Home Blog Page 1945

“სარაკეტო დარტყმას 4 ადამიანი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაიჭრა” – რა ხდება უკრაინაში ომის 490-ე დღეს

ომის 490-ე დღეს, ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს კვლავაც ბომბავენ. მათი სამიზნე ამჯერად კრამატორსკის ცენტრალური რაიონი გახდა. სარაკეტო დარტყმას კვების ობიექტზე ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაიჭრა. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია. ოკუპანტებმა რამდენჯერმე დაბომბეს დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს დასახლებული რაიონებიც.

რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს 4 მიმართულებით, ლიმანის, ბახმუტის, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით ახორციელებენ, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის და მარინკას მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღე-ღამის განმავლობაში 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელეს ირანული Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. „ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიას საჰაერო ბაზირების Х-22 ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტითა და S-300 ტიპის 2 საზენიტო რაკეტით დაარტყეს.

„გარდა ამისა, მტერმა 24 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ტერიტორია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 42-ჯერ დაბომბა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 18 დარტყმა მიაყენა რუსული ძალების პერსონალის თავმოყრის ტერიტორიებს, 6 კი – საზენიტო სარაკეტო სისტემას. უკრაინელებმა რუსების კუთვნილი 6 სადაზვერვო დრონიც გაანადგურეს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მართვის პუნქტს, „ბუკის“ ტიპის 2 საზენიტო-სარაკეტო სისტემასა და მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის 4 ტერიტორიას დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

 

“ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

მთავრობის მეთაური თითოეულ მათგანს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

“ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დიდ დღესასწაულს, სიკეთის გამარჯვების, ურთიერთპატივისცემის, სიკეთის ზეიმის დღეს.

საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიების მიმართ პატივისცემით, შემწყნარებლობით, ეს ჩვენი საამაყო ტრადიციაა და ასე იქნება მუდამ. ჩვენ ერთად ვაშენებდით ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ მომავალშიც.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა მუსლიმს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

“ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს ვინმეზე ძალადობა”-კალაძე

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძემ უპასუხა კითხვას, გმობს თუ არა ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას.

„რა თქმა უნდა, ვგმობ, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს ვინმეზე ძალადობა?!“ – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური სახის.

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ტელევიზიების მხრიდანაც, რაც სამწუხაროა. განსხვავებული აზრის მიუღებლობა და ასე შემდეგ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ძალადობა არის მიუღებელი. იგივე პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადებები, შეურაცხყოფა, თუნდაც პრეზიდენტთან მიმართებაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება. რეალურად, ორმაგი სტანდარტია. თქვენ არ გაინტერესებთ ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა, თქვენ გინდათ, ეს გამოიყენოთ პოლიტიკურად, ტელევიზიებს ყველაფერში ორმაგი სტანდარტი გახასიათებთ. ვფიქრობ, ეს არის ფარისევლობა, რადგან როცა ხდება ამგვარი ფაქტები, უნდა დააფიქსიროთ თქვენი გულისტკივილი და პროტესტი. არ მახსოვს შემთხვევები, რომ გამოსულიყავით და გაგეპროტეტებინათ ამგვარი ქმედებები. თუნდაც ერთ-ერთი აქციის დროს, როდესაც იყო მცდელობა პოლიციელების დაწვის, არ მახსოვს, გაგეპროტესტებინათ, პირიქით, მცდელობა გაქვთ, რომ წაახალისოთ ეს ყველაფერი და გმირებად გამოაცხადოთ ასეთი ადამიანები, ეს ძალიან გამაღიზიანებელია. ჩემი კოლეგების, პარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებები ტელევიზიებისგან იგივე ძალადობაა. როცა კონკრეტულ შეკითხვაზე არ მაქვს სურვილი, რომ გაგცეთ პასუხი, ამ დროს როგორ იქცევიან ჟურნალისტები? ის, რასაც ტელევიზიები აკეთებენ, ჩვეულებრივი ძალადობაა, რასაც ვგმობ და მიუღებელია“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ, რაც ნაყოფიერად მუშაობაში ხელს გიშლით. ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს. არ მიიღოთ საქმიანი შეთავაზება – დროს უშედეგოდ დაკარგავთ და სარგებელს ვერ ნახავთ.

კურო

როგორც ხშირად ხდება, საყვარელი ადამიანების პრობლემების მოგვარებას მეტ დროს და ენერგიას უთმობთ, ვიდრე საკუთარ მოვალეობებს. გინდათ თუ არა, დრო უნდა გამონახოთ, რომ დაწყებული საქმეები დაასრულოთ. სასურველია, საღამო განმარტოებით გაატაროთ და უახლოესი დღეების გეგმა შეადგინოთ.

ტყუპები

ამ დღეს უმჯობესია, მნიშვნელოვანი საქმეები მარტომ აკეთოთ. გარშემო მყოფი ადამიანების საუბარი ყურადღებას გიფანტავთ დ სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებთ. ეცადეთ, დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის დრო გამონახოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღება და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის პოვნა გიჭირთ, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ. გახსოვდეთ, რომ მძიმე ფიზიკური და გონებრივი შრომა თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. უსმინეთ საკუთარ სხეულს და მიეცით საშუალება, რომ დაისვენოს.

ლომი

გინდათ თუ არა, ამ დღეს წესების დაცვა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქმედება მოგიწევთ. სასურველი შედეგის მიღწევაში ეს უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე სარისკო მეთოდები ან ექსპერიმენტები. გირჩევთ საქმეების დიდი გროვიდან ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ და დაასრულოთ, მეორეხარისხოვანი საქმეები კი სამომავლოდ გადადოთ.

ქალწული

შესაძლოა, ამ დღეს სურვილი გაგიჩნდეთ, რომ გარშემო ბევრი რამ შეცვალოთ. შეგიძლიათ გარკვეული პრიორიტეტები მართლაც შეცვალოთ, მაგრამ სხვა ადამიანების გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, თქვენმა სურვილმა ახლობელ ადამიანს გული ატკინოს.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა ურთიერთობებისა და გუნდური მუშაობისთვის. თუ მნიშვნელოვანი სამუშაოს დასრულება გსურთ, ამის გაკეთება მარტო, კოლეგების დახმარების გარეშე მოგიწევთ. მარტო მუშაობა საშუალებას მოგცემთ, ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილოთ და უფრო დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულოთ, ვიდრე სხვა დროს.

მორიელი

უჩვეულოდ გამახვილებული ინტუიციის წყალობით შეგიძლიათ მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეცადეთ, ვარსკვლავების მინიშნებები სწორად გაიგოთ და ნათქვამის ქვეტექსტს ჩასწვდეთ. ეს ორიენტირებაში დაგეხმარებათ და ნებისმიერი სიურპრიზისთვის მოგამზადებთ. გათავისუფლდით იმისგან, რაც განვითარების საშუალებას არ გაძლევთ.

მშვილდოსანი

ემოციურად დატვირთული დღეა. გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ. ადამიანს, რომელიც დიდი ხნის წინ პრობლემების მოგვარებაში უანგაროდ დაგეხმარათ, ახლა თქვენი მორალური დახმარება სჭირდება. გირჩევთ, ძველი გატაცება გაიხსენოთ, რომელიც ენერგიის აღდგენასა და სიმშვიდის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

მოულოდნელმა ინფორმაციამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ცვლილებებსა და სიახლეებზე არ უნდა ინერვიულოთ. ისინი თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების კარს გახსნიან, რომელიც აქამდე უხილავი იყო. პროფესიონალებთან ურთიერთობა ახალი პროექტების განხორციელებასა და კარიერულ ზრდაში დაგეხმარებათ.

მერწყული

შესაძლოა, საკუთარი უყურადღებობით საყვარელი ადამიანი გაანაწყენოთ, თუმცა ისიც კი აღიარებს, რომ ამ დღეს თქვენი ყველა გადაწყვეტილება და ნაბიჯი კარგად გააზრებულია და უნაკლოა. მომავლის გეგმები კი დამატებით განხილვას საჭიროებს, ამიტომ გირჩევთ, მათი განხორციელება დროებით გადადოთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე კარგ შედეგს მცირე, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საქმეები მოგიტანთ, რომლებიც განსაკუთრებულ მზადებას არ მოითხოვს. ეცადეთ, მოვლენებს ოპტიმისტურად შეხედოთ და საქმის წარმატებით დასრულებაზე იზრუნოთ. რთულ სიტუაციაში ნათესავების ან მეგობრების თანადგომა ძალიან დაგეხმარებათ. ეცადეთ, პიროვნული ხიბლი სასურველის მისაღებად გამოიყენოთ.

,,ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე 5%-იან ზღვარს ვერ გადალახავენ” – სამნიძე

თუ ბარიერი არ შეიცვლება, ოპოზიციური პარტიები, რა თქმა უნდა, გაერთიანებაზე ვიფიქრებთ, თუმცა ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამომრჩეველს მოეწონოს და ისინი არ დავკარგოთ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მედიასთან განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პატარა ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე 5%-იან ზღვარს ვერ გადალახავენ და თუ ბარიერი 2%-მდე არ დაიწევს. „დღეს ოპოზიცია ფრაგმენტული და დაქსაქსულია. ჩვენ უფრო ნაკლები გვაერთიანებს, ვიდრე გვაშორებს. ზოგჯერ ერთმანეთთან დაპირისპირებულებიც ვართ, მაგრამ არჩევნების წინა პერიოდში ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული ხდება. პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადავლახავთ და ძალადობაა ის, რომ ბარიერს 2%-მდე არ წევენ. ცალკე გასვლა არჩევნებზე დამანგრეველი იქნება. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია გაერთიანდება“, – აცხადებს სამნიძე. ხათუნა სამნიძემ, ასევე, განაცხადა, რომ შესაძლოა, ახალი პარტიები შეიქმნას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს.

პარტია ეხმაურება დღეს განხორციელებულ თავდასხმებს პარტიის წევრზე და “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე.

“რამდენიმე წუთის წინ, უცნობი პირები საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს – დავით ოსიყმიშვილს, რომელსაც სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა.

დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს თბილისში უცნობი პირი თავს დაესხა.

“რუსულმა ოცნებამ”, ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა ღიად და დაუფარავად დაგვიანონსეს სიკვდილი და ძალადობა!

ამ კრიტიკულ ფაზაში, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მომავლისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა!ძალა ხალხშია!”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კონტროლიორი რომლის ფოტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა მიმართვას ავრცელებს

კონტროლიორი, რომლის ფოტოც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა „ფეისბუქზე“ მიმართვას ავრცელებს.

„ჩემო მეგობრებო, მტრებო და მოყვარეებო.

მოგმართავთ ყველას, ვინც დღეს მხარი დამიჭირეთ და ვინც მლანძღეთ.

ვინმე ნინი გაჩეჩილაძემ დადო პოსტი და დაურთო ჩემი ფოტო, თითქოს გუშინ მე დავაჯარიმე 80 წლის ქალბატონი, სოციალურად დაუცველი, რომელიც მიდიოდა კათარზისში საკვების ასაღებად.

პოსტის ავტორი იმ დროს იმყოფებოდა ავტობუსის გაჩერებაზე და მოახერხა ჩემთვის ფოტოს გადაღება და შემდეგ მზაკვრული ტექსტი გამოაქვეყნა.

ჩემმა სამსახურმა დღეს ჩაატარა მოკლვევა, შეისწავლა გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც გადაღებულია მოქალაქის დაჯარიმების ფაქტი და სრულიად დადასტურდა ის, რომ ქალბატონი ნინო გაჩეჩილაძე ბინძურად მწამებს ცილს და „ფეისბუქის“ ქსელში ჩემი ფოტოს გამოქვეყნებით, მოხდა რა ჩემი იდენტიფიცირება, მისცა საშუალება ყველას, ვისაც მოესურვება, მლანძღონ და მომაყენონ შეურაცხყოფა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ შემდეგს:

მოქალაქე, რომელზეც არის საუბარი, მე არ დამიჯარიმებია.

მოქალაქე იყო არა 80 – ის, არამედ 72 წლის.

მოქალაქემ წარმოგვიდგინა არა სოციალური, არამედ საპენსიო სამგზავრო ბარათი, რითაც ვერანაირად ვერ დაადასტურებდა თავის სოციალურად დაუცველობას.

მოქალაქემ იმ კონტროლიორს, რომელიც მას აჯარიმებდა, დაარტყა მუშტები და ხელიდან წაართვა ფურცლები, რომელზეც ჩვენი შიდა განაწესის მუხლები გვქონდა დატანილი.

არასოდეს და არც გუშინ, მე 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია, თუმცა ამას კანონი არც კრძალავს.

მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ და მეტიც, გაბედნიერებთ, ერთი ხელის მოსმით ადამიანის გალანძღვა, მიწასთან გასწორება და ჩასამარება, რატომ არასოდეს ინტერესდებით მეორე მხარესაც მოუსმინოთ?

რატომ არ გადაიღო ქალბატონმა ნინომ დაჯარიმებული პირის აგრესიული ქცევა?

ყველა, ვინც გადამიღებს ფოტოს და დაურთავს დაუსაბუთებელ, ბინძურ ტექსტს, უნდა აიტაცოთ და მლანძღოთ????
ჩემი სამსახურის ხელმძღვანელობამ შეისწავლა ფაქტი, ვიდეო მასალა, მოახდინეს დაჯარიმებული პირის იდენტიფიცირება და ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, დადასტურებულია.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოსტის ავტორს ვუჩივლო და დავაყენო მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან არავის აქვს უფლება ცილისწამების, ჩემი დაბულინგების.

ჩემი ნებართვის გარეშე ფოტოს გამოქვეყნებისა ასეთ დაუსაბუთებელ და ბინძურ ტექსტთან ერთად.

პ.ს. ავტორმა ტექსტი წაშალა, თუმცა ეს მას არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან, რომელსაც მე აუცილებლად დავაყენებ!“, – წერს დიანა კვიციანი.

,,ჩვენც ამას ვამბობდით ამდენი ხანია, რომ [სააკაშვილი] ძალიან ახლობელია პუტინის”- გურამ მაჭარაშვილი

ჩვენც ამას ვამბობდით ამდენი ხანია, რომ [სააკაშვილი] ძალიან ახლობელია პუტინის, – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ პოსტს, სადაც ის წერს, რომ ვლადიმირ პუტინს ძალიან კარგად იცნობს.

„ეს აღიარება დაგვეხმარება იმაში, რომ ვეღარ შეგვეწინააღმდეგება ეს პრიგოჟინის იმედად დარჩენილი ოპოზიცია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ განცხადებას, რომელშიც ის ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართავს.

„ჩვენ გვახსოვს ასეთი გამოთქმა: „მიველ, ვნახე, გავიმარჯვე“. სააკაშვილის ფრაზა კი არის – „მიველ, ვნახე, დავანგრიე“. საქართველოში ხომ დაანგრია ყველაფერი, წავიდა უკრაინაში იქაც არია ყველაფერი, ჩამოვიდა აქ და „ვივამედში“ ატეხა ერთი ამბავი, ექიმები და ექთნები ერთ ამბავში არიან და ახლა ჩრდილო კავკასიას მიადგა. რას ერჩის ამ ჩრდილო კავკასიელ ხალხს, რა უნდა, რატომ უნდა გადაგვამტეროს, არ ვიცი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ღვიძლის ტრანსპლანტაცია სრულად დაფინანსდება

თბილისი მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას იწყებს. პაციენტებს, რომლებსაც ურთულესი ოპერაცია აქვთ გასაკეთებელი 1-ლი ივლისიდან თანადაფინანსებისთვის აუცილებელი 50 ათასის გადახდა აღარ მოუწევთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხარჯებს – 120 ათას ლარს სრულად სახელმწიფო დაფარავს.

თბილისის გარდა ამ ტიპის ოპერაციას დააფინანსებს ბათუმის მერიაც, ქვეყნის სხვა ქალაქებში მცხოვრებმა პაციენტებმა კი ტრანსპლანტაციის აუცილებლობის შემთხვევაში ჯანდაცვის უწყებას უნდა მიმართონ.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამისთვის სახელმწიფოს წლევანდელ ბიუჯეტში 5 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.

აშშ-ს მორიგი სამხედრო დახმარება უკრაინას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (აშშ) უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გამოუცხადა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ეს უკვე 41-ე პაკეტია, მისი ღირებულება 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული, – ამის შესახებ RBC-Ukraine პენტაგონის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

✔️ დამატებით საბრძოლო მასალას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის

✔️ სტინგერის საზენიტო სისტემები

✔️ დამატებითი საბრძოლო მასალა საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS)

✔️ განაღმვის აღჭურვილობა

✔️ 155მმ და 105მმ საარტილერიო ჭურვები

✔️ 30 ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანა

✔️ 25  ჯავშანტრანსპორტიორი

✔️ რაკეტები  (TOW)

✔️ ჯაველინის საწინააღმდეგო ჯავშანტექნიკა

✔️ AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები

✔️ ჯავშანტექნიკის რაკეტები

✔️ მაღალსიჩქარიანი რაკეტები (HARMs)

✔️ მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალა

✔️ მცირე იარაღი და 22 მილიონზე მეტი ტყვია საბრძოლო იარაღი და ყუმბარა

✔️ თერმული გამოსახულების სისტემები და ღამის ხედვის მოწყობილობები

✔️ სატესტო და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა მანქანების მოვლა-პატრონობისა და შეკეთების მხარდასაჭერად

✔️ სათადარიგო ნაწილები, გენერატორები და სხვა საველე აღჭურვილობა

„შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას მიაწოდოს საბრძოლო მასალა ბრძოლის ველზე“, – აცხადებენ პენტაგონში.

სიონის ტბაზე ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო

სიონის ტბაზე ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო

სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

„საქართველოს წითელი ჯვარი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თიანეთის ფილიალის მოხალისის, ილია აფციაურის, ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ილიას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
ილია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და აქტიური მოხალისე იყო“, – წერია ინფორმაციაში.