„უკრაინას შეიძლება კომპრომისზე წასვლა აიძულონ“ – რას წერს უცხოური პრესა

216
spot_img

ამერიკული საქმიანი წრეების გავლენიან გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Jounal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინას შეიძლება კომპრომისზე წასვლა აიძულონ“ (ავტორი – უილიამ გალსტონი, პროფესორი, ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლა, როცა აშშ-ში უკრაინელთა სამხედრო ძალისხმევისადმი მხარდაჭერა სუსტდება, მიმდინარე კონტრშეტევამ, შესაძლოა, ახალი საზღვრები გამოკვეთოს.

ყოველ ომს აუცილებლად აქვს პოლიტიკური არსი, პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი. რუსეთ-უკრაინის ომის ამის დადასტურებას წარმოადგენს. საერთაშორისო პროუკრაინული კოალიციის ლიდერმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც უკრაინას დახმარებას უწევს, მთელი ძალისხმევა იმისკენ უნდა მიმართოს, რომ ჩვენი შინაგანი სოლიდარული განწყობა და უდიდესი ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისადმი მაღალი დარჩეს და ამ საკითხში ერთიანობა შენარჩუნებული იყოს.

არსებული მონაცემები მოწმობენ, რომ ჯო ბაიდენი მეორე ამოცანას უფრო იოლად ასრულებს, ვიდრე პირველს. დიახ, მოკავშირეებს შორის ზოგჯერ უთანხმოება ჩნდებოდა იმ იარაღის სახეობის საკითხში, რომელიც უკრაინას უნდა მიეწოდებინა, იყო აზრთა სხვადასხვაობა მიწოდების ტემპების შესახებაც, მაგრამ ჯო ბაიდენი ყოველთვის მიანიშნებდა, რომ მას სურს ყველაფერი გააკეთოს კიევისათვის, მაგრამ ისე, რომ უფრო მასშტაბური ომის პროვოცირება არ მოხდეს. იმდენად, რამდენადაც მაქსიმალურად დასაშვები ძალისხმევასა და სახიფათო გადახრებს შორის რაიმე ზღვარი არ არსებობს, ჯო ბაიდენი ზოგჯერ დაყოვნებით მოქმედებდა, რიტაც აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების უკმაყოფილებას იწვევდა. მაგრამ მან მაინც მოახერხა შორს წასულიყო და იმდენი გააკეთა, რომ უკმაყოფილოები დაემშვიდებინა და იმავდროულად უკრაინას დახმარებოდა შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გასაუმჯობესებლად.

ახლა, როცა კიევმა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, კონტრშეტევა დაიწყო, დასავლური კოალიციის წევრთა დისკუსიის ცენტრში აღმოჩნდა კითხვა – რა იქნება შემდეგ?

მოკავშირეებმა უკრაინას აღუთქვეს, რომ „დახმარება იმდენი იქნება, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს“. მაგრამ პასუხი მთავარ კითხვაზე გაურკვეველია: „მაინც რამდენია იმდენი?“ და რის გასაკეთებლად? პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისათვის პასუხი ნათელია: „იმდენი“ ნიშნავს იმას, რამდენიც რუსეთის ჯარების გაძევებას დაჭირდება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიღმა. მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ალიანსისათვის პასუხი ცოტა სხვაგვარად ჟღერს: მოკავშირეები მზად არიან კიევს „იმდენად“ დაეხმარონ, „რამდენიც“ საჭირო იქნება რაც შეიძლება მეტი ტერიტორიების დასაბრუნებლად. შესაბამისად, კონტრშეტევის დასასრულის განმსაზღვრელი იქნება გათავისუფლებული ტერიტორიის პერიმეტრი.

უბრალოდ რომ ვთქვათ, ვფიქრობ, რომ 2023 წელი რუსეთ-უკრაინის ომში გადამწყვეტი გახდება და უკვე წლის ბოლოს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების იდეა იმდენად გაძლიერდება, რომ მის რეალიზებას უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე, რომელიც ამ კურსის გონივრულობაში ეჭვობენ და ხელს ვეღარ შეუშლიან. ჩემთვის ძნელია იმის დაჯერება, რომ მოკავშირეთა კოალიციას განზრახული აქვს უკრაინისადმი დღევანდელი დახმარების მოცულობის იმდენ ხანს შენარჩუნება, რამდენიც, ვთქვათ, I მსოფლიო ომი გრძელდებოდა.

ეს მკაცრი რეალობა მწარე აბი გახდება უკრაინელთა უმრავლესობისათვის, რომელთაც, სრულიად გასაგები მიზეზების გამო სურთ დაიბრუნონ თავიანთი ტერიტორიის ყოველი კვადრატული კილომეტრი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისინი დაარწმუნა არა მხოლოდ იმაში, რომ მიზანი სწორია, არამედ იმაშიც, რომ ის მიღწევადია. შესაბამისად, ის უკვე ვეღარ შეძლებს ხალხს უფრო ნაკლებზე თანხმობა მოსთხოვოს, თუ მისი ქვეყანა საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მიიღებს ნატოსაკენ მიმავალ გზაზე.

კარგი ამბავი იმაში გამოიხატება, რომ ნატო უკვე უახლოვდება უსაფრთხოების გარანტიების ასეთ პაკეტს, რომელიც, როგორც ჩანს, ივლისში ვილნიუსის სამიტზე მიიღებენ. ჯო ბაიდენი იხრება იმისკენ, რომ იენს სტოლტენბერგის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდეს – უკრაინის ნატოში მიღებას ომის დასრულების შემდეგ, ყოველგვარი ხანგრძლივი და რთული პროცედურების (ვთქვათ, „მაპ“-ის) გარეშე, რომლის გავლა პრეტენდენტებისათვის აუცილებელია. უკვე არის ნიშნები იმისა, რომ საფრანგეთი, გერმანია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასეთ სცენარს ეთანხმებიან. ამ მიდგომის ჩარჩოებში უნდა გაჩნდეს უსაფრთხოების ისეთი გარანტიების შემუშავების შესაძლებლობა, რომლებიც კიევს ნატოში გაწევრიანებამდე პერიოდში დაჭირდება.

მაგრამ რატომ უნდა დაეთანხმოს უკრაინა ისეთ პირობებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას ნიშნავს? ამ კითხვაზე პასუხი აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში იმალება.

თავდაპირველად უკრაინისადმი მხარდაჭერა აშშ-ში ძლიერი და ორპარტიული იყო, მაგრამ უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა და ყველაფერი შეიცვალა. იმ კვლევების შედეგების თანახმად, რომლებიც რომელიც ვაშინგტონში არსებულმა Pew-ის ანალიტიკურმა ცენტრმა ჩაატარა, ამერიკელი დემოკრატები კიევისადმი დახმარების გაწევას ამჟამინდელი დონით მეტ-ნაკლებად ჯერ კიდევ მხარს უჭერენ, მაგრამ სულ სხვა სიტუაციაა რესპუბლიკელთა რიგებში: თუ 2022 წლის მარტში მათი რაოდენობა, ვინც თვლიდა, რომ ამერიკა ზედმეტად ეხმარება უკრაინას, მხოლოდ 9% იყო, ახლა მათი რაოდენობა უკვე 44%-ს შეადგენს. ამას წინათ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკარტნიმ უარყო დახმარების გაგრძელების გეგმა, რომელიც ჩვეულებრივი ასიგნების პროცესის ჩარჩოების მიღმა შეიძლება განხორციელდეს და რომელსაც სენატში მხარი დაუჭირეს. შეიძლება ითქვას, რომ სავარაუდოდ, კიევს დახმარებას უკვე სექტემბრისათვის შეუკვეცავენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმაც უნდა გაითვალისწინოს იმის ალბათობა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს და ოვალურ კაბინეტში დაბრუნდეს, რომელიც უკრაინის ერთგული მეგობარი არასოდეს არ ყოფილა. სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა უკვე ყველას გააგებინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ინაუგურაციიდან 24 საათში შეწყვეტს. არსებობს იმის საფუძველი, რომ მან სწრაფად გადაუხვიოს ჯო ბაიდენის ამჟამინდელი პოლიტიკური კურსიდან, რითაც უკრაინას რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევას გაურთულებს.

თუ ვოლოდიმირ ზელენსკი არ იქნება მზად თავისი ქვეყნის მომავალი ამერიკელი ამომრჩევლების სურვილს დაუქვემდებაროს, მაშინ მას მოუწევს იმაზე დაფიქრება, თუ როგორი გარიგება შეიძლება დაიდოს – კიევისათვის მაქსიმალურად მომგებიანი – იმ დროისთვის, სანამ მოკავშირეების მხარდაჭერის დონე ჯერ კიდევ მაღალი იქნება.

ოდესღაც შარლ დე გოლი ისეთ ევროპაზე ოცნებობდა, რომელიც გადაჭიმული იქნებოდა „ტალანტიკიდან ურალამდე“. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მცირე ხნის მონაკვეთში – „იდილიური გაელვების“ ჟამს – ამ ნატვრის ასრულება შესაძლებელი ჩანდა. ახლა კი გასაგები გახდა, რომ ევროპა უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე მთავრდება. მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების გულისთვის დასავლეთმა ეს საზღვარი უნდა დააკანონოს და უნდა დაიცვას ისეთი სახელმწიფოების თავდასხმისაგან, რომლებიც არასოდეს არ გახდებიან ევროპულები.

წყარო