რუსეთის ფედერალურ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მეორე ვერ გაეშვა: ავიაკომპანია — Red Wings-ის რეისები საქართველოსკენ „გაიჭედა“ (ავტორი – ანასტასია ლვოვა), რომელშიც განხილულია საკითხი, თუ რატომ ვერ დაიწყო საქართველოში ფრენები რუსეთის მეორე ავიაკომპანიამ Red Wing-მა („აზიმუტის“ შემდეგ), რა ხელისშემშლელი მიზეზები არსებობს ამ საკითხში.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, Red Wing-მა საქართველოში ფრენების ნებართვა ჯერ კიდევ მაისში მიიღო, მაგრამ პრაქტიკულად ავიამიმოსვლა ჯერაც განუხორციელებელი რჩება. ფრენების დაწყება გაურკვეველი ვადით არის გადადებული, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ არ აქვს ნებართვა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსაგან. Red Wing-ის გეგმებში შედიოდა ფრენები როგორც მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან ქუთაისში, ასევე ჟუკოვს-თბილისის და სოჭი-თბილისის ავიარეისების გაშვებაც.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საკითხის გადაწყვეტა შესაძლოა უკავშირდება რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის პარიტეტის დაცვის აუცილებლობას.
როგორ განისაზღვრება პარიტეტი ფრენებში?
დღეს მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან თბილისში ყოველდღიურად დაფრინავენ ორი ავიაკომპანიის – რუსული „აზიმუტისა“ და ქართული Georgian Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავები. როგორც რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი გორინი ამბობს, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ არ არსებობს სამთავრობოთაშორისო შეთანხმება ფრენების პარიტეტული რაოდენობის შესახებ. შესაბამისად, ფრენების გაზრდის ერთადერთი ვარიანტია ცალკეული ნებართვების გაცემა ცალკეული ჩარტერული ავიარეისების განხორციელებისათვის.
თუმცა, როგორც „იზვესტიასთან“ საუბარში Red Wing-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, პარიტეტი უნდა განისაზღვროს არა რეისების რაოდენობით, არამედ გადაყვანილი მგზავრების რიცხვით. ქართული მხარისაგან რუსეთში თითქმის 200-ადგილიანი „ბოინგები“ დაფრინავენ, რუსეთიდან საქართველოში კი – 100-ადგილიანი „სუხოი-სუპერჯეტები“. გარდა ამისა, საქართველომ მთლიანად შეათანხმა რუსულ მხარესთან სასურველი ჩარტერული რეისების რაოდენობა.
მაგრამ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არტურ მურადიანი ხაზს უსვამს, რომ პარიტეტი უფრო მეტად განისაზღვრება ნებადართული ავიარეისების შესრულებით ყოველი მხარის მიერ. ეს იმიტომ ხდება, რომ ავიაკომპანიებს პერსპექტივაში შესაძლებლობა ჰქონდეთ საჰაერო ხომალდის ტიპი (ტევადობის მხრივ) საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვალონ.
რუსული საავიაციო სააგენტოს „ავიაპორტის“ აღმასრულებელი დირექტორის ოლეგ პანტელეევის თქმით, პარიტეტი შეიძლება განისაზღვროს სავარძლების რაოდენობით, დანიშნულების პუნქტებით და ერთი მიმართულებით ავიარეისების სიხშირის მიხედვით.
რუსეთის ტურსააგენტოების ალიანსის ვიცე-პრეზიდენტის ალექსან მკრტიჩიანის აზრით, ზაფხულში საქართველოში, რუსი ტურისტების გარდა, უამრავი სხვა უცხოელი ჩადის და აქედან გამომდინარე, რუსი ტურისტებისათვის უკეთესი იქნება მოგზაურობა სექტემბერ-ოქტომბერში. სწორედ ეს პერიოდი იქნება ყველაზე ოპტიმალური Red Wing-ის ავიარეისების გაშვებისათვის. რაც შეეხება ავიაფრენების პარიტეტს, ალექსან მკრტიჩიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართულებით პარიტეტზე ლაპარაკი უაზრობა იქნებოდა: რუსეთში სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავების ავიაპარკი, საქართველოსთან შედარებით, 80-ჯერ დიდია, ხოლო მგზავრებშიც ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ. ამიტომ პარიტეტი ასეთი კრიტერიუმებით არანაირად არ იქნება დაცული.
ავიაბილეთების ფასი
ამჟამად რუსული „აზიმუტის“ ბილეთების ფასები თბილისის რეისებზე ივნისის ბოლომდე, ტარიფის მიხედვით, 30-დან 80 ათას რუბლამდე მერყეობს (მხოლოდ ერთი მიმართულებით), თუ დღეს ივლისისთვის შეიძენთ, 38-42 ათასი, აგვისტოსათვის კი მხოლოდ 30-34 ათას რუბლს გადაიხდით.
ქართული „ჯორჯიან ეარვეისის“ ბილეთის ფასები: ივნისში – 337-459 დოლარი (28-39 ათასი რუბლი), ივლისში – 419-536 დოლარი (35-45 ათასი რუბლი), აგვისტოში – 337-459 დოლარი (28-39 ათასი რუბლი).
როგორც არტურ მურადიანი ამბობს, საქართველოს მიმართულებით ბილეთის ფასები შედარებით ძვირი იმიტომაა, რომ არსებობს რეისების მწვავე დეფიციტი. ფასები არ დაიკლებს Red Wings-ის რეისების სავარაუდო გაშვების შემდეგაც, რადგან კვირაში დაახლოებით 100 რეისამდე მაინც უნდა სრულდებოდეს.
თავის მხრივ, ალექსან მკრტიჩიანი თვლის, რომ ავიბილეთების ფასი შეიძლება შემცირდეს, თუ კვირაში რეისების რაოდენობა 50-ს მაინც მიაღწევს. ამჟამად მხოლოდ 14 რეისი სრულდება.
„რასაკვირველია, შეთავაზების ზრდა გარდაუვლად იწვევს ფასების დაკლებას“, – ამბობს ოლეგ პანტელეევი, მაგრამ ქუთაისს (თუ იქ ფრენები დაიწყება) სულ სხვა დანიშნულება ექნება, ვიდრე თბილისს. არ არის გამორიცხული, რომ მგზავრთა რაოდენობა ქუთაისი მიმართულებით რეისებზე უფრო მეტი იყოს – იმიტომ, რომ უნგრული საბიუჯეტო ავიაკომპანია „ვიზ ეარ“-ის (Wizz Air) თვითმფრინავები ევროპის მიმართულებით სწორედ ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავენ. ასე რომ, ქუთაისს, სატრანზიტო ჰაბის თვალსაზრისით, შეუძლია სტამბოლსაც და დუბაისაც კი კონკურენცია გაუწიოს: რუსებისათვის უფრო იოლი და მომგებიანია ახლო მანძილზე ქუთაისში ფრენა, ვიდრე სტამბოლში, ხოლო საბიუჯეტო Wizz Air-ით მგზავრობა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე Turkish Airlines-ის თვითმფრინავებით.