბრიუსელში იქნა მიღებული, არის მრავალი თაობის ნატვრისა და სულისკვეთების აღსრულება და ეს არის უმნიშვნელოვანესი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 15 დეკემბერს ეს გადაწყვეტილება საბოლოო ფორმას აუცილებლად მიიღებს. ჩვენც გვაქვს ამის საფუძვლიანი რწმენა და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც შეძლო ევროპისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ერისთვის ყველაზე მეტი ხელშესახები შედეგის დადება. ეს გახლდათ ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ახლა ეს უმნიშვნელოვასენი გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს როგორც პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელიც აღასრულებს საკუთარი ერის ნებას და ეს ნება ყოველთვის ისტორიულად ეკუთვნოდა ევროპულ არჩევანს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება.
Dubai Expo-ში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში დახვდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამიტის გახსნას დაესწრო. სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მ.

“არ გვაქვს საკმარისი ძალა, რათა სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მივაღწიოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომი ახალ ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ მან The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ფაქტია, რომ ომი ახალ ეტაპზე გადავიდა. ზამთარი ომის სრულიად ახალ ეტაპს წარმოადგენს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, რომელიც კონტრიერიშის ეფექტურობას ეხებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა კომპლექსური პასუხი გასცა.

„ჩვენ უკან არ ვიხევთ, მე ამით კმაყოფილი ვარ. ვებრძვით მსოფლიოში ნომერ მეორე არმიას, მე ამითაც კმაყოფილი ვარ. თუმცა ვკარგავთ ხალხს, რითაც კმაყოფილი არ ვარ. არ მივიღეთ ის შეიარაღება, რაც გვსურდა – ამით კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა ვერც ზედმეტად პრეტენზიული ვიქნები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას უფრო სწრაფად სურდა შედეგების მიღწევა და ამ კუთხით, სამწუხაროდ, დასახული მიზნები ვერ შესრულდა.

„უკრაინას არ ჰქონდა ის შეიარაღება, რომლის მიღებაც სურდა მოკავშირეებისგან. ჩვენი შეიარაღებული ძალების შეზღუდული შესაძლებლობები სწრაფ წინსვლას გამორიცხავდა. არ გვაქვს საკმარისი ძალა, რათა სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მივაღწიოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო.

საქსტატის ცნობით, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა ექვსი ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.8 პროცენტი – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე – 35.5% თბილისში სწავლობს.

ამასთან, 2023/2024 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს, რომლებიც საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში, 166.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.1 პროცენტით ნაკლებია.

2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია.

“სომეხი მცხოვრებლების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების დატოვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთს” – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

სომეხი მცხოვრებლების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების დატოვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთს და მისი კონტროლის ქვეშ მყოფ ე.წ. რეჟიმს, – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა მარია შმიდტან შეხვედრისას განაცხადა.

ბაირამოვის თქმით, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, ამ პროცესში არ ყოფილა ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, „ჯეიჰუნ ბაირამოვმა ხაზი გაუსვა ორმაგი სტანდარტებისა და შერჩევითი მიდგომის გამოყენების დაუშვებლობას საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებთან, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტის აღდგენა“.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი კვების მომსახურების სექტორში, მოკვლევის პროცესი დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, საკითხი ეხებოდა შპს ,,წერეთლის მექსიკურის” საჩივრის საფუძველზე დაწყებულ საქმის შესწავლას – შპს ,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე” და შპს ,,მექსიკური წერეთელზე N1″-ს მიმართ.

მოკვლევის შედეგად დადასტურდა  – მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების ფაქტები. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით  ორ კომპანიას  (,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე” და ,,მექსიკური წერეთელზე N1)    შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. მხარეებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 3 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მოკვლევა ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.

ამავე პერიოდში, 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროსთვის, სააგენტო 4 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – ფარმაციის, კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით.

“ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი რომ ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში”

ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი რომ ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში – სამადაშვილები ევროპაშიც არიან, მაგრამ არიან რაციონალური ევროპელები, რომელთა იმედი გვაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ქმნის საქართველოსთვისაც საფრთხეს უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ახლა ორბანის ოპოზიციაში გადავიდა.

„არაერთხელ გირჩიეთ, შეიძლება პირადად თქვენ არა, მაგრამ ოპოზიციას, დალიონ ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, საფრთხეებს რომ უწოდებთ, სიზმარში აღარ ნახოთ. შავ სიზმრებს ნახულობთ, რომ ვითომ ორბანი ეჩხუბება ევროკავშირს და ევროკავშირი მოუგებს ორბანს, მერე თან საქართველოს ჩააყოლებთ ხოლმე – „ორბანის მხარეს რომ იყავი, ახლა ევროკავშირი შენ დაგჩაგრავსო“. ამ სიზმრებს თავი დაანებეთ, მომავლისკენ გაიხედეთ, ორბანი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ნატო-ს და ევროკავშირის წევრია. „კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“ – ოპოზიციამ ვერ მოუგო ქართველ ხალხის და ქართულ სახელმწიფოს და ახლა ორბანს დაეჯახა, ორბანის ოპოზიციაში გადავიდა სალომე სამადაშვილი, რომელიც ვისი ოპოზიციაა კაცმა არ იცის. ასეთივე წარმატებით სვამდით კითხვებს, სანამ ევროკომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ შედეგი ხომ ნახეთ, რაც იყო?! ევროპაშიც არიან ადამიანები, ვინც არასწორად აზროვნებს, სალომე სამადაშვილები, სამწუხაროდ, ევროპაშიც არიან, კუბილიუსი ვინ არის აბა, ფოტიგა?.. მაგრამ არიან რაციონალური ევროპელები, რომელთა იმედი ჩვენ გვაქვს და გვექნება მომავალშიც“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს.

აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ეძლეოდა სალომე ზურაბიშვილს უფლება გუშინ, თსუ-ში სტუდენტებთან კამპანიის – „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ესაუბრა.

„პრეზიდენტს ყველგან აქვს შესვლის უფლება და ყველასთან აქვს შეხვედრის უფლება. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინ უთხრა უარი და რა მიზნისთვის. ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სტუდენტებს უკრძალავს მაგიდის დადგმას და პეტიციაზე ხელის მოწერას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.