Home Blog Page 1948

კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქალაქ აარდენბურგის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ლეონ იანსმა, სტუმრებს გააცნო ცენტრის მუშაობის სტრუქტურა, დაათვალიერებინა საპროთეზო საამქროები.

„კობა კობალაძემ და მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა და ჰოლანდიურმა მხარემ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

მოგვიანებით, ქართული დელეგაცია, მასპინძლებთან და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით სოლომონიასთან ერთად, ქალაქ ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თანამემამულეების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე, სულ, 865 ჯარისკაცია დაკრძალული. მათ შორის, ერთ მწკრივში, 15 ქართველი ჯარისკაცის საფლავია. ეს 15 ქართველი, ნაცისტებმა, ჰოლანდიელ პარტიზანებთან კავშირისა და მათთვის საბრძოლო მასალის (88 ხელყუმბარის) გადაცემის მცდელობისას დააკავეს და იმავე ღამეს დახვრიტეს ფორტ ბევერვეიკში. ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოს, ნიდერლანდებში, ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებულად უვლის. ყოველი წლის 4 მაისს, ქვეყნის გათავისუფლების დღეს, სასაფლაოს ყვავილებით ამკობენ. აღსანიშნავია, რომ საფლავი N2104, რომელიც ჩვენს თანამემამულეს, კონსტანტინე სხირტლაძეს ეკუთვნის, ნიდერლანდების საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერმა, სამხედრო ვეტერანმა, სესილია ჯოანა ვან პესკიმ თავისი მფარველობის ქვეშ აიღო. იგი ჯარისკაცის შთამომავლებს, ჭიათურაში, სოფელ ზოდში დაუკავშირდა და საქართველოში ვიზიტის დროს მოინახულა.

ქართული დელეგაცია, ჰონალდიელმა მასპინძლებმა, ასევე, ქალაქ ბრონბეკის სამხედრო ვეტერანთა პანსიონსა და იქვე არსებულ მუზეუმში მიიწვიეს. პანსიონის დირექტორმა, პოლკოვნიკმა კარელ ვან დრეუმელმა, სტუმრებს პანსიონი დაათვალიერებინა, ესაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც ვეტერანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ხორციელდება. ქართულმა და ჰოლანდიურმა მხარემ თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები ჰოლანდიელ ვეტერანებს შეხვდნენ, გაესაუბრნენ. ასაკოვანი ჰოლანდიელი ვეტერანებისთვის, რომელთაგან, რამდენიმე, 100 წელს იყო მიტანებული, სასიხარულო იყო ქართველ ვეტერანებთან შეხვედრა. ბრონბეკის პანსიონი წარმოადგენს ისტორიულ შენობას, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და 1845 წლამდე, ნიდერლანდების სამეფო სასახლე გახლდათ.

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები: გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.

კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფეოდალური გარჩევები: კარგავს თუ არა ვლადიმერ პუტინი ქვეყანაზე კონტროლს

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ფეოდალური გარჩევები: კარგავს თუ არა ვლადიმერ პუტინი ქვეყანაზე კონტროლს და როგორ უნდა გავიგოთ პრიგოჟინის ამბოხება?“. ვრცელ პუბლიკაციაში გადმოცემულია როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები და დასაქმებული რუს მეცნიერ-პოლიტოლოგთა და ექსპერტთა თვალსაზრისები გადატრიალების მცდელობის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ბიბისის“ მიერ გამოკითხული სპეციალისტების საერთო თვალსაზრისით, „ვაგნერის“ ანტისამთავრობო გამოსვლა ინსცენირება ნამდვილად არ ყოფილა: „ასეთი მოვლენების ინსცენირება უკიდურესად რთულია. დღევანდელ რუსეთში არ არსებობს ისეთი სტრუქტურა, რომელსაც ასეთი მაღალი დონის პროფესიონალი რეჟისორები და მსახიობები ჰყავთ, რომლებიც თითქმის რეალურ წარმოდგენას შეუქმნიდნენ მაყურებელს… და ეს იმ დროს, როცა ისინი მსგავს მოქმედებას სხვა გარემოებების დროს არ გამოავლენდნენ“.

ჰქონდა თუ არა ევგენი პრიგოჟინს მხარდაჭერა?

„ამბოხების დაწყების გადაწყვეტილება ევგენი პრიგოჟინს ერთპიროვნულად არ მიუღია, მან, როგორც ჩანს, თავდაპირველად „ვაგნერის“ ქვედანაყოფების მეთაურებთან მოილაპარაკა, – დარწმუნებულია ევგენი როშინი, პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, – პრიგოჟინმა, რომელიც ბიზნესმენია და რომელსაც წარსულში სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, შეძლო დიდი კერძო სამხედრო კომპანიის ჩამოყალიბება და ბევრი საბრძოლო გამოცდილების მქონე პროფესიონალი სამხედრო პირები მიიზიდა. აშკარაა, რომ „ვაგნერის“ მრავალათასიან ქვედანაყოფებს ავტორიტეტიანი ოფიცრები მეთაურობენ. ის, რომ პრიგოჟინს მათზე გავლენა აქვს და ისინიც მხარს უჭერენ, ბიზნესმენისათვის დიდ მიღწევას ნიშნავს. ასე რომ, ეს მხოლოდ ევგენი პრიგოჟინის ისტორია კი არ არის, არამედ მასში „ვაგნერის“ ოფიცრების შემადგენლობაც არის ჩართული. ყურადღება მივაქციოთ: როგორც ჩანს, „ვაგნერელ“ ოფიცრებს ახლო კავშირები აქვთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და სხვა ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ კოლეგებთან, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში შექმნილი ვითარებით, კერძოდ, არ მოსწონთ სერგეი შოიგუს და სხვების მოქმედება“.

ვლადიმერ გელმანის – ჰელსინკის (ფინეთი) უნივერსიტეტის პროფესორის – აზრით, ევგენი პრიგოჟინს ამბოხების დაწყებისათვის, ალბათ, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიერ გამოცემულმა ბრძანებამ უბიძგა, რომლის თანახმად, პირველ ივლისამდე უკრაინაში მოქმედ „ვაგნერის“ ყველა მებრძოლს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან უნდა დაედოთ. მინისტრის ბრძანებამ ევგენის პრიგოჟინის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია და განაცხადა, რომ არცერთი „ვაგნეროველი“ კონტრაქტს არ გააფორმებს“.

„ევგენი პრიგოჟინისათვის უკიდურესად მიუღებელი იყო ისეთი ვარიანტი, რომლის მიხედვით, იგი თავის ავტონომიურობას დაკარგავდა, ხოლო მისი კონტროლის ქვეშ არსებული ქვედანაყოფები თავდაცვის სამინისტროს გადაეცემოდა. ასეთ შემთხვევაში ევგენი პრიგოჟინი კარგავდა რესურსების მნიშვნელოვან რაოდენობას და თავის პოლიტიკურ გავლენას“, – ამბობს ვლადიმერ გელმანი. საბოლოო ჯამში კი, პრიგოჟინმა, ალბათ, ყველაფერი დაკარგა – „ვაგნერიც“, მატერიალური რესურსებიც და გავლენაც.

„ლაშქრობა მოსკოვისაკენ“: რატომ არ შეუშალა ხელი არავინ?

„მოსკოვისაკენ მიმართული „სამართლიანობის მარშის“ დაწყების წინ „ვაგნერელები“ თითქმის დაუბრკოლებლად შევიდნენ დონის როსტოვში და სამხედრო ობიექტები მშვიდად დაიკავეს, თვით რუსეთის არმიის სამხრეთის დაჯგუფების შტაბის ჩათვლით. შემდეგ სამხედრო-სატრანსპორტო კოლონის სახით მოსკოვისაკენ გაემართნენ, გაირეს რუსეთის რამდენიმე ოლქის ტერიტორიაზე, სადაც არავითარი სერიოზული წინააღმდეგობა არავის გაუწევია.

„რუსეთს რომ მართლაც ცენტრალიზებული და ორგანიზებული არმია ჰყავდეს, რომელიც იქ უნდა იყოს დისლოცირებული, სადაც წესით და კანონით უნდა იყოს და არა მეზობელი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაშინ „ვაგნერს“ რასაკვირველია, წინააღმდეგობა ექნებოდა“, – ამბობს გრიგორი იუდინი, მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერების უმაღლესი სკოლის (ე.წ.„შანინკის“) პროფესორი.

ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები, რომლებსაც „ვაგნერისათვის“ წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ, ამჟამად ფრონტი ხაზზე იმყოფებიან, ხოლო რუსეთში დარჩენილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები უუნარონი აღმოჩნდნენ ხელი შეეშალათ მოსკოვის დასალაშქრად მიმავალი ჯავშანტექნიკისათვის – იყო მხოლოდ პოლიცია მსუბუქი შეიარაღებით. თეორიულად არსებობს „როსგვარდიაც“, მაგრამ მისი ფუნქცია მასობრივი უწესრიგობების წინააღმდეგ ბრძოლაა. უბრალოდ, აღმოჩნდა, რომ მოვლენების ასეთი განვითარებისათვის არავინ მზად არ იყო“.

როგორც მოსკოველი პოლიტოლოგი, „შანინკის“ პროფესორი ეკატერინა შულმანი ამბობს, „ვაგნერის“ ქვედანაყოფების თავისუფალი გადაადგილება მოსკოვისაკენ იმას ნიშნავს, რომ არმია არცერთ ქალაქს არ იცავს, გარნიზონები არ არსებობს. არც საზღვრები არ არის ნორმალურად დაცული, რასაც ბელგოროდის ამბებიც მოწმობს. ძალოვანი სტრუქტურები ერთმანეთს უყურებენ. ლეგიტიმური ხელისუფლების დასაცავად არცერთი სულდგმული არ გამოსულა“.

„საფრთხე იმით კი არ გამოხატულა, რომ ვიღაცეებმა მხარი დაუჭირეს ამბოხებულებს, არამედ იმითაც, რომ არავინ არ აღმოჩნდა საჯაროდ დაეცვა არსებული სტატუს-ქვო. ადგილობრივი ხელისუფლება პასიურად მოქმედებდა – არავინ აშკარად არავის მხარეზე არ გამოსულა. გასაგებია, რომ ვლადიმერ პუტინის საგანგებო განცხადებას ცენტრში ბევრმა რუსმა პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ადგილობრივი მერები და რეგიონების გუბერნატორები თავდაპირველად ჩუმად იყვნენ: კი, მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ სახლებიდან არ გამოსულიყვნენ, სიმშვიდე დაეცვათ, მაგრამ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ დგამდნენ“, – ამბობს ვლადიმერ გელმანი.

[თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ რუსულ პრესაში გამოქვეყნებული კომენტარების მიხედვით, „კრემლს იმდენი რეაქტიული ავიაცია მაინც ჰყავს, რომ გზატკეცილზე გამწკრივებული „ვაგნეროველთა“ ავტომანქანები და ტანკები დაებომბა, მაგრამ პრეზიდენტმა, სისხლისღვრის ნაცვლად, სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარება აირჩია].

„რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მფრინავებს, ალბათ, ძალიანაც არ სიამოვნებთ რუსეთის ტერიტორიაზე „ვიღაც-ვიღაცეების“ დაბომბვა, მით უმეტეს, რომ იმ „ვიღაცეებს“ მათი ჩამოგდება შეუძლიათ („ვაგნერელებმა“ განაცხადეს, რომ რამდენიმე ვერტმფრენი გაანადგურეს). თუმცა, რასაკვირველია, ბევრ პილოტს ამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ და ისინი, უბრალოდ, ბრძანებას მაინც შეასრულებდნენ“, – აღნიშნავს გრიგორი იუდინი.

რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს?

„მომხდარი ფაქტი მოწმობს იმას, რომ რუსეთის სახელმწიფო ღრმა დაცემა-დაკნინების პროცესშია შესული“, – თვლის ჰელსინკის (ფინეთი) უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ გელმანი. მისი თქმით, კრემლი კერძო შეიარაღებულ სტრუქტურას „ვაგნერს“ წლების განმავლობაში დიდ რესურსებს აძლევდა. ეს, ალბათ, დასაშვები იყო იმ დროს, როცა „ვაგნერი“ საზღვარგარეთ მოღვაწეობდა (აფრიკაში, სირიაში…), მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე საჯარისო კერძო სტრუქტურის ასეთი მაღალი დონის ავტონომია დაუშვებელია. ამიტომაც, როცა ხელისუფლებამ ეს პრინციპი დაარღვია, „ვაგნერი“ კონტროლიდან გამოვიდა და სახელმწიფოსთან კონკურენცია დაიწყო. უფრო მეტიც, ხელისუფლებას თავის პირობებს უკარნახებდა.

„ევგენი პროგოჟინის ამბოხებამ რუსული სამხედრო მანქანის ფეოდალური ხასიათი გამოამჟღავნა და აჩვენა, რომ სამხედრო სტრუქტურები რუსეთში, სხვა ქვეყნების თანამედროვე არმიებისაგან განსხვავებით, ერთ ცენტრალიზებულ სისტემას არ წარმოადგენენ, – ამბობს გრიგორი იუდინი, – რუსეთის არმია ფეოდალური არმიაა, რომელიც შუა საუკუნეების მსგავსი „დრუჟინებისაგან“ შედგება. მასში არის სხვადასხვა ელემენტები – კერძო რაზმები, რეგიონული ეთნიკური რაზმები, სხვადასხვა უწყებებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფები… ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერი“ სწორედ ასეთ „დრუჟინას“ წარმოადგენს. რუსეთის ისტორიიდან ცნობილია, რომ ფეოდალები ერთმანეთს სწორედ ასეთი „დრუჟინებით“ ებრძოდნენ. დღევანდელ რუსეთში თავდაპირველად კონფლიქტების მოგვარება ფარულად, არასაჯაროდ ხდებოდა, მაგრამ შემდეგ მათ უფრო აგრესიული ხასიათი შეიძინეს და საბოლოოდ ყველაზე რადიკალურ ფორმაში – ამბოხებაში გადაიზარდნენ“

ამბოხებამ დაადასტურა ის ფაქტიც, რომელიც უკვე შეიმჩნევა რუსულ საზოგადოებაში: ძალადობის მონოპოლია სახელმწიფოს თანდათან ხელიდან უსხლტება. „ძალადობის მონოპოლიის დეზინტეგრირება უკვე აშკარად ჩანდა, მაგრამ ახლა ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდა. გამოდის, რომ ძალადობის გამოვლენის უფლება არა მარტო სახელმწიფოს აქვს (ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურების – შეიარაღებული ძალების, სამართალდამცველი და სხვა მსგავსი სტრუქტურების მეშვეობით, არამედ რომელიღაც კერძო კომპანიებს. ამ ყველაფერს კი მოსახლეობა უყურებს და ხედავს“.

ვინ მოიგო და ვინ წააგო?

„წააგო კონფლიქტის ყველა მონაწილემ“, – თვლის ვლადიმერ გელმანი: „ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია გარკვეული დროით მისი კონტროლიდან გამოვიდა, ანუ იგი სახელმწიფოს სრულად ვეღარ მართავს, ხოლო ევგენი პრიგოჟინმა თავის მიზნები ვერ განახორციელა და შესაბამის ადგილზე მოსვეს“. ვლადიმერ გელმანი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ – სერგეი შოიგუმ და ვალერი გერასიმოვმა თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინეს, რითაც საკუთარი იმიჯის ღრმა დისკრედიტაცია მოახდინეს ყველას თვალწინ“.

პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ევგენი როშინი ვარაუდობს, რომ „რუსული საზოგადოების ელიტებში განხეთქილება ხდება, რომელსაც შეიარაღებული დაჯგუფებებიც მონაწილეობენ“. განხეთქილების „ვირუსი“ შეიძლება ძალოვან სტრუქტურებსაც გადაედოთ.

„პრეზიდენტის ხელისუფლება სუსტდება, რის შედეგადაც შეიძლება „შფოთიანი დრო“ დადგეს, რაც არაერთხელ მომხდარა რუსეთის ისტორიაში წარუმატებელი ომების შემდეგ“, – აღნიშნავს ბრიტანელი ექსპერტი ედვარდ ლუკასი, – არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მოგვიწიოს საქმე გვქონდეს ძალიან სახიფათო და გაუწონასწორებელ რუსეთთან, ათი და მეტი წლის განმავლობაში. „ვლადიმერ პუტინის გრძელვადიანი მმართველობა, როგორც ბევრს ჰგონია, შეიძლება მოკლევადიანი აღმოჩნდეს. ევგენი პრიგოჟინის ამბოხება ამის მომასწავებელია“.

და ბოლოს – რა ელოდება სერგეი შოიგუს?

რა თქმა უნდა, ამბოხების მცდელობა არმიისა და სამხედრო სარდლობის იმიჯზე დადებით გავლენას არ მოახდენს. უნუგეშო დასკვნებს აკეთებენ პროკრემლური კომენტატორები. „ამბოხების მცდელობამ აჩვენა, რომ რუსეთის სახელმწიფო მართვის სისტემა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ ნაწილობრივ დისფუნქციონალურია“, – ამბობს ექს-დეპუტატი, პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი, – კონტროლიდან გამოვიდა ყველაზე სახელგანთქმული და ბრძოლისუნარიანი სამხედრო ქვედანაყოფი. ძალოვანი სტრუქტურები უძლურები აღმოჩნდნენ. სახელმწიფო იძულებული გახდა ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკება დაეწყო“.

„ბი-ბი-სი“ გაესაუბრა ევგენი პრიგოჟინის ახლოს მდგომ ერთ-ერთ პიროვნებას, რომელმაც საჯაროდ სახელის გამხელა არ ისურვა. მისი აზრით, „ერთი მხრივ, გარკვეული თვალსაზრისით ამ სიტუაციიდან გამარჯვებული სწორედ სერგეი შოიგუ გამოვიდა. „ვაგნერთან“ მრავალთვიანი დაპირისპირების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სერგეი შოიგუს სახით პრეზიდენტს დაუმტკიცა, რომ თუ ვინ არის მისი ერთგული სინამდვილეში. ვლადიმერ პუტინი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს ევგენი პრიგოჟინს და მას რესურსებს და თავისუფლებას აძლევდა, მაგრამ, „კერძო სამხედრო სტრუქტურის მხარდაჭერის ექსპერიმენტი“ აშკარად წარუმატებლად დასრულდა. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ პრეზიდენტი ამიერიდან მხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებს დაეყრდნობა.

მეორე მხრივ, სამხედრო ტელეგრამ-არხებში“ აქტიურად დაიწყეს სერგეი შოიგუს მოსალოდნელი გადადგომის განხილვა და მისი სავარაუდო ჩანაცვლება ტულის ოლქის გუბერნატორის ალექსი დიუმინის სახით, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე რეალური მონაცემები ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ამასთანავე, გასაგებია, რომ რუსეთის არმია და ძალოვანი სტრუქტურები საკადრო ცვლილებებს ვერ აიცდენენ.

წყაროები:

https://www.bbc.com/russian/articles/c6pd63p1qjpo
https://www.bbc.com/russian/articles/cn08pvl0wp5o

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი.

სასამართლოს სხდომაზე გრიგორიდისმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ სურს სხდომაზე იმყოფებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„მათი ადვოკატის ახსნილი და მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა მარტო. მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა“, – თქვა ლაზარე გრიგორიადისმა.

მანვე აღნიშნა, რომ მალე ექნება სასამართლო სხდომა ტელეკომპანია „იმედთან”, ვინაიდან მათ „ისე დაამონტაჟეს, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას“.

მანვე თქვა, რომ ასევე ექნება სასამართლო დავა „თმებთან“ დაკავშირებითაც. „სამი სასამართლო მექნება ცოტა ხანში. ალბათ, გლდანის ციხესთანაც დაკავშირებითაც გავაკეთებ, რა დარღვევები ხდება იქ“, – თქვა ლაზარე გრიგორიდისმა დღევანდელ სხდომაზე.

“პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, კიბოს, ებოლა ვირუსს, ვულკანის ამოფრქვევას და ყველაფერს, რაც ბოლოს მოუღებს, ვუგულშემატკივრებ”

პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, ყველაფერს, რაც ბოლოს მოუღებს, ვუგულშემატკივრებ და GO-GO-თი გავამხნევებ, – ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, კიბოს, ებოლა ვირუსს, ფეიკ ფოტოსესიის დროს უცაბედად გამოღვიძებულ ვეფხვს, ვულკანის ამოფრქვევას და ყველაფერ დარჩენილს, რაც ბოლოს მოუღებს, ვუგულშემატკივრებ და GO-GO-თი გავამხნევებ“, – წერს ნიკა გვარამია.

“მას მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა” – სააკაშვილი პუტინზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა“.

„მე ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს და დარწმუნებული ვარ, რომ მას მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა.

ჩვენ ყველა უნდა მზად ვიყოთ ამ დროისთვის“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

“ქვეყანა გადარჩენილია, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ვერ მოახერხა 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება”

ქვეყანა არის გადარჩენილი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება, ისინი არიან კოლექტიური გოუ, გოუ, ჟენიები, პრიგოჟნისტები, მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინ მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდნენ პრიგოჟინისტები და გულით გულშემატკივრობდნენ ევგენი პრიგოჟინს, უძღვნიდნენ მას ეპითაპიებს, ლექსებს და ა.შ.

„ჩვენ ვურჩიეთ მათ დილიდანვე, რომ არ ამჩატებულიყვნენ, არ გამოევლინათ ზედმეტი აჟიტირება, თუმცა არ დაგვიჯერეს და მიიღეს შესაბამისი შედეგი, ათასი სისულელე თქვეს, ათასი შეცდომა დაუშვეს და ამაში ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, მის მიერ შეწყალებული გვარამიათი დამთავრებული, რომელიც გოუ, გოუ, ჟენიას პოსტავდა დილიდან მოყოლებული. პირდაპირ გულშემატკივრობდა კაცს, რომელმაც პირდაპირ მოაწყო ბახმუტში უკრაინელების სასაკლაო, ის ამით ამაყობდა. ასეთ კაცს გულშემატკვრობდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამით ჩანს მათი სახე, ჯერ საერთოდ ანალიზის უნარი რომ არ აქვთ. დილიდან ვერ გააანალიზეს მოვლენები. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ანალიზის არმქონე ხელისუფლება რომ ჰყოლოდა საქართველოს, ქვეყანას გახვევდნენ ათას უბედურებაში. მადლობა ღმერთს, ეს ადამიანები, ეს გოუ, გოუ, ჟენიები არ არიან დღეს ხელისუფლების სათავეში. ქვეყანა არის გადარჩენილი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება. ისინი არიან კოლექტიური გოუ, გოუ, ჟენიები, პრიგოჟნისტები. მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. საზოგადოება ამას აფასებს და აქედან გამომდინარე, ისინი ვერც მომავალში ვერ მობრუნდებიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

“რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც და ამ ქვეყნის მტრებიც” – ღუდუშაური ოპოზიციას

რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ამაზე პასუხს ყოველთვის მოგთხოვთ – თქვენ არც სამშობლო გიყვართ, არც ეს ხალხი გიყვართ და ჩვენ გვეძახით რუსეთუმეებს?! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

მისი თქმით, რაღაც დოზით ალბათ „ქართული ოცნების“ ბრალიცაა, რომ ოპოზიციის ზნე-ჩვეულება ვერ წაიკითხა.

„ალბათ რაღაც დოზით ჩვენი ბრალია, რომ ამ ხალხის ზნე-ჩვეულება ვერ წავიკითხეთ და რატომღაც გვწამდა, რომ საქართველოში შევძლებდით კონსოლიდირება მომხდარიყო თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უკეთესი ყოფილიყო. ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ ამაში შევცდით. არ დაიჯეროთ, რომ ვინმე გაგიტარებთ. რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ამაზე პასუხს ყოველთვის მოგთხოვთ. თქვენ არც სამშობლო გიყვართ, არც ეს ხალხი გიყვართ და ჩვენ გვეძახით რუსეთუმეებს?! კარგად დაფიქრდით და პოლიტიკურად ანგაჟირებული ცხელი თავები კარგად გაიგრილეთ“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, დღეს არჩევანი შავსა და თეთრს შორისაა.

„მივმართავ ქართველ ხალხს – დღეს არის ძალიან მარტივი არჩევანი: შავი და თეთრი. თუ ვინმე ნამდვილად, ევროპული ღირებულებებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის რაიმეს აკეთებს – ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

“ჩვენმა უწყებებმა არაერთხელ აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის მცდელობა” – კობახიძე

იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა უწყებებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ამ კუთხით ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს და დევიდ ო’სალივანის ვიზიტიც ამას ემსახურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა უწყებებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ამ კუთხით ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს და ეს ვიზიტიც ამას ემსახურება. უნდა იყოს განხილული ყველა გზა, რომელიც დაკავშირებულია სანქციების გვერდის არ ავლასთან. შედგება შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და იქნება მსჯელობა, აქამდე რა ზომებს იღებდა ხელისუფლება. ბუნებრივია, ამ ზომების მიღება უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. საქართველოს ხელისუფლებასთან ის საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს განიხილავს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

“საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს მივესალმები, ეს აუცილებელიც იყო” – ანა ბუჩუკური

ვიზიარებ და მივესალმები პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე. ეს აუცილებელიც იყო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის გზაზე დამაზიანებელი ნაბიჯია.

„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და სრულად იქვემდებარებს ყველა სახელმწიფო უწყებას პარტიულ ვერტიკალში, მათ შორის, ცესკო-ს. ეჭვი მაქვს, „ქართული ოცნება“ ამ ვეტოსაც დაძლევს. რაც შეეხება პრეზიდენტის შეთავაზებას, მცირედად გადამზღვევად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა სააბოლოო ჯამში, ეს არის ცესკო-ს მიმართ დაბალი სტანდარტის დაწესება. მესმის პრეზიდენტის არგუმენტაცია, სულ არფერს, ისე მაინც გაკეთდეს, რომ ოპოზიციის ნაწილობრივი თანხმობა იყოს საჭირო, თუმცა გაგახსენებთ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, „ნაცმოძრაობა“ მას დაეხმარა, 90 ხმა აიღეს. ვგულისხმობ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას. მთავარი არის, რომ ცვლილებები ცესკო-ს მიმართ ნდობას კიდევ უფრო ადაბლებს. ეს ცვლილებები მხოლოდ შიდა კონტექსტში არსებულ ვითარებას და ერთ კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტს არ აზიანებს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც მძიმე შეფასებები მოვისმინეთ და იმ პირობებში, როცა დაკვირვების ქვეშ ვართ, გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, რამდენად სრულდება რეკომენდაციები, ეს ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი დამაზიანებელი ნაბიჯია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა.

უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანისთვის რუსები ყოველთვიურად 156 000 რუბლამდე იღებენ – უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანისთვის რუსი ოჯახები ყოველთვიურად 28 000-იდან 156 000 რუბლამდე (866-იდან 4 830 ლარამდე) იღებენ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გზა, რომლის საშუალებითაც უკრაინიდან გატაცებული ბავშვების მშობლებისთვის დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა ეს გზა რთულია.

„რუსეთისთვის ეს მხოლოდ ბიზნესია. ყოველი ნაშვილები უკრაინელი ბავშვისთვის რუსული ოჯახი თვეში 28 000 რუბლს იღებს. თუ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ეს მაჩვენებელი თვეში დაახლოებით 156 000 რუბლს შეადგენს.

მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა რუსული ოჯახი ციმბირიდან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავიდა, აირჩია ერთდროულად 10-12 უკრაინელი ბავშვი, იშვილა და სახლში წავიდა.

ამჟამად არსებობს მექანიზმი, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში გადაყვანილი ბავშვის მშობლებს ან ნათესავებს შეუძლიათ ბავშვის დაბრუნება, თუმცა ეს გზა რთულია. პირველ რიგში, ბავშვებთან ან იმ ოჯახთან დაკავშირებაა საჭირო, რომელშიც ისინი არიან. ხშირად მე თვითონ არ ვაკეთებ ამას, როგორც უმაღლესი რადას უფლებამოსილი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში. ამას აკეთებს ჩემი დაწესებულების გუნდი, ცალკეული ორგანოების ჩართულობით, რომლებიც გვეხმარებიან იმისთვის, რომ ჩვენი უკრაინელი შვილები დავიბრუნოთ“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

“რუსეთში ამბოხის მცდელობის დროს, არმია საბრძოლო მზადყოფნაში მყავდა” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში „გენერლის სამხრეულის“ გადაცემის ცერემონია ჩაატარა. ლუკაშენკომ ღონისძიებაზე რუსეთში ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„რუსეთში ამბოხის მცდელობის დროს, არმია საბრძოლო მზადყოფნაში მყავდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, მისივე თქმით, საზღვარგარეთ მყოფ ბელარუსულ ოპოზიციას ქვეყანაში შეიარაღებული ამბოხის მოწყობა უნდოდა, მაგრამ მოხდა „ფალსტარტი“.

“შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა”

„ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, შევძელით მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი,

„შევახსენებ ყველას, რომ ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესი გაჭედილი იყო და მეც ბრიუსელში არაერთ ევროპელი ჩინოვნიკისგან მსმენია, რამდენად ეწინააღმდეგებოდა და არ იყო სათანადო პოზიციით ხელისუფლება საქართველოში, გაჭედილი იყო შეთანხმება კარგა ხანს ვერ იქნებოდა ეს რომ არა „ოცნება“, რომელმაც 2014 წელს ხელი მოაწერა და შემდეგ ეტაპებზე გაიყვანა საქართველო. დღეს რომ ლიბერალებს და პროევროპელებს ეძახდნენ თავის თავს, თავად ვერც კი იღებდნენ, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონს. რატომ ვერ მიიღეს ლიბერალებს ხომ ეძახიან თავს? სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი ძალა, რომელსაც ჰქონდა ავტორიტეტული რეჟიმი და საერთო არ აქვს ლიბერალიზმთან არანაირი. შეგახსენებთ ევროკავშირის როგორ მოიხსენიებდნენ, ჩახედეთ არქივს 2012 წლამდე, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ასოცირების ხელშეკრულების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, შევძელით მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა, ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.