ევროკავშირი ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას 25 მილიონი ევროთი უზრდის

52
spot_img

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას კიდევ 25 მილიონი ევროთი გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების საერთო რაოდენობა 100 მილიონ ევროს მიაღწევს.

„ჩვენ ვმუშაობთ ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაეროსთან, რათა მეტი კოლონა შევუშვათ ღაზაში, მათ შორის დერეფნების გავლით და ჰუმანიტარული პაუზების საშუალებით. დახმარება ახლა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით შედის, მაგრამ მისი მოცულობა ძალიან მცირეა ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი პრიორიტეტია პარტნიორებთან მუშაობა რაფაჰის ლოგისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ამავდროულად, ვმუშაობთ დამატებით მარშრუტებზე – მაგალითად, საზღვაო დერეფანზე კვიპროსიდან – რაც უზრუნველყოფს დახმარების მდგრად, რეგულირებულ და ძლიერ ნაკადს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან, ასევე, ისაუბრა ღაზაში მყოფი მძევლების საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მძევალი მნიშვნელოვანია.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

ღაზის სექტორის მომავალზე საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზა არ შეიძლება იყოს უსაფრთხო თავშესაფარი ტერორისტებისთვის და განიხილება სხვადასხვა იდეა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის უზრუნველყოფა, მათ შორის გაერო-ს მანდატით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შექმნა.

„ეს ნიშნავს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ვერ გააკონტროლებს ან მართავს ღაზას. უნდა იყოს მხოლოდ ერთი პალესტინის ხელისუფლება და ერთი პალესტინის სახელმწიფო“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.