Home Blog Page 1949

“ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.8% შეადგინა” – საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ნოემბრის “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს აქვეყნებს. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

„ძირითადი ტენდენციები: ინფლაცია – 2023 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.8% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასებმა 0.6%-ით მოიმატა.

საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, საგარეო შოკების ფასებზე ზეწოლის განეიტრალება, მეორე მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება უწყობს ხელს.

სურსათის საერთაშორისო ფასების ეტაპობრივი კლება და ტრანსპორტირების ღირებულების დაბალ დონეზე შენარჩუნება ბოლოდროინდელი მცირედი გაუფასურების მიუხედავად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მყარ პოზიციასთან ერთად, საქართველოში დაბალ ინფლაციას განაპირობებს.

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით მოიკლო, და ოქტომბერში 4.5%-ს შეადგინა.

საბანკო სექტორი: სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 14.9%-ით გაიზარდა.

უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 50.2% შეადგინა.

სექტემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პპ-ით შემცირდა და 45.0%-ს გაუტოლდა.

საგარეო სექტორი: იმპორტი – სექტემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 9.2%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო და საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა.

ექსპორტი – სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 0.9%-ით გაიზარდა.

სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 163.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 5.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში.

“ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენს ომში, ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსობის წინააღმდეგ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბულგარელ კოლეგას, ნიკოლაი დენკოვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს მომავალს ეხება.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენს ომში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიბრძვით ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ. თუ ცივილიზაცია არ გაიმარჯვებს, ბარბაროსობა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესამცირებლად, ხოლო „ჰამასი“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ზიანი მიაყენოს.

„ჩვენ ასევე ვებრძვით მტერს, რომელიც არის ყველაზე სასტიკი მტერი, რომელიც გვინახავს ჰოლოკოსტის შემდეგ და რომელიც ჩადის ორმაგ სამხედრო დანაშაულს: არა მხოლოდ განზრახ სამიზნეში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ განზრახ იყენებს თავის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

თავის მხრივ, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა გამოხატა მხარდაჭერა ისრაელისა და მისი მოქალაქეების მიმართ.

„ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება, დაიცვათ თავი ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების გაწევა“, – განაცხადა დენკოვმა.

“ქალი პოლიტიკოსები განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები ხდებიან საქართველოში” – ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ქალი პოლიტიკოსები საქართველოში განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები ხდებიან”.

მისივე შეფასებით, ეს ფაქტი ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს.

„სამწუხაროდ, ქალი პოლიტიკოსები განსაკუთრებული ასე ვთქვათ, დარტყმის ობიექტები ხდებიან საქართველოშიც. ჩვენ, რაც საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ, არ იყო მხოლოდ, ვთქვათ თეონას [აქუბარდია] და ანას [წითლიძე] წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ან თეონას და ანას წინააღმდეგ განხორციელებული ვერბალური ძალადობა, არამედ, ეს იყო ყველა ქალი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ის, რაც ერთი მხრივ, ხელს უშლის ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას და პოლიტიკაში ახალი ქალების შემოყვანას. იმიტომ, რომ, როდესაც უყურებენ როგორი თავდასხმის ობიექტი ხდება ქალი პოლიტიკაში, ძლიერი ქალი, შემდგომ თავს იკავებენ. მეორე მხრივ, ეს ნულოვანი რეაგირება – მეორე დღეს როგორ გადაეფარნენ, ამ შემთხვევაში, ბერაიას – როდესაც ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ნულია, ეს არის ის, რაც საბოლოოდ, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს”,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამასთან, ბუჩუკური ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ თავის „ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „მომავალი არჩევნებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები”.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბუჩუკურმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილს, დიდი ალბათობით, პოლიტიკური აქტუალურობა აქვს დაკარგული და ამას განიცდის, ხან რა გზავნილს წერს და ხან რას”.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს “ბანძი” უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს. აღნიშნულის შემდეგ, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა.

“ველოდებით, რომ ევროკომისიის დასკვნაში სრულად იქნება ასახული პროგრესი” – ნიკოლოზ სამხარაძე

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით, რომ ევროკომისიის დასკვნაში სრულად იქნება ასახული პროგრესი, რომელიც ქვეყანას ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო დროს ოპოზიციამ რიტორიკა შეცვალა, თუმცა სინამდვილეში, არ უხარია, რომ საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა, პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

„ევროკავშირთან ურთიერთობები და გაწევრიანების პროცესი მთლიანად დაკავშირებულია პირობებთან, თუმცა არ ველოდები, რომ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პირობა გაჩნდეს, რადგან ევროკავშირს ჩვენთვის სანქციების დაწესება არასდროს მოუთხოვია. მათ კარგად ესმით ის ვითარება, რაშიც საქართველო არის. მათ ასევე კარგად ესმით ის ეკონომიკური კავშირები, რომელიც საქართველოს რუსეთთან აქვს, ამ შემთხვევაში, ვაჭრობას ვგულისხმობ. ასევე კარგად იციან, რა ტიპის პროდუქცია გადის საქართველოდან რუსეთში. ეს არის ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რაც თვითონ ევროკავშირს არ აქვს სანქცირებული რუსეთთან ვაჭრობაში. ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა. მათ ბოლო დროს რიტორიკა შეცვალეს, ოღონდ მხოლოდ რიტორიკის დონეზე, სინამდვილეში, არ უხარიათ, რომ საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა, პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ახლა ცდილობენ, როგორმე ისეთი თემები წამოწიონ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება, თუმცა ამით საკუთარ თავს აზიანებენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების წინ ოპოზიციონერი დეპუტატების, მათ შორის სალომე სამადაშვილის ბრიუსელში ვიზიტს, საკითხის შეფასებისას სამხარაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ადვილად გასაგებია, რას უნდა ემსახურებოდეს მათი ვიზიტი.

„მგონი, საზოგადოებისთვის ადვილად გასაგებია, რას უნდა ემსახურებოდეს ოპოზიციონერი ლიდერების ერთი დღით ადრე ვიზიტი, მით უმეტეს, იმ ოპოზიციონერების ვიზიტები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში თავისი ნაბიჯებით რეკომენდაციების შესრულებას ეწინააღმდეგებოდნენ. ბრიუსელში ვინც იმყოფება, მათგან რეკომენდაციების შესრულებისთვის რომელს აქვს ხმა მიცემული?“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სააკაშვილი ხედავს, რომ ძველ სახეებს ავტორიტეტი არ აქვს – გია ვოლსკი

სააკაშვილი ხედავს, რომ ძველ სახეებს ავტორიტეტი არ აქვს, სხვათა შორის, არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი დავალებით, კბილებს აცლიდა საზოგადოების დიდ ნაწილს და ასეთი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვეს, – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადებები “არაადეკვატურია”. ამასთან, ვოლსკის თქმით, მას “არაფერი არ სჭირს” და ენერგიულად და მხნედ არის.

“დიდი ქაოსი – შეიძლება ერთი მოკლე სათაური ეწოდოს იმ ვითარებას, რაც “ნაცმოძრაობაშია” შექმნილი. ერთი მეორეს გამორიცხავს, რაც სააკაშვილს აქამდე უკეთებია, კერძოდ, რომ დემენცია ჰქონდა, გარდაცვალების პირას იყო და გვამური ლაქები შეემჩნეოდა, ამაზე იყო საუბარი მისი უშუალო გარემოცვიდან, ოჯახიდან და ადვოკატებიდან. ეს გარკვეული სტრატეგიული ამოცანისთვის სჭირდებოდა. დღეს ვითარება შეიცვალა და სააკაშვილს უნდა, რომ ყველა გაწიოს გვერდზე, არავინ თქვას, რომ თავადაა ავტორიტეტი და სააკაშვილი არ არის ერთადერთი და განუმეორებელი. არც არაფერი არ ჭირს, არც გვამური ლაქები აქვს, არც დემენცია და ენერგიულად და მხნედ არის. ძველი სახეები მისთვის ხან მისაღებია, ხან – მიუღებელი, რადგან მერე ფიქრობს, ვიღაცას ისე არ აწყენინოს, თავად არ აღმოჩნდეს ოფსაიდში. არეულობას და ქაოსს უმატებს თავის განცხადებებით იმ ვითარებას, რაც ისედაც მძიმეა (მის პარტიაში). არც იმას ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს სერიოზული დაფინანსება აქვს კეზერაშვილისგან, რომელიც რეალურად მმართველია დღეს მერაბიშვილთან ერთად “ნაცმოძრაობისა”, ამ ვითარებაში მისი განცხადება არაადეკვატურია დღეს და ვერანაირ კომენტარს უფრო მეტს, ვიდრე გავაკეთე, ვერ გავაკეთებ.

რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, ის ხედავს, რომ ძველ სახეებს მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო, არ აქვს ავტორიტეტი საზოგადოებაში, არც ხაბეიშვილს, არც მელიას და არც უამრავ ხალხს, რომელიც ამ ცალკეული პიროვნებების გარშემოა შეკრებილი და არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი მითითებით კბილებს აცლიდა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს და შემდეგ არაფერი არ დაუბრუნეს უკან, ყოველ შემთხვევაში, ასეთი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვეს,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ევროკავშირი ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას 25 მილიონი ევროთი უზრდის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას კიდევ 25 მილიონი ევროთი გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების საერთო რაოდენობა 100 მილიონ ევროს მიაღწევს.

„ჩვენ ვმუშაობთ ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაეროსთან, რათა მეტი კოლონა შევუშვათ ღაზაში, მათ შორის დერეფნების გავლით და ჰუმანიტარული პაუზების საშუალებით. დახმარება ახლა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით შედის, მაგრამ მისი მოცულობა ძალიან მცირეა ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი პრიორიტეტია პარტნიორებთან მუშაობა რაფაჰის ლოგისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ამავდროულად, ვმუშაობთ დამატებით მარშრუტებზე – მაგალითად, საზღვაო დერეფანზე კვიპროსიდან – რაც უზრუნველყოფს დახმარების მდგრად, რეგულირებულ და ძლიერ ნაკადს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან, ასევე, ისაუბრა ღაზაში მყოფი მძევლების საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მძევალი მნიშვნელოვანია.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

ღაზის სექტორის მომავალზე საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზა არ შეიძლება იყოს უსაფრთხო თავშესაფარი ტერორისტებისთვის და განიხილება სხვადასხვა იდეა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის უზრუნველყოფა, მათ შორის გაერო-ს მანდატით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შექმნა.

„ეს ნიშნავს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ვერ გააკონტროლებს ან მართავს ღაზას. უნდა იყოს მხოლოდ ერთი პალესტინის ხელისუფლება და ერთი პალესტინის სახელმწიფო“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7061 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7061 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7061 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7138 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9104 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8883 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0221 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ გადავალთ ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე, რაც არის გაწევრიანების ეტაპი”

იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა ქვეყანაში ევროპული რეფორმები და დააბრუნა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, ველოდებით, რომ იქნება პოზიტიური შეფასება და ეს შეფასება გახდება სტატუსის მონიჭების საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველო იმსახურებს, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ინტერესებშია, რომ ქვეყანამ გადადგას კიდევ ერთი არსებითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.

„მაღალი ალბათობით გვაქვს მოლოდინი, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ გადავალთ ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე, რაც უკვე არის გაწევრიანების ეტაპი. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ გზავნილებს, რიტორიკას, მათ პოლიტიკური კარდიოგრამა აქვთ არეული. ეს არის პოლიტიკური არითმია, როდესაც წლის დასაწყისში, სამი თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ხელისუფლება ვერ მიიღებს ამ სტატუსს, შემდეგ ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსს არ აძლევენ და ეს იქნება ძალიან დიდი ტრაგედია ქვეყნისთვის, ახლა ბოლო თვეა, შეცვალეს საუბარი და ამბობენ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს არის შეცვლილი გეოპოლიტიკის გამოო, გეოპოლიტიკური არგუმენტით ხსნიან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსული პროპაგანდაა, რომ ევროკავშირში ხალხი გაწევრიანდეს და ხელისუფლება – ვერა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იმეორებს.

„ცუდია, რომ რადიკალური ოპოზიცია გეოგრაფიაში ვერ ერკვევა. საქართველოს აქვს დღესაც იგივე გეოპოლიტიკა, როგორიც ჰქონდა სამი-ექვსი თვის წინ. შესაბამისად, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ვართ იქ, სადაც ვიყავით, თუმცა ბევრად უფრო წინ ვართ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, რეფორმების და რეკომენდაციების განხორციელების თვალსაზრისით. სწორედ ეს გახდება საფუძველი, როცა საქართველო მიიღებს დადებით შეფასებას და მიიღებს კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, რომელსაც ერთი ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიცია, თითქოს დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლება და ხალხი არის სხვადასხვა, ან ევროკავშირში ხალხი გაწევრიანდეს და ხელისუფლება – ვერა, ან პირიქით, ეს არის აბსურდი, ერთი ერთში რუსული პროპაგანდა, რომელსაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია იმეორებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებული ბადრაგის ადვოკატის, განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს

3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებული ბადრაგის ადვოკატის, რევაზ იასაშვილის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

მისივე თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა, რადგან ეს ნაკლებად მძიმე დანაშაულია.

„ჩვენ ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დავეთანხმეთ და მოვითხოვეთ გირაოს გამოყენება, რადგან არის ნაკლებად მძიმე დანაშაული. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს ჩადენილ ქმედებას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ შეაფასა პროკურატურის მიერ დაყენებული საფრთხეები და მიიჩნია, რომ გამოძიების ამ ეტაპზე სჯობდა, რომ ბრალდებული ყოფილიყო პატიმრობაში,“ – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პროკურატურა აცხადებს, რომ ბადრაგმა შენიშნა, რომ მსჯავრდებულები მათი მოთავსების სივრცის კარის შიგნიდან გახსნას ცდილობდნენ, თუმცა მან ისე დატოვა სატრანსპორტო საშუალება, რომ კარი გასაღებით არ დაკეტა. პროკურორის თქმით, ამას აცხადებს თავად ბრალდებული და ეს ჩანს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის კადრებიც.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, პატიმრების გაქცევის მომენტში ბადრაგი „ავერსის“ კლინიკაში იყო შესული.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ჯამში კიდევ სამი პირი. საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული გაქცეული პატიმრის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს კი 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პენიტენციური დაწესებულების დატოვებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ შეძლებს.

პარტია „საქართველოსთვის“ რენეგატობაზე დაფუძნებული პარტიაა და გასაგებია, რომ შიგნით ვერ იქნება ჯანსაღი სიტუაცია -შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნებული იყო რენეგატობაზე, რა თქმა უნდა, განწირულია იმისთვის, რომ შიგნით ეყოლება რენეგატები. ეს არის ამ პარტიის ბედისწერა და ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნატალია ძიძიგურის განცხადებაზე, რომლითაც ის პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს.

„ვნახეთ ეტაპები, როცა პარტიას ადამიანები განუდგნენ. როცა სიყალბესა და რენეგატობაზეა დაფუძნებული პოლიტიკური პარტია, გასაგებია, რომ შიგნით ვერ იქნება ჯანსაღი სიტუაცია. მით უმეტეს, საუბრობდნენ იმაზე, როგორი დამოკიდებულებაა შიგნით. არ მინდა, ამ საკითხებს ძალიან ჩავეძიო, რადგან მათი პრობლემაა, ვინ რატომ წავიდა და რა იყო, ერთმანეთში გაარკვიონ. მართალია, ძალიან იპრანჭება პარტია „საქართველოსთვის“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში არ ვართო, მაგრამ მეორე პარტნიორი ამბობს, პარტნიორები ვართო. აღიარონ ეს პარტნიორობა, რაც უფრო პატიოსანი იქნება ქართველი ხალხის წინაშე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

“ვფიქრობთ, 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და მომავალი წლისთვის კარგი პირობები გვექნება” – ლევან დავითაშვილი

ვფიქრობთ, 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და კარგი პირობები გვექნება 2024 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პოზიტიური დინამიკაა შემოსავლების კუთხით, მათ შორის ვიზიტორების კუთხითაც. აქამდე ჩვენ საზოგადოებას გავაცანით მონაცემები ვიზიტორთა რაოდენობისა და ტურისტების შესახებ, აღდგენა მიდის, თუმცა 2019 წელთან შედარებით ჩვენ ტურისტების რიცხვი ჯერ კიდევ ნაკლები გვაქვს, მაგრამ გასაგები მიზეზებიც არსებობს. ტრადიციული ბაზრები რთულად ხელმისაწვდომია დღევანდელ რეალობაში. ეს პოტენციალი ალბათ პოზიტიურ ფაქტორად უნდა ჩავთვალოთ შემდეგი წლების ზრდის უზრუნველსაყოფად, რადგან იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში რაოდენობრივ მაჩვენებელსაც აღვადგენთ, თუმცა ბევრი მუშაობა სჭირდება იმავე ტურიზმის ადმინისტრაციას და კერძო სექტორს ერთობლივად. ამაზე მუშაობა მიდის.

მომავალი წელი ბიუჯეტირების კუთხით ჩვენ ამბიციურად დავგეგმეთ, თუმცა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც 2023 წელს გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეკორდული მონაცემი გვაქვს. 3.3 მლრდ დოლარი იყო ცხრა თვის მონაცემებით შემოსავალი. ცალკე აღებული მესამე კვარტალიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თითქმის 1.5 მლრდ იყო შემოსავალები და ეს გასულ წელს 5%-ით აღემატება. გასული წელი, გვახსოვს, რომ რეკორდული იყო.

ჯამში, გასულ წელთან შედარებით 29%-იანი ზრდა გვაქვს და ეს არის დამაიმედებელი მაჩვენებელი. ჩვენ ვფიქრობთ, 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და კარგი პირობები გვექნება 2024 წლისთვის. თუმცა, გვესმის, რომ გარკვეულ სეგმენტებში ჩვენ გვქონდა შემცირება ან თანაბრად არ ნაწილდებოდა ტურისტული ნაკადები, მაგრამ ზუსტად ეს არის გამოცდილება, რომელზეც გაცილებით მეტი სამუშაო გვაქვს კერძო სექტორთან.

ახლა იცით, ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად. მეც ვეწვიე რამდენიმე კურორტს და ვფიქრობ, რომ 2023 წლის ზამთრის სეზონს ჩვენ უნდა შევხვდეთ ორგანიზებულად, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაღალშემოსავლიანი ზუსტად არის ზამთრის კურორტები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

“საქართველომ ყველაზე მეტად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ამის აღიარებას ველოდებით”-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი და სწორედ ამ ფაქტის აღიარებას ელიან ევროკომისიისგან.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შარშან მიღებული გადაწყვეტილება არ იყო სწორი, რადგან საქართველო ბევრ ქვეყანას უსწრებს.

,,უარყოფით გადაწყვეტილებას ბევრი უარყოფითი შედეგი ექნება, შარშან მიღებული გადაწყვეტილება ბევრი განზომილებით არ იყო სწორი. საქართველო არის უფრო წინ, ვიდრე უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ამიტომ ჩვენთვის მთავარი მიზეზი კანდიდატი წევრის სტატუსის მონიჭებისა არის დამსახურებაში. საქართველომ ყველაზე მეტად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ამის აღიარებას ველოდებით ჩვენ,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.