Home Blog Page 1950

“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს”

ხელისუფლება სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებზე – რადიკალური ოპოზიცია რომ საზოგადოებას პრიგოჟინის გარშემო სთავაზობს გაერთიანებას, მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ეროვნულ ინტერესებზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიციას “პრიგოჟინის იმედად” მყოფი უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას და “ქართული ოცნების” ლიდერებს სწორი რეაგირება ჰქონდათ.

“როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას და ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. ეს ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა პრიგოჟინის იმედად მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და ჩათვალა, რომ ხელისუფლების ნაცვლად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, თითქოს მათ აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყანასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. საბოლოო ჯამში, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აკეთებს დაუფიქრებელ, გაუთვლელ განცხადებებს და ითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც გაუთვლელია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვთ ზედაპირული წარმოდგენა და არ ესმით, სინამდვილეში რას ნიშნავს ეროვნული ინტერესის და უსაფრთხოების დაცვა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულმა ლიდერმა აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური და პასუხისმგებლიანი რეაგირება მოახდინა ამ საკითხთან დაკავშირებით,” – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, “უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას აქვს კანონით დადგენილი თავის წესი და პროცედურა და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ამ წესების სრული დაცვით, საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.”

“რადიკალური ოპოზიცია რომ პრიგოჟინის გარშემო სთავაზობს გაერთიანებას საზოგადოებას, მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ეროვნულ ინტერესებზე, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე. ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას და ადეკვატურად მოქმედებს საგარეო რისკებთან, საერთაშორისო რისკებთან მიმართებით, რომელიც ახლა ამ რთული ომის და რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში არის ჩვენს რეგიონში,” – განაცხადა თალაკვაძემ.

გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა, რომ რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად, ახალ-ახალ პროექტებს და ღონისძიებებს სთავაზობენ. მაგალითად:

ივნისის დასაწყისში, რუსეთის საელჩოს ინიციატივით, გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები ექსკურსიებზე წაიყვანეს; რიწის ტბაზე, ბიჭვინთაში, ბედიაში და ახალ ათონში. ტრანსპორტირების, კვებისა და ექსკურსიასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორც „მეგობარი რუსეთის საჩუქარი“კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის, მთლიანად რუსულმა მხარემ დაფარა. მეორე ეტაპზე, რუსეთის საელჩოს მიერ, კვლვავ ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები შეირჩა; ამჯერად ბავშვები იმ 15 სოფლიდან წაიყვანეს ექსკურსიაზე, რომელიც ახალი დაყოფის მიხედვით, ოჩამჩირესა და ტყვარჩელს ეკუთვნის.

რუსეთის განათლების სამინისტროს ინიციატივით, გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში, რომელთანაც „თანამშრომლობის“ ექსკლუზიური მემორანდუმია გაფორმებული, „ღია სასწავლო ცენტრი“ გაიხსნა. ცენტრში ფილოლოგებისათვის რუსულ ენასა და ლიტერატურაში ტრენინგები და გადამზადების კურსები ჩატარდება. სამომავლოდ, გადამზადება დაგეგმილია ყველა საგანში. სპეციალისტთა ჩამოყვანას მთლიანად რუსეთის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს. ამავე დროს, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რუსეთის განათლების სამინისტრო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, გაზარდოს გალის ჰუმანიტარული კოლეჯის თანამშრომელთა ხელფასები.

6 ივნისს სოხუმში ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღე აღნიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის, გალის რაიონიდან. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, შეკრების ძირითადი მიზანი სავარაუდოდ იყო არასრულწლოვანებზე იდეოლოგიური ზემოქმედება, რამდენადაც ღონისძიების მიმდინარეობისას ძირითადად სჭარბობდა განცხადებები რუსეთის იმპერიაში და სსრკ-ში ცხოვრების დადებითი მხარეების შესახებ.

გალში მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად, რუსებმა კრასნოდარის ოლქიდან ჩამოიყვანეს 120 ტრაქტორი და გალის მოსახლეობას მიწის დამუშავებაში უსასყიდლოდ დაეხმარნენ: „ეს არის რუსეთის საჩუქარი მოძმე ქართველების მიმართ, არ უღალატოთ რუსეთს და ყველაფრის მოგვარება შეიძლება, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, გადაეცით.”

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აშკარაა, რომ რუსეთი მუშაობს აფხაზეთის მაცხოვრებლების იდეოლოგიურ გადაბირებაზე. ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს გალის რეგიონში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას მექანიზმები გალში გამძაფრებული იდეოლოგიური კამპანიის შესაკავებლად და ასევე, შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პაკეტები გალის მოსახლეობისთვის.

“ნიკა გვარამიას შეწყალებამ არა მგონია დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს”- გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით,  “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტი ქვეყანაში არსებულ დეპოლარიზაციას ხელს არ შეუწყობს.

„არა მგონია, რომ ამან დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს. მე მგონია, რომ პირიქით. რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და არანაირად არ გვაქვს უფლება, რომ ამაში ჩავერიოთ. მაგრამ ხანდახან საზოგადოებრივი დაკვეთაც უნდა გაითვალისწინოს. მით უმეტეს, როდესაც ბევრი ადამიანი უყურებს“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ  გადაცემაში “იმედი LIVE”.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყლა

“არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს” – თეა წულუკიანი

თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება დეპოლარიზაციას ხელს არ შეუწყობს. ვიცე-პრემიერი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ახასიათებს როგორც ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლას.

„არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ალბათ პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა შემიძლია გითხრათ, რომ დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ხელყოფას, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა“, – აცხადებს წულუკიანი.

26 ივნისის ამინდის პროგნოზი

26 ივნისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +29 გრადუსია, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +32, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +30 გრადუსია და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +21 გრადუსი და უნალექო დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +23, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა თელავშიც, სადაც დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +30 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ განახორციელებს

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად.

მიღებული შედეგები ეცნობება საზოგადოება ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“საქართველო გაივსო კიკუებით” – მიტროპოლიტი სტეფანე

საქართველო გაივსო კიკუებით. ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

მისთვის გაურკვეველია, “ასეთი ადამიანები რას ერჩიან საქართველოს”.

“დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. აი, კიკუ გახსოვთ იმაში რომ არის, დათა თუთაშხიაში. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კიკუებით გაივსო საქართველო რა. თავის ქვეყნის, არა მარტო თავისი უმანკოება, არამედ ქვეყნის ღირსება, ყველაფერი შეიძლება შეიწიროს და ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს ჩვენ და ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ მოქმედებებს აკეთებენ, რომ წარმოუდგენელია, საბოლოო ჯამში, რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქართველოს. წარმოუდგენელი ამბავია, სად მივყავართ და რატომ მივერეკებით ასე უაზროდ სადღაც. ჩვენ უნდა დავინახოთ, მწყემსი ჩვენი არის უფალი, უფალს მივყავართ თავისი სამწყსო სასუფევლისკენ. სხვა დანარჩენი, ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვენი არც ღირებულება, არც საბრძოლველი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სულებისთვის, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სასუფეველში დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

“ნუცა, მიიღეთ ჩემი საყვედური და გამოწვდილი ხელიც… – გიორგი კეკელიძე

"თქვენ უსათუოდ იმღერებთ ხვალაც, ოღონდ უკვე გეცოდინებათ საკუთარი შეცდომის შესახებ, აღარ გაიმეორებთ და ვიცი, სხვასაც მოუწოდებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი სისხლიანი"

“უხერხულია იმ ქალაქში რამის საჯაროდ ზეიმი, საიდანაც გაცემული ბრძანებებით, ყოველდღე უდანაშუალო ბავშვებს ხოცავენ” –  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში  მომღერალ ნუცა ბუზალაძეს  მიმართავს.

“ვფიქრობდი მე, ადამიანი, რომელმაც ჯოჯოხეთური წელი გამოივიარე და დღემდე ვებრძვი სიტყვებისგან დამჩნეულ საშინელ კვალს. სხვა საკითხია – სამართლიანს თუ უსამართლოს, სხვა საკითხია ისიც – ამგვარი მასშტაბური იყო ის ამბავი თუ გაცილებით ვიწრო. მეტი ქომაგი მყავდა თუ ნაკლები. ადამიანი ხომ აღქმების არსებაა და დარდი მიზეზით არ იზომება. მით უფრო, რომ ეს დღეები რთული გამოდგა – მაქვს ხოლმე მსგავსი ჩაშვებები, ფსკერს მოვინახულებ და ისევ ამოვყვინთავ – ეგ არ არის ახლა მთავარი.

ჰოდა, დავსვი კითხვები და ვუპასუხე. სამართლიანი იყო საზოგადოების აღფოთება? – სრულიად. უნდა ყოფილიყო ასეთი მწვავე? – დიახ!

სხვანაირად ყველა ამგვარი ამბავი,

ნელნელა, ნორმად შემოგვეპარება ოკუპირებულ, ბევრჯერ გათელილ და სისხლნანთხევ ქვეყანაში, ისედაც სასარგებლო იდიოტებით და მეხუთე კოლონით ,,განებივრებულში”. ოკუპანტს კი სხვა არაფერი უნდა, ეს არის მისი მთავარი სამუშაო – შემოგვაგუოს წაგლეჯილი ტერიტორიები, გამოდევნილი მოქალაქეები, დახოცილი გმირები ლოზუნგებით:

,,ხელოვნება და პოლიტიკა”, ,,სპორტი და პოლიტიკა” სხვადასხვაა”. გავა დრო და ახალ თაობას ასე განცდა გაუბაცდება. ასე, რომ: არ შეიძლება ახლა მოსკოვში ჩასვლა და იქ სიმღერა. არ შეიძლება, რადგან ეს ხმა აუცილებლად მისწვდება ანწუხელიძის ოჯახის სამუდამოდ ღიად დარჩენილ ფანჯრებს.

იძულებითი იყო ბოდიში? – ცხადია. თუმცა თავისი არსით, ყველა ბოდიში იძულებითია – ან გარემოება გკარნახობს ან სინდისი. არავის მოუგონია მისი მოტივაციის ამომცნობი დეტექტორი. შესაბამისად, ბოდიში უნდა მიიღო. ადეკვატური იყო ბოდიშის ფორმა? ცხადია, არა. დრო, კონტექსტი და გარემოება არის აღსაქმელი. ჯობდა, ეს ,,მეგობრის დაბადების დღე” საერთოდ არ ეხსენებიათ

– უხერხულია იმ ქალაქში რამის საჯაროდ ზეიმი, საიდანაც გაცემული ბრძანებებით, ყოველდღე უდანაშუალო ბავშვებს ხოცავენ.

ასე რომ, რაც გუშინ მოხდა და ითქვა – აუცილებელი იყო – თუნდაც სხვა მსგავსი დღეების ასარიდებლად.

და ის, რაც დღეს უნდა ითქვას:

მე ვიცი ჩვენი საზოგადოების საშინელი თვისება – იყოს საოცრად აღგზნებული და ერთიანი ჩაქოლვისას – თუმცა ეს მხოლოდ ჩვენებური საქმე არ გახლავთ – ადამიანებს გვჩვევია ზოგადად. ისიც ვიცი, რომ ამ ტალახის მსროლელთა შორის, ბევრი უბრალოდ ჩასაფრებული და მომლოდინე, ბევრიც ასმაგი სტანდარტით აღსავსე, ზოგიც კიდევ, წესითა და რიგით, ამგვარი ლანძღვისას უუფლებო იყო – მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ვერც მანდ განსაზღვრავ ლიმიტს. როცა რამე შეგეშლება, ვერ მოითხოვ, მაინცდამაინც სელექციურად გაკრიტიკებდნენ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც მისი კარიერა დაიწუნა. გამოგიტყდებით, ჩემი მუსიკალური გემოვნება იმ მიმართულებას და შესრულების მანერას დიდად არ სცნობს, რომელსაც ნუცა წარმოადგენს. თუმცა, ეს არაფრით ნიშნავს, რომ ცუდი მომღერალია საკუთარ ჟანრში და რომ მისი წარმატება უმნიშვნელო იყო. სრულიად პირიქით.

მაგრამ მთავარი, რის გამოც დღეს გაწუხებთ კაცი, ვისაც გუშინ მკაცრი სიტყვები არ დაუშურებია, არის სხვა. და ეს სხვა, გულგრილად ნასროლი ფრაზაა: ნუცა ბუზალაძე დამთავრდა!

ვინ მოგცა შენ უფლება, მეორე ადამიანი, ცოცხალი ადამიანი, ,,დამთავრებულად” გამოაცხადო? საიდან მიინიჭე ეს გამანადგურებელი ძალა? მაშ, სად გაქრა, ადამიანად ყოფნის მთავარი უპირატესობა და მისტერია – ფერისცვალების აქტი. შეცვლის, შეცდომის გამოსწორების, გადალახვის, ახლის ქმნის, მონანიების, თავიდან დაბადების. სად გაქრა ადამიანთა მიერ მოგონილი უმთავრესი საყრდენი ყოფიერების – მეტანოია? რატომ აღარ უტოვებ შემცდარს გზას და ყველა სავალს გამალებით უხერგავ, რაც უნდა ყალბად გეჩვენებოდეს მისი ბოდიში ან გაწყობდეს, რომ ყალბი იყოს? რა სამართალია ის სამართალი, რომელიც არც ვადას სცნობს დანაშაულის თუ შეცდომის გამოსყიდვის, არც სურვილს ატარებს ამისას?

თანაც ეგეცაა – იქ მყოფთაგანს, ბოდიში, სხვას არავის მოუხდია. ზოგი საერთოდ აქეთ შემოგვედავა ლამის.

მე ამგვარი სამართლისგან შორს ვდგები. ამგვარი სამართალი ვერ ააშენებს მომავლის საზოგადოებას. ჩემი მომავალი არა განადგურების, არამედ ახსნის და გარდაქმნის, შეცვლის და ახალი გზებისაა – ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები, მაგრამ ეს სიმკაცრე უნდა გულისხმობდეს მეორე, გაწვდილ ხელს – ადამიანის ორმოდან ამოსაყვანად. ეს არის ჩემი გზა.

ასე, რომ Nutsa Buzaladze , მიიღეთ ჩემი აუცილებელი საყვედური და ამავდროულად გამოწვდილი ხელიც – თქვენ უსათუოდ იმღერებთ ხვალაც, ოღონდ უკვე გეცოდინებათ საკუთარი შეცდომის შესახებ, აღარ გაიმეორებთ და ვიცი, სხვასაც მოუწოდებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი სისხლიანი, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს გრძელ და უსამართლო ომში, რომ დევნილები დაბრუნდებიან, რომ გმირებს დიდება და დიდება უკრაინას! და რაც მთავარია – საქართველოს!

p.s. და თუ არ ნანობს და არ შეიცვლება – ამას დრო გვაჩვენებს. ბევრი მუსიკოსი და მომღერალია, ვინც 2008 წლის შემდეგ, რუსეთში კონცერტებს აწყობდა, ძალიან ბევრი – კარგიც და ცუდიც. გაგიკვირდებათ, ისეთები და კონტექსტიც გაგიკვირდებათ, სად და როგორ. არ ვაპირებ მათ ჩამოთვლას – ,,NAME AND SHAME,, – არ არის ჩემი სპორტის კატეგორია. მით უფრო, რომ დღეს ისინი სწორ პოზიციას იჭერენ და საჯაროდაც გამოდიან – რა იძულებით და მიზეზით – მე ეგ არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს. სწორედ ეს არის ამ წერილის პათოსი და ასევე სათქმელია ამ საუკუნის შავი ჭირის, ,,გაუქმების კულტურის” წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ შეხსენება იმის, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს არის და ეს”, – წერს კეკელიძე.

საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღერალმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა. “თავს ვალდებულად ვთვლი, აგიხსნათ ყველაფერი…” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

 

“ესაა ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, სისასტიკე, დაუნდობლობა…” – ირმა ინაშვილი ნუცა ბუზალაძეზე

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში, მომღერალ ნუცა ბიზალაძის წინააღმდეგ აგორებულ კამპნიას გამოეხმაურა ეხმაურება:

“ადამიანთა სისასტიკესა და დაუნდობლობას საზღვარი რომ არა აქვს, დღეს, აი, ამ საშინელი რეალობის (მორიგჯერ) გაცნობიერების დღე იყო. ზოგი პირდაპირ აშანტაჟებდა და ლანძღავდა ნუცა ბუზალაძეს, ზოგიც უფრო ცბიერად იქცეოდა: თან, მიყვარხარ… ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ მაინც საჯაროდ გაკრიტიკებ(?!)… ესეც “მეგობრობაში” ახალი სტანდარტია, ეტყობა.

თუ მეგობარი ხარ, დალოცვილო, საჯაროდ რას მწერ და რას მიწუნებ საქციელს. გაჩუმდი, დამშვიდდი, კლავიატურაზე თითების კაკუნის ვნებას მოერიე და შენი წუხილი პირადად გამიზიარე, იქნებ შენი აზრები და პოზიციაა მცდარი და არა ჩემი. იქნებ შენ ვერ ხედავ სამყაროს სწორად, მაგრამ არა… თვითონ “კრისტალურები” არიან, თურმე, მოსკოვებში არ უვლიათ და აი, ნუცა ბუზალაძე მეგობრის წვეულებაზე მოსკოვში როგორ ჩავიდა, ამ ფაქტმა აღაშფოთა “კრისტალურთა” “უმანკო” გული. არ გიცნობდეთ მაინც. ეს “კრისტალურები” საათების წინ პრიგოჟინის მხურვალე გულშემატკივრები იყვნენ, თუ მეხსიერება არ მღალატობს. მოსკოვშიც დაფრინავენ და ბიზნესსაც შესანიშნავად უძღვებიან. რუსეთ- ამერიკის ორმაგ აგენტურაზე ახლა არ შევჩერდები. სტაბილური ჰონორარი აქვთ, არ უგვიანებენ ხელფასს. სამაგიეროდ, მთელ ქვეყანას კრემლის აგენტად აცხადებენ. აღარ დარჩა საქართველოში გლეხი, ექიმი, პედაგოგი, ტაქსის მძღოლი და ოფიციანტი, რუსეთის აგენტად რომ არ გამოაცხადონ.

გული არა გაქვთ თქვენ. აგური გაქვთ აშკარად, გულის ნაცვლად, თორემ სხვაგვარად იფიქრებდით, სხვაგვარად ისაუბრებდით და სხვაგვარად მოიქცეოდით. მოიქცეოდით ისე, როგორც ადამიანები და არა, როგორც მტაცებელი ცხოველები. სიბნელე და წყვდიადი სხვა არაფერია, თუ არა ამგვარი აზროვნება: ბრტყელი, ცივი, ბასრი.

არავითარი დანაშაული ნუცა ბუზალაძეს არ ჩაუდენია, რომ აიძულეთ ამდენი ბოდიში მოეხადა. ზუსტად თქვენნაირები უდანაშაულო კაცს ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გაყვანას აღიარებინებდნენ. ეს ხართ თქვენ.

და ესაა ბულინგი, ესაა ფსიქოლოგიური ტერორი, ესაა სისასტიკე, ესაა დაუნდობლობა, ესაა
სრულიად ანტიადამიანური, ანტიჰუმანური კამპანია. ვისაც შეაშინებენ, შეჭამენ! ამიტომ არავინ არ უნდა დანებდეს ამათ.

როგორც მხეცი არ უნდა გრძნობდეს, რომ შეგაშინათ, ისე ამათ არ უნდა მისცეთ საშუალება, რომ გაგტეხონ!

ნიჭიერება, მამაცი გული, მხნეობა, სულის სიმტკიცე არ აკლია ნუცას. არავის მოატეხინო ფრთები, არავის!
P.S.რაც შეეხება რადიოების პროტესტს, სასაცილო და ამაზრზენია ეს რეაქცია. ხვალვე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, ჩემს მეგობრებს, რადიო “ობიექტივის”- 105.1 ხელმძღვანელობას, რომ შეუზღუდავი დრო დაუთმონ ნუცა ბუზალაძის შემოქმედებას”,- წერს ირმა ინაშვილი.

როგორც ცნობილია, მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ გულშემატკივრებს იმის გამო მოუბოდიშა, რომ რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში, მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და იქ მყოფ ქართველ მომღერლებთან ერთად, სიმღერა „სამშობლო“ შეასრულა.

“წლევანდელი წელი გარდამტეხი იქნება ომში” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 488-ე დღე

უკრაინის რამდენიმე ოლქში წუხელ საჰაერო განგაში გამოცხადდა, ოდესაში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, რუსული ძალები თავს ესხმიან ოდესის ოლქს.

„მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მუშაობს საჰაერო თავდაცვა, მათ შორის ქალაქის თავზე“, – აცხადებენ სარდლობაში.

ამასთან, თავდაპირველად საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში არსებობდა ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე. საჰაერო ძალები ასევე იუწყებოდა რიგ ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის შესახებ და შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხის შესახებ.

მოგვიანებით, საჰაერო ძალებმა გამოაცხადა, რომ ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე აღარ არსებობდა, თუმცა, იმ ტერიტორიებზე, სადაც საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, კვლავ არსებობდა დრონების გამოყენების საფრთხე.

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს 8 დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, ერთ დღეში, მტრის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინელი არტილერისტების წარმატებებზე.

„სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მართვის 2 პუნქტს, პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავშეყრის 3 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 4 საწყობს, 10 საარტილერიო ქვედანაყოფს და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.

„ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ S-300 ტიპის 6 მართვადი რაკეტა გამოიყენეს. გარდა ამისა, მტერმა განახორციელა 33 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 45-ზე მეტჯერ გახსნა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ამჟამინდელი კონტრშეტევა „მოსამზადებელი ოპერაციაა“ და ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება.

“ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ოპერაცია. თუმცა მან დასძინა, რომ როგორც კი ის სრულად ამოქმედდება, წარმატებული იქნება და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯით მიგვაახლოებს“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, უკრაინა ძალიან ფრთხილია, როცა საქმე მის მამაც და მოტივირებულ მებრძოლებს ეხება და ცდილობს, მათი სიცოცხლის გადარჩენას მაშინ, როცა რუსეთი თავის ჯარისკაცებს „ხორცსაკეპ მანქანად“ იყენებს.

„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის. წლევანდელი წელი გარდამტეხი იქნება ომში”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

“ავდეევკაზეც გვაქვს წინსვლა! უშუალოდ დონეცკის შემოგარენს მიადგნენ ჩვენები”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

“პრიგოჟინი ბელარუსში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, ტულის გუბერნატორი ალექსი დიუმინი – ურდოს თავდაცვის მინისტრად? შოიგუ???? #რუსკივაენიკარაბლიდინახუი ს მიმართულებითო, ასე ამბობენ ბოროტი ენები თვით ურდოსტანშიც კი! გენ.შტაბის უმფროსი გერასიმოვიც ზედ მიყვებაო! ისე, უბრალოდ გაყენებთ საქმის კურსში, თორემ ყველას ბოლო ერთია! მიფარჩაკებული პუტლერი თუ ამას შეყლაპავს, მაგას თვითონ შესანსლავენ მალე!
სახ.მდივანმა ენტონი ბლინკენმა არ ვიცი ეს გულისხმა თუ არა, როდესაც თქვა რომ 1-დღიანმა ჯანყმა გამოავლინა რუსეთის არმიის სისუსტეები და პუტინს უახლოეს კვირებში და თვეებში ბევრ რამეზე მოუწევს პასუხების გაცემაო! ვნახოთ, ვნახოთ!

ჩვენებმა გუშინ კიდევ ერთი კა-52 “ალიგატორი” დაუმატეს წინა დღეს ვაგნერელების მიერ ჩამოყრილ ვერტმფრენებს და ილ-22-ს! 15-მდე პილოტი დაბრიდეს თავისიანებმა და ტიპები ამბობენ არაფერი მომხდარაო! ჯარებში ისედაც ხო კაი განწყობა იყო და ახლა სულ მთლად ამაღლდებოდნენ!

ამასობაში გუშინ ჩვენებმა ხერსონის ოლქში ისევ ჩაარჭეს პლაცდარმი ალიოშკების დასახლებასთან, დაჩების მიდამოებში! ისეთი გაუდაბნოებულია უზარმაზარი ტერიტორია ჰესის აფეთქების შემდეგ, რომ ერთი დიდი იერიშის მიმართულებად ნამდვილად გამოდგება!

ბახმუტის მიმართულებითაც წაიწიეს წინ კურდიუმოვკისკენ და მდინარე სევერსკი დონეცის დასავლეთ სანაპირო და ბახმუტის მიმდებარე ტყის მასივები სულ გაწმინდეს ურდოსგან!

ზაპოროჟიეში სტარომლინოვკის მიმართულებაზე 15 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს ჩვენებმა და მიიწევენ წინ როვნოპოლის მიმართულებით!

ავდეევკაზეც გვაქვს წინსვლა! უშუალოდ დონეცკის შემოგარენს მიადგნენ ჩვენები!
ლუჰანსკში სამეთაურო პუნქტი დაუბაბანეს გუშინ ჩვენებმა შტორმ შედოუს რაკეტებით!
კრემინას მიმართულებით გრძელდება ბრძოლები!

გერმანია მოგავწვდის 45 საარტილერიო სისტემა გეპარდს წლის ბოლომდე და კიდევ 2 ჰსთ სისტემას ირის ტ!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის რეჟიმი განადგურდება 2023-ში!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“ეს ორმაგი „შემთხვევითი“ ერთდროული ვიზიტი მოსკოვში – კოტე კემულარია და მეუფე ნიკოლოზი, ძალზე საინტერესოა”

კოტე კემულარიას ყოველთვის ჰქონდა ახლო, აგენტურული ურთიერთობები პუტინის მარჯვენა ხელთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს ამჟამინდელ მდივან ნიკოლოზ პატრუშევთან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

„ობიექტივის პირდაპირ ეთერში, გადაცემის უკანასკნელ წუთზე დიმიტრი ლორთქიფანიძე -მ გაგვანდო ექსკლუზიური ინფორმაცია: “თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისით, 23 მაისს ისარგებლა ნაცების ღვაწლმოსილმა იდეოლოგმა კოტე კემულარიამ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჰქონდა შეხვედრები”.

რატომღაც არ გამიკვირდა. კოტე კემულარიას ყოველთვის ჰქონდა ახლო, აგენტურული ურთიერთობები პუტინის მარჯვენა ხელთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს ამჟამინდელ მდივან ნიკოლოზ პატრუშევთან. რუსეთის ფედერაციაში ელჩად მუშაობის პერიოდში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა და როგორც ვხედავთ, არც ამჟამად შეწყვეტილა.

ძალიან საინტერესოა, რომ კოტე კემულარიასთან ერთდროულად, მოსკოვში გაფრინდა სააკაშვილის მოძღვარი მეუფე ნიკოლოზიც (საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე) – ეს ფაქტი კი უკვე იმ კატეგორიიდანაა, ერთდროულად ამერიკის ერთსა და იგივე ქალაქის, ერთსა და იგივე სასტუმროს, ერთსა და იგივე სართულზე სრულიად “შემთხვევით” სააკაშვილი და გახარია რომ ვიხილეთ თავის დროზე.

საქართველოში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე “მევარპრიგოჟინი”-ს ოპერაციის ფონზე (მეორე ფრონტის გახსნის მერამდენე წარუმატებელი მცდელობის ელემენტებით), ეს ორმაგი “შემთხვევითი” ერთდროული ვიზიტი: ნიკოლოზ პატრუშევთან (დიდი ალბათობით) და პატრიარქ კირილესთან – ოპერატიული და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე საინტერესოც არის და ყურადსაღები“, – წერს ქართველიშვილი.