საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი კვების მომსახურების სექტორში, მოკვლევის პროცესი დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საკითხი ეხებოდა შპს ,,წერეთლის მექსიკურის” საჩივრის საფუძველზე დაწყებულ საქმის შესწავლას – შპს ,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე” და შპს ,,მექსიკური წერეთელზე N1″-ს მიმართ.
მოკვლევის შედეგად დადასტურდა – მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების ფაქტები. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით ორ კომპანიას (,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე” და ,,მექსიკური წერეთელზე N1) შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. მხარეებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 3 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მოკვლევა ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.
ამავე პერიოდში, 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროსთვის, სააგენტო 4 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – ფარმაციის, კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით.