3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებული ბადრაგის ადვოკატის, განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს

85
spot_img

3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებული ბადრაგის ადვოკატის, რევაზ იასაშვილის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

მისივე თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა, რადგან ეს ნაკლებად მძიმე დანაშაულია.

„ჩვენ ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დავეთანხმეთ და მოვითხოვეთ გირაოს გამოყენება, რადგან არის ნაკლებად მძიმე დანაშაული. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს ჩადენილ ქმედებას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ შეაფასა პროკურატურის მიერ დაყენებული საფრთხეები და მიიჩნია, რომ გამოძიების ამ ეტაპზე სჯობდა, რომ ბრალდებული ყოფილიყო პატიმრობაში,“ – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პროკურატურა აცხადებს, რომ ბადრაგმა შენიშნა, რომ მსჯავრდებულები მათი მოთავსების სივრცის კარის შიგნიდან გახსნას ცდილობდნენ, თუმცა მან ისე დატოვა სატრანსპორტო საშუალება, რომ კარი გასაღებით არ დაკეტა. პროკურორის თქმით, ამას აცხადებს თავად ბრალდებული და ეს ჩანს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის კადრებიც.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, პატიმრების გაქცევის მომენტში ბადრაგი „ავერსის“ კლინიკაში იყო შესული.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ჯამში კიდევ სამი პირი. საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული გაქცეული პატიმრის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს კი 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პენიტენციური დაწესებულების დატოვებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ შეძლებს.