უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანისთვის რუსები ყოველთვიურად 156 000 რუბლამდე იღებენ – უკრაინის სახალხო დამცველი

204
spot_img

უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანისთვის რუსი ოჯახები ყოველთვიურად 28 000-იდან 156 000 რუბლამდე (866-იდან 4 830 ლარამდე) იღებენ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გზა, რომლის საშუალებითაც უკრაინიდან გატაცებული ბავშვების მშობლებისთვის დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა ეს გზა რთულია.

„რუსეთისთვის ეს მხოლოდ ბიზნესია. ყოველი ნაშვილები უკრაინელი ბავშვისთვის რუსული ოჯახი თვეში 28 000 რუბლს იღებს. თუ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ეს მაჩვენებელი თვეში დაახლოებით 156 000 რუბლს შეადგენს.

მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა რუსული ოჯახი ციმბირიდან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავიდა, აირჩია ერთდროულად 10-12 უკრაინელი ბავშვი, იშვილა და სახლში წავიდა.

ამჟამად არსებობს მექანიზმი, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში გადაყვანილი ბავშვის მშობლებს ან ნათესავებს შეუძლიათ ბავშვის დაბრუნება, თუმცა ეს გზა რთულია. პირველ რიგში, ბავშვებთან ან იმ ოჯახთან დაკავშირებაა საჭირო, რომელშიც ისინი არიან. ხშირად მე თვითონ არ ვაკეთებ ამას, როგორც უმაღლესი რადას უფლებამოსილი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში. ამას აკეთებს ჩემი დაწესებულების გუნდი, ცალკეული ორგანოების ჩართულობით, რომლებიც გვეხმარებიან იმისთვის, რომ ჩვენი უკრაინელი შვილები დავიბრუნოთ“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.