სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს პატიმრობა შეუფარდა

101
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის ერთ-ერთ მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა.

ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. როგორც ბრალდებულმა, სერგო შუბითიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსად მიმალვას არ აპირებს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა დღეს განაცხადა, სერგო შუბითიძე წაყენებულ ბრალს აღიარებს. მისი ინფორმაციით, შუბითიძეს შეეშალა, როდესაც თქვა, რომ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გასუფთავებული მიუტანეს და დალუქა.

ადვოკატის განმარტებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე არაერთი მობილური ტელეფონი ამოიღეს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბაჩალიაშვილის ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში აერია. სასამართლო პროცესზე აღნიშნული ფაქტი დაკავებულმა სერგო შუბითიძემაც დაადასტურა.

 

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე 25 ივნისს დააკავა.

სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე 2 მაისს დაიწყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.