Home Blog Page 1954

“ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული” – ლევან ხაბეიშვილი

ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული მაზუთით დატვირთული, 35 ათას ტონაზეა საუბარი. მესაკუთრე არის „გაზპრომ ნეფტი“, დაიტვირთა მახაჩკალაში. დაღესტანი – აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ხაბეიშვილმა გააკრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

„პუტინის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, იმ პუტინის, ბავშვების მოკვლით რომ არის დაკავებული, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით, უკრაინაში ტერორიზმით ფაქტობრივად, ასეთი განცხადებები მოვისმინე: კეთილი ნება, სამართლიანი, სასიკეთოდ წაადგება და თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამას მარგარიტა სიმონიანი ან სალავიოვი საუბრობდა, ამას საუბრობდა თეა წულუკიანი, რუსული პარტიის, რუსული მთავრობის წარმომადგენელი, ასე ლაპარაკობდა პუტინზე, ამ ტერორისტზე, 123 ქვეყანაში რომ ძებნილად არის გამოცხადებული, ლაპარაკობდა რომ სასიკეთო, სამართლიანი გადაწყვეტილებააო და არც შერცხვათ უმრავლესობის ბევრმა წევრმა გაიმეორა მერე იგივე.

სანქციებზე როცა საუბრობთ, ჩვენ ვითხოვთ სანქცირებას ბიძინა ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ლილუაშვილის და მისი გარემოცვის და არა ჩვენი ქვეყნის სანქცირებას. მინდა ერთი ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ, საგამოძიებო მოქმედებები რომ დაიწყოს სწრაფად: ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული მაზუთით დატვირთული, 35 ათას ტონაზეა საუბარი. მესაკუთრე არის „გაზპრომ ნეფტი“, დაიტვირთა მახაჩკალაში. დაღესტანი – აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და ეს გადაზიდვა განახორციელა კომპანია „მადოფსმა“.

ტვირთის წარმოშობის სერთიფიკატი არის გაყალბებული და ნათქვამია, რომ თითქოს „რუსთავ ოილი“ არის ასეთი და იქ მოიპოვეს თურმე თუ გადაამუშავეს მაზუთი. არადა „რუსთავ ოილს“ ლიცენზია მხოლოდ ბიტუმის გადამუშავებაზე აქვს. ანუ ეგეთი ლიცენზია არ არსებობს, მაგრამ უცვლიან საქართველოში სერთიფიკატს, რომ მერე ეს ტვირთი მოხვდეს ევროკავშირის ქვეყნებში. სხვათაშორის, ბიზნესმენი, რომელიც ამას აკეთებს არის რუსი ბიზნესმენი ბატონი გოგელია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, აქვს დოკუმენტები, რომელიც მოიცავს საჯარო რეესტრის ინფორმაციას. ამასთან, ხაბეიშვილი ამბობს, რომ საქართველოში სანქცირებულ ტვირთი შემოაქვს ივანიშვილის ძმას.

„ამასობაში ყველამ კარგად ვიცით, რომ სანქცირებულ ტვირთს საქართველოში ეზიდება ივანიშვილის ძმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აგერ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომ ეს დიზელი არის მკვლელი დიზელი, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის არის უმძიმესი, მაგრამ ივანიშვილის ძმა არის. კი ამბობდა მე რა შუაში ვარო, მაგრამ ივანიშვილის ძმა და კაპანაძე ბიზნესპარტნიორები არიან. ამასობაში ოლიგარქიული მაფიოზური კლანი გაქვთ ჩამოყალიბებული და არაფერს ლაპარაკობთ ადამიანების გაჭირვებაზე, ტარიფებზე დაისვა საკითხი და ფეხებზე გკიდიათ, არც განიხილავთ ამას,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში გაიზარდა ფასები, ბანკების მოგება, თუმცა, არ გაზრდილა ადამიანების შემოსავალი, რაც არ აინტერესებს ხელისუფლებას და კანონი შემოაქვთ თალაკვაძის ავტომობილისთვის.

„პროექტში წერთ 40 წელიწადზე ხნიერი რომელიც არისო, თალაკვაძის ავტომობილი არის 50 წლის და კანონი შემოგაქვთ, რომ იაფად განაბაჟოს, აჩიკოს რომ ნაკლები ფული გაუვიდეს, კანონპროექტი დაწერეთ, ამას განიხილავთ, თითქოს მეტი საქმე არ იყოს ამ ქვეყანაში,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

გიორგი ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს

ხელთ მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული ე.წ. ქოლცენტრების საქმე სწორედ „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც ძარცვავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„6 მაისს აღმაშენებლის გამზირის 75 ნომერში სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეოპერაცია ჩაატარეს უსიტყვოდ, არაფერი განუცხადებიათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის გაშავება, თითქოს რაღაც ქოლცენტრებთან დაკავშირება. ეს იყო პირდაპირ სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე პროპაგანდისტული მედიები აწარმოებდნენ. მაშინ საზოგადოების წინაშე დავდე პირობა, რომ საქმეს ასე არ დავტოვებდი და ყველა დეტალს მივყვებოდი. ხელთ მაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მედიასაც გადავცემ, როგორ არის დაკავშირებული სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა, ქოლცენტრების სქემა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც, ამის არაერთი ფაქტი არსებობს.

13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7“-ს, რომელიც იმ დღესვე ქირაობს ფართს აღმაშენებლის 75-ში, სადაც სხვა სართულზე ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს. ჩნდება კითხვა, ვინ არის მიხეილ არახამია, რომელიც აორთქლდა და გაქრა საერთოდ საქართველოდან. მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თევდორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანია შპს „რუდსის“ დირექტორი. თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი, დასენების კლანთან ერთად, ჩაჩი დასენთან ერთად ფლობს „ბლექსი როქსს“, ქოლცენტრს, კომპანიას, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ევროპელ პენსიონრებს. ჩაჩი დასენი არის კომპანია „ვიპ ტრეიდის“ დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და კნიაზ დასენი, ასევე არტურ არაბიანი. ეს ადამიანები გახლავთ „ქართული ოცნების“, პარლამენტის წევრის, ისკო დასენის ოჯახის წევრები.

ფულის გათეთრების გამო ჩაჩი დასენი აქაურმა პროკურატურამაც კი მისცა პასუხისგებაში, რადგან ვეღარ დაიმალა, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისკო დასენი და დასენების ოჯახი უარყოფს კავშირს, თითქოს 2020 წლის შემდეგ კავშირი არ აქვს ჩაჩი დასენთან. არადა, მათი სხვა კომპანიის, შპს „მისო ლიდერის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გიორგი გოგუაძე, ამ წლის 24 აპრილის ჩათვლით, გახლდათ „ვიპ ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დასენების კლანის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის კომპანიის მთავარი წევრი. შესაბამისად, მე ხელთ მაქვს მთელი ეს მტკიცებულებები, რომელსაც გადავცემ მედიასაც და კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ დგას ქოლცენტრების უკან. ამიტომ აჭიანურებენ ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას. არ უნდათ, შექმნან. რა მტკიცებულებებსაც ახლა მე წარმოგიდგენთ, დასაბუთებულია შპს-ების სარეგისტრაციო მასალებით, ამ ადამიანების ურთიერთკავშირებით. ეს არის იმ დიდი თაღლითური სქემის მხოლოდ ზღვაში წვეთი, რომლითაც ფინანსდება „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ფინანსდებიან და ზურგს უმაგრებენ ის სპეცსამსახურები, რომლებმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს ჩემ წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მე და ჩემი ოჯახი, ასევე დავით არახამიაც, ვართ ცამდე მართალი ამ საქმეში. ვინმე თუ არის დამნაშავე, არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ ამ დიდ თაღლითურ სქემას საქართველოში. ამ საქმეს კიდევ გავაგრძელებ და ევროპელ სამართალდამცავებსაც ყველა მტკიცებულებას წარვუდგენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

” საქართველოში ვერცერთი სანქცირებული ავიაკომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს.

„თქვენ იცით, როგორც ფრენები, ასევე უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც ძალიან ცუდი იყო. გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან და ასევე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხვალ დაიწყება პირდაპირი ფრენები, რაც მისცემს ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ქვეყნის გავლით კი არა, პირდაპირ შეძლონ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტზე“ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალიდან ავიაკომპანიის მიერ უკვე ამოღებულია.

მისივე თქმით, ოკუპაცია საქართველოს უდიდესი გამოწვევაა და ქვეყნის ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი გზით ტერიტორიების დეოკუპაციის მისაღწევად.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ განახორციელებს შესაბამის ფრენებს. ამას სწავლობენ შესაბამისი უწყებები. ის კონკრეტული ფაქტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან ცუდია, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან, აფხაზეთი ამოღებულია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს. დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია. ეს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება აღნიშნული პოლიტიკით, რომელსაც ატარებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერიტორიების დეოკუპაცია, დაბრუნება მოვახერხოთ. ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით, ძლიერი ეკონომიკური განვითარებით, გონიერებით, წინსვლით, განათლებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია და ამასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ ოპოზიციაში და განმარტავენ , რომ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დაასაჩუქრა.

თბილისის მერიის აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მერიის ახალი აპლიკაციის – Fix Tbilisi – ფუნქციები და შესაძლებლობები გააცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, Fix Tbilisi, როგორც მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიური კომუნიკაციის საშუალება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შეიქმნა.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება.

მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიუთითოს მისამართი და დაურთოს აღწერა. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე ამავე აპლიკაციის საშუალებით მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა პრობლემის მოგვარება.

„ბევრი მოქალაქე დარეგისტრირებულია მერიის სხვადასხვა პროგრამაში და იმავე მონაცემებით შეუძლიათ აღნიშნული აპლიკაციის მოხმარება, ასევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. თუ შევნიშნეთ რაიმე დაზიანება, შევდივართ აღნიშნულ აპლიკაციაში, ვირჩევთ ოთხიდან ერთ კატეგორიას, ვიღებთ ფოტოს, ვუთითებთ მისამართს, ასევე ვწერთ აღწერილობაში, თუ რა არის დაზიანებული და ეს ინფორმაცია იგზავნება შესაბამის სამსახურში, რასაც ძალიან მალე მოჰყვება რეაგირება. მოქალაქეს, ვინც გაგზავნა ინფორმაცია, უბრუნდება პასუხი, თუ რა ეტაპზეა მის მიერ გადაგზავნილი პრობლემის მოგვარება და რამდენ ხანში გაკეთდება. როდესაც დასრულდება, ასევე მიიღებს შეტყობინებას. აპლიკაციაში არის ორი დაფა – ჩემი დაფიქსირებული საკითხები და ჩემი მოგვარებული საკითხები. ეს აპლიკაცია კიდევ უფრო გვიმარტივებს სიტუაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქალაქზე, ჩართულია ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრაში და გვიგზავნის ინფორმაციას „ფეისბუქის“ და ცხელი ხაზის საშუალებიდან, თუმცა, დღეიდან შესაძლებელია კიდევ უფრო გავამარტივოთ ეს კომუნიკაცია, ვითანამშრომლოთ Fix Tbilisi-ს საშუალებით და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ვანდალიზმის პრობლემაზეც ისაუბრა.

„ამაზე ჩვენ არაერთხელ გავავრცელეთ ინფორმაცია. საზოგადოებას მივაწოდეთ კონკრეტული ფაქტები და ვიდეოები, თუ როგორ აზიანებენ მიზანმიმართულად კონკრეტულ ინფრასტრუქტურას. ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ და ავუხსნათ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რომ ის, რაც კეთდება დედაქალაქში – პარკები, განახლებული გამზირები, მოწესრიგებული ქუჩები, პირველ რიგში კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის და მნიშვნელოვანია თბილისისთვის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და ასე გადავცეთ მომავალ თაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვისი მეშვეობით და რა გზებით ხვდება რუსეთში დასავლური წარმოების სანქცირებული პროდუქცია

ამერიკული ცენტრალური პრესა ყურადღებას უთმობს აკრძალული პროდუქციის რუსეთში შეტანის პრობლემას – ვისი მეშვეობით და როგორი გზებით ხვდება რუსეთში დასავლური წარმოების ის პროდუქცია, რომლებზეც სანქციებია გამოცხადებული.

გთავაზობთ რამდენიმე მასალას.

„გასული წლის აგვისტოში რუსეთის მოქალაქემ, რომელიც აშშ-ში, ფლორიდაში, მაიამის ახლოს ცხოვრობდა, რუსეთის ავიაკომპანიას, რომელსაც სანქციებით აკრძალული ჰქონდა დასავლური ტექნოლოგიებით სარგებლობა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მაცდურ წინადადებიანი წერილი გაუგზავნა – იგი ავიაკომპანიას სთავაზობდა, რომ სანქციების გვერდის ავლით, იმ ავიანაწილებით და ელექტრონიკით მოამარაგებდა, რომელიც მას ესოდენ სჭირდებოდა. პროდუქციის მიწოდების ოპერაცია განხორციელდებოდა რიგი ამერიკული, თურქული და რუსული ფირმების დახმარებით“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სანქციების მიუხედავად, ამერიკულ ტექნოლოგიებს და პროდუქციას რუსული ავიაკომპანიები მაინც იღებენ“ (ავტორები – ანა სვენსონი და ნირაჯ ჩოქში).

ოლეგ ფაცულია და მისი პარტნიორი გასულ კვირაში დააკავეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. გამოძიების თანახმად, მათ 2022 წლის მაისში დაიწყეს შემუშავება სქემისა, რომლითაც აშშ-ში წარმოებული სათადარიგო ნაწილები საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლით უნდა გაგზავნილიყო.

სანქციათა მიუხედავად, შარშან რუსეთში შეტანილ იქნა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების, დასავლეთის წარმოების ნაწილები თვითმფრინავებისთვის – იუწყება გამოცემა The New York Times-ი, რუსეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით.

ამ მონაცემების თანახმად, თვითმფრინავების ნაწილები გაეგზავნათ რუსეთის იმ ავიაკომპანიებს, რომლებსაც სანქციები ეხება, მათ შორის “აეროფლოტს”, “რასიას”, “პაბედას”, „ურალს”, “UTair”-ს და “S7 Airlines”-ს. გამოცემის თანახმად, მიწოდება ხორციელდებოდა ყალბი შუამავალი მყიდველების მეშვეობით – პროდუქციის დიდი ნაწილი იგზავნებოდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და მალდივის კუნძულები.

გასულ წელს „აეროფლოტის“ საწყობებში შევიდა სათადარიგო ნაწილების ათობით პარტია, რომელიც მარკირებული იყო როგორც ამერიკული ავიაკონცერნ „ბოინგის“ პროდუქცია.
რუსეთის საბაჟოს მონაცემების გამოკვლევაზე დაყრდნობით ჟურნალისტები წერენ საავიაციო ნაწილების მიწოდების ხუთ ათასზე მეტ შემთხვევაზე, რომლებიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ ხრახნებს, ისე კომპანია Honeywell-ის საავიაციო ძრავების ამამუშავებელ მოწყობილობებს, რომელიც 290 ათასი დოლარი ღირს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან და სანქციების დაწესებიდან რუსეთში შეტანილი იქნა 14,4 მილიონი დოლარის ამერიკული წარმოების ავიასათადარიგო ნაწილები, – იუწყება „ნიუ-იორკ თაიმსი“

წყარო

“ნატო რუსეთზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს” – დიმიტრი მედვედევი

ნატო იძინებს და იღვიძებს რუსეთზე ფიქრით, – ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

ამ სიტყვებით მედვედევი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მაკრონმა უკრაინასთან ომში რუსეთის გეოპოლიტიკური დამარცხებისა და ჩინეთის ვასალურ სახელმწიფოდ ქცევის შესახებ განაცხადა.

„2002 წელს, როცა საქმე უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა, ნატო უხალისოდ გვიშორებდა, ახლა კი იძინებს და იღვიძებს რუსეთზე ფიქრით“, – აღნიშნა მედვედევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ამ სიტუაციაში თუ ვინმე წაგებულია, ეს ნატოა.

“სკოლის დამთავრების პირველივე დღეს, ე.წ. ბანკეტზე ჩანს, რას ვერ ვასწავლით ბავშვებს 12 წლის განმავლობაში” – მეგი კავთუაშვილი

“გამოდიან სკოლიდან ბავშვები დაგუბებული ენერგიით, უკვე იციან რომ გაიზარდნენ, შეუძლიათ მოწიონ, დალიონ, ქუსლებზე შედგნენ, ტუჩსაცხი წაისვან. მოასხდებიან ნათხოვარ თუ საკუთარ ძვირადღირებულ მანქანებს და მიდის ქართული გრიალი, თავისი “გონშიკი” ბიჭობით და ლუქში ამომძვრალი გოგოობით. 18 წლის ასაკში იმდენად ვერ იაზრებენ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ ქცევას, რომ თითო კლასს თითო საპატრულო ეკიპაჟი აცილებს და მშობლების თუ მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს ეს ნორმალური ჰგონია”- წერს სოციალურ ქსელში  ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი.

“სკოლის დამთავრების პირველივე დღეს, ე.წ. ბანკეტზე ჩანს, რა არ ვიცით და შესაბამისად, რას ვერ ვასწავლით ბავშვებს 12 წლის განმავლობაში”

1. ინდივიდუალობას

2. სხვათა შესაძლებლობების გათვალისწინებას

3. კრიტიკულ აზროვნებას

4. თავისუფლების გამოხატვას

5. საკუთარ და სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

6. საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღებას.

18 წელი ხომ მშობლებმა და მასწავლებლებმა უკეთ იციან, ბავშვებს რა მოსწონთ, რა უხდებათ, რა უნდა გააკეთონ, როდის რისი დროა, ვისთან იმეგობრონ, რა ჭამონ, ვის რა აჩუქონ ა.შ. ამ ყველაფრის გვირგვინია ეს ბანკეტი.

გამოდიან სკოლიდან ბავშვები დაგუბებული ენერგიით, უკვე იციან რომ გაიზარდნენ, შეუძლიათ მოწიონ, დალიონ, ქუსლებზე შედგნენ, ტუჩსაცხი წაისვან. მოასხდებიან ნათხოვარ თუ საკუთარ ძვირადღირებულ მანქანებს და მიდის ქართული გრიალი, თავისი “გონშიკი” ბიჭობით და ლუქში ამომძვრალი გოგოობით. 18 წლის ასაკში იმდენად ვერ იაზრებენ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ ქცევას, რომ თითო კლასს თითო საპატრულო ეკიპაჟი აცილებს და მშობლების თუ მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს ეს ნორმალური ჰგონია.

ახლა მეორე – მშობლების საუბარს შევესწარი: 15 ბავშვი მოდის, მეტი ვერ ახერხებს, მაგრამ რა ვქნათო, უბანკეტოდ ხო არ დავტოვებთ ჩვენს შვილებს და უპატივცემულოდ მასწავლებლებსო. ხოდა, მეგობრებო, შეიძლება გეწყინოთ, მაგრამ იქაც ვთქვი და აქაც დავწერ. პატივისცემა, მაინცდამაინც, ჩაქაფულის თეფშთან ჯდომა და კოლექტიურად შეგროვებული ფულით ნაყიდი სასაჩუქრე ვაუჩერის ჩუქება არ არის. გარდა ამისა, თუ კლასის სახელით გეგმავთ ღონისძიებას, კეთილი ინებეთ და კლასში მყოფი ბავშვების ოჯახების შესაძლებლობებს მოერგეთ. მცირე ბიუჯეტით დაგეგმოთ და ყველამ შეძლოს მონაწილეობა ჯობია, ვიდრე ბავშვების ნაწილი დღესასწაულის მიღმა დატოვოთ და თქვენ ლამაზ-ლამაზი კაბებით და ვიზაჟისტებთან გაკეთებული მაკიაჟით რესტორნის კიბეებზე გადაღებული ფოტოები გამოფინოთ ფეისბუქ-ინსტაგრამებზე. ბავშვებისაა სკოლაც და მისი დასრულების ზეიმიც, იქნებ შეგვეგნო ეს ამბავი და პრიორიტეტებიც ამის შესაბამისად დაგველაგებინა.” – წერს მეგი კავთუაშვილი სოციალურ ქსელში.

“ბერძენიშვილს განსხვავებული აზრის გამო არავინ დევნის, ის ქართველ მეფეებს ესხმის თავს” – ალუდა ღუდუშაური

„ლევან ბერძენიშვილს განსხვავებული აზრის გამო არვინ დევნის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბერძენიშვილი ქართველ მეფეებს ესხმის თავს.

„ქალბატონ სამნიძეს და კორძაიას მინდა შევახსენო, საქართველოში დიდი ხანია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“, დღეს რომელ ბანაკშიც სხედხართ, აი როდესაც ის გავისტუმრეთ ხელისუფლებიდან, იმ დროს ჩაბარდა განსხვავებული აზრის დევნა. ბატონ ბერძენიშვილს სხვა პრობლემები აქვს. მას [ლევან ბერძენიშვილი] განსხვავებული აზრის გამო არავინ დევნის. მას აქვს სხვა პრობლემები, რომელიც ღიად და საჯაროდ არის ცნობილი. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის როგორ ესხმის ეს ადამიანი თავს ქართველ მეფეებს. ახლა კი დაწყნარდით“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

“ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში, ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუბლებს” – ირაკლი კობახიძე

ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში; ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად – ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ, რომ პირდაპირი ფრენები აღდგა – სპეკულანტების გარდა, რა შეიძლება დაერქვას ხოშტარიას და ვაშაძეს და ზოგადად, ამ კასტას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია? – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხზე სპეკულირების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიას, რომელსაც ფრენის ნებართვა მიეცა, ვებ-გვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცალკე ჰქონდა გამოყოფილი, აჟიოტაჟის შემდეგ კი ეს ჩანაწერი წაიშალა, კობახიძე ამბობს, რომ ეს „მნიშვნელოვანი ჟესტია”.

„თავისთავად მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ვებ-გვერდიდან ეს ჩანაწერები ამოღებულია. სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს. ვინც ცდილობს, აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო, სპეკულანტები არიან. ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც სპეკულაციის საბაბი არ არსებობს. კარგად გახსოვთ, რომ სწორედ ამ პოლიტიკურის ძალის წარმომდგენლებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. აქედან ჩანს, რომ ისინი სპეკულირებენ და სპეკულანტები არიან. მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ლარსზე მიდიოდა და თავს იწონებდა იმით, რომ პირადად მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს. ახლა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს ისპეკულიროს ფრენების აღდგენის თემით, ეს მიანიშნებს, რომ ისინი არის სპეკულანტები და სახელმწიფოს მტრები. მოვისმინეთ უცხოელების განცხადებები, რომ არ უნდა მოხდეს სანქცირებული ფრენების მიღება. ამას ვითვალისწინებთ და სანქცირებული თვითმფრინავები, კომპანიები საქართველოში მიღებული არ იქნება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“სოროსის ფონდი“ ჩართულია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიაში”

„სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც კანდიდარის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „სოროსის ფონდის“ მიერ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლა მმართველი გუნდის მხრიდან ალოგიკური იქნებოდა.

„სოროსის ფონდი“ თავიდანვე იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მათმა ევროინტეგრაციის ექსპერტმა პირდაპირ დადო დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ივნისში კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნოდა. ანუ, ვიდრე კომისია, ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას, მანამდე „სოროსის ფონდმა“ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ანუ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებოდნენ კანდიდატის სტატუსს და ქართველი, თანამედროვეობის სერგო ორჯონიკიძე წერდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის საქართველოს. ასეთ დროს „სოროსის ფონდის“ მიერ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლა ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა. ახლაც იმავეს აკეთებენ. მათ მიერ გამოქვეყნებული ეს დასკვნაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს. ტყუილს როდესაც ავრცელებენ, თითქოს არ სრულდება რეკომენდაციები, ეს ნიშნავს სწორედ იმ კამპანიის გაგრძელებას, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. იცით, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს რადიკალურ ოპოზიციასა და „სოროსის ფონდს“ შორის. ეს არის სამწუხარო რეალობა, აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან მათ ღონისძიებებზე მისვლა აბსოლუტურად ალოგიკურია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა და პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტის თანახმად, შესრულებული რეკომენდაციებია: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა; შეუსრულებელია ხუთი რეკომენდაცია: დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

“ტურისტული პაკეტები საქართველოში, პირდაპირი რეისებით, შესაძლოა უახლოეს ორ კვირაში გამოჩნდეს” – რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია

ტურისტული პაკეტები რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენით რუსული ტუროპერატორების ასორტიმენტში, შესაძლოა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოჩნდეს, – ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

„იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ ტურები პირდაპირი ფრენებით, ავიაბილეთები დაჯავშნის გლობალურ სისტემებში (GDS) უნდა გამოჩნდეს. ეს შეიძლება მოხდეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“, – განმარტავენ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 15 მაისს განაცხადა, რომ რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ 17 მაისიდან საქართველოში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნის შესახებ.