“წლევანდელი წელი გარდამტეხი იქნება ომში” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

80
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 488-ე დღე

უკრაინის რამდენიმე ოლქში წუხელ საჰაერო განგაში გამოცხადდა, ოდესაში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, რუსული ძალები თავს ესხმიან ოდესის ოლქს.

„მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მუშაობს საჰაერო თავდაცვა, მათ შორის ქალაქის თავზე“, – აცხადებენ სარდლობაში.

ამასთან, თავდაპირველად საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში არსებობდა ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე. საჰაერო ძალები ასევე იუწყებოდა რიგ ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის შესახებ და შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხის შესახებ.

მოგვიანებით, საჰაერო ძალებმა გამოაცხადა, რომ ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე აღარ არსებობდა, თუმცა, იმ ტერიტორიებზე, სადაც საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, კვლავ არსებობდა დრონების გამოყენების საფრთხე.

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს 8 დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, ერთ დღეში, მტრის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინელი არტილერისტების წარმატებებზე.

„სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მართვის 2 პუნქტს, პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავშეყრის 3 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 4 საწყობს, 10 საარტილერიო ქვედანაყოფს და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.

„ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ S-300 ტიპის 6 მართვადი რაკეტა გამოიყენეს. გარდა ამისა, მტერმა განახორციელა 33 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 45-ზე მეტჯერ გახსნა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ამჟამინდელი კონტრშეტევა „მოსამზადებელი ოპერაციაა“ და ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება.

“ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ოპერაცია. თუმცა მან დასძინა, რომ როგორც კი ის სრულად ამოქმედდება, წარმატებული იქნება და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯით მიგვაახლოებს“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, უკრაინა ძალიან ფრთხილია, როცა საქმე მის მამაც და მოტივირებულ მებრძოლებს ეხება და ცდილობს, მათი სიცოცხლის გადარჩენას მაშინ, როცა რუსეთი თავის ჯარისკაცებს „ხორცსაკეპ მანქანად“ იყენებს.

„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის. წლევანდელი წელი გარდამტეხი იქნება ომში”, – განაცხადა რეზნიკოვმა.