“სარაკეტო დარტყმას 4 ადამიანი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაიჭრა” – რა ხდება უკრაინაში ომის 490-ე დღეს

71
spot_img

ომის 490-ე დღეს, ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს კვლავაც ბომბავენ. მათი სამიზნე ამჯერად კრამატორსკის ცენტრალური რაიონი გახდა. სარაკეტო დარტყმას კვების ობიექტზე ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაიჭრა. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია. ოკუპანტებმა რამდენჯერმე დაბომბეს დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს დასახლებული რაიონებიც.

რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს 4 მიმართულებით, ლიმანის, ბახმუტის, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით ახორციელებენ, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის და მარინკას მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღე-ღამის განმავლობაში 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელეს ირანული Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. „ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიას საჰაერო ბაზირების Х-22 ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტითა და S-300 ტიპის 2 საზენიტო რაკეტით დაარტყეს.

„გარდა ამისა, მტერმა 24 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ტერიტორია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 42-ჯერ დაბომბა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 18 დარტყმა მიაყენა რუსული ძალების პერსონალის თავმოყრის ტერიტორიებს, 6 კი – საზენიტო სარაკეტო სისტემას. უკრაინელებმა რუსების კუთვნილი 6 სადაზვერვო დრონიც გაანადგურეს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მართვის პუნქტს, „ბუკის“ ტიპის 2 საზენიტო-სარაკეტო სისტემასა და მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის 4 ტერიტორიას დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.