Home Blog Page 1946

“უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან”-რიკარდ იოზვიაკი 

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან. ამის შესახებ იოზვიაკი ევროკავშირის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომლის ვინაობას არ ასახელებს.

„ერთი სცენარი, რომელიც ახლახან ევროკავშირის ოფიციალური პირისგან მოვისმინე, არის ის, რომ უნგრეთი უკრაინის გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან“, – აცხადებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი.

იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ უნგრეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა.

სტატიაში ასევე განხილულია ევროკომისიის შენიშვნები 12 რეკომენდაციაზე.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსზე კონსენსუსის მიღწევა, რბილად რომ ვთქვათ, რთული იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სამუშაო სჭირდება ქვეყანას“, – წერს იოზვიაკი.

როგორც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი აცხადებს, ნიკა გვარამიას შეწყალება სწორედ ის პროგრესია, რასაც ევროკომისია მედიაპლურალიზმის მხრივ ითხოვს და მის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

იაზვიაკი ასევე შეეხო პოლიტიკურ პოლარიზაციას, ლგბტ უფლებებსა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნის საკითხს.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი აცხადებს, რომ, ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის მოლდოვამ, შეიძლება, საუკეთესო შედეგი აჩვენოს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით.

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა, გარემოებები თქვენს სასარგებლოდ ვითარდება. შესაძლოა, ყველაზე რთული პროექტებიც კი ადგილიდან დაძრათ, ამიტომ პრობლემების ნუ შეგეშინდებათ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები სასურველ შედეგს გამოიღებს. ოჯახის წევრის რჩევა ძველი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

კურო

რთული პრობლემის გადასაჭრელად დროს და ძალისხმევას არ დაიშურებთ, მაგრამ შრომა 27 ივნისს, დიდი ალბათობით, ვერ მოგცემთ იმ შედეგს, რასაც ელოდით. გირჩევთ დამშვიდდეთ და მოთმინება მოიკრიბოთ – მალე პრობლემა თავისთავად, თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება.

ტყუპები

ამ დღეს სიტუაცია თავად უნდა აკონტროლოთ და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა არავის ანდოთ. უფროსების და სხვა გავლენიანი პირების მხრიდან მოსალოდნელი ზეწოლის ნუ შეგეშინდებათ – საკუთარი პოზიცია ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვათ.

კირჩხიბი

მრავალმხრივი ტენდენციებით გამორჩეული დღეა, ამიტომ თქვენი განწყობაც სწრაფად იცვლება. მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება ან სერიოზული საუბრები სხვა დროისთვის უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ და საქმის დასრულება არ გამოგივათ. ეცადეთ, თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები აკონტროლოთ – შესაძლოა, გეგმების სასწრაფოდ შეცვლა დაგჭირდეთ.

ლომი

გაზრდილი ემოციური ფონი მუშაობასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს გიშლით. თავს გაღიზიანებულად გრძნობთ და უმნიშვნელო წვრილმანსაც კი წყობიდან გამოჰყავხართ, რაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ – მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ.

ქალწული

აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები და ფულს უსარგებლო ნივთებზე ნუ დახარჯავთ. დროა ფინანსური ვალდებულებების დაფარვაზე იზრუნოთ – ეს ურთიერთობების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი გელით – დაუფიქრებელი საქციელის გამო შესაძლოა, პარტნიორთან დაძაბული ვითარება შეიქმნას. ეცადეთ სიტუაცია გულწრფელი სინანულით გამოასწოროთ.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს გეგმების შეცვლა და გარემოებებთან მორგება მოგიწევთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და შექმნილი სიტუაციით ისარგებლოთ. დროა, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – სუფთა ჰაერზე სეირნობა ან ძილის წინ მედიტაცია დაგეხმარებათ თავი უკეთ იგრძნოთ.

მორიელი

ახლობელ ადამიანებს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდებათ. ეცადეთ, ყველასთვის დრო გამონახოთ, მაგრამ ნურც საკუთარი საქმეებისა და პასუხისმგებლობების შესახებ დაივიწყებთ. თქვენი საინტერესო იდეები სათანადოდ არ დაფასდა, რაც ძალიან გაბრაზებთ. მოთმინება გამოიჩინეთ – მალე თქვენ მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება.

მშვილდოსანი

ამ დღეს ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნო იქნება. ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენი იდეებით დაინტერესდეს და ახალი თანამოაზრეები იპოვოთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთების ნაცვლად სჯობს, ყურადღება ერთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე გადაიტანოთ.

თხის რქა

ამ დღეს წვრილმანებზეც კი მწვავედ რეაგირებთ, ამიტომ შეცდომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება სხვა დროისთვის უნდა გადადოთ. კოლეგებთან დისკუსია დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ უშედეგოდ დასრულდება, ამიტომ ჯობს, დრო უფრო საინტერესო საკითხებს დაუთმოთ.

მერწყული

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება პრობლემებმა და ორმხრივმა პრეტენზიებმა გააფუჭოს. ეცადეთ, პრობლემები წარმოქმნისთანავე მოაგვაროთ და კონფლიქტის განვითარება თავიდან აიცილოთ. გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებამდე ოჯახის წევრების აზრით დაინტერესდეთ და მათი სურვილები გაითვალისწინოთ. სავარაუდოდ, ხანმოკლე ფინანსური სირთულეები გელით.

თევზები

ნუ გაჯიუტდებით. ეცადეთ, კომპრომისული გამოსავალი მოძებნოთ. ამით პარტნიორის გულს მოიგებთ და ანახვებთ, რომ თქვენთვის მისი აზრი მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა რაციონალური, კარგად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოთ. მოერიდეთ საყვარელი ადამიანების კრიტიკას.

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეების განცხადებების მიღება ყველა სახის ვიზაზე შეაჩერა 

ლატვიამ შეაჩერა რუსეთის მოქალაქეების განცხადებების მიღება ყველა სახის ვიზაზე, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „რუსეთში შიდა პოლიტიკური მოვლენების არაპროგნოზირებადი განვითარების გამო“ რუსეთის მოქალაქეების განცხადებების მიღება დროებით შეჩერებულია.

„რუსეთში საშინაო პოლიტიკური მოვლენების არაპროგნოზირებადი განვითარების გამო 2023 წლის 26 ივნისიდან რუსეთის მოქალაქეებისგან ყველა სახის ვიზაზე განაცხადის მიღება შეჩერებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხისთვის არის განწირული – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეიარაღებული ამბოხის პირველივე წუთებიდან, მისი უშუალო დავალებით, იდგმებოდა ნაბიჯები იმისთვის, რომ სისხლისღვრა თავიდან აეცილებინათ, ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა საკუთარ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

პუტინმა, საზოგადოებასთან ერთად, მადლობა გადაუხადა “ვაგნერის” ჯარისკაცებს, რომლებმაც მიიღეს “ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – არ წავიდნენ ძმათა მკვლელ სისხლისღვრაზე”.

“დღეს გაქვთ შესაძლებლობა, გააგრძელოთ სამსახური რუსეთში, გააფორმოთ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, ან სხვა ძალოვან სტრუქტურასთან, ან – დაბრუნდეთ თქვენს ახლობლებთან. ვისაც სურს, შეუძლია ბელარუსში წავიდეს. ჩემი დაპირებები შესრულდება. ვიმეორებ – არჩევანი თქვენია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს იქნება იმ რუსი მებრძოლების გადაწყვეტილება, რომლებმაც საკუთარი ტრაგიკული შეცდომა გაიაზრეს,” – თქვა პუტინმა.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს გაწეული ძალისხმევისთვის სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის, თუმცა განმარტა, რომ გადამწყვეტი როლი საზოგადოების ერთიანობამ ითამაშა.

“სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხისთვის არის განწირული,” – განაცხადა პუტინმა.

მიმართვის დასრულების შემდეგ კი, როგორც კრემლის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას – მათ შორის არიან თავდაცვის მინისტრი შოიგუ და “ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელი” ბორტნიკოვი.

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა, – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქმედი რედაქციით, დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს.

„ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.

100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.

ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.

„ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის ერთ-ერთ მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა.

ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. როგორც ბრალდებულმა, სერგო შუბითიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსად მიმალვას არ აპირებს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა დღეს განაცხადა, სერგო შუბითიძე წაყენებულ ბრალს აღიარებს. მისი ინფორმაციით, შუბითიძეს შეეშალა, როდესაც თქვა, რომ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გასუფთავებული მიუტანეს და დალუქა.

ადვოკატის განმარტებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე არაერთი მობილური ტელეფონი ამოიღეს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბაჩალიაშვილის ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში აერია. სასამართლო პროცესზე აღნიშნული ფაქტი დაკავებულმა სერგო შუბითიძემაც დაადასტურა.

 

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე 25 ივნისს დააკავა.

სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე 2 მაისს დაიწყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

“სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას”- კობახიძე

სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, ეს არის ჩვენი პოლიტიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპონენტები როდესაც ავრცელებდნენ ტყუილებს, მმართველი გუნდის მხრიდან ვრცელდებოდა სათანადო ინფორმაცია, რათა, საბოლოო ჯამში, ყველა პარტნიორმა დაადასტუროს, რომ საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რა არის ჩვენი პოლიტიკა. სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ყოველ ჯერზე, როდესაც ვრცელდებოდა ტყუილები ოპონენტების მხრიდან, ვავრცელებდით სათანადო ინფორმაციას, რათა, საბოლოო ჯამში, ყველა პარტნიორმა დაადასტუროს, რომ საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება. ეს არის პრაქტიკა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ჩვენ არ წავსულვართ ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად”- ევგენი პრიგოჟინი

ჩვენ არ წავსულვართ ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად, – ეს განცხადება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა ვიდეომიმართვისას გააკეთა. აუდიოჩანაწერს პრიგოჟინის პრესსამსახური ტელეგრამარხზე ავრცელებს.

პრიგოჟინი საუბრობს „ვაგნერელების“ მომზადების მაღალ დონესა და მათ მიზანზე.

„ჩვენი მარში დავიწყეთ უსამართლობის გამო, გზად ჩვენ არ მოგვიკლავს არცერთი სამხედრო ხმელეთზე, სულ რაღაც 200 კილომეტრი გვაკლდა მოსკოვში შესვლამდე. მთლიანად ავიღეთ ქალაქი როსტოვი. გზად მოსახლეობა გვესალმებოდა. არ გვქონია კანონიერად არჩეული არსებული ხელისუფლების დამხობის მიზანი. გავჩერდით, რომ რუსული სისხლი არ დაგვეღვარა. ვაჩვენეთ მასტერკლასი, როგორ უნდა დაწყებულიყო 2022 წლის 24 თებერვლის ოპერაცია, თუ ამ მოქმედებებს შეასრულებდნენ „ვაგნერის“ დონის სამხედროები. მაშინ ოპერაცია სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრიგოჟინს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, სად იმყოფება ამჟამად, თუმცა კრემლში შაბათს განაცხადეს, რომ პრიგოჟინი ბელარუსში მიემგზავრება ღალატის ბრალდებაზე შეწყალების სანაცვლოდ.

“წარუმატებელი ამბოხი რუსეთს არ შეუქმნის სირთულეებს პარტნიორებთან ურთიერთობაში”- ლავროვი

წარუმატებელი ამბოხი რუსეთს არ შეუქმნის სირთულეებს პარტნიორებთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„პარტნიორებთან, მეგობრებთან – არა, ხოლო სხვა ყველასთან – აბსოლუტურად არ მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობები ჩვენთან მისი ინიციატივით ნადგურდება, ეს ურთიერთობები არ არსებობს, შესაბამისად, ერთი ეპიზოდით მეტი თუ ერთით ნაკლები, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ის ვარაუდობს, რომ აშშ-ის დაზვერვა იმედოვნებდა წარმატებას რუსეთში ამბოხის მცდელობაში.

„გავეცანი, როგორ შუქდება მოვლენები დასავლეთში. კერძოდ, CNN-ზე, თუ სწორად მახსოვს, თქვეს, რომ ამერიკულმა დაზვერვამ რამდენიმე დღის წინ იცოდა მოახლოებული ამბოხის შესახებ, მაგრამ გადაწყვიტა, არავისთვის ეთქვა ამის თაობაზე. როგორც ჩანს, იმ იმედით, რომ ამბოხი წარმატებას მიაღწევდა“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ სიტუაციაში რუსეთის სტრატეგიული დამარცხების შანსი დაინახა და აღნიშნა, რომ მაკრონი, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლება და დასავლური მედია, მოსკოვის წინააღმდეგ მომუშავე ერთიანი „მანქანის“ ნაწილია.

ლავროვმა ისაუბრა ასევე აშშ-ის მიერ „ვაგნერის“ წინააღმდეგ შეჩერებულ სანქციებზე და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიდგომის ცვლილებაზე არ მიუთითებს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომის ცვლილება. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ აშშ-ის მიდგომა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სჭირდება შეერთებულ შტატებს ამ კონკრეტულ ეტაპზე ამა თუ იმ გარე მოთამაშისგან, იქნება ეს საერთაშორისო ასპარეზზე თუ კონკრეტულ ქვეყანაში“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ვაშინგტონმა არაერთხელ აჩვენა „სრული მიკერძოება და ჩართულობა უკრაინის კრიზისთან“ დაკავშირებით.

“სალომე ზურაბიშვილს ვინც მიანიშნა, რომ გვარამია შესაწყალებელი იყო, მას სურს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება”- კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს ვინც მიანიშნა, რომ გვარამია შესაწყალებელი იყო, მას სურს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება და ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რატომ სურთ ამ ძალებს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, თუმცა, თავისთავად, ეს არის ძალიან სამწუხარო ნიშანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას პოლიტიკაში სავარაუდო შესვლასთან დაკავშირებით, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ „გვარამიას დიდი რესურსი არ აქვს, უბრალოდ, პოლარიზაციას დამატებით შეუწყობს ხელს, ეს არის და ეს“.

„უკრაინისადმი დასავლეთის მიდგომა არაგონივრულია” – უცხოური პრესა

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინისადმი დასავლეთის მიდგომა არაგონივრულია: სანქციები რუსეთს არ ვნებს, ამიტომ ჩვენ კიევს იარაღის მიწოდება სასწრაფოდ უნდა გავუზარდოთ“ (ავტორი – მაქს ჰასტინგსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

დასავლეთ ევროპული ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც გასულ კვირას ლონდონში უკრაინის ეკონომიკის აღდგენის საკითხის მოსაგვარებლად იყვნენ შეკრებილნი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სჯერათ, რომ დედამიწა ბრტყელია, ხოლო ყოველწლიურად საჩუქრებს სანტა კლაუსი მოუტანთ. ამას მათი პოლიტიკური ქცევა მოწმობს, რომლის მიხედვით ისიც ირკვევა, რომ მათ რიტორიკასა და მოქმედებას შორის დიდი უფსკრულია გაჩენილი. ბევრ დაპირებას, რომლებიც მათ ლონდონში კიევს აღუთქვეს, პირობითი ხასიათი აქვთ და აღთქმული თანხის საერთო მოცულობა მნიშვნელოვნად მცირეა იმასთან შედარებით, რაც უკრაინას სინამდვილეში ჭირდება.

მოსკოვს იმედი აქვს, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს მანამდე გააჭიანურებს, სანამ დასავლეთის ქვეყნები და მოსახლეობა არ დაიღლებიან. ამასთან დაკავშირებით დასავლეთმა თვითონ უნდა გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინისათვის მანამ, სანამ რუსეთი არ გამოიფიტება, გრძელვადიანი პერსპექტივით. ამ მხრივ „კეთილგონივრულად“ იქცევიან აშშ, პოლონეთი და სკანდინავიის ქვეყნები, რომლებიც უკრაინის არმიას დახმარებას უწევენ, დანარჩენი დასავლეთევროპული სახელმწიფოები კი პირიქით, ძალიან პასიურად მოქმედებენ, რაც მათ დაპირებებს არ შეესაბამება.

გერმანია უკრაინისათვის თითქმის არაფერს არ აკეთებს. საფრანგეთი აკეთებს, მაგრამ ძალიან ცოტას. მართალია, ბერლინი და პარიზი, შარშანდლისაგან განსხვავებით, ახლა უფრო რეალისტურად აფასებენ რუსეთთან გრძელვადიანი კონფრონტაციის გარდაუვალობას, მაგრამ მათ, როგორც ჩანს, აუცილებელი ზომების მიღების სურვილი არ აქვთ. ამას მოწმობს, მაგალითად, მათ მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა: აშშ 15%-ით მეტს ეხმარება, ვიდრე მთელი ევროკავშირი. მეორე ადგილზე დგას დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ლონდონმა კიევს მხოლოდ იმ დახმარების (იარაღისა და მოწყობილობების) ერთი მეშვიდედი მიაწოდა, რასაც აშშ უწევს უკრაინას. უფრო მეტიც – ვაშინგტონისაგან განსხვავებით, ლონდონი საკუთარი თავისთვისაც არაფერს აკეთებს – შეიარაღებიდან მოხსნილი ვადაგასული ტექნიკის დროულად შესაცვლელად.

დასავლეთ ევროპის სამხედრო მრეწველობა „სატირელ მდგომარეობაში“ იმყოფება. იგივე მდგომარეობა აქვს დიდ ბრიტანეთსაც, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ამბიციური სტრატეგიული ვალდებულებები აიღო „გლობალური ბრიტანეთის“ პროექტის რეალიზებისათვის. სამწუხაროდ, ქვეყანას ამისათვის რესურსები არ აქვს. პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ძირითადად საშინაო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით არის დაკავებული და თავდაცვას ნაკლებ ყურადღებას უთმობს – უფრო მეტად ლაპარაკობს, ვიდრე აკეთებს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ბრალი მიუძღვით მის წინამორბედებსაც – ყოფილ პრემიერებს დევიდ კემერონს, ტერეზა მეის, ბორის ჯონსონს და ლიზ ტრასს.
ბევრი დასავლელი ანალიტიკოსის მტკიცებით, მოსკოვი კრახის პირას იმყოფება და სულ მალე ომის გაგრძელების თავი აღარ ექნებაო, მაგრამ სინამდვილეში რუსული ეკონომიკა სანქციებს უმკლავდება და საკმაოდ კარგადაც. გარდა ამისა, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა რუსეთის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს ამჟღავნებს, ან უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვთ დაკავებული.
დასავლეთი უნდა შეეგუოს ისეთ მსოფლიოს, რომელშიც რუსეთმა ისტორიული შებრუნება განახორციელა ევროპიდან აზიისაკენ. დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა და ამომრჩევლებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას და უნდა გააცნობიერონ, რომ ამისათვის ფასის გადახდაა საჭირო, ანუ უკრაინისთვის მსხვერპლი ერთმანეთს შორის უნდა იქნეს გაყოფილი“. უკრაინას ჭირდება უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები ნატოსაგან, მაგრამ იმისათვის, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, საჭირო იქნება, რომ კიევი ყირიმის რუსეთის რეგიონად ყოფნას შეურიგდეს.

წყარო

“უნდა შევძლოთ, საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ, გავერთიანდეთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად”- მდინარაძე

ქვეყანამ თუ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რადიკალურ ოპოზიციას ისეთი აზრები აქვს, რომ ეს არის დამანგრეველი მათთვის, ეს სერიოზული პლუსი იქნება მმართველი გუნდისთვის, როდესაც მისი ხელისუფლების დროს იღებს ქვეყანა სტატუსს, სუბიექტურად აწყობს ეს მმართველ გუნდს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილს შეიძლება, არ აწყობდეს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„არ დავაბრალოთ ქვეყნის არსიყვარული არავის, ოპოზიციას შეიძლება, არ აწყობდეს კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ნაკლები საშუალება ექნება მმართველი გუნდის დაზიანების და ოპონირების. რა სიტყვების წყობითაც არ უნდა თქვან, უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ ეს არ არის მარტო მმართველი გუნდის მიერ მიღებული რაღაც სერიოზული სარგებელი. ეს არის ქვეყნის სარგებელი, წინ წაწევა. ევროპული ინტეგრაციის გზა, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის სარგებელი, ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. ნუ შეუშინდებიან ამ სტატუსის მიღებას. რამენაირად ყველამ უნდა შევძლოთ, გავერთიანდეთ ამის ირგვლივ და ის ნეგატიური დღის წესრიგი, რომელიც მათი მხრიდან არის გახმოვანებული და აფერხებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, დავივიწყოთ. თუ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია იმისთვის მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ, შეიძლება, ამან ხელი არ შეუშალოს მიღებას, მაგრამ შემაფერხებელი გარემოება უსათუოდ არის. უნდა შევძლოთ საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ ყველა და ვთქვათ, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც რადიკალიზმი, არარელევანტური ოპონირება, პოპულიზმის საკითხების შემოტანა, პიარის ელემენტებით ბრძოლა სტსტუსის წინააღმდეგ არ არის კარგი საქმე და ის საქმე, რომელიც რომელიმე ქართველმა უნდა აკეთოს. ჩვენ, ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნის შესასრულებლად. ეს იქნება ყველას მონაპოვარი“, – განაცხადა მდინარაძემ.