“ნუცა, მიიღეთ ჩემი საყვედური და გამოწვდილი ხელიც… – გიორგი კეკელიძე

92
"თქვენ უსათუოდ იმღერებთ ხვალაც, ოღონდ უკვე გეცოდინებათ საკუთარი შეცდომის შესახებ, აღარ გაიმეორებთ და ვიცი, სხვასაც მოუწოდებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი სისხლიანი"
spot_img

“უხერხულია იმ ქალაქში რამის საჯაროდ ზეიმი, საიდანაც გაცემული ბრძანებებით, ყოველდღე უდანაშუალო ბავშვებს ხოცავენ” –  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში  მომღერალ ნუცა ბუზალაძეს  მიმართავს.

“ვფიქრობდი მე, ადამიანი, რომელმაც ჯოჯოხეთური წელი გამოივიარე და დღემდე ვებრძვი სიტყვებისგან დამჩნეულ საშინელ კვალს. სხვა საკითხია – სამართლიანს თუ უსამართლოს, სხვა საკითხია ისიც – ამგვარი მასშტაბური იყო ის ამბავი თუ გაცილებით ვიწრო. მეტი ქომაგი მყავდა თუ ნაკლები. ადამიანი ხომ აღქმების არსებაა და დარდი მიზეზით არ იზომება. მით უფრო, რომ ეს დღეები რთული გამოდგა – მაქვს ხოლმე მსგავსი ჩაშვებები, ფსკერს მოვინახულებ და ისევ ამოვყვინთავ – ეგ არ არის ახლა მთავარი.

ჰოდა, დავსვი კითხვები და ვუპასუხე. სამართლიანი იყო საზოგადოების აღფოთება? – სრულიად. უნდა ყოფილიყო ასეთი მწვავე? – დიახ!

სხვანაირად ყველა ამგვარი ამბავი,

ნელნელა, ნორმად შემოგვეპარება ოკუპირებულ, ბევრჯერ გათელილ და სისხლნანთხევ ქვეყანაში, ისედაც სასარგებლო იდიოტებით და მეხუთე კოლონით ,,განებივრებულში”. ოკუპანტს კი სხვა არაფერი უნდა, ეს არის მისი მთავარი სამუშაო – შემოგვაგუოს წაგლეჯილი ტერიტორიები, გამოდევნილი მოქალაქეები, დახოცილი გმირები ლოზუნგებით:

,,ხელოვნება და პოლიტიკა”, ,,სპორტი და პოლიტიკა” სხვადასხვაა”. გავა დრო და ახალ თაობას ასე განცდა გაუბაცდება. ასე, რომ: არ შეიძლება ახლა მოსკოვში ჩასვლა და იქ სიმღერა. არ შეიძლება, რადგან ეს ხმა აუცილებლად მისწვდება ანწუხელიძის ოჯახის სამუდამოდ ღიად დარჩენილ ფანჯრებს.

იძულებითი იყო ბოდიში? – ცხადია. თუმცა თავისი არსით, ყველა ბოდიში იძულებითია – ან გარემოება გკარნახობს ან სინდისი. არავის მოუგონია მისი მოტივაციის ამომცნობი დეტექტორი. შესაბამისად, ბოდიში უნდა მიიღო. ადეკვატური იყო ბოდიშის ფორმა? ცხადია, არა. დრო, კონტექსტი და გარემოება არის აღსაქმელი. ჯობდა, ეს ,,მეგობრის დაბადების დღე” საერთოდ არ ეხსენებიათ

– უხერხულია იმ ქალაქში რამის საჯაროდ ზეიმი, საიდანაც გაცემული ბრძანებებით, ყოველდღე უდანაშუალო ბავშვებს ხოცავენ.

ასე რომ, რაც გუშინ მოხდა და ითქვა – აუცილებელი იყო – თუნდაც სხვა მსგავსი დღეების ასარიდებლად.

და ის, რაც დღეს უნდა ითქვას:

მე ვიცი ჩვენი საზოგადოების საშინელი თვისება – იყოს საოცრად აღგზნებული და ერთიანი ჩაქოლვისას – თუმცა ეს მხოლოდ ჩვენებური საქმე არ გახლავთ – ადამიანებს გვჩვევია ზოგადად. ისიც ვიცი, რომ ამ ტალახის მსროლელთა შორის, ბევრი უბრალოდ ჩასაფრებული და მომლოდინე, ბევრიც ასმაგი სტანდარტით აღსავსე, ზოგიც კიდევ, წესითა და რიგით, ამგვარი ლანძღვისას უუფლებო იყო – მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ვერც მანდ განსაზღვრავ ლიმიტს. როცა რამე შეგეშლება, ვერ მოითხოვ, მაინცდამაინც სელექციურად გაკრიტიკებდნენ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც მისი კარიერა დაიწუნა. გამოგიტყდებით, ჩემი მუსიკალური გემოვნება იმ მიმართულებას და შესრულების მანერას დიდად არ სცნობს, რომელსაც ნუცა წარმოადგენს. თუმცა, ეს არაფრით ნიშნავს, რომ ცუდი მომღერალია საკუთარ ჟანრში და რომ მისი წარმატება უმნიშვნელო იყო. სრულიად პირიქით.

მაგრამ მთავარი, რის გამოც დღეს გაწუხებთ კაცი, ვისაც გუშინ მკაცრი სიტყვები არ დაუშურებია, არის სხვა. და ეს სხვა, გულგრილად ნასროლი ფრაზაა: ნუცა ბუზალაძე დამთავრდა!

ვინ მოგცა შენ უფლება, მეორე ადამიანი, ცოცხალი ადამიანი, ,,დამთავრებულად” გამოაცხადო? საიდან მიინიჭე ეს გამანადგურებელი ძალა? მაშ, სად გაქრა, ადამიანად ყოფნის მთავარი უპირატესობა და მისტერია – ფერისცვალების აქტი. შეცვლის, შეცდომის გამოსწორების, გადალახვის, ახლის ქმნის, მონანიების, თავიდან დაბადების. სად გაქრა ადამიანთა მიერ მოგონილი უმთავრესი საყრდენი ყოფიერების – მეტანოია? რატომ აღარ უტოვებ შემცდარს გზას და ყველა სავალს გამალებით უხერგავ, რაც უნდა ყალბად გეჩვენებოდეს მისი ბოდიში ან გაწყობდეს, რომ ყალბი იყოს? რა სამართალია ის სამართალი, რომელიც არც ვადას სცნობს დანაშაულის თუ შეცდომის გამოსყიდვის, არც სურვილს ატარებს ამისას?

თანაც ეგეცაა – იქ მყოფთაგანს, ბოდიში, სხვას არავის მოუხდია. ზოგი საერთოდ აქეთ შემოგვედავა ლამის.

მე ამგვარი სამართლისგან შორს ვდგები. ამგვარი სამართალი ვერ ააშენებს მომავლის საზოგადოებას. ჩემი მომავალი არა განადგურების, არამედ ახსნის და გარდაქმნის, შეცვლის და ახალი გზებისაა – ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები, მაგრამ ეს სიმკაცრე უნდა გულისხმობდეს მეორე, გაწვდილ ხელს – ადამიანის ორმოდან ამოსაყვანად. ეს არის ჩემი გზა.

ასე, რომ Nutsa Buzaladze , მიიღეთ ჩემი აუცილებელი საყვედური და ამავდროულად გამოწვდილი ხელიც – თქვენ უსათუოდ იმღერებთ ხვალაც, ოღონდ უკვე გეცოდინებათ საკუთარი შეცდომის შესახებ, აღარ გაიმეორებთ და ვიცი, სხვასაც მოუწოდებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი სისხლიანი, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს გრძელ და უსამართლო ომში, რომ დევნილები დაბრუნდებიან, რომ გმირებს დიდება და დიდება უკრაინას! და რაც მთავარია – საქართველოს!

p.s. და თუ არ ნანობს და არ შეიცვლება – ამას დრო გვაჩვენებს. ბევრი მუსიკოსი და მომღერალია, ვინც 2008 წლის შემდეგ, რუსეთში კონცერტებს აწყობდა, ძალიან ბევრი – კარგიც და ცუდიც. გაგიკვირდებათ, ისეთები და კონტექსტიც გაგიკვირდებათ, სად და როგორ. არ ვაპირებ მათ ჩამოთვლას – ,,NAME AND SHAME,, – არ არის ჩემი სპორტის კატეგორია. მით უფრო, რომ დღეს ისინი სწორ პოზიციას იჭერენ და საჯაროდაც გამოდიან – რა იძულებით და მიზეზით – მე ეგ არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს. სწორედ ეს არის ამ წერილის პათოსი და ასევე სათქმელია ამ საუკუნის შავი ჭირის, ,,გაუქმების კულტურის” წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ შეხსენება იმის, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს არის და ეს”, – წერს კეკელიძე.

საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღერალმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა. “თავს ვალდებულად ვთვლი, აგიხსნათ ყველაფერი…” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს